საქმე #ბს-114(2კ-21) 22 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. ჭ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 23 იანვარს ი. ჭ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მან კონკურსის შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო კომისიის 2015 წლის 9 ოქტომბრის სხდომის #59 ოქმის საფუძველზე, მინისტრის 2015 წლის 30 ოქტომბრის #MOD 4 15 00003740 ბრძანებით დაიკავა სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის ...ის ...ის თანამდებობა.
მოსარჩელის მითითებით, სსიპ გ. აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 5 დეკემბრის #MOD 3 16 00000183 ბრძანებით ჰოსპიტალის სტრუქტურული რეორგანიზაციისა და საშტატო ნუსხით დამტკიცებულ თანამდებობათა მოსალოდნელ შემცირებასთან დაკავშირებით გამოცხადდა რეორგანიზაცია. ამასთან, 2016 წლის 9 დეკემბერს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სამხედრო ჰოსპიტალის დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ინიცირების წერილით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. აღნიშნული ითვალისწინებდა ...ის ...ეების თანამდებობათა გაუქმებას.
მოსარჩელის განმარტებით, სამხედრო ჰოსპიტალის იმ პერიოდისათვის მოქმედი დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ...ის ...ეებს თანამდებობაზე ნიშნავდა და ათავისუფლებდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი. შესაბამისად, ვინაიდან სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის უფლებამოსილებას არ წარმოადგენდა ...ის ...ეების დანიშვნა/გათავისუფლება, მისი ბრძანება რეორგანიზაციის თაობაზე არ უნდა გავრცელებულიყო მოსარჩელეზე.
მოსარჩელის აღნიშვნით, მან დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისგან მიიღო არაერთი წერილობითი თუ ზეპირსიტყვიერი შეთავაზება ორი საფეხურით დაბალ თანამდებობაზე გადაყვანასთან დაკავშირებით, რაც ასევე წინააღმდეგობაში იყო ჰოსპიტალში მოქმედ დებულებასთან, ვინაიდან იგი დანიშნული იყო კონკურსის წესით, მინისტრის ბრძანებით და ...ის ...ის თანამდებობა წარმოადგენდა თავდაცვის მინისტრის ნომენკლატურას. აღნიშნული შეთავაზება მოსარჩელემ მიიღო რეორგანიზაციის დასრულების შემდგომაც, რაზეც განაცხადა უარი.
მოსარჩელის მითითებით, რეორგანიზაციის თაობაზე გაფრთხილება თანამშრომლებს უნდა გადასცემოდათ ბრძანების ძალაში შესვლის შემდგომ, თუმცა აღნიშნული ბრძანების ძალაში შესვლამდე 3 დღით ადრე განხორციელდა, რაც ასევე წინააღმდეგობაში მოდიოდა მოქმედ კანონმდებლობასთან.
მოსარჩელის განმარტებით, რეორგანიზაციის შედეგად სამხედრო ჰოსპიტალში გაუქმდა დირექტორის სამივე მოადგილის თანამდებობა და თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 დეკემბრის #MOD 2 16 00004700 ბრძანებით იგი გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე.
მოსარჩელის აღნიშვნით, არც მისი გათავისუფლების ბრძანება და არც რეორგანიზაციის შესახებ ბრძანება არ ყოფილა დასაბუთებული, სამხედრო ჰოსპიტალს არ განუხორციელებია იმგვარი ცვლილება, რომელიც აუცილებელს გახდიდა ცოცხალი სამუშაო ძალის შემცირებას, ასევე, არ შემცირებულა ჰოსპიტალის ბიუჯეტი და მოსარჩელის გათავისუფლების დროისათვის და მას შემდეგაც ჰოსპიტალში არსებობდა ვაკანტური თანამდებობები.
ამდენად, მოსარჩელემ „ი. ჭ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 დეკემბრის #MOD 2 16 00004700 ბრძანების და ი. ჭ-ის ნაწილში სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 5 დეკემბრის #MOD 3 16 00000183 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, აგრეთვე, მოპასუხეებისათვის მოსარჩელე ი. ჭ-ის სასარგებლოდ ყოველთვიურად, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, 4200 ლარის ოდენობით განაცდური ხელფასისა და 2016 წლის 23 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიური ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის, დაყოვნებული თანხის - 0.07%-ის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ი. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 დეკემბრის #MOD 2 16 00004700 ბრძანება „ი. ჭ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ჭ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 დეკემბრის #MOD 2 16 00004700 ბრძანება „ი. ჭ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ (მე-2 პუნქტი) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 დეკემბრის #MOD 2 16 00004700 ბრძანება „ი. ჭ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ და მოპასუხეს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 31 მარტის #13 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დებულების“ მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ჰოსპიტალს ხელმძღვანელობდა ჰოსპიტალის დირექტორი, რომელსაც ჰყავდა სამი მოადგილე. მათ კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავდა და თანამდებობიდან ათავისუფლებდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი. განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 19 დეკემბრის #106 ბრძანებით ცვლილება იქნა შეტანილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 31 მარტის #13 ბრძანებით დამტკიცებულ „სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დებულებაში“ და ამოღებულ იქნა დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი (დირექტორს ჰყავს სამი მოადგილე). შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ განხორციელებული რეორგანიზაცია არ ატარებდა ფორმალურ ხასიათს და ვინაიდან მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა არ ასახულა სხვა თანამდებობაში, აღნიშნული მიუთითებდა დამსაქმებელი ორგანიზაციის მიზანზე, განეხორციელებინა სამსახურის სტრუქტურის დახვეწა, შტატების ახლებურად ჩამოყალიბება, რასაც თავისთავად შესაძლოა გამოეწვია ამა თუ იმ თანამდებობის რეალურად შემცირება.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში განხორციელებული რეორგანიზაცია უპირობოდ ქმნიდა ი. ჭ-ის სამსახურიდან გათავისუფლებისთვის ფაქტობრივ საფუძველს, თუმცა სადავო ბრძანების უკანონობას განაპირობებდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემისთვის დადგენილი მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნების დაუცველობა, კერძოდ, მოპასუხის მიერ სადავო აქტი გამოცემულ იქნა სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე შრომის კოდექსის საფუძველზე იმ პირობებში, როდესაც ი. ჭ-ე წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელესთან მიმართებით, როგორც შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა, ასევე, მისი გაფრთხილება განხორციელებულ იქნა სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც აღნიშნულ პროცედურულ საკითხებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისგან განსხვავებულად არეგულირებს. შესაბამისად, სადავო აქტი ი. ჭ-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე გამოიცა იმ გარემოების გათვალისწინების გარეშე, რომ მოსარჩელე იყო საჯარო მოსამსახურე. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლეული არ იქნა ის გარემოებები, თუ რამდენად იყო სახეზე მოხელის გაფრთხილებისთვის კანონით დადგენილი პროცედურის დაცვა, კერძოდ, რამდენად იქნა გაფრთხილებული დასაქმებული უფლებამოსილი პირის მიერ 1 თვით ადრე თანამდებობის შესაძლო შემცირების თაობაზე და ამ ვადის დაუცველობის შემთხვევაში, რამდენად მიიღო მოხელემ კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის გარდა ხელფასი ყოველი გადაცილებული დღისათვის.
აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულ იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, შესაბამისად სახეზე იყო მისი ბათილად ცნობისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ხელახლა განსახილველად ადმინისტრაციული ორგანოსთვის მისი დაბრუნების საჭიროება.
სააპელაციო პალატამ ასევე მიიჩნია, რომ ი. ჭ-ე სტრუქტურული რეორგანიზაციის თაობაზე გაფრთხილებული არ ყოფილა სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 5 დეკემბრის #MOD 3 16 00000183 ბრძანების საფუძველზე, რის გამოც აღნიშნული აქტი მას უშუალო ზიანს არ აყენებდა.
ი. ჭ-ის სამსახურიდან გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და მოპასუხეს დაავალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, შესაბამისად, ამ ეტაპზე არ არსებობდა მოსარჩელე ი. ჭ-ის სამსახურში აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ჭ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი - ი. ჭ-ე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ თუ სასამართლოს საქმის მასალები სრულად აძლევს შესაძლებლობას თვითონ გამოიკვლიოს, შეაფასოს და დაადგინოს, რომ ადმინისტრაციული აქტი უკანონოა, იგი ვალდებულია თვითონ იმსჯელოს აქტის კანონიერებაზე. კასატორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ცალსახად გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული აქტი იყო უკანონო და განმარტა, როგორ უნდა გამოეცა და რა სამართლის ნორმები უნდა მიეთითებინა ადმინისტრაციულ ორგანოს აქტის გამოცემის დროს იგი კანონიერი რომ ყოფილიყო.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ადმინისტრაციულ ორგანოს წლების შემდეგ აძლევს შესაძლებლობას, გამოასწოროს თავისი უკანონო ქმედება. გარემოებები, რომლის გამოკვლევისკენაც სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციულ ორგანოს მიუთითა, მან თავად გამოიკვლია და შეაფასა, შესაბამისად დაადგინა, რომ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა უკანონოდ და ეს გარემოებები არ საჭიროებდნენ დამატებით გამოკვლევასა და შეფასებას. ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ ისეთი შემთხვევა, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს სხვა სამართლის ნორმები აქვს მითითებული, არ შეიძლება ჩაითვალოს ისეთ გარემოებად, რომელიც დამატებით საჭიროებს კვლევას.
გარდა ამისა, კასატორი მიიჩნევს, რომ სამსახურში აღდგენაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ მოპასუხეს მსგავსი ან ტოლფასი თანამდებობა ბრძანებით არ გააჩნია, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა დაევალებინა მოპასუხისათვის მოსარჩელის უკანონოდ გათავისუფლებისთვის მისი უფლებების აღდგენა, რის შედეგადაც მოპასუხე ვალდებული იქნებოდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიეღო ყველა საჭირო ზომა - დაეშვა მსგავსი ან ტოლფასი თანამდებობა. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია, არსებობდა თუ არა ტოლფასი თანამდებობა მოპასუხის უწყებებში განსაზღვრულ საშტატო ნუსხაში.
ამასთან, კასატორის მითითებით, განაცდურისა და ყოველთვიური ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისთვის პროცენტის ანაზღაურებაზე უარის თქმა იყო დაუსაბუთებელი, ვინაიდან იგი დაკავებული თანამდებობიდან უკანონოდ იქნა გათავისუფლებული და მისი აღდგენა ვერ ხერხდებოდა ისევ მოპასუხის ბრალით. კასატორის აღნიშვნით, მისი თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობა არ წარმოადგენდა განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს, ვინაიდან აღდგენა და განაცდური სხვადასხვა მოთხოვნაა და თუ გათავისუფლება მოხდა უკანონოდ, სასამართლომ ცალ-ცალკე უნდა იმსჯელოს თითოეულ მოთხოვნაზე.
კასატორის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ი. ჭ-ისათვის მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ ცნობილი გახდა ჰოსპიტალის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 9 დეკემბრის #1164618 წერილით და მას იმავე დაწესებულებაში შესთავაზეს ...ის ...ის ...ის ...ის თანამდებობა. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ ირმა ჭანურიძემ ფაქტობრივად მიიღო გაფრთხილება, გაუჩნდა დაკავებული თანამდებობის შემცირების მოლოდინი და დააფიქსირა პოზიცია, რომ შეთავაზებულ თანამდებობას განიხილავდა, თუ მინისტრის აქტით შემცირდებოდა მის მიერ დაკავებული თანამდებობა. მოსარჩელის თანამდებობის გაუქმების შემდგომ, 2016 წლის 19 დეკემბრის #106 ბრძანებით მას კვლავ შესთავაზეს ...ის ...ის ...ის ...ის თანამდებობა, რაზეც მან უარი განაცხადა, ამ დროს ი. ჭ-ის თანამდებობა უკვე აღარ არსებობდა, იგი 2016 წლის 23 დეკემბრის #4700 სადავო ბრძანებით დათხოვნილ იქნა 27 დეკემბრიდან და მასზე სრულად გაიცა თანამდებობის შესაბამისი თანხა.
სამინისტრო მიუთითებს, რომ ვინაიდან 2016 წლის 19 დეკემბრიდან აღარ არსებობდა ი. ჭ-ის მიერ დაკავებული საშტატო ერთეული, იგი მოკლებული იყო იმ უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობას, რომლის შესაბამისადაც, იგი იღებდა ანაზღაურებას. მოსარჩელეზე 2016 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით გაცემულია ხელფასი, ასევე საკომპენსაციო თანხა სამსახურიდან დათხოვნის გამო, დეკემბრის თვის გამოუყენებელი თანხა, ასევე, დანამატი, რომელსაც იგი იღებდა კანონით ნებადართული სხვა შემოსავლებიდან, რომელიც ვერ ჩაითვლება ხელფასის ნაწილად. აქედან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად არ შეაფასა წარდგენილი მტკიცებულებები.
კასატორი აღნიშნავს, რომ წარმოების სრული სახით დაცვის შემთხვევაშიც, ი. ჭ-ის მიმართ ვერ იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიღებული, ვინაიდან თავდაცვის მინისტრის მიერ გაუქმებულ იქნა მისი საშტატო ერთეული და უფლებამოსილი პირის გაფრთხილებაც ვერ შეცვლიდა შედეგს. გარდა ამისა, თანამდებობის შეთავაზების ვალდებულება არ გააჩნდა არც უფლებამოსილ პირს და არც ჰოსპიტალის დირექტორს. მოსარჩელისთვის ცნობილი იყო მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ.
კასატორმა ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის #ბს-199-193(კ-09) გადაწყვეტილებაზე, რომელშიც მითითებულია, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ვადის დარღვევა არ წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების ისეთ დარღვევას, რაც აქტის ბათილობის საფუძველი იქნებოდა.
სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის გათვალისწინებით, როდესაც ბათილად არის ცნობილი საჯარო მოსამსახურის გათავისუფლების შესახებ ბრძანება და აღსრულების პროცესში აღდგება თანამდებობის გაუქმების შემდგომი მდგომარეობა, შეუძლებელი იქნება უფლებამოსილი პირის მიერ მოსამსახურის გაფრთხილება მოსალოდნელი რეორგანიზაციის და თანამდებობის გაუქმების შესახებ და ამის შესაბამისად გაფრთხილების 1-თვიანი ვადის ათვლა. სასამართლო ადმინისტრაციულ ორგანოს უთითებს იმ მოქმედების განხორციელებაზე, რომელიც მოწინააღმდეგე მხარის მიერ მინისტრის 2016 წლის 19 დეკემბრის #106 ბრძანების გამოცემამდე უნდა განხორციელებულიყო. აღნიშნული აქტი კი კანონიერია და სადავო არ ყოფილა საქმის განხილვისას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. ჭ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ჭ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია „ი. ჭ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 დეკემბრის #MOD 2 16 00004700 ბრძანების და ი. ჭ-ის ნაწილში სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 5 დეკემბრის #MOD 3 16 00000183 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, აგრეთვე, მოპასუხეებისათვის მოსარჩელე ი. ჭ-ის სასარგებლოდ ყოველთვიურად, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, 4200 ლარის ოდენობით განაცდური ხელფასისა და 2016 წლის 23 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიური ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის, დაყოვნებული თანხის - 0.07%-ის ანაზღაურების დაკისრება.
დადგენილია, რომ სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად განხორციელდა საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირება, კერძოდ, ი. ჭ-ე 2016 წლის 27 დეკემბრიდან გათავისუფლდა სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ...ის ...ის (ეკონომიკურ საკითხებში) თანამდებობიდან აღნიშნული თანამდებობის გაუქმების გამო. დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და 38-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
ასევე, დადგენილია, რომ მოსარჩელეს ორჯერ, რეორგანიზაციის განხორციელებამდე - 2016 წლის 9 დეკემბერს და შემდგომ 2016 წლის 23 დეკემბერს მოპასუხემ შესთავაზა მის დაქვემდებარებაში არსებული მსგავსი ფუნქციური დატვირთვით აღჭურვილი ...ის ...ის ...ის ...ის თანამდებობა. თუმცა, ი. ჭ-ემ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მასალების შესაბამისად, ი. ჭ-ემ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გაიარა საქართველოს თავდაცვის მინისტრის #49 ბრძანებით გამოცხადებული კონკურსი და იგი თანამდებობაზე დაინიშნა ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის #MOD 4 15 00003740 ბრძანებით. შესაბამისად, მისი, როგორც საჯარო მოხელის, გათავისუფლებაც უნდა მომხდარიყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და არა საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე), რომ ზემოაღნიშნული გარემოება არ გამოუკვლევია, რამაც არსებითი გავლენა იქონია მოსარჩელის კანონით გარანტირებული უფლებების შეზღუდვაზე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ი. ჭ-ე სტრუქტურული რეორგანიზაციის თაობაზე გაფრთხილებული არ ყოფილა სადავო სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 5 დეკემბრის #MOD 3 16 00000183 ბრძანების საფუძველზე, რის გამოც აღნიშნული აქტი არ აყენებდა მას უშუალო ზიანს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 5 დეკემბრის #MOD 3 16 00000183 ბრძანების გამოცემაზე უფლებამოსილ პირს არ წარმოადგენდა ჰოსპიტალის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. შესაბამისად, რამდენადაც ი. ჭ-ე არ წარმოადგენდა სადავო აქტის ადრესატ მხარეს, არ არსებობდა სადავო ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და მოპასუხეს დაავალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ აღნიშნულ ეტაპზე არ არსებობდა მოსარჩელე ი. ჭ-ის სამსახურში აღდგენის, აგრეთვე, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ განაცდური ხელფასისა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიური ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის, დაყოვნებული თანხის 0.07%-ის ანაზღაურების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. ჭ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა