Facebook Twitter

საქმე #ბს-445(2კ-21) 22 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 23 იანვარს ე. გ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა - მ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ე. გ-ი დაიბადა 2014 წლის 11 ნოემბერს, მას 3 წლის ასაკიდან აშკარად დაეტყო განვითარების შეფერხება, 2019 წლის თებერვალში კი დაუდგინდა მეტყველების ექსპრესიული დარღვევა და კვირაში სამჯერ დაენიშნა ერთსაათიანი ფსიქოლოგიური სეანსები, რომლის ღირებულებაც იყო 30 ლარი, შესაბამისად თვეში 360, ხოლო წელიწადში 3600 ლარი ზაფხულის ორი თვის არდადეგების გამოკლებით.

მოსარჩელემ 2019 წლის 4 აპრილს მიმართა მერიას, რათა მას აღმოეჩინა დახმარება და 1500 ლარით დაეფინანსებინა თუნდაც მინიმალური მკურნალობის კურსი, თუმცა მერიის სოციალურმა სამსახურმა მხოლოდ 250 ლარი გამოყო. მოსარჩელის მითითებით, მან 2019 წლის 12 ივლისს წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი, რაზეც მერიამ გადაწყვეტილება 17 დეკემბერს მიიღო. მოსარჩელის აღნიშვნით, არასრულყოფილად ჩატარებული მკურნალობის გამო ერთი წლის თავზე ე. გ-ის მდგომარეობა გაუარესდა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მერიამ დაარღვია ბავშვის უფლებათა კონვენცია.

ამდენად, მოსარჩელემ ე. გ-ის სამედიცინო მომსახურების სრულად დაფინანსებაზე უარის თქმის ნაწილში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2019 წლის 12 ივლისის #1472929 გადაწყვეტილებისა და ე. გ-ის წარმომადგენლის - მ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 17 დეკემბრის #2046 ბრძანების ბათილად ცნობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისთვის ე. გ-ის სამედიცინო მომსახურების სრულად დაფინანსების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2019 წლის 12 ივლისის #1472929 გადაწყვეტილება ე. გ-ის სამედიცინო მომსახურების სრულად დაფინანსებაზე უარის თქმის ნაწილში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 17 დეკემბრის #2046 ბრძანება ე. გ-ის წარმომადგენლის - მ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს ე. გ-ის განცხადებასთან დაკავშირებით საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემა დაევალა; ე. გ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამედიცინო და სხვა მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური საჭიროების დახმარების ღონისძიებების ხელშეწყობის კომისიამ განიხილა ე. გ-ის წარმომადგენლის განცხადება ე. გ-ისათვის, ექსპრესიული მეტყველების დარღვევებზე ფსიქოთერაპია, რეაბილიტაცია სამედიცინო ჩარევაზე თანხის დამტკიცების შესახებ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2019 წლის 12 ივლისის #1472929 მიმართვის შესაბამისად, ე. გ-ის წარმომადგენლის განცხადება მერიის მიერ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, #31382 ოქმის საფუძველზე ასანაზღაურებელი თანხა წარმოადგენდა 250 ლარს.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 მარტის #15-49 დადგენილების #1 დანართით დამტკიცებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტზე და აღნიშნა, რომ მართალია, ე. გ-ი არ აკმაყოფილებდა აღნიშნული პუნქტებით განსაზღვრულ პრიორიტეტულ ჯგუფს, კერძოდ, არ იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 200 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით, ასევე, არ წარმოადგენდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ან/და მარჩენალდაკარგული სტატუსის მქონე პირს, თუმცა მისი მოთხოვნა ექცეოდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 მარტის #15-49 დადგენილების #1 დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირების მოთხოვნაში, რომლის თანახმად, მოსარჩელის მოთხოვნის უფლებაა მოთხოვნილი თანხის 70%-მდე, კერძოდ, 1500 ლარის 70%-მდე - 1050 ლარი.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავდა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე მითითებას, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა გადაწყვეტილების მიღებისას და რამაც განაპირობა მოსარჩელისათვის დაფინანსების სახით 250 ლარის განსაზღვრა, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო მოსარჩელის განცხადება დაეკმაყოფილებინა 1050 ლარის ფარგლებში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის განმარტებით, არც ერთი ნორმატიული აქტი არ შეიცავს მითითებას იმის შესახებ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური წარმოადგენს მოქალაქეების სამედიცინო და სხვა სოციალურ საჭიროებათა სრულად დასაფინანსებლად შექმნილ სტრუქტურულ ერთეულს. ე. გ-ის რეაბილიტაციის დაფინანსების მოთხოვნის განხილვისას კომისიამ შეამოწმა პირის პრიორიტეტული ჯგუფებისადმი კუთხვნილების საკითხი, ვინაიდან სახეზე არ იყო ზემოთ ხსენებული დადგენილების #1 დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე კრიტერიუმი, ამავე დანართის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შესაძლებელი იყო მოთხოვნილი თანხის დაფინანსების განხილვა მხოლოდ მოთხოვნის 70%-ის ფარგლებში. ამდენად, კასატორის მითითებით, მან ე. გ-ის სამედიცინო მომსახურების 250 ლარის ოდენობით დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საქმის გარემოებების, მათ შორის, განმცხადებლის დაავადების სიმძიმის შესწავლის, მისი შეფასების, ქვეპროგრამის ბიუჯეტისა და ქვეპროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი მოთხოვნების მოცულობაზე დაყრდნობით, ბიუჯეტის პროპორციულად განკარგვისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინების პრინციპის დაცვით და სააპელაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში ვერ უთითებდა ვერც ერთ ნორმას, რომელიც განცხადების განხილვისა თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაარღვია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა.

კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მითითებით, საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტაციის ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, არ დასტურდება მოსარჩელის #15-49 დადგენილების დანართი #1-ის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე პრიორიტეტული ჯგუფებისადმი კუთვნილების ფაქტი, რის გამოც, მისთვის გასაწევი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ამავე დანართის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შესაძლებელი იყო მოთხოვნილი თანხის მხოლოდ 70%-ის ფარგლებში.

განსახილველ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც სამედიცინო მომსახურების დაფინანსების გაცემის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსს, სწორედ მის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენდა, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ, მათ შორის, საბჭოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, #15-49 დადგენილების დანართი #1-ის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 2019 წლის 23 მაისის #19/01191433498-15 განცხადებით მოთხოვნილი თანხის 70%-ის ფარგლებში, ზემოხსენებული დადგენილების მიზნებიდან გამომდინარე გადაეწყვიტა ე. გ-ისთვის სამედიცინო მომსახურების დაფინანსების გაცემის საკითხი და მისი ოდენობა.

კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში არსებული დოკუმენტაციისა და მასალების ერთობლივი ანალიზის შედეგად დგინდება, რომ ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურმა ე. გ-ის წარმომადგენლის, მ. გ-ის 2019 წლის 23 მაისის განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და ე. გ-ის სამედიცინო მომსახურების 250 ლარის ოდენობით დაფინანსების თაობაზე 2019 წლის 12 ივლისის #1472929 მიმართვა მიიღო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საქმის გარემოებების, მათ შორის, განმცხადებლის დაავადების სიმძიმის შესწავლისა და შეფასების შემდგომ, ასევე კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი მიღებული იქნა #15-59 დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების განხორციელების პირობებისა და პროცედურების დაცვით და ამასთან, საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდება ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, ე.ი. კანონის ფარგლების დარღვევა, მისი მიზნების გაუთვალისწინებლობა და პირის კანონიერი ინტერესის დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რაც სადავო გადაწყვეტილებას უკანონო ხასიათს მიანიჭებდა.

კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობს მტკიცებულება და გარემოება, რომელიც შეიძლება დამატებით გამოიკვეთოს ან/და წარმოიქმნას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და აღნიშნული სასამართლოს მხრიდანაც ვერ იქნა მითითებული. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, როგორც საპროცესო, ასევე მატერიალური ნორმების დარღვევით, მაშინ, როდესაც საქმეში დაცული მტკიცებულებები იძლეოდა სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია ე. გ-ის სამედიცინო მომსახურების სრულად დაფინანსებაზე უარის თქმის ნაწილში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2019 წლის 12 ივლისის #1472929 გადაწყვეტილებისა და ე. გ-ის წარმომადგენლის - მ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 17 დეკემბრის #2046 ბრძანების ბათილად ცნობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისთვის ე. გ-ის სამედიცინო მომსახურების სრულად დაფინანსების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 მარტის #15-49 დადგენილების #1 დანართით დამტკიცებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის (კოდი: ...) განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებები (კოდი: ...)“ განხორციელების პირობებს. მითითებული წესის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად კი, ქვეპროგრამა გულისხმობს მოსარგებლეებისათვის სამედიცინო და სხვა სოციალურ საჭიროებათა დასაფინანსებლად მათთვის ფინანსური დახმარების გაწევას. ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების მოსარგებლე პირები არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, ასევე, იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ წარმოებულ „დევნილთა მონაცემთა ბაზაში“ არის ქალაქი თბილისი, ა(ა)იპ „თ...ის“ (ს/ნ ...) ბენეფიციარები.

საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს ზემოხსენებული დანართის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს ფარგლებში სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, შეადგენს: ა) მოთხოვნილი თანხის 100%-მდე, მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირების შემთხვევაში, არსებულ მომსახურებაზე სახელმწიფო ლიმიტის გათვალისწინებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ბ) მოთხოვნილი თანხის 70%-მდე, გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირებისა, არსებულ მომსახურებაზე სახელმწიფო ლიმიტის გათვალისწინებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ამავე დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი კი ითვალისწინებს ქვეპროგრამის ფარგლებში არსებულ პრიორიტეტულ ჯგუფებს, კერძოდ: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 200 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის წევრები; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; გ) სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ რეგისტრირებული ვეტერანები; დ) მარჩენალდაკარგული სტატუსის მქონე პირები; ე) დამსახურებული საზოგადო მოღვაწე, ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქის წოდების ან ქალაქ თბილისზე მზრუნველის სტატუსის მატარებელი პირი; ვ) პირები, რომლებიც არ სარგებლობენ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით ან/და კერძო დაზღვევით ან ამოწურული აქვთ შესაბამისი სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული დაფინანსების ზღვრული ოდენობები.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2014 წლის 11 ნოემბერს დაბადებული ე. გ-ის დიაგნოზი არის F80.1, კოდის დასახელება - დარღვევები, ავადმყოფობის მიმდინარეობა ქრონიკული, ექსპრესიული მეტყველების სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციებია კოდი - R4R140. მოსარჩელე ე. გ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა, მამამ - მ. გ-მა 2020 წლის 23 მაისს #19/01191433498-15 განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს და ე. გ-ისათვის მკურნალობის დაფინანსება მოითხოვა. აღნიშნულ განცხადებას მ. გ-მა დაურთო 2019 წლის 7 მაისს სსგს თბილისის სამსახურის მიერ გაცემული არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათი #..., რომლითაც დგინდებოდა, რომ ე. გ-ი 2018 წლის 12 ოქტომბერს რეგისტრირებული იყო მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის დასახლება, ... მ/რ, ... კვარტალი, კორპუსი N....

ასევე, დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2019 წლის 12 ივლისის #1472929 მიმართვის შესაბამისად, #31382 ოქმის საფუძველზე, მერიის მიერ ასანაზღაურებელი თანხა შეადგენდა 250 ლარს, სამედიცინო საჭიროება - ექსპრესიული მეტყველების დარღვევა - ფსიქოთერაპია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. თუმცა, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ფაქტობრივი გარემოებები, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა და ამის საფუძველზე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მართალია, ე. გ-ი არ წარმოადგენდა სადავო პერიოდში მოქმედი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 მარტის #15-49 დადგენილების #1 დანართით დამტკიცებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების ქვეპროგრამის განხორციელების წესის" მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პრიორიტეტულ ჯგუფს, კერძოდ, არ იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 200 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით, ასევე, არ წარმოადგენდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ან/და მარჩენალდაკარგული სტატუსის მქონე პირს, თუმცა ე. გ-ის მოთხოვნა ექცეოდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 მარტის #15-49 დადგენილების #1 დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირების მოთხოვნაში, რომლის თანახმად მოსარჩელის მოთხოვნის უფლებაა მოთხოვნილი თანხის 70%-მდე, კერძოდ 1500 ლარის 70%-მდე - 1050 ლარი.

საკასაციო სასამართლო, ასევე, იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე მითითებას, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა გადაწყვეტილების მიღებისას, კერძოდ, დასაბუთებას იმის თაობაზე, თუ რამ განაპირობა მოსარჩელისათვის დაფინანსების სახით 250 ლარის განსაზღვრა იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო მოსარჩელის განცხადება დაეკმაყოფილებინა 1050 ლარის ფარგლებში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, იკვეთება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის აუცილებლობა, რაც ადასტურებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა