Facebook Twitter

საქმე #ბს-295(კ-21) 22 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 29 აგვისტოს ი. ყ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგისტრაცის შესახებ #... (12.09.2016წ.) გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 1 აგვისტოს #... გადაწყვეტილების, „რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 2 აგვისტოს #... გადაწყვეტილების, „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 2 აგვისტოს #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ბინაზე, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, კერძოდ, მასზე (84.70 კვ.მ ფართზე) ი. ყ-ის საკუთრების უფლების აღრიცხვა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 1 აგვისტოს #... , 2 აგვისტოს #... და #... გადაწყვეტილებების მოქმედების შეჩერებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი მე-..., ..., კორპუსი #1, ბ. #144 (ს/კ ... ) სარეგისტრაციო მონაცემებთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების განხორციელების (გარდა იმ სარეგისტრაციო წარმოებისა, რომელიც გათვალისწინებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმე #3/8840-16)) აკრძალვის თაობაზე იშუამდგოლა.

სარჩელის თანახმად, მოსარჩელემ 2011 წელს თ. ბ-ისგან შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ..., მე-... ,..., კორპ. #1, ბ. #44. 2016 წლის 22 დეკემბრის გზავნილით მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი კუთვნილი ფართის ნაწილზე გ. ყ-ი აცხადებდა პრეტენზიას, რის თაობაზეც მიმართული ჰქონდა სასამართლოსთვის. სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თუმცა სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომ იგი ყოფილიყო იოსებ ყირმელაშვილის თანამესაკუთრე, არ დაკმაყოფილდა. სასამართლო გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მოსარჩელე, როგორც კეთილსინდისიერი შემძენი, დარჩა ქონების ერთადერთი მესაკუთრე. სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, რომ ი. ყ-ისთვის ცნობილი იყო სავარაუდო თანამესაკუთრის არსებობის თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებისა, საჯარო რეესტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ყ-ის საკუთრების უფლება გაუქმდა. ამასთან, რეესტრმა მოსარჩელეს დაავალა მის საკუთრებაში არსებული ბინის ფართის დაზუსტებასთან დაკავშირებით, წარედგინა გ. ყ-ის თანხმობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ი. ყ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, წარდგენილ სარჩელზე სასამართლო დავის საბოლოო დასრულებამდე, უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი მე-..., ..., კორპუსი #1, ბ. #144 (ს/კ ... ) სარეგისტრაციო მონაცემებთან დაკავშირებით ნებისმიერი სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება აეკრძალა; დანარჩენ ნაწილში მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაება გ. ყ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ი. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგისტრაცის შესახებ #... (12.09.2016წ.) გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოსცხადების შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 1 აგვისტოს #...გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი „რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 2 აგვისტოს #... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 2 აგვისტოს #... გადაწყვეტილება; აღდგა პირვანდელი მდგომარეობა #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ბინაზე, რის შედეგადაც მასზე (84.70 კვ.მ ფართზე) აღირიცხება ი. ყ-ის საკუთრების უფლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.6 მუხლზე მითითებით პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არასწორად განმარტა და არასწორად მიიჩნია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება ახლად აღმოჩენილ გარემოებად. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ი. ყ-ი, სადავო ბინის კეთილსინდისიერი შემძენია. 2016 წლის 12 სექტემბერს განხორციელებული რეგისტრაცია კი, წარმოადგენდა ამ საკუთრების უფლების ობიექტის დაზუსტებას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, ი. ყ-ის მიერ ბინის შეძენის ეტაპზე ბინის ფართობი შეადგენდა 55.19 კვ.მ-ს, ხოლო ბინის ფართობი 84,70 კვ.მ-მდე გაიზარდა თავად ი. ყ-ის მიერ წარდგენილი შიდა აზომვითი ნახაზით, რაც გათვალისწინებულ იქნა ფართობის ცვლილების რეგისტრაციის ეტაპზე. შესაბამისად, სააგენტოსთვის ვერ გახდებოდა იდენტიფიცირებადი, მომატებული ფართობი წარმოადგენდა თუ არა საცხოვრებელ ფართს. წარმოდგენილი აზომვითი ნახაზით დგინდებოდა, რომ უძრავი ნივთი წარმოადგენდა ერთ სისტემაში გაერთიანებულ, ურთიერთდაკავშირებულ და იზოლირებულ ფართს, რასთან დაკავშირებითაც რეგისტრაციის განსახორციელებლად ბინამესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა თანხმობა არ მოითხოვება. ცვლილების რეგისტრაციის განხორციელების ეტაპზე სააგენტო ვერ იქნებოდა ინფორმირებული იმის თაობაზე, რომ მომატებული ფართი შესაძლოა ყოფილიყო სწორედ გ. ყ-ის საკუთრებაში არსებული ბინა. ი. ყ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული ბინის ფართობის 55.19 კვ.მ-დან 84.70 კვ.მ-მდე გაზრდის რეგისტრაციისას, მარეგისტრირებელი ორგანოსთვის არ დგინდებოდა ი. ყ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უძრავი ნივთის კავშირი გ. ყ-ის სახელზე რეგისტრირებულ ბინასთან. აღნიშნული გარემოება დადგინდა მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით, რაც წარმოების მიზნებისთვის ახლად აღმოჩენილ გარემოებას წარმოადგენდა.

სააგენტომ არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ ი. ყ-ი წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს 55.19 კვ.მ ფართობის ბინაზე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რასაც არ ხდის სადავოს. თუმცა, ცვლილების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმართ ყირმელაშვილი არ შეიძლება წარმოადგენდეს კეთილსინდისიერ შემძენს.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მიმდინარეობს დავა გ. ყ-ის სარჩელთან დაკავშირებით. გ. ყ-ის მოთხოვნაა ზიანის ანაზღაურების მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთვის 38 798 ლარის დაკისრება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 9 მარტის #... გადაწყვეტილებით თ. ბ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი - 09.03.2010წ.) დგინდება, რომ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისში, ...ის ...ში, მე-..., ..., კორპუსი #1, ბინა #144 მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდით #... რეგისტრირებულია თ. ბ-ის ერთპიროვნული საკუთრების უფლება. საჯარო რეესტრიდან ამონაწერით (მომზადების თარიღი - 01.06.2011წ.) დგინდება, რომ უძრავი ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ..., მე-..., ..., კორპუსი #1, ბინა #144 (ს/კ #... ), რეგისტრირებულია ი. ყ-ის საკუთრების უფლება. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს თ. ბ-სა და ი. ყ-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება.

ასევე დადგენილია, რომ ი. ყ-მა 2016 წლის 12 სექტემბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია, კერძოდ, მანამდე რეგისტრირებული ფართის 55.19 კვ.მ-ის 84.70 კვ.მ-მდე გაზრდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაცის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაცის სამსახურის 2016 წლის 12 სექტემბრის #... გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება.

კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ყ-ისა და ვენერა ბესტაევას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2010 წლის 9 ოქტომბერს მიღებული რეგისტრაციის შესახებ #... გადაწყვეტილება, თ. ბ-ის ერთპიროვნული საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, მესამე მასივი, ზემო პლატო, კორპუსი #1, ბინა #144, (ს/კ ... ); ასევე ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 6 დეკემბრის #... გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 9 ოქტომბრის #... გადაწყვეტილებაში ტექნიკური ხარვეზის არარსებობის დადგენის ნაწილში და დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლის საფუძველზეც, უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, მესამე მასივი, ზემო პლატო, კორპუსი #1, ბინა #144 (ს/კ ... ), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში (ამონაწერში საჯარო რეესტრიდან) თ. ბ-თან ერთად მიეთითება - თანამესაკუთრე; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა გასწორდა სადავო აქტის თარიღში, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება 9 ოქტომბრის ნაცვლად ჩასწორდა 9 მარტის თარიღით.

განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 1 აგვისტოს #...გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაცის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაცის სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 2016 წლის 12 სექტემბრის #... ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებულ რეგისტრაციის სამსახურს დაევალა 2016 წლის 12 სექტემბრის #... სარეგისტრაციო განცხადების განახლება და 84.70 კვ.მ ფართობის რეგისტრაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება გ. ყ-ის თანხმობის წარდგენის მოთხოვნით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არასწორად მიიჩნია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება „ახლად აღმოჩენილ გარემოებად“ ი. ყ-ის სასარგებლოდ 2016 წლის 12 სექტემბერს განხორციელებული რეგისტრაციის, როგორც აღმჭურველი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებისათვის. ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღება არ მიაქცია სასამართლოს მიერ ი. ყ-ის ამონაწერში მესაკუთრის გრაფაში თანამესაკუთრის მითითების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივს, რომლის თანახმად, ი. ყ-ი წარმოადგენდა მოცემულ ბინაზე კეთილსინდისიერ შემძენს, რის გამოც მოცემულ ნაწილში სარჩელი არ იქნა დაკმაყოფილებული. ამდენად, მოსარჩელე სადავო ბინის კეთილსინდისიერი შემძენია და მისი საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით.

2016 წლის 12 სექტემბერს განხორციელებული რეგისტრაცია კი, წარმოადგენდა ამ საკუთრების უფლების ობიექტის - სადავო ბინის საერთო ფართის დაზუსტებას, ისევ მოქმედი კანონმდებლობის, კერძოდ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ შესაბამისად.

მოცემული დავის ფარგლებში ასევე სადავოა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 2 აგვისტოს #... გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა რეგისტრაციის შესახებ ის გადაწყვეტილება, რომლითაც წარდგენილი აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ი. ყ-ის საკუთრების უფლება 84.70 კვ.მ-ზე დარეგისტრირდა. 2019 წლის 2 აგვისტოს #... გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კი, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და განმცხადებელს გ. ყ-ის სათანადო წესით დამოწმებული თანხმობის წარდგენა დაევალა აზომვითი ნახაზის მიხედვით, 84.70 კვ.მ ფართის ი. ყ-ის საკუთრებაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ამასთან, იმის გამო, რომ ვერ იქნა წარდგენილი წერილობითი თანხმობა, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემული დავის წარმომშობი, ძირითადი აქტი ბათილად იქნა ცნობილი, მართებულია მისი თანმდევი აქტების ბათილად ცნობა და სადავო ბინაზე ი. ყ-ის საკუთრების უფლების პირვანდელი, 2016 წლის 12 სექტემბრის რეგისტრაციის მდგომარეობით აღდგენა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 05.05.2021წ. #09608 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 05.05.2021წ. #09608 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა