საქმე #ბს-108(კ-21) 22 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 19 ივნისს მ. ხ- იმ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი წარმოადგენს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირს. 2000 წელს იგი ქ. ქუთაისიდან საცხოვრებლად გადავიდა ქ. თბილისში და 2012 წლის ოქტომბრამდე ცხოვრობდა მისამართზე: ქ. თბილისი, ...ს ... შესახვევი N..., ბინა N..., 2012 წლის ნოემბრიდან კი საცხოვრებლად გადავიდა მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის გამზ. N..., რომელიც წარმოადგენდა დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტს. მოსარჩელემ 2013 წლის აპრილში მიმართა სამინისტროს ქ. თბილისში გადმომისამართების მოთხოვნით და წარადგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
მოსარჩელის მითითებით, 2014 წლის აგვისტოში სამინისტრომ იგი გამოასახლა ...ის გამზ. N...-ში მდებარე შენობიდან, რის შედეგადაც მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის შესაბამისად, სამინისტრო კისრულობდა ვალდებულებას, მოსარჩელე უზრუნველეყო თანხით სამი თვის ვადით ბინის დაქირავების მიზნით, ყოველთვიურად 250 ლარის ოდენობით, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ კი კომისია მიიღებდა გადაწყვეტილებას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფამდე ბინის ქირის თანხით უზრუნველყოფის ვადის გაგრძელებაზე.
მოსარჩელის განმარტებით, შეთანხმების თანახმად, სამინისტრო 2014 წლის სექტემბრიდან მოსარჩელეს ურიცხავდა ბინის ქირის თანხას 250-300 ლარის ოდენობით, თუმცა 2017 წლის აპრილიდან მოპასუხემ უსაფუძვლოდ შეწყვიტა ბინის ქირის გადახდა, რის შემდეგაც მოსარჩელემ მიმართა სამინისტროს და ერთი მხრივ, მოქმედი კრიტერიუმების გათვალისწინებით ქ. თბილისში საცხოვრებელი ბინის გადაცემა, ხოლო, მეორე მხრივ, ბინის გადაცემამდე მისთვის საცხოვრებელი ბინის ქირის გადახდა მოითხოვა. მოსარჩელის მითითებით, მას წარდგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე დაუსაბუთებელი უარი ეთქვა.
2018 წლის 1 ნოემბერს მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ დააზუსტა, რომ 2013 წლის აპრილში, გადმომისამართების მოთხოვნით სამინისტროსათვის მიმართვის შემდეგ, სამინისტრომ 3 თვის შემდეგ გასცა მას ბუნდოვანი პასუხი და მიუთითა სააპლიკაციო ფორმის შევსებაზე, რაც არანაირ კავშირში არ იყო მოსარჩელის განცხადების შინაარსთან. შედეგად, მოსარჩელის თბილისში რეგისტრაცია მოხდა 2013 წლის ნოემბერში.
მოსარჩელემ ასევე დააზუსტა, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულებასა და ბინით უზრუნველყოფაზე მას უარი ეთქვა იმის გამო, რომ 2013 წლის 1 ივნისის შემდეგ თბილისში რეგისტრირებულ პირს აღნიშნული მოთხოვნის უფლება აღარ ჰქონდა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხისთვის კარგად იყო ცნობილი, რომ იგი თბილისში რეგისტრაციას და საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითხოვდა ჯერ კიდევ 2013 წლის აპრილში, მოპასუხემ კი ადმინისტრაციული კანონმდებლობის დარღვევით განცხადების განხილვას მოანდომა 3 თვეზე მეტი და სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ დროულად ვერ მოხდა მ. ხ- ის თბილისში რეგისტრაცია. მოსარჩელის მითითებით, სამინისტროს შეეძლო დროულად განემარტა რეგისტრაციისათვის ხელისშემშლელი გარემოებების შესახებ, თუმცა იგი ასე არ მოიქცა.
ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის არაერთგზის დაზუსტების შედეგად, საბოლოოდ, მოსარჩელემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2017 წლის 10 მაისის #01-02/08/11689 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2017 წლის 19 მაისის #01-02/08/12546 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, მ. ხ- ის 2013 წლის 1 ივნისიდან ქ. თბილისში რეგისტრირებულად მიჩნევა, ასევე, მოპასუხისათვის მ. ხ- ისთვის ქ. თბილისში ბინით უზრუნველყოფის თაობაზე აპლიკაციის შევსების ნების დართვისა და 2017 წლის აპრილის თვიდან საცხოვრებელი ფართის გადაცემამდე მ. ხ- ის ბინის ქირით - 250 ლარის ოდენობით უზრუნველყოფის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინსიტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის საოქმო განჩინებით მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით მ. ხ- ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2017 წლის 10 მაისის #01-02/08/11689 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2017 წლის 19 მაისის #01-02/08/12546 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; მოსარჩელე მ. ხ- იი მიჩნეულ იქნა 2013 წლის 1 ივნისამდე ქ. თბილისში რეგისტრირებულად; მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელე მ. ხ- ისათვის ქ. თბილისში ბინით უზრუნველყოფის თაობაზე აპლიკაციის შევსების ნების დართვა დაევალა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის აპრილის თვიდან საცხოვრებელი ფართის გადაცემამდე მოსარჩელე მ. ხ- ის ბინის ქირით - 250 ლარის ოდენობით უზრუნველყოფა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლემ), რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მარტის განჩინებით განსახილველ საქმეში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში გადმომისამართებასთან დაკავშირებით მ. ხ- ის მხრიდან ნება გამოხატული იყო 2013 წლის 1 ივნისამდე, კერძოდ, 2013 წლის 10 აპრილს სამინისტროში წარდგენილი განცხადების საფუძველზე, რასთან დაკავშირებითაც სამინისტროდან მოსარჩელემ პასუხი 4 ივნისს, დაახლოებით 2 თვის შემდეგ მიიღო. აღნიშნული პასუხი კი, ფაქტობრივად, არ შეიცევდა სრულყოფილ დასაბუთებას იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რაც განცხადებაში იყო მითითებული. ამასთან, ის გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო 2013 წლის 8 ნოემბერს მოსარჩელის ქ. თბილისში გადმომისამართებას, სახეზე იყო იმავე წლის 1 ივნისამდე პერიოდშიც, რასაც მ. ხ- ი უთითებდა კიდეც განცხადებაში.
სააპელაციო პალატამ, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 1 ივნისამდე მ. ხ- ი ყოველდღიური ყოფა-ცხოვრებით დაკავშირებული იყო ქ. თბილისთან და მისი რეგისტრაცია ქ. ქუთაისში ატარებდა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს. მ. ხ- ის 2013 წლის 1 ივნისამდე ქ. თბილისში გადმომისამართება ვერ განხორციელდა იმის გამო, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონით განსაზღვრულ ვადაში არ მოხდა 2013 წლის აპრილის თვეში წარდგენილი განცხადების განხილვა. სააპელაციო პალატის მითითებით, აღნიშნულს შედეგად მოჰყვა ის, რომ მოგვიანებით მიღებული საკანონმდებლო რეგულაციის შესაბამისად, მოსარჩელეს მოესპო შესაძლებლობა შეევსო აპლიკაცია და შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე დაკმაყოფილებულიყო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით.
სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ 2014 წლის 28 აგვისტოს გაფორმებული წერილობითი შეთანხმების პირობების მიხედვით, სამინისტროს მიერ ქირის თანხის ანაზღაურების შეწყვეტა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მ. ხ- ის ოჯახი დაკმაყოფილდებოდა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით. იმ პირობებში კი, როდესაც მ. ხ- ის ოჯახი არ იყო დაკმაყოფილებული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით, მ. ხ- ის ოჯახისთვის ბინის ქირის თანხის შეწყვეტასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება არ იყო კანონიერი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის #240 განკარგულებით დამტკიცებულ „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2016-2017 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაზე“, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „ბ“ და „კ“ ქვეპუნქტებზე, მე-6 მუხლის მე-7 პუნქტზე, მე-7 მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე და აღნიშნავს, რომ მ. ხ- ის მიერ 2013 წლის 10 აპრილს წარდგენილ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და იგი სწორედ ამიტომ არ დაკმაყოფილდა.
ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ კომისია არ განიხილავს ქ. თბილისში დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე იმ დევნილი ოჯახის განცხადებას, რომელიც ქ. თბილისში არ არის რეგისტრირებული 2013 წლის 1 ივნისამდე. კასატორი არ იზიარებს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მითითებას იმის თაობაზე, რომ მ. ხ- ის მიერ გადმომისამართებისა და რეგისტრაციის თაობაზე 2013 წლის 1 ივნისამდე იყო ნება გამოხატული.
კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოებმა მართალია სწორად გამოიყენეს კანონი, თუმცა არასწორად განმარტეს იგი. ის გარემოება, რომ მოსარჩელე 2013 წლის 1 ივნისამდე ფაქტობრივად ცხოვრობდა თბილისში, კასატორის მოსაზრებით, ავტომატურად არ გულისხმობდა იმას, რომ მასზე არ ვრცელდებოდა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები. მოსარჩელეს არ უსარგებლია უფლებით, დარეგისტრირებულიყო ქალაქ თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე, 2013 წელს წარდგენილი განცხადება კი არ იყო სრულყოფილი, მას თან არ ახლდა რეგისტრაციის განხორციელებისთვის აუცილებელი, შესაბამისი აქტებით დადგენილი დოკუმენტები.
ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ ვინაიდან გადმომისამართებასთან დაკავშირებით 2013 წლის 1 ივნისამდე მოსარჩელის მიერ მხოლოდ ნება იყო გამოხატული, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე, აღნიშნული არ წარმოადგენდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2017 წლის 10 მაისის #01-02/08/11689 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2017 წლის 19 მაისის #01-02/08/12546 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, მ. ხ- ის 2013 წლის 1 ივნისიდან ქ. თბილისში რეგისტრირებულად მიჩნევა, ასევე, მოპასუხისათვის მ. ხ- ისთვის ქ. თბილისში ბინით უზრუნველყოფის თაობაზე აპლიკაციის შევსების ნების დართვისა და 2017 წლის აპრილის თვიდან საცხოვრებელი ფართის გადაცემამდე მოსარჩელის ბინის ქირით - 250 ლარის ოდენობით უზრუნველყოფის დავალება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო. აქედან გამომდინარე, დევნილის სტატუსის მინიჭებისას მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. ამავე კანონის მე-12 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს ისარგებლოს სათანადო საცხოვრებლით საქართველოს ფარგლებში, მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გრძელვადიანი საცხოვრებლით არის უზრუნველყოფილი.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მ. ხ- ი წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს და დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით რეგისტრირებულია ნომრით - #.... გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით მოსარჩელეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე იმ საფუძვლით, რომ იგი ქ. თბილისში არ იყო რეგისტრირებული 2013 წლის 1 ივნისამდე. აღნიშნული საფუძვლით ეთქვა მას ასევე უარი საცხოვრებელი ფართის დაქირავების მიზნით ფინანსური სახსრების გამოყოფაზე.
ასევე, დადგენილად არის მიჩნეული, რომ 2013 წლის 10 აპრილს მ. ხ- იმ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში წარადგინა განცხადება, სადაც უთითებდა, რომ იყო აფხაზეთიდან დევნილი, ჩაწერილი ქ. ...ში, ...ის გამზ. N..., ბინა N...-ში ნათესავთან. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მას ზემოაღნიშნულ მისამართზე არ უცხოვრია. 2000 წლიდან ცხოვრობს ქ. ...ში, ნათესავთან. 2008 წლიდან მუშაობს ქ. თბილისში, შპს „...ში“. განმცხადებლის მითითებით, მან რამდენჯერმე მიმართა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს განცხადებით, რათა დაეკმაყოფილებინათ საცხოვრებელი ფართით, მაგრამ უშედეგოდ. 2012 წლის ოქტომბრიდან იგი ცხოვრობდა ქ. თბილისში, ...ის გამზ. N...-ში და მოითხოვა, რომ თუ მოხდებოდა მითითებული შენობის გადაცემა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთვის, გადმოემისამართებინათ მითითებულ მისამართზე, ან დაეკმაყოფილებინათ საცხოვრებელი ფართით. აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, შესაბამისი გადაწყვეტილების თაობაზე მოსარჩელეს ეცნობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2013 წლის 4 ივნისის #05/02-12/35673 წერილით, სადაც მითითებულ იქნა, რომ სამინისტრო დევნილების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პროცესის განხორციელების პრინციპების, კრიტერიუმებისა და პროცედურების შესაბამისად, იწყებდა აპლიკაციების შევსებას დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, აპლიკაციების შევსების შემდეგ, შესაბამისი კომისია განიხილავდა ანკეტირების შედეგებს და დევნილებს მიენიჭებოდათ შესაბამისი ქულები კრიტერიუმების გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახები, რომლებიც იმ ეტაპისთვის არ იყვნენ დაკმაყოფილებული ფართით, მათი განსახლების ადგილების შესაბამისად, შეავსებდნენ სააპლიკაციო ფორმებს. მ. ხ- იმ 2013 წლის 3 ოქტომბერს განმეორებით მიმართა სამინისტროს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ს ... შესახვევი, N..., ბინა N...-ში გადმომისამართება იმ საფუძვლით, რომ 2000 წლიდან იგი ცხოვრობდა აღნიშნულ მისამართზე, რაც დაადასტურა აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრემ - ლ. ე-მ. დადგენილია, რომ მ. ხ- ი ქ. თბილისში დარეგისტრირდა 2013 წლის 8 ნოემბერს მისამართზე: ქ. თბილისი, ...ს ... შესახვევი, N..., ბინა N.... ასევე დადასტურებულია, რომ 2013 წლის 1 ივნისამდე მ. ხ- ი ყოველდღიური ყოფა-ცხოვრებით დაკავშირებული იყო ქ. თბილისთან და მისი რეგისტრაცია ქ. ქუთაისში ატარებდა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესის“ (ძალადაკარგულია 2021 წლის 12 აპრილიდან) მე-6 მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ან რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან ის დევნილი ოჯახები, რომელნიც 2013 წლის 1 ივნისამდე დარეგისტრირდნენ ქ. თბილისში.
ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მ. ხ- ის 2013 წლის 1 ივნისამდე ქ. თბილისში გადმომისამართება არ განხორციელდა იმის გამო, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონით განსაზღვრულ ვადაში არ მოხდა 2013 წლის აპრილის თვეში წარდგენილი განცხადების განხილვა. აღნიშნულს კი შედეგად მოჰყვა ის, რომ მოგვიანებით მიღებული საკანონმდებლო რეგულაციის შესაბამისად, მოსარჩელეს მოესპო შესაძლებლობა შეევსო აპლიკაცია და შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე დაკმაყოფილებულიყო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით.
ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია მ. ხ- ის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას მისი ქ. თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე რეგისტრაცია წარმოადგენდა, თუმცა მხედეველობაში არის მისაღები ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიმართ თბილისში რეგისტრაციის თაობაზე შესაბამისი მოთხოვნა და თანდართული დოკუმენტაცია წარდგენილი იყო 2013 წლის აპრილში. შესაბამისად, სამინისტროს მიერ საკუთარი ვალდებულებების დროულად და არა 2 თვის დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში, მოსარჩელეს ექნებოდა შესაძლებლობა გაეგო თუ რა დოკუმენტაცია აკლდა და რა დამატებითი ღონისძიებების მიღება იქნებოდა საჭირო მისი რეგისტრაციისთვის და მას ექნებოდა გონივრული ვადა, რათა განეხორციელებინა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი მოქმედებები. სამინისტროს მხრიდან განცხადებაზე 2 თვის შემდგომ რეაგირება არ შეიძლება გახდეს დევნილი პირის ინტერესების შელახვის საფუძველი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული 2-თვიანი დრო ემთხვეოდა დევნილი პირის მიერ თავის განცხადებაში დაყენებული მოთხოვნის რეალიზაციისთვის განსაზღვრულ ვადას. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მხრიდან გამოხატული იყო მხოლოდ ნება, თუმცა არ იყო წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რაც მისი მოთხოვნის დამაყოფილებას გამორიცხავდა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ასეთ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მოსარჩელისთვის მის განცხადებაში არსებული ხარვეზების შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდება და ხარვეზის აღმოფხვრის შესაძლებლობის მიცემა, რაც სამინისტროს მხრიდან არ განხორციელებულა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების შეფასებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიერ ქ. თბილისში გადმომისამართებასთან დაკავშირებით ნება გამოხატული იყო 2013 წლის 1 ივნისამდე, კერძოდ, 2013 წლის 10 აპრილს სამინისტროში წარდგენილი განცხადების საფუძველზე, რასთან დაკავშირებითაც მან სამინისტროდან პასუხი მიიღო 4 ივნისს, დაახლოებით 2 თვის შემდეგ, რაც ფაქტობრივად არ შეიცავდა სრულყოფილ დასაბუთებას იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რაც განცხადებაში იყო მითითებული. ამასთან, ის გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო 2013 წლის 8 ნოემბერს მოსარჩელის ქ. თბილისში გადმომისამართებას, სახეზე იყო იმავე წლის 1 ივნისამდე პერიოდშიც, რასაც მ. ხ- ი უთითებდა კიდეც განცხადებაში.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და მ. ხ- ის შორის 2014 წლის 28 აგვისტოს გაფორმდა წერილობითი შეთანხმება, რომლის თანახმად, სამინისტრო კისრულობდა ვალდებულებას თვითნებურად დაკავებული ფართის სანაცვლოდ გაეგრძელებინა ბინის ქირის თანხით უზრუნველყოფა მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებამდე. აღნიშნული შეთანხმების შემდგომ, მოსარჩელის ოჯახს ბინის ქირის თანხა ერიცხებოდა 2017 წლის აპრილამდე. დადგენილია, რომ 2017 წლის 5 აპრილს მ. ხ- იმ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ითხოვა ბინის ქირის თანხის გადახდის გაგრძელება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტზე, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ მიღებულ იქნება დადებითი გადაწყვეტილება დევნილი ოჯახისათვის ქირის თანხის გაცემის თაობაზე, თვეში გასაცემი ქირის თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 300 ლარს, ამასთან, დევნილი ოჯახისათვის ქირის თანხის გაცემის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. კომისიის გადაწყვეტილებით, ქირის თანხის გაცემის 3-თვიანი ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს დეპარტამენტის განმეორებითი მონიტორინგის შედეგების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად კი, დევნილ ოჯახს შეუწყდება ქირის თანხის გაცემა, თუ იგი დაკმაყოფილდება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების პროექტების ფარგლებში.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ 2014 წლის 28 აგვისტოს გაფორმებული წერილობითი შეთანხმების პირობების მიხედვით, სამინისტროს მიერ ქირის თანხის ანაზღაურების შეწყვეტა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მ. ხ- ის ოჯახი დაკმაყოფილდებოდა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით. იმ პირობებში კი, როდესაც მ. ხ- ის ოჯახი არ არის დაკმაყოფილებული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ხ- ის ოჯახისთვის ბინის ქირის თანხის შეწყვეტასთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მართებულად იქნა ბათილად ცნობილი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა