საქმე №ბს-773(კ-20) 1 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ს. ო-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 18 ოქტომბერს ს. ო-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 24 სექტემბრის №2103-13 ბრძანების ბათილად ცნობა და თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვა.
სარჩელის თანახმად, ს. ო-ი 2015 წლის 5 იანვრიდან მუშაობდა ახალქალაქის რაიონის სოფელ ...ის მთავარ სპეციალისტად. მას არანაირი დისციპლინარული გადაცდომა ჩადენილი არ ჰქონია. მუშაობის პერიოდში სოფელში მოქალაქეებთან ცდილობდა ყოფილიყო კორექტული. ყოველთვის ცდილობდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოეგვარებინა სოფლის მაცხოვრებლებს შორის წამოჭრილი საკითხები. 2018 წლის მაისის თვეში, როგორც მისთვის გახდა ცნობილი, სოფელ ...ის მაცხოვრებლებმა განცხადებით მიმართეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერს მისი სპეციალისტად მუშაობის პერიოდში დაშვებული დარღვევების თაობაზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ს. ო-ს ...ის ყოფილი კოლმეურნეობის კუთვნილი სამი მისაბმელი, ლაფეტი, ათტონიანი სასწორი და მანქანების სალონის მოწყობილობა გადატანილი ჰქონდა მის ტერიტორიაზე. ასევე მეორე განცხადებით მას ბრალს სდებდნენ იმაში, რომ სოფლისთვის განკუთვნილი ფული არ იყო დახარჯული მიზნობრივად. უნდა განახლებულიყო წყლის არხები, მაგრამ სამუშაოები არ ჩატარებულა. ასევე სოფელში გაითხარა ორი აუზი, რომლებშიც უნდა შეგროვებულიყო წყალი ძროხების დასარწლულებლად, მაგრამ აღნიშნული სამუშაოებიც არ ჩატარებულა. აღნიშნული განცხადებების საპასუხოდ მოსარჩელის მიერ 2018 წლის 17 სექტემბერს დაიწერა განმარტებითი ბარათი, რომელიც გადაეგზავნა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერს.
2018 წლის 21 სექტემბრის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის ხელმძღვანელის დასკვნისა და 2018 წლის 20 სექტემბრის №1 ოქმის საფუძველზე, 2018 წლის 24 სექტემბრის №2103/13 ბრძანებით ს. ო-ი გათავისუფლებული იქნა დაკავებული მერიის არაგვის ადმინისტრაციული ერთეულის მე-... რანგის მე-... ....ის ... ....ის თანამდებობიდან.
სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სამსახურიდან გათავისუფლების აქტი ეწინააღმდეგება კანონს, დისციპლინური წარმოება არასრულად იქნა ჩატარებული. წარმოებისას არ იქნენ მიწვეულნი ის პირები, ვისი განცხადების საფუძველზეც წარმოება იქნა დაწყებული. განთავისუფლების საფუძველი იყო შიდა აუდიტის დასკვნა და ეთიკის ნორმების დარღვევა. აუდიტის დასკვნა არასრულია, დისციპლინური წარმოებისას სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული საჩივრებში მითითებული გარემოებები. ს. ო-ი 10 წელი მუშაობდა კეთილსინდისიერად და მადლობებიც კი ჰქონდა გამოცხადებული.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ს. ო-ის სარჩელი, მოპასუხე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 24 სექტემბრის №2103-13 ბრძანების ბათილად ცნობისა და თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ო-ი 2015 წლის 5 იანვრიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 30 დეკემბრის №4 სხდომის ოქმის შედეგების გათვალისწინებით, ვაკანტურ თანამდებობაზე საშტატო განრიგით გათვალისწინებული სახელფასო განაკვეთით დაინიშნა მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე სოფელ ...აში.
2018 წლის მაისის თვეში, სოფელ ...ის მაცხოვრებლებმა განცხადებით მიმართეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერს ს. ო-ის სპეციალისტად მუშაობის პერიოდში დაშვებული დარღვევების თაობაზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ს. ო-ს ...ის ყოფილი კოლმეურნეობის კუთვნილი სამი მისაბმელი, ლაფეტი, ათტონიანი სასწორი და მანქანების სალონის მოწყობილობა გადატანილი ჰქონდა მის ტერიტორიაზე. ასევე მეორე განცხადებით მას ბრალს სდებდნენ იმაში, რომ სოფლისთვის განკუთვნილი ფული არ იყო დახარჯული მიზნობრივად. უნდა განახლებულიყო წყლის არხები, მაგრამ სამუშაოები არ ჩატარებულა. ასევე სოფელში გაითხარა ორი აუზი, რომლებშიც უნდა შეგროვებულიყო წყალი ძროხების დასარწლულებლად, მაგრამ აღნიშნული სამუშაოებიც არ ჩატარებულა.
მოქალაქეთა განცხადებების საპასუხოდ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის - იურიკ უ-ის სახელზე, მოსარჩელის მიერ, 2018 წლის 17 სექტემბერს შედგენილი იქნა განმარტებითი ბარათი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ღ. უ-მა აჩვენა, რომ იგი არის მერიის წარმომადგენელი ...ს ერთეულში. ...ს ერთეულში შედის ხუთი სოფელი, მათ შორის ...აც. 2018 წლის 28 აგვისტოს და 5 სექტემბერს მან მიიღო სოფელ ...ას მაცხოვრებლებისგან ორი განცხადება. იგი უშუალოდ, თავად გაესაუბრა განცხადების ავტორებს. თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზეც იყო შვიდი კაცის მიერ შედგენილი განცხადება, მაგრამ აღნიშნული ვერ დადასტურდა, თუმცა გარდა ამისა, სხვა დარღვევებზეც იყო მითითებული. კერძოდ, ს. ო-ი არ ასრულებდა თავის მოვალეობებს, სამხედრო სავალდებულო სამსახურის წვევამდელებისათვის უწყებების ჩაბარებაში დახმარებას არ უწევდა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს, მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებშიც არ ღებულობდა მონაწილეობას და მისი მოთხოვნის მიუხედავად არ აბარებდა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საბუთებს, თანამდებობიდან გათავისუფლების მიუხედავად, დღემდე წარმომადგენლისათვის მიწის ნაკვეთის რეგისტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტები არ ჩაუბარებია. ღ.უ-მა დაადასტურა მის მიერ შედგენილი მოხსენებითი ბარათის შინაარსი. მისი ჩვენებით 2018 წლის თებერვლის თვეში ს. ო-ს საყვედური ჰქონდა გამოცხადებული სამსახურში გამოუცხადებლობის გამო.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა. ა-მა აჩვენა, რომ იგი არის მერიის შიდა აუდიტის უფროსი. იგი ადასტურებს მის მიერ შედგენილ დასკვნას და განმარტავს, რომ მოსახლეობის განცხადების შესწავლის შედეგად დაიწყეს მოკვლევა, მიიწვიეს სტეფანე ეზოიანი და ღ. უ-ი. თათბირი ჩაატარეს და განიხილეს განცხადებები, დაიწყეს საქმის წარმოება. შესწავლის შედეგად დადასტურდა განცხადებაში მოყვანილი ფაქტები. კერძოდ, დადგინდა, რომ ს. ო-ი მოსახლეობას ლანძღავდა, კონფლიქტში შედიოდა მათთან, ამდენად, სახეზე იყო ეთიკის წესების დარღვევა. მითვისებასა და გაფლანგვასთან დაკავშირებით განცხადება პროკურატურას გადასცეს. მათ მიერ განცხადების ავტორები უშუალოდ არ ყოფილან გამოკითხულები. სხდომას ესწრებოდა მოსარჩელე ს.ო-ი.
სასამართლო სხდომაზე დისტანციური წესით მოწმის სახით დაკითხულმა რაფიკ ვართიკიანმა აჩვენა, რომ იგი არის განცხადებაზე ერთ-ერთი ხელმომწერი. ხელი მართლაც მოაწერა, მაგრამ არ წაუკითხავს თუ რას აწერდა ხელს. ხელი ცარიელ ფურცელს მოაწერა, რომელიც ა. გ-მა მიუტანა. ფურცელზე კიდევ ვისი ხელმოწერები იყო მას არ ახსოვს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შ. ხ-მა აჩვენა, რომ იგი არის მოსარჩელე ს. ო-ის ნათესავი (მძახალი). განცხადება ღ. უ-ის სახელზე მან დაწერა, ხოლო შვიდმა კაცმა მოაწერა ხელი, სხვებიც მოაწერდნენ, მაგრამ ს. ო-ის ეშინიათ. 10 წელი მუშოაბდა და არანაირი სიკეთე არ გაუკეთებია. შ.ხ-ის ჩვენებით ს.ო-ი მის ცოლს ლანძღავდა, მეძავს და ქურდს ეძახდა. განცხადება როდის დაიწერა კონკრეტულად არ ახსოვს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ალიკ ო-მა აჩვენა, რომ იგი არის სოფელ ...ას მცხოვრები. განცხადება ღ. უ-ის სახელზე მისი შედგენილია. ს. ო-ი მოქალაქეებს უხეშად ექცეოდა, ემუქრებოდა, პირადად მას სულ უკან დასდევდა და ცდილობდა ზიანი მიეყენებინა, ყველაფერში ხელს უშლიდა, ფურნის ყიდვაშიც მან შეუშალა ხელი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლოვა პარონიანმა აჩვენა, რომ იგი არის სოფელ ...ას მცხოვრები და განცხადებაზე ერთ-ერთი ხელმომწერი. 4-5 წლის წინ ს. ო-მა მას ვაუჩერი არ მისცა. ს. ო-ი მოქალაქეებს უხეშად ექცეოდა, მოსახლეობას ემუქრებოდა გადაგასახლებთო. მთელი სოფელი მის წინააღმდეგ არის და არ სურთ რომ ს.ო-მა მათ სოფელში იმუშაოს. კონკრეტულად მას მიწის აზომვაში შეუშალა ხელი.
სასამართლომ დადგენილ სადავო ფაქტობრივ გარემოებად მიუთითა, რომ 2018 წლის 21 სექტემბრის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის ხელმძღვანელის დასკვნისა და 2018 წლის 20 სექტემბრის №1 ოქმის საფუძველზე, 2018 წლის 24 სექტემბრის №2103/13 ბრძანებით ს. ო-ი გათავისუფლებული იქნა დაკავებული მერიის არაგვის ადმინისტრაციული ერთეულის მე-... რანგის მე-... ....ის ... ....ის თანამდებობიდან.
სასამართლოს მითითებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მოხელე ვალდებულია შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის განკარგულება, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, იმ შემთხვევაშიც, თუ ასეთი განკარგულების შესრულება არ განეკუთვნება მის ფუნქციებს და მისი შესრულება, საჯარო დაწესებულების ფუნქციონირების ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებელია სტიქიური უბედურებისა და უბედური შემთხვევის თავიდან დროულად ასაცილებლად, ქონების დაღუპვისა და გაფუჭებისაგან დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი განკარგულების შესრულება საზიანოა მოხელის ჯანმრთელობისათვის ან აშკარად აღემატება მის შესაძლებლობებს. ამავე კანონის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულებაში დისციპლინურ წარმოებას ახორციელებს საჯარო დაწესებულების სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის თანახმად, 1. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია: ბ) საყვედური; დ) სამსახურიდან გათავისუფლება. ამავე კანონის 98-ე მუხლის საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 106-ე მუხლის საფუძველზე მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის მიერ. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.
სასამართლოს მითითებით, 2017 წლის 20 აპრილის საქართველოს მთავრობის №200 დადგენილება საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის წესების განსაზღვრის შესახებ ადგენს საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგად წესებს. აღნიშნული დადგენილების მე-8 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურე მოქმედებს მისი უფლებამოსილების ფარგლებში; თანამდებობრივ მდგომარეობასა და უფლებამოსილებას იყენებს კანონის საფუძველზე საჯარო ინტერესის დაცვის მიზნით. საჯარო მოსამსახურე ახორციელებს თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას ისე, რომ ნებისმიერ დროს შესაძლებელი იყოს ხელმძღვანელის მიერ მისი საქმიანობის შემოწმება. საჯარო მოსამსახურე საჯარო ინტერესს აყენებს პირად ინტერესზე მაღლა და თავიდან ირიდებს ისეთ გარემოებებს, რომლებმაც შესაძლოა წარმოშვას ინტერესთა კონფლიქტი ან/და აღქმულ იქნეს, როგორც ინტერესთა კონფლიქტი. საჯარო მოსამსახურე უფრთხილდება და კეთილსინდისიერად იყენებს სამსახურებრივ მოწმობას, საშვს ან/და უფლებამოსილების განხორციელებისათვის გაცემულ სხვა ოფიციალურ საიდენტიფიკაციო დოკუმენტს. საჯარო მოსამსახურე სამსახურებრივ მოწმობას, საშვს ან/და სხვა ოფიციალურ საიდენტიფიკაციო დოკუმენტს არ იყენებს რაიმე სახის უპირატესობის ან სარგებლის მიღების, ასევე სამართალდარღვევის ან/და სხვა სახის გადაცდომებისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით. საჯარო მოსამსახურე უფრთხილდება და კეთილსინდისიერად, მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის, იყენებს მისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისათვის მინდობილ ქონებას. საჯარო მოსამსახურე მინდობილი ქონების დაზიანების, დაკარგვის ან/და განადგურების, ასევე მინდობილი ქონების იმავე საჯარო დაწესებულებაში მომუშავე სხვა საჯარო მოსამსახურისათვის გადაცემის, ან საჯარო დაწესებულების შენობიდან გატანის შესახებ ატყობინებს საჯარო დაწესებულების შესაბამის უფლებამოსილ პირს. საჯარო მოსამსახურე სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში საჯარო დაწესებულების შესაბამის უფლებამოსილ პირს უბრუნებს სამსახურებრივ მოწმობას, საშვს ან სხვა ოფიციალურ საიდენტიფიკაციო დოკუმენტს, ასევე მისთვის მინდობილ ქონებას (ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით), რომელიც მას გადაცემული ჰქონდა საჯარო დაწესებულებაში უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში. კერძო სექტორიდან საჯარო სამსახურში გადმოსული საჯარო მოსამსახურე: ა) არ აყენებს ბიზნესის ან/და მისი ყოფილი პარტნიორების კერძო ინტერესებს საჯარო ინტერესებზე მაღლა პოლიტიკისა თუ სხვა სახის რეგულაციების შემუშავებისას, ხელშეკრულებების გაფორმებისას თუ სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე სხვა სახის გადაწყვეტილებების მიღებისას; ბ) თავიდან ირიდებს ნებისმიერ ისეთ ქმედებას, რომელიც შესაძლოა აღქმულ იქნეს ბიზნესის ან მისი პარტნიორების უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებად. კეთილსინდისიერების პრინციპს იცავს ასევე ყოფილი საჯარო მოსამსახურე, რომელიც საჯარო სამსახურიდან გადასულია კერძო სექტორში. ამავე დადგენილების მე-14 მუხლის საფუძველზე საჯარო მოსამსახურე პატივს სცემს ყველა ადამიანის ღირსებასა და საჯარო სამსახურში არსებულ მრავალფეროვან გარემოს. საჯარო მოსამსახურე უზრუნველყოფს საჯარო სამსახურში თანასწორი გარემოს ჩამოყალიბებას ვინმესთვის დაუმსახურებელი უპირატესობის მინიჭების ან ვინმეს არაუპირატეს მდგომარეობაში ჩაყენების აკრძალვის გზით.
განსახილველ საქმესთან მიმართებაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო სამართლებრივი აქტი (ბრძანება) გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული მისი ბათილად ცნობის საფუძველი. სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ დარღვეულა მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებითა და სოფელ ...ის მაცხოვრებელთა განცხადებებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ს. ო-ი მათთან ურთიერთობისას გამოირჩეოდა აგრესიით, ხშირად ემუქრებოდა და შეურაცხყოფას აყენებდა მათ, დახმარების ნაცვლად ხელს უშლიდა მოქალაქეებს თავიანთი პრობლემების მოგვარებაში. ამასთან, მერიის წარმომადგენელმა ...ს ერთეულში ღ. უ-მა აჩვენა, რომ ს. ო-ი არ ასრულებდა თავის მოვალეობებს, ჯარის წვევამდელებს უწყებებს არ აბარებდა, მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებშიც არ ღებულობდა მონაწილეობას, თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ მას დოკუმენტები არ ჩაუბარებია, ხოლო 2018 წლის თებერვლის თვეში ს.ო-ს საყვედური ჰქონდა გამოცხადებული სამსახურში გამოუცხადებლობის გამო. ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და სადავო არ იყო, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეულ იქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 73-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის წესების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილების მოთხოვნები, რაც საფუძველი გახდა მისი გათავისუფლებისა. დისციპლინური წარმოება დაიწყო კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად. ინსპექტირების სამსახური უფლებამოსილი იყო დაეწყო დისციპლინური წარმოება, ჩატარდა სხდომა, რომელსაც თავად ს. ო-იც ესწრებოდა. შესაბამისად, საქმის სრულყოფილი და სათანადო შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად, 2018 წლის 21 სექტემბრის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის ხელმძღვანელის დასკვნისა და 2018 წლის 20 სექტემბრის №1 ოქმის საფუძველზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 24 სექტემბრის №2103/13 ბრძანებით ს. ო-ი გათავისუფლებული იქნა დაკავებული მერიის არაგვის ადმინისტრაციული ერთეულის მე-... რანგის მე-... ....ის ... ....ის თანამდებობიდან.
სასამართლოს მითითებით, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზით ირკვევა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტი, რომლის ბათილად ცნობასაც ითხოვს ს. ო-ი, არანაირ პირდაპირ და უშუალო ზიანს არ აყენებს მის კანონიერ ინტერესებს, რამდენადაც იგი გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. გადაწყვეტილება ეფუძნება მოქმედ სამართლებრივ ნორმებს, კერძოდ, არ დარღვეულა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-54-ე, 601 მუხლის მოთხოვნები, შესაბამისად, ს. ო-ის სარჩელი უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ო-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს. ო-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 24 სექტემბრის №2103-13 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ს. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 24 სექტემბრის №2103-13 ბრძანება და ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მოცემულ საქმეზე კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი აქტის გამოცემა დაევალა; უცვლელად დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რა ნაწილშიც მოსარჩელეს უარი ეთქვა თანამდებობაზე აღდგენაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო დაწესებულებაში დისციპლინურ წარმოებას ახორციელებს საჯარო დაწესებულების სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული. იმავე კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია: ბ) საყვედური; დ) სამსახურიდან გათავისუფლება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 98-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში. იმავე კანონის 106-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის მიერ. ხოლო იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ს. ო-ის თანამდებობიდან განთავისუფების შესახებ 2018 წლის 24 სექტემბრის ბრძანების შინაარსზე, სადაც მითითებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა.დ. ქვეპუნქტი და იმავე კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, ასევე მერის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის უფროსის 2018 წლის 21 სექტემბრის დასკვნა და მერის დისციპლინარული წარმოების 2018 წლის 20 სექტემბრის №1 ოქმი.
სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა მოცემულ საქმეში წარმოდგენილ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის ხელმძღვანელის 2018 წლის 21 სექტემბრის დასკვნაზე, რომელშიც აღნიშნულია შემდეგი: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის მე-... რანგის მე-... ....ის ... ....ის - ს. ო-ის მიერ ჩადენილია კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, კერძოდ: ს. ო-ის მიერ არ იყო შესრულებული უშუალო ხელმძღვანელი პირის დავალება, სისტემატიურად დარღვეული იყო ეთიკის ნორმები. დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 5 თებერვლის №395-13 ბრძანებით ს. ო-ის მიმართ მიღებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა საყვედური. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დასკვნაში მითითებულია, რომ ს. ო-ის მიმართ უნდა შეიფარდოს დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან გათავისუფლება.
სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 20 სექტემბრის დისციპლინური წარმოების №1 ოქმზე, სადაც ს. ო-ი განმარტავს, რომ 10 წელია რაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობაში (მერიაში) მუშაობს, მიღებული აქვს წახალისებები და არასდროს ჰქონია ცუდი ურთიერთობა მოსახლეობასთან. მას მხოლოდ ალიკ ო-თან აქვს დაძაბული ურთიერთობა, ვინაიდან მას სურს სახელმწიფო ქონების მითვისება, ხოლო თავად მას სურს დაიცვას სახელმწიფო საკუთრება. მან იმავე სხდომაზე განმარტა, რომ აღნიშნულის თაობაზე მიმართა შსს-ს ახალქალაქის სამმართველოს და ამიტომ აქვს დაძაბული ურთიერთობა ალიკ ო-თან, ხოლო მოსახლეობასთან კი კარგი ურთიერთობა აქვს.
სააპელაციო პალატამ მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ყოველმხრივ და ერთობლიობაში შემოწმება-შეფასების შედეგად ჩათვალა, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 24 სექტემბრის №2103-13 ბრძანება არ არის გამოცემული კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103 მუხლების საწინააღმდეგოდ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია სათანადო და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულ იქნა საქმისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირის თანამდებობიდან განთავისუფლება წარმოადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურეს ღონისძიებას და იგი არ უნდა ეფუძნებოდეს ისეთი ზოგადი შინაარსის დასკვნას, როგორიცაა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის ხელმძღვანელის 2018 წლის 21 სექტემბრის დასკვნა. აღნიშნულ დასკვნაში არ არის კონკრეტულად მითითებული მოსარჩელის უშუალო ხელმძრვანელი პირის რომელი დავალება არ იყო შესრულებული, ასეთი შეუსრულებელი დავალებების რაოდენობა, რაში გამოიხატა ს. ო-ის მხრიდან ეთიკის ნორმების დარღვევა და რა რაოდენობით იქნა იგი დარღვეული. ამიტომ სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ბათილია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 24 სექტემბრის №2103-13 ბრძანება.
სააპელაციო პალატამ მოცემულ შემთხვევაში იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
კასატორი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მითითებაზე აღნიშნავს, რომ საქმისწარმოების მასალებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაცულია კანონის მოთხოვნა, საქმეში ჩართულია ყველა დაინტერესებული პირი და გამოკვლეულია ყველა გარემოება. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით გაკეთებულ მითითებაზე კი აღნიშნავს, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ბრძანებაში მითითებულია ბრძანების საფუძვლები, მითითებულია როგორც მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დასკვნა, ასევე №1 სხდომის ოქმი, სადაც დეტალურად არის მითითებული გამოკლვეული გარემოებები და დადასტურებული ფაქტები.
კასატორის განმარტებით, ს. ო-ის მიერ სისტემატიურად არ სრულდებოდა უშუალო ხელმძღვანელის მითითებები, კერძოდ, სოფელ ...ში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის - ღ. უ-ის მიერ იყო მითითება, რათა ს. ო-ი დაეხმარებინა სამხედრო სავალდებულო სამსახურის წვევამდელებისათვის უწყებების ჩაბარებაში, რაზეც მან უარი თქვა, რის გამოც პრობლემები შეიქმნა. ასევე დადასტურდა და თავად ს. ო-მაც აღიარა, რომ მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის ფარგლებში ღ. უ-ის მიერ გადაცემულ იქნა სოფელ ...ის საქმეები ადგილზე დათვალიერებისათვის დაინტერესებული პირების ინფორმირებისა და ადგილზე დათვალიერების ორგანიზებისათვის, რაც არ იქნა შესრულებული. ასევე დადასტურდა ის ფაქტი, რომ ს. ო-ის მიერ არაერთხელ დაირღვა ეთიკის ნორმები, მას ხშირად ჰქონდა კონფლიქტი სოფლის მოსახელობასთან. აღნიშნული სრულად იქნა შესწავლილი, როგორც ადმინისტრაციული საქმისწარმოების ფარგლებში, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლო განხილვის დროს. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად არის შეფასებული აღნიშნული გარემოებები, რის გამოც მიღებულია უსაფუძვლო გადაწყვეტილება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ ს. ო-ის მიერ ჩადენილი ქმედებები შეაფასა როგორც უხეში დარღვევა და მიიღო გადწყვეტილება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის განჩინებით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ს. ო-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ს. ო-ი 2015 წლის 5 იანვრიდან, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 30 დეკემბრის №4 სხდომის ოქმის შედეგების გათვალისწინებით, ვაკანტურ თანამდებობაზე საშტატო განრიგით გათვალისწინებული სახელფასო განაკვეთით დაინიშნა მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე სოფელ ...აში.
2018 წლის მაისის თვეში სოფელ ...ის მაცხოვრებლებმა განცხადებით მიმართეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერს ს. ო-ის სპეციალისტად მუშაობის პერიოდში დაშვებული დარღვევების თაობაზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ს. ო-ს ...ის ყოფილი კოლმეურნეობის კუთვნილი სამი მისაბმელი, ლაფეტი, ათტონიანი სასწორი და მანქანების სალონის მოწყობილობა გადატანილი ჰქონდა მის ტერიტორიაზე. ასევე მეორე განცხადებით მას ბრალს სდებდნენ იმაში, რომ სოფლისთვის განკუთვნილი ფული არ იყო დახარჯული მიზნობრივად. უნდა განახლებულიყო წყლის არხები, მაგრამ სამუშაოები არ ჩატარებულა. ასევე სოფელში გაითხარა ორი აუზი, რომლებშიც უნდა შეგროვებულიყო წყალი ძროხების დასარწლულებლად, მაგრამ აღნიშნული სამუშაოებიც არ ჩატარებულა.
მოქალაქეთა განცხადებების საპასუხოდ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის - იურიკ უ-ის სახელზე, მოსარჩელის მიერ, 2018 წლის 17 სექტემბერს შედგენილი იქნა განმარტებითი ბარათი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ღ. უ-მა აჩვენა, რომ იგი არის მერიის წარმომადგენელი ...ს ერთეულში. ...ს ერთეულში შედის ხუთი სოფელი, მათ შორის ...აც. 2018 წლის 28 აგვისტოს და 5 სექტემბერს მან მიიღო სოფელ ...ას მაცხოვრებლებისგან ორი განცხადება. იგი უშუალოდ, თავად გაესაუბრა განცხადების ავტორებს. თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზეც იყო შვიდი კაცის მიერ შედგენილი განცხადება, მაგრამ აღნიშნული ვერ დადასტურდა, თუმცა გარდა ამისა, სხვა დარღვევებზეც იყო მითითებული. კერძოდ, ს. ო-ი არ ასრულებდა თავის მოვალეობებს, სამხედრო სავალდებულო სამსახურის წვევამდელებისათვის უწყებების ჩაბარებაში დახმარებას არ უწევდა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს, მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებშიც არ ღებულობდა მონაწილეობას და მისი მოთხოვნის მიუხედავად, არ აბარებდა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საბუთებს, თანამდებობიდან გათავისუფლების მიუხედავად, დღემდე წარმომადგენლისათვის მიწის ნაკვეთის რეგისტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტები არ ჩაუბარებია. ღ.უ-მა დაადასტურა მის მიერ შედგენილი მოხსენებითი ბარათის შინაარსი. მისი ჩვენებით 2018 წლის თებერვლის თვეში ს.ო-ს საყვედური ჰქონდა გამოცხადებული სამსახურში გამოუცხადებლობის გამო.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა. ა-მა აჩვენა, რომ იგი არის მერიის შიდა აუდიტის უფროსი. იგი ადასტურებს მის მიერ შედგენილ დასკვნას და განმარტავს, რომ მოსახლეობის განცხადების შესწავლის შედეგად დაიწყეს მოკვლევა, მიიწვიეს სტეფანე ეზოიანი და ღ. უ-ი. თათბირი ჩაატარეს და განიხილეს განცხადებები, დაიწყეს საქმის წარმოება. შესწავლის შედეგად დადასტურდა განცხადებაში მოყვანილი ფაქტები. კერძოდ, დადგინდა, რომ ს. ო-ი მოსახლეობას ლანძღავდა, კონფლიქტში შედიოდა მათთან, ამდენად, სახეზე იყო ეთიკის წესების დარღვევა. მითვისებასა და გაფლანგვასთან დაკავშირებით განცხადება პროკურატურას გადასცეს. მათ მიერ განცხადების ავტორები უშუალოდ არ ყოფილან გამოკითხულები. სხდომას ესწრებოდა მოსარჩელე ს.ო-ი.
სასამართლო სხდომაზე დისტანციური წესით მოწმის სახით დაკითხულმა რაფიკ ვართიკიანმა აჩვენა, რომ იგი არის განცხადებაზე ერთ-ერთი ხელმომწერი. ხელი მართლაც მოაწერა, მაგრამ არ წაუკითხავს თუ რას აწერდა ხელს. ხელი ცარიელ ფურცელს მოაწერა, რომელიც ა. გ-მა მიუტანა. ფურცელზე კიდევ ვისი ხელმოწერები იყო მას არ ახსოვს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შ. ხ-მა აჩვენა, რომ იგი არის მოსარჩელე ს. ო-ის ნათესავი (მძახალი). განცხადება ღ. უ-ის სახელზე მან დაწერა, ხოლო შვიდმა კაცმა მოაწერა ხელი, სხვებიც მოაწერდნენ მაგრამ ს. ო-ის ეშინიათ. 10 წელი მუშოაბდა და არანაირი სიკეთე არ გაუკეთებია. შ.ხ-ის ჩვენებით ს.ო-ი მის ცოლს ლანძღავდა, მეძავს და ქურდს ეძახდა. განცხადება როდის დაიწერა კონკრეტულად არ ახსოვს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ალიკ ო-მა აჩვენა, რომ იგი არის სოფელ ...ას მცხოვრები. განცხადება ღ. უ-ის სახელზე მისი შედგენილია. ს. ო-ი მოქალაქეებს უხეშად ექცეოდა, ემუქრებოდა, პირადად მას სულ უკან დასდევდა და ცდილობდა ზიანი მიეყენებინა, ყველაფერში ხელს უშლიდა, ფურნის ყიდვაშიც მან შეუშალა ხელი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლოვა პარონიანმა აჩვენა, რომ იგი არის სოფელ ...ას მცხოვრები და განცხადებაზე ერთ-ერთი ხელმომწერი. 4-5 წლის წინ ს. ო-მა მას ვაუჩერი არ მისცა. ს. ო-ი მოქალაქეებს უხეშად ექცეოდა, მოსახლეობას ემუქრებოდა გადაგასახლებთო. მთელი სოფელი მის წინააღმდეგ არის და არ სურთ რომ ს.ო-მა მათ სოფელში იმუშაოს. კონკრეტულად მას მიწის აზომვაში შეუშალა ხელი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 24 სექტემბრის №2103/13 ბრძანებით ს. ო-ი გათავისუფლებულ იქნა დაკავებული მერიის არაგვის ადმინისტრაციული ერთეულის მე-... რანგის მე-... ....ის ... ....ის თანამდებობიდან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის და 96-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის უფროსის 2018 წლის 21 სექტემბრის დასკვნისა და მერიის დისციპლინური წარმოების 2018 წლის 20 სექტემბრის №1 ოქმის თანახმად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელიც არის საჯარო მოსამსახურისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოხელის დისციპლინური გადაცდომებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა; ბ) საჯარო დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა; გ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, დისციპლინური გადაცდომა შესაძლებელია იყოს მძიმე ან მსუბუქი. დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ: ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას; ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულების რეპუტაციას; გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებას; დ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებაში მომუშავე სხვა საჯარო მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს; ე) მოხელემ უარი თქვა ამ კანონით გათვალისწინებულ შეფასებაზე; ვ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულებაში დისციპლინურ წარმოებას ახორციელებს საჯარო დაწესებულების სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული. ამავე კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია: ა) გაფრთხილება, ბ) საყვედური, გ) თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით, დ) სამსახურიდან გათავისუფლება. ამავე კანონის 98-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 106-ე მუხლის მიხედვით, მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის მიერ.
ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოხელე ვალდებულია შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის განკარგულება, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, იმ შემთხვევაშიც, თუ ასეთი განკარგულების შესრულება არ განეკუთვნება მის ფუნქციებს და მისი შესრულება, საჯარო დაწესებულების ფუნქციონირების ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებელია სტიქიური უბედურებისა და უბედური შემთხვევის თავიდან დროულად ასაცილებლად, ქონების დაღუპვისა და გაფუჭებისაგან დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი განკარგულების შესრულება საზიანოა მოხელის ჯანმრთელობისათვის ან აშკარად აღემატება მის შესაძლებლობებს. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, რა დროსაც მოხელეს უფლება აქვს, უარი განაცხადოს განკარგულების შესრულებაზე.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილებით განსაზღვრული „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების“ მე-8 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურე მოქმედებს მისი უფლებამოსილების ფარგლებში; თანამდებობრივ მდგომარეობასა და უფლებამოსილებას იყენებს კანონის საფუძველზე საჯარო ინტერესის დაცვის მიზნით. საჯარო მოსამსახურე ახორციელებს თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას ისე, რომ ნებისმიერ დროს შესაძლებელი იყოს ხელმძღვანელის მიერ მისი საქმიანობის შემოწმება. საჯარო მოსამსახურე საჯარო ინტერესს აყენებს პირად ინტერესზე მაღლა და თავიდან ირიდებს ისეთ გარემოებებს, რომლებმაც შესაძლოა წარმოშვას ინტერესთა კონფლიქტი ან/და აღქმულ იქნეს, როგორც ინტერესთა კონფლიქტი. საჯარო მოსამსახურე უფრთხილდება და კეთილსინდისიერად იყენებს სამსახურებრივ მოწმობას, საშვს ან/და უფლებამოსილების განხორციელებისათვის გაცემულ სხვა ოფიციალურ საიდენტიფიკაციო დოკუმენტს. საჯარო მოსამსახურე სამსახურებრივ მოწმობას, საშვს ან/და სხვა ოფიციალურ საიდენტიფიკაციო დოკუმენტს არ იყენებს რაიმე სახის უპირატესობის ან სარგებლის მიღების, ასევე სამართალდარღვევის ან/და სხვა სახის გადაცდომებისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით. საჯარო მოსამსახურე უფრთხილდება და კეთილსინდისიერად, მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის, იყენებს მისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისათვის მინდობილ ქონებას. საჯარო მოსამსახურე მინდობილი ქონების დაზიანების, დაკარგვის ან/და განადგურების, ასევე მინდობილი ქონების იმავე საჯარო დაწესებულებაში მომუშავე სხვა საჯარო მოსამსახურისათვის გადაცემის, ან საჯარო დაწესებულების შენობიდან გატანის შესახებ ატყობინებს საჯარო დაწესებულების შესაბამის უფლებამოსილ პირს. საჯარო მოსამსახურე სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში საჯარო დაწესებულების შესაბამის უფლებამოსილ პირს უბრუნებს სამსახურებრივ მოწმობას, საშვს ან სხვა ოფიციალურ საიდენტიფიკაციო დოკუმენტს, ასევე მისთვის მინდობილ ქონებას (ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით), რომელიც მას გადაცემული ჰქონდა საჯარო დაწესებულებაში უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში. კერძო სექტორიდან საჯარო სამსახურში გადმოსული საჯარო მოსამსახურე: ა) არ აყენებს ბიზნესის ან/და მისი ყოფილი პარტნიორების კერძო ინტერესებს საჯარო ინტერესებზე მაღლა პოლიტიკისა თუ სხვა სახის რეგულაციების შემუშავებისას, ხელშეკრულებების გაფორმებისას თუ სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე სხვა სახის გადაწყვეტილებების მიღებისას; ბ) თავიდან ირიდებს ნებისმიერ ისეთ ქმედებას, რომელიც შესაძლოა აღქმულ იქნეს ბიზნესის ან მისი პარტნიორების უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებად. კეთილსინდისიერების პრინციპს იცავს ასევე ყოფილი საჯარო მოსამსახურე, რომელიც საჯარო სამსახურიდან გადასულია კერძო სექტორში. ამავე „წესების“ მე-14 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურე პატივს სცემს ყველა ადამიანის ღირსებასა და საჯარო სამსახურში არსებულ მრავალფეროვან გარემოს. საჯარო მოსამსახურე უზრუნველყოფს საჯარო სამსახურში თანასწორი გარემოს ჩამოყალიბებას ვინმესთვის დაუმსახურებელი უპირატესობის მინიჭების ან ვინმეს არაუპირატეს მდგომარეობაში ჩაყენების აკრძალვის გზით.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საჯარო მოსამსახურე უმნიშვნელოვანესი პერსონაა, რამდენადაც მათი კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი, გულისხმიერება განსაზღვრავს ერის მსახურების კულტურის დამკვიდრებას, რაც განაპირობებს ეროვნული საჯარო მმართველობის მოდელის ჩამოყალიბებას. საჯარო მოსამსახურეები საქმიანობას ახორციელებენ როგორც სახელწიფო, ისე ადგილობრივ თვითმმართველ ინსტიტუტებში. შესაბამისად, პერსონალის როლი ქვეყნის მართვასა და პოლიტიკაში საკმაოდ მაღალია. საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ საჯარო მოსამსახურე არა მხოლოდ კონკრეტული სფეროს კვალიფიციური სპეციალისტი, დისციპლინირებული, შრომისმოყვარე, არამედ, ამავდროულად, მაღალი პიროვნული და მორალური პრინციპების, ღირებულებების მატარებელი პირია, რადგან სწორედ ამ თვისებათა ერთობლიობის მქონე ადამიანებს ძალუძთ მასშტაბური ამოცანების გადაწყვეტა და დაძლევა.
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 26.10.2004წ. №515-IIს დადგენილებით) პრეამბულის შესაბამისად: ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები წარმოადგენენ ნებისმიერი დემოკრატიული რეჟიმის ერთ-ერთ ძირითად საფუძველს; მოქალაქეთა უფლება მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საქმეების წარმართვაში წარმოადგენს ერთ-ერთ დემოკრატიულ პრინციპს, რომელიც საერთოა ევროპის საბჭოს ყველა წევრი სახელმწიფოსათვის; სწორედ ადგილობრივ დონეზე შეიძლება ყველაზე ეფექტურად ამ უფლების პირდაპირი რეალიზაცია; ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების არსებობას, რომლებსაც გააჩნიათ რეალური პასუხისმგებლობა, შეუძლია უზრუნველყოს ეფექტური და ამასთან, მოქალაქესთან დაახლოებული მმართველობა; ადგილობრივი თვითმმართველობის დაცვა და გაძლიერება სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში წარმოადგენს მნიშვნელოვან წვლილს დემოკრატიისა და ხელისუფლების დეცენტრალიზაციის პრინციპებზე დაფუძნებული ევროპის მშენებლობისათვის.
განსახილველ შემთხვევაში, მოწმეთა ჩვენებებისა და სოფელ ...ის მაცხოვრებელთა განცხადებების მიხედვით, მოსარჩელე ს. ო-ი მათთან ურთიერთობისას გამოირჩეოდა აგრესიით, შეურაცხყოფას აყენებდა მათ და ემუქრებოდა, ასევე, დახმარების ნაცვლად ხელს უშლიდა მოქალაქეებს თავიანთი პრობლემების მოგვარებაში, არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. ამასთან, მერიის წარმომადგენელმა ...ს ერთეულში ღ. უ-მა აჩვენა, რომ ს. ო-ი არ ასრულებდა თავის მოვალეობებს, ჯარის წვევამდელებს უწყებებს არ აბარებდა, მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებშიც არ ღებულობდა მონაწილეობას, თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ მას დოკუმენტები არ ჩაუბარებია. ამდენად, საქმის მასალების მიხედვით, პრეტენზიებია გამოთქმული როგორც ს. ო-ის საქმიანობასთან დაკავშირებით, ასევე იგი დახასიათებულია კონფლიქტურ პიროვნებად, რომელსაც დაძაბული ურთიერთობა აქვს სოფლის მოსახლეობასთან და სოფელი მისი საქმიანობით უკმაყოფილოა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2018 წლის თებერვლის თვეში ს. ო-ს საყვედური ჰქონდა გამოცხადებული სამსახურში გამოუცხადებლობის გამო.
მოცემულ შემთხვევაში, ინსპექტირების სამსახურმა დისციპლინური წარმოება დაიწყო კანონის მოთხოვნათა დაცვით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად. ჩატარდა სხდომა, რომელსაც თავად ს. ო-იც ესწრებოდა. ს. ო-ის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდებას საფუძვლად დაედო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის დისციპლინური წარმოების 2018 წლის 20 სექტემბრის №1 ოქმი და შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის ხელმძღვანელის 2018 წლის 21 სექტემბრის დასკვნა, სადაც ს. ო-ის მიერ ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომად მითითებულია მის მიერ უშუალო ხელმძღვანელი პირის დავალებების შეუსრულებლობა და ეთიკის ნორმების დარღვევა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა და საქმიანობის პროცესის გაუმჯობესება, რაც სამომავლოდ სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის შემთხვევების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს. დისციპლინური ზომის გამოყენება მიზნად უნდა ისახავდეს დარღვევის პრევენციას. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ამდენად, სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს დარღვევის სიმძიმის პროპორციული.
აღსანიშნავია, რომ დისციპლინური სახდელის შეფარდების პროცესში ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, თუმცა მასვე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას წაეყენება დასაბუთების ვალდებულება იმდენად, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ზუსტად ეს კონკრეტული გადაწყვეტილება და უარი ეთქვა სხვა სახის გადაწყვეტილებას. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლი იმპერატიულად ადგენს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის ვალდებულებას. შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ს. ო-ის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდებისას, აუცილებელია ყურადღება მიექცეს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, როგორც საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა, ს. ო-ის მიერ ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომად მითითებულია მის მიერ უშუალო ხელმძღვანელი პირის დავალებების შეუსრულებლობა და ეთიკის ნორმების დარღვევა. მოსარჩელეს არ აქვს კარგი დამოკიდებულება მის უშუალო ხელმძღვანელთან, ასევე სოფლის მოსახლეობასთან, უფრო მეტიც, იმყოფება კონფლიქტურ ურთიერთობაში, რაც მხოლოდ უარყოფითად იმოქმედებდა და ზიანის მიაყენებდა საჯარო ინტერესს და ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენდა მისი უფლებამოსილების განხორციელებაზე, რაც საბოლოო ჯამში, დააზიანებდა მუნიციპალიტეტის ეფექტურ საქმიანობას. სწორედ აღნიშნულ გარემოებებზე მიუთითებს სადავო ბრძანების გამოცემის საფუძვლად დასახელებული ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის დისციპლინური წარმოების 2018 წლის 20 სექტემბრის №1 ოქმი და შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის ხელმძღვანელის 2018 წლის 21 სექტემბრის დასკვნა, ასევე საქმეში წარმოდგენილი სოფლის მოსახლეობის განცხადებები და მოწმედ დაკითხული პირები. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას სადავო ბრძანების დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით.
ამდენად, ჩადენილი გადაცდომების შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის დაცვით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის თებერვლის თვეში ს. ო-ს საყვედური ჰქონდა გამოცხადებული, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებულ დისციპლინურ სახდელს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ს. ო-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლზე, რომლის თანახმად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს გაიღებს სახელმწიფო.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს. ო-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე 17.10.2018წ. საგადახდო დავალებით გადახდილი - 100 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი #300603150 და სააპელაციო საჩივარზე 12.04.2019წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი - 150 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ს. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ს. ო-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე 17.10.2018წ. საგადახდო დავალებით გადახდილი - 100 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი #300603150 და სააპელაციო საჩივარზე 12.04.2019წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი - 150 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი #300773150;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე