საქმე #ბს-93(კ-21) 22 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. ს-ის, ნ. ნ-ის, თ. ს-ის, ლ. ს-ის, მ. ს-ის, გ. შ-ისა და მ. შ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აგვისტოს განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 28 მაისს ა. ს-მა, ნ. ნ-მა, თ. ს-მა, ლ. ს-მა, მ. ს-მა, გ. შ-მა და მ. შ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიმართ.
მოსარჩელეების განმარტებით, მათი ოჯახი 1991 წლის 3 იანვრის ჩათვლით ცხოვრობდა ...ში, ...ის ქ. N...-ში, თუმცა საომარი მდგომარეობის გამო, ისინი იძულებულნი გახდნენ გადასახლებულიყვნენ გორის რაიონის სოფ. ...ში. მათ 1996 წლიდან ჰქონდათ მინიჭებული დევნილის სტატუსი და იღებდნენ შემწეობას, თუმცა 2018 წლის თებერვალში სამინისტროდან მიიღეს შეტყობინება დევნილის სტატუსის და შემწეობის შეჩერების თაობაზე, იმ მიზეზით, რომ მიმდინარეობდა მათი სტატუსის კანონიერების გადამოწმება. მოსარჩელეები მიწვეულ იქნენ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში, სადაც შეავსეს განცხადება-ანკეტა, რასაც თან დაურთეს მათ ხელთ არსებული ყველა დოკუმენტი. შედეგად, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ კომისიის თავმჯდომარის - ა. პ-ის ჩვენების საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება და არ გასცა ცნობა მოსარჩელეების ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტის დასადასტურებლად.
მოსარჩელეთა მითითებით, კომისიის თავმჯდომარემ თავის ჩვენებაში აღნიშნა, რომ იგი ცხოვრობდა ...ში, ...ის ქ N...-ში და იგი არ ადასტურებდა ა. ს-ის, ნ. ნ-ისა და თ. ს-ის ...ში, ...ის ქ. N...-ში ცხოვრების ფაქტს. სოსიაშვილების მოსაზრებით, აღნიშნული ჩვენება არ წარმოადგენდა იმ მტკიცებულებას, რომლითაც შეიძლებოდა დადასტურებულიყო მათი ოჯახის ...ში ცხოვრების ფაქტი, გარდა ამისა, მათ აღნიშნეს, რომ კომისიამ მხედველობაში არ მიიღო მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი მათი ორი მეზობლის ნოტარიულად დამოწმებული ჩვენება და არც სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ანკეტას თან ერთვოდა.
მოსარჩელეების განმარტებით, მათ მიმართ გამოცემული ბრძანების თანახმად, დევნილის სტატუსის ჩამორთმევა განხორციელდა იმის საფუძველზე, რომ დევნილის სტატუსი ყალბი ან არასწორი დოკუმენტის საფუძველზე იყო მოპოვებული. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ბრძანება არის ტრაფარეტული და ლახავს მათ უფლებებს.
ამდენად, მოსარჩელეებმა ა. ს-ის, ნ. ნ-ისა და თ. ს-ისათვის 1991 წელს ქართულ-ოსური კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან სეპარატისტულ რეჟიმს თავდაღწეულ პირთა შესაბამის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების (#13 ოქმის ამონაწერი, დათარიღებული 2018 წლის 22 მარტით), ა. ს-ისათვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის #1405 ბრძანების, გ. შ-ისთვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის #1406 ბრძანების, ლ. ს-ისთვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის #1407 ბრძანების, მ. შ-ისთვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის #1408 ბრძანების, მ. ს-ისთვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის #1409 ბრძანებისა და თ. ს-ისთვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის #1411 ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მოსარჩელეთათვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
2019 წლის 11 იანვარს ა. ს-მა, ნ. ნ-მა, თ. ს-მა, ლ. ს-მა, მ. ს-მა, გ. შ-მა და მ. შ-მა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეებმა დამატებით მიუთითეს, რომ სრულწლოვანმა ოჯახის წევრებმა 2018 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში, არჩევნების მეორე ტურში ვერ გამოიყენეს თავიანთი კონსტიტუციური უფლება და ვერ მისცეს ხმა, რაც ცესკომ 2018 წლის 18 ნოემბრის განცხადებით ახსნა იმ გარემოებით, რომ მოსარჩელეთა მისამართად დაფიქსირებული იყო ...ი, ...ის ქ.N... და სამინისტროს მიერ გადაცემულ საარჩევნო უფლების მქონე პირთა ბაზაში მათი მონაცემები არ ფიქსირდებოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ს-ის, ნ. ნ-ის, თ. ს-ის, ლ. ს-ის, მ. ს-ის, გ. შ-ისა და მ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. ს-მა, ნ. ნ-მა, თ. ს-მა, ლ. ს-მა, მ. ს-მა, გ. შ-მა და მ. შ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინებით განსახილველ საქმეში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აგვისტოს განჩინებით ა. ს-ის, ნ. ნ-ის, თ. ს-ის, ლ. ს-ის, მ. ს-ის, გ. შ-ისა და მ. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ დევნილის სტატუსის მისანიჭებლად, აუცილებლად უნდა განისაზღვროს პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რასაც უკავშირდება ტერიტორიის დატოვებისა და უკან დაბრუნების შეუძლებლობის გამომწვევი საფუძვლების დადგენაც.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოწმედ გამოკითხულმა პირებმა ერთმნიშვნელოვნად ვერ დაადასტურეს ის ფაქტი, რომ განმცხადებელი - ა. ს-ი ოჯახთან (მეუღლესთან და შვილებთან) ერთად 1991 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა ქ. ...ში, ...ის ქ.N...-ში, თუმცა სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებაში ისინი ზუსტად უთითებდნენ თითოეული მოსარჩელის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრების პერიოდს. სასამართლო სხდომაზე მათ (გ. გ-მა, თ. ბ-მა და ე. გ-ემ) დაადასტურეს ა. ს-ის ...ში განათლების მიღებისა და მუშაობის ფაქტი, ასევე, მისი პერიოდულად იქ ცხოვრების ფაქტი, თუმცა სახლის შეძენისა და მუდმივად ...ში ცხოვრების ფაქტის შესახებ ზუსტ ინფორმაციას არ ფლობდნენ. ისინი, ასევე, არ ფლობდნენ ინფორმაციას ა. ს-ის ოჯახის წევრებთან დაკავშირებითაც. ამდენად, სააპელაციო პალატამ სარწმუნოდ არ მიიჩნია აპელანტების განმარტებები იმის შესახებ, რომ 1991 წლამდე ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრობდნენ, რამდენადაც აღნიშნული გარემოება არ დასტურდებოდა არავითარი მტკიცებულებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. ს-მა, ნ. ნ-მა, თ. ს-მა, ლ. ს-მა, მ. ს-მა, გ. შ-მა და მ. შ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და მე-60 მუხლებზე, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 96-ე მუხლსა და 97-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით აღნიშნავენ, რომ არ იქნა შეფასებული მოსარჩელის მიერ წარდგენილი არც ერთი მტკიცებულება - ა. ს-ის პასპორტი (საიდანაც ჩანს, რომ მან ბოლოს 1990 წელს განაახლა მონაცემები ...ში, პასპორტში მის მისამართად დაფიქსირებულია ...ი, ...ის ქ.N...); ...ს რწმუნებულის 1996 წლის 9 აგვისტოს ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ ა. ს-ზე სოფელ ...ში მიწა არ განაწილდა იმიტომ, რომ იგი სოფ. ...ში არ ცხოვრობდა და იყო დევნილი; ა. ს-ის მშობლების საცხოვრებელი სახლის პროექტი, რომელიც იყო ძალიან მცირე (სულ 2 ოთახი), სადაც ა. ს-ი მეუღლით და 3 შვილით ვერ იცხოვრებდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 1991 წლის მიწისძვრამ სახლი კიდევ უფრო დააზიანა; ა. ს-ის საინფორმაციო ბარათი, რომლის თანახმადაც, იგი 1973 წლიდან ...ში იყო რეგისტრირებული; მეზობლის ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილი, რომელიც ადასტურებდა, რომ ა. ს-ის ოჯახი სოფელ ...ში იძულებით გადასვლისას 1991-1998 წლებში ცხოვრობდა მისი მამის - ზ. ბ-ის სახლში.
კასატორები აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილება დასაბუთებული იყო მხოლოდ იმით, რომ ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობა მკაცრად რეგლამენტირებულია კანონით და შეცდომის დაშვება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეუძლებელია. ამასთან, სამინისტროს არ მიუთითებია აღმჭურველი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების რომელიმე საფუძვლის არსებობაზე. სამინისტრომ მიუთითა „დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელეებმა დევნილის სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის საფუძველზე მიიღეს, თუმცა არ დადასტურებულა ამ საბუთებისა და ინფორმაციის სიყალბე.
ამასთან, კასატორების განმარტებით, ა. პ-ი შურისძიების მოტივით პირადად იყო დაინტერესებული ა. ს-ის ოჯახისათვის დახმარების შეწყვეტით. ამდენად, კასატორები მიიჩნევენ, რომ მას ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა არ უნდა მიეღო.
კასატორთა მითითებით, სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის გარემოება, რომ თ. ს-ი ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ ყოფილა ჩართული იმ მოტივით, რომ იგი 1991-1994 წლებში სკოლამდელი ასაკის იყო. ამასთან, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ #13 ოქმს თვდაპირველად არ ჰქონდა სხდომაში მონაწილე ყველა პირის ხელმოწერა.
კასატორები, ასევე, აღნიშნავენ, რომ მათ არაერთი გადამოწმება ჰქონდათ გავლილი და სავალდებულო შემოწმებით დასტურდებოდა, რომ ისინი წარმოადგენდნენ დევნილებს, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მიუთითებს ადმინისტრაციული წარმოების ფორმალურად ჩატარებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ს-ის, ნ. ნ-ის, თ. ს-ის, ლ. ს-ის, მ. ს-ის, გ. შ-ის და მ. შ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ს-ის, ნ. ნ-ის, თ. ს-ის, ლ. ს-ის, მ. ს-ის, გ. შ-ისა და მ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ა. ს-ის, ნ. ნ-ისა და თ. ს-ისათვის 1991 წელს ქართულ-ოსური კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან სეპარატისტულ რეჟიმს თავდაღწეულ პირთა შესაბამის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურებაზე უარის თქმისა და ა. ს-ის, ნ. ნ-ის, თ. ს-ის, ლ. ს-ის, მ. ს-ის, გ. შ-ისა და მ. შ-ისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად კი, დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო. აქედან გამომდინარე, დევნილის სტატუსის მინიჭებისას მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემთა ბაზის მიხედვით, ა. ს-ი, ნ. ნ-ი, თ. ს-ი, ლ. ს-ი, მ. ს-ი, მ. შ-ი და გ. შ-ი რეგისტრირებულნი იყვნენ იძულებით გადაადგილებულ პირებად - დევნილებად. კერძოდ, ა. ს-ი, ნ. ნ-ი, თამა სოსიაშვილი, ლ. ს-ი და მ. ს-ი დევნილად რეგისტრირებულნი იყვნენ 1996 წლის ივლისიდან, მ. შ-ი - 2006 წლიდან და გ. შ-ი - 2011 წლიდან. დევნილთა მონაცემთა ბაზაში #... სარეგისტრაციო ნომრით რეგისტრირებულნი იყვნენ ა. ს-ი, მისი მეუღლე - ნ. ნ-ი, შვილები: თ. ს-ი, ლ. ს-ი, მ. ს-ი, შვილიშვილები (მ. ს-ის შვილები): მ. შ-ი და გ. შ-ი. მონაცემთა ბაზის მიხედვით, მათ მისამართს წარმოადგენდა: გორის რაიონი, სოფელი ..., ხოლო მ. ს-ი 2015 წლის აგვისტოდან 2018 წლის მარტის ჩათვლით რეგისტრირებული იყო ქ. გორში, ...ის ... N..., ბინა N...-ში.
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველოში დევნილის სტატუსის კანონიერების დადგენის მიზნით, მოსარჩელეთა მიმართ ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება. დროებითი კომისიის დასკვნის, ნ. ნ-თან და ა. ს-თან გასაუბრების შედეგებისა და სხვა მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების შედეგად, მიჩნეულ იქნა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტამდე ა. ს-ი და მისი ოჯახი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად არ ცხოვრობდა, შესაბამისად, ისინი არ წარმოადგენდნენ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ პირებს - დევნილებს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას განცხადებებით მიმართეს მოქალაქეებმა - ნ. ნ-მა, თ. ს-მა და ა. ს-მა და ...ში, ...ის ქ.N...-ში 1991 წლამდე მათი მუდმივი ცხოვრების შესახებ ცნობების გაცემა მოითხოვეს. დადგენილია, რომ კომისიის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით (დასკვნით) არ დადასტურდა განმცხადებლების 1991 წლამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი შემდეგ მისამართზე: ...ი, ...ის ქ.N.... აღნიშნულის შესახებ ეცნობათ როგორც განმცხადებლებს, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ მოწმედ გამოკითხულმა პირებმა ერთმნიშვნელოვნად ვერ დაადასტურეს ის ფაქტი, რომ განმცხადებელი - ა. ს-ი ოჯახთან (მეუღლესთან და შვილებთან) ერთად 1991 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა ქ. ...ში, ...ის ქ.N...-ში, თუმცა სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებაში ზუსტად უთითებდნენ თითოეული მოსარჩელის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრების პერიოდს. სასამართლო სხდომაზე მათ (გ. გ-მა, თ. ბ-მა და ე. გ-ემ) დაადასტურეს ა. ს-ის ...ში განათლების მიღებისა და მუშაობის ფაქტი, ასევე, მისი პერიოდულად იქ ცხოვრების ფაქტი, თუმცა სახლის შეძენისა და მუდმივად ...ში ცხოვრების ფაქტის შესახებ ზუსტ ინფორმაციას არ ფლობდნენ. ასევე, ისინი არ ფლობდნენ ინფორმაციას ა. ს-ის ოჯახის წევრებთან დაკავშირებითაც. ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ ა. ს-ისა და ნ. ნ-ის სამივე შვილი დაიბადა ქ. გორში, ხოლო გორის რაიონის სოფელ ...ს საშუალო სკოლის 1990 წლის 31 აგვისტოს #4 ბრძანების თანახმად, თ. ს-ი ჩაირიცხა სოფელ ...ს საშუალო სკოლის პირველ კლასში და 2001 წლის 25 ივნისის #30 ბრძანების საფუძველზე, მას მიეცა საშუალო განათლების ატესტატი #.... ამასთან, ნ. ნ-მა ერთ-ერთი გამოკითხვისას განმარტა, რომ 1987 წლიდან მუშაობდა ტირძნისის საავადმყოფოში მედდად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების შეფასებას იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ დასტურდება ა. ს-ის მიერ ოჯახთან ერთად სადავო პერიოდში მუდმივ საცხოვრებელ ადგილად ქ. ...ის არჩევის ფაქტი, ასევე, ის გარემოება, რომ დაოჯახების შემდეგ, ის და მისი მეუღლე - ნ. ნ-ი დასაქმებულები იყვნენ ქ. ...ში. აღნიშნული ფაქტი ასახული იქნა ასევე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ წერილობით დოკუმენტშიც. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სათანადოდ არ გამოკვლეულა მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიუთითებს, რომ აღნიშნული მტკიცებულებები არ წარმოადგენს საკმარის დასტურს იმისა, რომ კასატორები 1991 წლამდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრობდნენ.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ მიიღებს მხედველობაში კასატორების მითითებას იმის თაობაზე, რომ ა. პ-ს პირადი ინტერესი ჰქონდა მათი ოჯახის მიმართ, ვინაიდან ამ შემთხვევაშიც, არ ყოფილა წარმოდგენილი აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ს-ის, ნ. ნ-ის, თ. ს-ის, ლ. ს-ის, მ. ს-ის, გ. შ-ისა და მ. შ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აგვისტოს განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა