საქმე #ბს-616(2კ-20) 24 ივნისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – ნ. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, ქალაქ თბილისის მთავრობა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 29 აგვისტოს ნ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, ქალაქ თბილისის მთავრობის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 1994 წლიდან დაეუფლა ქ. თბილისში, სოფელ ...ში, ...ის ქუჩის #4-ის მიმდებარედ მდებარე მიწის ნაკვეთს, რომელზეც მან საკუთარი სახსრებით ააშენა საცხოვრებელი სახლი, მიწის ნაკვეთზე გააშენა ხეხილი და ეწევა დღემდე მეურნეობას. 2016 წლის 30 სექტემბერს, განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიას და ითხოვა მის მიერ დაკავებული 1236 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობის საკუთრებაში გადაცემა.
მოსარჩელის განმარტებით, აღიარების კომისიამ სრულიად უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა. კომისიამ გადაწყვეტილებაში უარის მიზეზად დაასახელა ის გარემოება, რომ 2005 წლის ორთოფოტოზე ასახული შენობის გაბარიტების კონფიგურაცია არ ემთხვეოდა 2010 და 2014 წლის ორთოფოტოებზე ასახული შენობის გაბარიტებს, რაც, მოსარჩელის მოსაზრებით, არასწორია, რადგანაც შენობის აშენება მისი მხრიდან განხორციელდა ნაწილ-ნაწილ, კერძოდ, თავდაპირველად 1995 წელს, რასაც შემდგომ - 2006 წელს მიემატა შენობის დარჩენილი ნაწილი. სწორედ ამ წელს მიიღო შენობამ დასრულებული სახე.
მოსარჩელის აღნიშვნით, მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მეორე მიზეზს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთი კვეთს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთს საკადასტრო კოდით - .... მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნული არგუმენტიც უსაფუძვლოა, რამდენადაც მან მანამდე დაიკავა მიწის ნაკვეთი, სანამ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი მიიღებდა საკუთრებაში ხსენებულ მიწის ნაკვეთს. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსგან 2008 წლის 26 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო 867 609 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ნაკვეთი ...) და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები (საკადასტრი კოდი, პირველადი #...).
მოსარჩელისთვის გაუგებარია, როგორ გადასცა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ მოსარჩელის მიერ აშენებული შენობა-ნაგებობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთის დაყოფა მოხდა რამდენიმე მიწის ნაკვეთად, სადაც მოქცეულია მის მიერ დაკავებული 1236 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა. აღნიშნული კოდით მიწის ნაკვეთი ასევე დაიყო მიწის ნაკვეთებად საკადასტრო კოდებით - ... და ....
ამდენად, მოსარჩელემ „მიწის ნაკვეთზე ნ. ბ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 30 ივლისის #982 განკარგულების ბათილად ცნობა, ამასთან, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ქალაქ თბილისს შორის 2008 წლის 26 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების 1.1 მუხლისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 25 სექტემბრის #1-1/2034 ბრძანების მეორე პუნქტის ნაწილობრივ, კერძოდ, მოსარჩელის კუთვნილი 1236 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 53.17 კვ.მ შენობა-ნაგებობის გადაცემის ნაწილში ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის 1236 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 53.17 კვ.მ საცხოვრებელ ფართზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
ამასთან, ნ. ბ-მა სარჩელით მოპასუხეებისთვის ადვოკატის მომსახურების ხარჯის 1280 ლარის ოდენობით დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „მიწის ნაკვეთზე ნ. ბ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 30 ივლისის #982 განკარგულება; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ქ. თბილისში, სოფელ ...ში, ...ის ქუჩის #4-ის მიმდებარედ მდებარე 1236 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ნ. ბ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში ნ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ბ-ის მიერ კომისიაში წარდგენილ განცხადებას თან ერთვოდა შემდეგი დოკუმენტები: მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი ელ.ვერსიით, საკადასტრო გეგმა, ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, ფოტოსურათები, მოქალაქეების - ნ. ს-ის, ვ. ზ-ის 2016 წლის 23 სექტემბრის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლითაც ირკვევა, რომ ნ. ბ-ი 1993 წლიდან დღემდე ნამდვილად ფლობს და სარგებლობს უძრავი ქონებით, კერძოდ მიწის ნაკვეთით (ფართით 1236 კვ.მ) და მასზე არსებული შენობა-ნაგებობით, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ.თბილისი, ...ი, ...ის ქუჩა №4-ის მიმდებარედ და რომ აღნიშნული პირები თანახმანი არიან ნ. ბ-მა კანონმდებლობის შესაბამისად მოახდინოს ქონების საკუთარ სახელზე გაფორმება/რეგისტრაცია.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებულ განკარგულებაში განვითარებული მსჯელობა ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ვერ იქნებოდა მიჩნეული იმის დასტურად, რომ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები და არ დასტურდებოდა ნ. ბ-ის მიერ სადავო უძრავი ქონების ფლობის ფაქტი, რამეთუ აღნიშნულ ფაქტს სადავოდ ხდიდა მოსარჩელე მხარე და მიუთითებდა, რომ 1994 წლიდან დაეუფლა მიწის ნაკვეთს, მდებარე: ქ. თბილისი, სოფ. ...ი, ...ის ქუჩის #4-ის მიმდებარედ, რომელზედაც საკუთარი სახსრებით ააშენა საცხოვრებელი სახლი, გააშენა ხეხილი და დღემდე ეწევა მეურნეობას. ამასთან, სასამართლოს მითითებით, ის გარემოება, რომ 2005, 2010 და 2014 წლების ორთოფოტოებზე ასახული შენობის გაბარიტების კონფიგურაცია არ ემთხვეოდა ერთმანეთს, განპირობებული იყო იმით, რომ მოსარჩელემ შენობა ააშენა ნაწილ-ნაწილ, კერძოდ, 1995 წელს დაიწყო და შემდგომ მიამატა, შენობას დასრულებული სახე მიეცა 2005-2006 წლებში, ხოლო ამის შემდგომ ძირითადი ცვლილება შენობა-ნაგებობაზე არ განხორციელებულა. დაახლოებით 2010-2011 წლებში მხოლოდ სახურავი იქნა შეცვლილი და სახურავზე ასასვლელი კიბე იქნა მიდგმული. სასამართლოს შეფასებით, საგულისხმო იყო ის გარემოებაც, რომ აღნიშნული დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმაც. სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლზე და აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარის მიერ არ იყო წარმოდგენილი ადგილზე დათვალიერების ოქმი ან/და სხვა რაიმე წერილობითი სახის მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ კომისიის მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები.
სასამართლოს მითითებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ასევე მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთი კვეთს #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრებს და რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით კომისია მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა წარდგენილი განცხადება და მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ეღიარებინა ნ. ბ-ის საკუთრების უფლება. აღნიშნულთან მიმართებაში სასამართლომ განმარტა, რომ მიწის ნაკვეთის იდენტურობის შემთხვევაშიც, უძრავ ქონებაზე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის დამაბრკოლებელ გარემოებას, რამდენადაც ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესით“ ცალსახად განისაზღვრა, რომ კანონის მიზანს წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება. ამდენად, იმ შემთხვევაში, თუ პირი აკმაყოფილებს სადავო სამართალურთერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შესაბამისი წესითა და პროცედურის დაცვით უნდა განხორციელდეს მისთვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გადაცემა. უფრო მეტიც, თუ მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია სახელმწიფო და/ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად, საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფციის გათვალისწინებით, აღნიშნული ფაქტით კიდევ უფრო მტკიცდება დასახელებულ მიწაზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელების შესაძლებლობა და უტყუარობა.
რაც შეეხებოდა მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 25 სექტემბრის #1-1/2034 ბრძანების მეორე პუნქტის ბათილად ცნობის შესახებ, საქალაქო სასამართლომ განმარტება, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარდგენილი არ ყოფილა რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მისი მართლზომიერი სარგებლობის უფლებას სადავო მიწის ნაკვეთზე. უფრო მეტიც, მოცემულ შემთხვევაში, როგორც მოსარჩელის განმარტებით დასტურდებოდა, იგი სადავო უძრავი ქონებით (მდებარე: ქ.თბილისი, სოფ. ...ი, ...ის ქუჩის #4-ის მიმდებარედ 1236 კვ.მ) სარგებლობდა როგორც თვითნებურად დამკავებელი, ხოლო მოსარჩელის კანონით დაცული უფლება და ინტერესი, რაც მას გააჩნდა სადავო მიწის ნაკვეთთან მიმართებით იმ კუთხით, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე თვითნებური დაკავების საფუძვლით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მეშვეობით ეღიარებინა საკუთრების უფლება, არ შეზღუდულა.
რაც შეეხებოდა ნ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ქ. თბილისს შორის 2008 წლის 26 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების 1.1 მუხლის ნაწილობრივ, კერძოდ, მოსარჩელის კუთვნილი 1236 კვ.მ მიწის ნაკვეთის და 53.17 კვ.მ შენობა-ნაგებობის გადაცემის ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 25 სექტემბრის #1-1/2034 ბრძანების მეორე პუნქტი, კერძოდ, 1236 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 53.17 კვ.მ შენობა-ნაგებობის ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოსათვის გადაცემის ნაწილში გამოცემული იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით, ამდენად, არ არსებობდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ქ. თბილისს მერიას შორის 2008 წლის 26 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების 1236 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 53.17 კვ.მ შენობა-ნაგებობის გადაცემის ნაწილში) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
რაც შეეხებოდა წარმომადგენლის მომსახურეობისათვის გაწეულ ხარჯს - მოსარჩელე მხარე სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ითხოვდა მოპასუხეს დაკისრებოდა მის მიერ წარმომადგენლის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1280 ლარის ოდენობით (იხ. სასარჩელო განცხადება და დაზუსტებული სასარჩელო განცხადება). აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, თუმცა აღნიშნული უპირობოდ არ წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ სარჩელის მთლიანად ან/და ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში მოპასუხე მხარეს, მოსარჩელის სასარგებლოდ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი დაეკისროს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც აქვს მხარეს წარმოდგენილი იურიდიული მომსახურების გადახდის საფასურის დამადასტურებელი მტკიცებულება, რამეთუ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის განსაზღვრისას მოქმედებს გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტი, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დავის საგანი (საქმის კატეგორია), საქმის სირთულე, განხილვის ხანგრძლივობა და ა.შ. ეს დებულება სამართლებრივი ურთიერთობის ამოსავალი პრინციპია, რომელიც ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა ქმნის როგორც წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, ასევე კანონისმიერი ბოჭვის ფარგლებში აქცევს (ზღუდავს) სამართალწარმოების ხარჯზე მეორე მხარისაგან სარგებლის მიღების შესაძლებლობას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯების ანაზღაურება უნდა დაეკისროს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ითხოვდა მოპასუხეს დაკისრებოდა მის მიერ წარმომადგენლის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1280 ლარის ოდენობით, ამასთან სარჩელზე თანდართული იყო მხოლოდ 2018 წლის 7 აგვისტოს ნ. ბ-ის მიერ გაცემული რწმუნებულება, რომლითაც შესაბამის უფლებამოსილებას ანიჭებდა ა. გ-ეს და ი. დ-ს, თუმცა იურიდიული მომსახურეობის ხელშეკრულება და სალაროს შემოსავლის ორდერი, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ რეალურად იქნა გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯი 1280 ლარის ოდენობით, წარმოდგენილი არ იყო. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იმ ეტაპზე არ არსებობდა მოსარჩელე მხარეზე წარმომადგენლის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განჩინებით ნ. ბ-ისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რაც გაიზიარა სააპელაციო პალატაც. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნუგზარ ბიწნიკაშვილმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის განჩინებით ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად; ნ. ბ-ის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი და ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და აღნიშნულ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განჩინება.
კასატორი - ნ. ბ-ი წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლო და საადვოკატო მომსახურების ხარჯების მოპასუხე მხარისთვის დაკისრებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, დაშვებულ ნაწილში საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „მიწის ნაკვეთზე ნ. ბ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 30 ივლისის #982 განკარგულება; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ქ. თბილისში, სოფელ ...ში, ...ის ქუჩის #4-ის მიმდებარედ მდებარე 1236 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ნ. ბ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში ნ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განჩინებით.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის განჩინებით ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად; ნ. ბ-ის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი და ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და აღნიშნულ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განჩინება.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობისა და შეფასების საგანს მხოლოდ მოცემულ დავაზე სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურების საკითხი წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ საქალაქო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანაზღაურების გამომრიცხავ გარემოებად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სარჩელზე თანდართული იყო მხოლოდ 2018 წლის 7 აგვისტოს ნ. ბ-ის მიერ გაცემული რწმუნებულება, რომლითაც შესაბამის უფლებამოსილებას ანიჭებდა ა. გ-ეს და ი. დ-ს, თუმცა იურიდიული მომსახურეობის ხელშეკრულება და სალაროს შემოსავლის ორდერი, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ რეალურად იქნა გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯი, წარმოდგენილი არ იყო. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებითაც.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (სსსკ-ის 37.3 მუხ.). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელისთვის საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლებთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, ზოგადი წესის მიხედვით ხარჯების განსაზღვრა ხდება სასამართლოში მხარის მიერ წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, თუმცა ამგვარი მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს თავადაც შეუძლია განსაზღვროს იურიდიული დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა (სუს 11.02.08წ. №ას-792-1114-07 განჩინება), თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით წარმომადგენლობითი მომსახურება გაწეულია. იურიდიული მომსახურების ანაზღაურების ამსახველი ქვითრის, საგადახდო დავალების შესრულების დოკუმენტაციის წარუდგენლობა, არ გამორიცხავს საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესაძლებლობას (სუს 09.02.2012წ., №ბს-1330-1315(კ-11); 30.10.2015წ. №ას-444-423-2015; 25.03.2016წ. №ას-12-12-2016წ., 17.01.2019წ. №ბს-809-805(3კ-17); 07.02.2019წ. №ბს-432-429(2კ-17) გადაწყვეტილებები).
განსახილველ შემთხვეევაში საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება მოსარჩელისათვის ადვოკატის მიერ იურიდიული მომსახურების გაწევა, მიმდინარე დავის ფარგლებში ადვოკატები - ი. დ-ი და ა. გ-ე მოსარჩელის წარმომადგენლობას ახორციელებდნენ სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში, აღნიშნულს არც ქვედა ინსტანციის სასამართლოები გამორიცხავენ, უფრო მეტიც, თავად საქალაქო სასამართლო მიუთითებს 2018 წლის 7 აგვისტოს ნ. ბ-ის მიერ გაცემულ რწმუნებულებაზე, რომლითაც იგი შესაბამის უფლებამოსილებას ანიჭებდა ა. გ-ეს და ი. დ-ს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას წარმოდგენილია ნ. ბ-ის მიერ საადვოკატო მომსახურების ანაზღაურების ამსახველი ქვითრები.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მარწმუნებელსა და ადვოკატს შორის წარმოშობილი ურთიერთობის მატერიალური საფუძველი დავალების ხელშეკრულებაა (სსკ-ის 709-ე მუხ.). მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში (სსკ-ის 710-ე მუხ.). გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება, რაც შესაძლოა განხორციელდეს წინასწარ, პერიოდულად ან შემდგომში, პრეზიუმირებულია. იურიდიული მომსახურების გაწევის შემთხვევაში ივარაუდება მხარეთა შორის სასყიდლიანი დავალების ხელშეკრულების არსებობა, საწინააღმდეგო დამტკიცებას საჭიროებს. ამასთან, ვინაიდან მინდობილობის შინაარსი და დავალების შინაარსი არ არის ურთიერთგამომრიცხავი დოკუმენტი, არ გამოირიცხება მათი ერთ დოკუმენტში - მინდობილობაში მოქცევა (სუს 17.01.2019წ. №ბს-809-805(3კ-17); 07.02.2019წ. №ბს-432-429(2კ-17) გადაწყვეტილებები). განსახილველ დავაში გამოირიცხება წარმომადგენლობის უსასყიდლოდ განხორციელება, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საქმეში წარმოდგენილია საადვოკატო მომსახურების ანაზღაურების ამსახველი ქვითრები. ხოლო მოსარჩელე მხარე სარჩელშივე ითხოვდა სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოპასუხეს დაკისრებოდა მის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება (იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 8; დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 140).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მოსაზრება მოცემული დავის ფარგლებში გაწეული ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურების უსაფუძვლობის შესახებ მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ წარმოდგენილი არ ყოფილა იურიდიული მომსახურების გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები, გადაწყვეტილებას აღნიშნულ ნაწილში სრულიად დაუსაბუთებელს ხდის, რის გამოც არსებობს მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველი (სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვ.პ.).
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სასამართლოს გარეშე ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის მოთხოვნებით, აგრეთვე მხედველობაში იღებს წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობას, ხანგრძლივობას და სხვა გარემოებებს. ამასთან, საპროცესო ხარჯის ოდენობა უნდა განისაზღვროს საქმეზე დამდგარი საბოლოო შედეგის მიხედვით, სამივე ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობითი საქმიანობის შედეგის გათვალისწინებით. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ნ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამის ნაწილში არსებობს ასევე საადვოკატო მომსახურების ხარჯის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების წინაპირობაც. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, დავის სირთულისა და წარმომადგენლის მიერ გაწეული მომსახურების, ასევე დავის გადაწყვეტის შედეგის გათვალისწინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ნ. ბ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 700 ლარის ოდენობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განჩინება სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ნ. ბ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯის 700 ლარის ოდენობით ანაზღაურება; ხოლო დანარჩენ ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განჩინება სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ნ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯის 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით ანაზღაურება;
4. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განჩინება;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე