Facebook Twitter

საქმე #ბს-97(კ-21) 22 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 21 ნოემბერს ნ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი წარმოადგენდა ახალგორის რაიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირს. მას 2008 წელს მიენიჭა დევნილის სტატუსი და ოჯახთან ერთად დასახლდა მცხეთის რაიონის სოფელ ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში. 2019 წლის 15 ნოემბერს მოსარჩელეს ჩაჰბარდა ნ. ბ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს #04-1626/ო ბრძანება. მოსარჩელის მითითებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მითითებას იმ ფაქტებსა და გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების მიღებას და იგი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.

ამდენად, მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 21 ოქტომბრის #04-1626/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ნ. ბ-ისათვის დევნილის სტატუსის აღდგენის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნაცვლად მოპასუხედ განისაზღვრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 21 ოქტომბრის #04-1626/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის აღდგენა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 დეკემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2019 წლის 4 სექტემბრის #2-1311 წერილზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ბ-ე 2008 წლის ომამდე მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი მოიაზრებს პრეზუმფციას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება შეესაბამება კანონს, მანამ, სანამ არ დამტკიცდება საწინააღმდეგო. განსახილველ შემთხვევაში, კი არ არსებობდა გამგეობის წერილის სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა 2019 წლის 21 აგვისტოს ჩატარებული გასაუბრების მასალებზე და აღნიშნა, რომ მართალია კითხვარის მე-9 გრაფაში, ნ. ბ-ე უთითებდა, რომ იგი დაბადებიდან დღემდე ცხოვრობდა მამის სახლში, ...ში, ხოლო სოფელ ...ში პერიოდულად, ზაფხულობით იმყოფებოდა ბიძასთან, თუმცა იმავე კითხვარის მე-3 გრაფაში მოსარჩელე უთითებდა, რომ იძულებით გადაადგილებამდე იგი ცხოვრობდა პაპის სახლში, ახალგორის რაიონის სოფელ ...ში, მამასთან და ბიძასთან ერთად, საიდანაც 2008 წლის 9 აგვისტოს წამოვიდა მამასთან ერთად. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კითხვარი შეიცავდა ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემებს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ბ-ეს დევნილის სტატუსის მოსაპოვებლად ყალბი საბუთი/ინფორმაცია არ წარუდგენია, რადგან ის რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განხორციელებამდე მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ ...ში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, მოსარჩელის მამის, ნუ. ბ-ის დევნილობამდე მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნით, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2014 წლის 7 ოქტომბერს გაიგზავნა წერილი, რომლის პასუხად გამოგზავნილ წერილში მითითებული იყო, რომ ნ. ბ-ე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტამდე მუდმივად არ ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფ. ...ში. მისი ოჯახის შემადგენლობაში კი შედიოდნენ: ნ. ბ-ე (მოსარჩელე), დ. ბ-ე, ხ. ბ-ე, კ. ბ-ე. ნუ. ბ-ეს ჩაუტარდა გასაუბრება, სადაც მან აღნიშნა, რომ 2002 წელს განქორწინდა და მას შემდეგ ცხოვრობდა სოფ. ...ში, ძმასთან - მ. ბ-ესთან და შვილთან - ნ. ბ-ესთან ერთად, მისი განცხადებით, ახალგორი დატოვა 2007 წლის ოქტომბერში, ზამთარში არსებული გაუსაძლისი პირობების გამო და შემდგომ ომის გამო ვეღარ მოახერხა უკან დაბრუნება.

2019 წლის 21 აგვისტოს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველომ გასაუბრება ჩაუტარა ნ. ბ-ეს, რომელმაც აღნიშნა, რომ 1989 წელს დაიბადა ...ში. 1997 წლიდან 2008 წლამდე სწავლობდა ...ის N... საშ. სკოლაში. პერიოდულად, ზაფხულის პერიოდში იმყოფებოდა ახალგორის რაიონის სოფ. ...ში, სადაც 2007 წლამდე ცხოვრობდა ბიძა - მ. ბ-ე. სოფ. ...ში იყო პაპის სახლში. თავად დაბადებიდან დღემდე ცხოვრობდა ...ში მამის საკუთრებაში არსებულ სახლში. აღნიშნული სახლი მამას საკუთრებაში ჰქონდა დაოჯახების შემდეგ. ნ. ბ-ის განმარტებით, იგი ამჟამადაც ცხოვრობდა ...ში, ...ის ქ.N...-ში მშობლებთან და ცოლ-შვილთან ერთად.

კასატორის მოსაზრებით, მართალია ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილით თითქოს დასტურდებოდა მოსარჩელის სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტი, თუმცა ის, რომ მოსარჩელე 1997 წლიდან 2008 წლამდე სწავლობდა ...ის N... საჯარო სკოლაში, თავისთავად გამორიცხავს მისი ახალგორის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტს, ვინაიდან ორი ტერიტორიულად ერთმანეთს დაშორებულ ადმინისტრაციულ ერთეულში პირი ერთდროულად მუდმივად ვერ იცხოვრებდა. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ ასევე არ მიიღო მხედველობაში ის ფაქტი, რომ მოსარჩელის მამას ჩამორთმეული აქვს დევნილის სტატუსი, ასევე არ აქვთ დევნილის სტატუსი მოსარჩელის დედასა და დედმამიშვილებს. გარდა ამისა, მოსარჩელე თავად აღნიშნავდა, რომ იგი პერიოდულად, ზაფხულობით ჩადიოდა ახალგორში.

ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ ერთსა და იმავე პირებზე მუნიციპალიტეტებს, ხშირ შემთხვევაში, გაცემული აქვთ სხვადასხვა შინაარსის ცნობები, ამიტომ სააგენტო მხოლოდ მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით არ იღებს გადაწყვეტილებებს და სასამართლოებსაც უნდა ეხელმძღვანელათ არა მხოლოდ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2019 წლის 4 სექტემბრის #2-1311 წერილით, არამედ საქმეში არსებული სხვა ფაქტობრივი გარემოებებითაც.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ არ დადასტურებულა მოსარჩელის მამის ახალგორში ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად გამოდის, რომ მოსარჩელე ცხოვრობდა სხვა ოჯახთან - ბიძის ოჯახთან ერთად, მაშინ როდესაც თვითონ მოსარჩელე ოჯახის წევრებად უთითებდა მშობლებსა და დედმამიშვილებს. ამდენად, სააგენტო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო მოსარჩელესთან ჩატარებული გასაუბრება, რომელიც ფორმდება ოქმის სახით, და არა წერილი, რომელში მითითებული ინფორმაციაც, როგორც წესი, მოპოვებულია სხვა პირთა მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

კასატორი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლზე, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონსა და სხვა კანონქვემდებარე აქტებზე და უზენაესი სასამართლოს #ბს-1227-1213(კ-11) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ იგი მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და მისი მხრიდან მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იყო დასაბუთებული. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ ვინაიდან სააგენტოს ვალდებულებები ვრცელდება მხოლოდ დევნილის სტატუსის მატარებელ პირებზე, ხოლო მოსარჩელე არ წარმოადგენს ასეთ პირს, სააგენტოს მხრიდან სადავო აქტის გამოუცემლობა არ იქნებოდა კანონმდებლობასთან შესაბამისი და გამოიწვევდა სახელმწიფოს ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების არამიზნობრივ ხარჯვას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 21 ოქტომბრის #04-1626/ო ბრძანების კანონიერება და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის აღდგენის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ნ. ბ-ეზე 2014 წლის 9 იანვარს გაცემული იყო იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა და მის დროებით საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილი) მითითებული იყო - ..., სოფ. ..., სახ N..., სოფ. ...ის ჩასახლება.

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 31 ოქტომბრის #2-1126 წერილით, ასევე, დადგენილია, რომ მოქალაქე ნუ. ბ-ე მუდმივად არ ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ ...ში, ხოლო მისი ოჯახის შემადგენლობაში შედიოდნენ: ბ. ნ-ი, ბ. დ-ი, ბ. კ-ი, ბ. ხ-ა. მუნიციპალიტეტის გამგეობის 2019 წლის 4 სექტემბრის #2-1311 წერილში კი აღნიშნულია, რომ მოქალაქე - ნ. ბ-ე მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ ...ში 2008 წლის აგვისტოს ომამდე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ გამგეობის 2014 წლის 31 ოქტომბრის #2-1126 წერილი შეეხება არა მოსარჩელის, არამედ მისი მამის - ნუ. ბ-ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას. თავად მოსარჩელის - ნ. ბ-ის თაობაზე გაცემულ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2019 წლის 4 სექტემბრის #2-1311 წერილში კი აღნიშნულია, რომ მოქალაქე - ნ. ბ-ე მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ ...ში 2008 წლის აგვისტოს ომამდე. ამდენად, სააგენტომ თავისი გადაწყვეტილება დააყრდნო არა მის ხელთ არსებულ ოფიციალურ წერილს, არამედ მოსარჩელის მამის სტატუსთან დაკავშირებით არსებულ დოკუმენტაციას და კითხვარს, რომლის სხვადასხვა გრაფაში დაფიქსირებული პასუხებიც, ზოგ შემთხვევაში, მიუთითებდა, რომ მოსარჩელე დაბადებიდან დღემდე მუდმივად ცხოვრობდა მამის სახლში, ...ში, ხოლო, მეორე მხრივ, მასში აღნიშნული იყო, რომ იძულებით გადაადგილებამდე მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს ახალგორის რაიონის სოფელი ...ი წარმოადგენდა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კითხვარში დაფიქსირებული ურთიერთგამომრიცხავი პასუხები, რომლებიც არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით, არ შეიძლება გახდეს მოსარჩელის ინტერესებისათვის ზიანის მიყენების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ნ. ბ-ის მხრიდან არ მომხდარა დევნილის სტატუსის მინიჭებისას ცრუ ინფორმაციის წარდგენა. შესაბამისად, სააგენტოს მიერ მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება იმავე ინფორმაციაზე დაყრდნობით და იმავე საფუძვლით მოხდა, რა საფუძვლითაც შემდგომში მას სტატუსი ჩამოართვეს.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ის ...ის N... სკოლაში სწავლის ფაქტი არ გამორიცხავდა სოფელ ...ში მის ცხოვრებას. მოშორებით არსებულ სკოლაში სწავლა ბევრი სხვადასხვა გარემოებით შეიძლება იყოს განპირობებული და კონკრეტულ სკოლაში სწავლის ფაქტი არ გამორიცხავს შესაბამისი პირის მისგან მოშორებით ცხოვრების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო, ასევე, აღნიშნავს, რომ როდესაც საკითხი ეხება ფაქტის დადგენას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია იმ მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელიც უშუალოდ წარმოადგენს სადავო საკითხზე მონიტორინგის განმახორციელებელ სუბიექტს. ამდენად, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2019 წლის 4 სექტემბრის #2-1311 წერილი, რომელიც ადასტურებს 2008 წლის აგვისტოს ომამდე ახალგორის რაიონის სოფელ ...ში ნ. ბ-ის მუდმივად ცხოვრების ფაქტს, წარმოადგენს ისეთ მტკიცებულებას, რომელში ეჭვის შეტანის საფუძველიც, განსახილველ შემთხვევაში, არ იკვეთება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 დეკემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა