ბს-737(2კ-19) 25 თებერვალი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები სამინისტროსათვის ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურების დაკისრების ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.03.2019წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. ე-მა 31.05.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ სამინისტროსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ პროტეზების დამზადების ღირებულების - 64494,05 ევროსა და 25080,80 ევროს ანაზღაურების, მორალური ზიანის - 2004 წლის 24 აგვისტოდან თვეში 5000 ლარის ანაზღაურების, მიუღებელი შემოსავლისა და სარჩოს - 2004 წლის 24 აგვისტოდან თვეში 3000 - 3000 ლარის ანაზღაურების და სამედიცინო მომვლელის ხარჯის - 2004 წლის 24 აგვისტოდან თვეში 5452,30 ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით. დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას ვ. ე-მა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება 500 000 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.09.2016წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.02.2017წ. გადაწყვეტილებით ვ. ე-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის - 20 000 ლარის, პროთეზის ღირებულების - 64494,05 ევროსა და 25080,80 ევროს (ეკვივალენტი ლარში), 2004 წლის 24 აგვისტოდან ყოველთვიური სარჩოს - 1903 ლარის , 2004 წლის 24 აგვისტოდან სამედიცინო მომვლელის ხარჯის - ყოველთვიურად 1642,5 ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.10.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.04.2018წ. განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი სამინისტროსათვის ვ. ე-ის სასარგებლოდ მორალური ზიანისა და პროთეზის ღირებულების ანაზღაურების ნაწილში დაუშვებლად იქნა ცნობილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.10.2017წ. განჩინება აღნიშნულ ნაწილში დარჩა უცვლელი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი სამინისტროსათვის ვ. ე-ის სასარგებლოდ სარჩოსა და სამედიცინო მომვლელის ხარჯის ანაზღაურების ნაწილში დასაშვებად იქნა ცნობილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.07.2018წ. განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.10.2017წ. განჩინება სარჩოსა და სამედიცინო მომვლელის ხარჯის განვლილ პერიოდზე სრულად ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას ვ. ე-მა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები სარჩოსა და სამედიცინო მომვლელის ხარჯის ანაზღაურების ნაწილში და აღნიშნული თანხის ანაზღაურება მოითხოვა 2013 წლის 31 მაისიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.03.2019წ. გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.02.2017წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-5 პუნქტების შეცვლით ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ვ. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის 31 მაისიდან ყოველთვიურად სარჩოს - 1903 ლარის ანაზღაურება, ვ. ე-ის სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სამედიცინო მომვლელის ხარჯის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა ვ. ე-ის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ. პალატამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 18.4 მუხლზე, სზაკ-ის 207-ე, 208-ე მუხლებზე, სკ-ის 992-ე, 408-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ან/და იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ სახელმწიფო ორგანოების პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობამ - მიეღო ყველა საჭირო პრევენციული უსაფრთხოების ზომა სიცოცხლისათვის საშიში ინციდენტის თავიდან ასაცილებლად - გამოიწვია ვ. ე-ისათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭება, რამაც წარმოშვა მოსარჩელისათვის ზიანის ანაზღაურების ზოგადი საფუძველი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. პალატამ ყურადღება გაამახვილა ხანდაზმულობის ინსტიტუტის მნიშვნელობასა და მიზნებზე, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებთან მიმართებით სკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებულ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურ წესზე და აღნიშნა, რომ ყოველთვიურად სარჩოს ანაზღაურების მოთხოვნა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებათა რიგს განეკუთვნება. პალატამ მიიჩნია, რომ არ იკვეთება, 2004 წლის 24 აგვისტოდან 2016 წლის 31 მაისამდე (სარჩელის აღძვრამდე) სარჩოსა და სამედიცინო მომვლელის ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სასამართლოსადმი მიმართვის, ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების, შეწყვეტის, მატერიალურ და მორალურ ზიანთან ერთად სარჩოსა და სამედიცინო მომვლელის ხარჯების ხანდაზმულობის ვადის ათვლის გამომრიცხავი გარემოება. სკ-ის 129-ე მუხლის თანახმად, სპეციალური მოწესრიგების საგანია პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნები, რომელთათვისაც ხანდაზმულობის სამწლიანი ვადაა გათვალისწინებული. შესაბამისად, ამგვარ მოთხოვნებზე შესაძლებელია მხოლოდ სარჩელის აღძვრამდე ბოლო სამი წლის კუთვნილი თანხის ანაზღაურება. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის 2013 წლის 31 მაისიდან სარჩოს ხარჯების დაკისრების შესახებ კანონიერი იყო. სამედიცინო მომვლელის ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიუთითა „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის 26.1 მუხლზე, რომლის თანახმად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც მომვლელი ან დამხმარე სჭირდებათ, სოციალური მომსახურების ორგანოები უნიშნავენ სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომსახურებას ბინაზე ან სტაციონალურ დაწესებულებებში. ამდნეად, სახელმწიფო უზრუნველყოფს რა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალურ დაცვას იგი ითვალისწინებს არა მომვლელის ხარჯების ანაზღაურებას, არამედ მომვლელის დანიშვნას, რის გამო, პალატამ მიიჩნია, რომ ვ. ეგიზარიანმა მომვლელის ან დამხმარის დანიშვნის მოთხოვნით უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების ორგანოს. სკ-ის 409-ე მუხლის მიხედვით, ზიანის ფულადი ანაზღაურება დარღვეული უფლების აღდგენის უკანასკნელი ღონისძიებაა, აღნიშნული შესაძლებელია მაშინ, როდესაც ერთი მხრივ შეუძლებელია ზიანის ანაზღაურება მისი ნატურით ან მაშინ, როდესაც ნატურით რესტიტუცია არათანაზომიერად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამდენად პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამედიცინო მომვლელის ხარჯის ანაზღაურების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.03.2019წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ვ. ე-ის მიერ. კასატორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილება გაასაჩივრა სამინისტროსათვის ვ. ე-ის სასარგებლოდ ყოველთვიური სარჩოს - 1903 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და აღნიშნა, რომ სასამართლომ არ იმსჯელა სარჩოს ოდენობის გონივრულობასა და დაკისრების სამარლებრივ საფუძვლებზე. სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ის შემოსავალი, რომელიც დაზარალებულს გააჩნდა ზიანის დადგომამდე პერიოდისათვის. გადასახდელი სარჩოს ოდენობა უნდა დადგინდეს რეალური შემოსავლის სახით. განსახილველ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი შემოსავლის მიღების დამადასტურებელი მტკიცებულებები, შესაბამისად, დაზარალებულის მიერ შემოსავლის მიღება არ დასტურდება. საქმეში დაცული ინფორმაცია მიუთითებს, რომ მოსარჩელეს შემოსავალი გააჩნდა ადრეულ პერიოდში და არა ზიანის დადგომის მომენტში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები გასაჩივრებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა სამინისტროსათვის ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურების დაკისრების ნაწილში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 21.08.2004წ. ვ. ე-ი ავტომანქანით გადაადგილებისას აფეთქდა ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე, მიღებული დაზიანებების შედეგად საჭირო გახდა ქვედა კიდურების ამპუტაცია, 13.12.2004წ. ვ. ე-ს დაუდგინდა მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაციით აღიარებულ იქნა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა იმის გამო, რომ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების პოზიტიური ვალდებულებების შეუსრულებლობამ - მიეღო ყველა საჭირო პრევენციული ზომა 21.08.2004წ. სიცოცხლისათვის საშიში ინციდენტის თავიდან ასაცილებლად - მომჩივანის ვ. ე-ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი გამოიწვია. ამდენად, საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ ვ. ე-ისათვის ზიანის მიყენების, მისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭების საფუძველი იყო სახელმწიფოს ორგანოების მიერ თავისი პოზიტიური ვალდებულებების შეუსრულებლობა. სკ-ის 408.2 მუხლის მიხედვით, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ერთმნიშვნელოვნად დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოსათვის ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურების დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობა.
კასატორის მითითება სარჩოს დაკისრებული ოდენობის არაგონივრულობაზე, არ არის დასაბუთებული. საქმეში წარმოდგენილია შპს „...ის“ მიერ გაცემული ცნობა, რომლის მიხედვით ვ. ე-ი 1998 წლის იანვრიდან 2004 წლის აგვისტომდე დასაქმებული იყო აღნიშნულ შპს-ში მძღოლის თანამდებობაზე და წლების განმავლობაში იღებდა ყოველთვიურ ხელფასს. ცნობის თანახმად, 2004 წლისათვის ვ. ე-ი ყოველთვიურად იღებდა 31200 რუბლს, რაც 2004 წლის 21 აგვისტოს მდომარეობით საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით არ აღემატებოდა 1903 ლარს. საკასაციო პალატა არ იზიარებს სამინისტროს მოსაზრებას, შემოსავლის მიღების დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობის შესახებ, რადგან ზემოაღნიშნული ცნობა ერთმნიშვნელოვნად უთითებს ვ. ე-ის მიერ მიღებულ ყოველთვიური ხელფასის ოდენობაზე და იმ გარემოებაზე, რომ ვ. ე-ი შპს-ში დასაქმებული იყო 2004 წლის აგვისტომდე, ანუ არსებულ შემთხვევამდე.
გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.07.2018წ. განჩინებით მართალია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს მათ შორის ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საკასაციო პალატას სადავოდ არ გაუხდია ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურების დაკისრების საფუძვლების არსებობა ან მისი ყოველთვიური ოდენობა. აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება განპირობებული იყო მხოლოდ იმ გარემოებით, რომ სააპელაციო პალატას არ ჰქონდა ნამსჯელი ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურების მოთხოვნის, როგორც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების, ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურებებზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.03.2019წ. გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროსათვის ვ. ე-ის სასარგებლოდ 2013 წლის 31 მაისიდან ყოველთვიური სარჩოს - 1903 ლარის ანაზღაურების ნაწილში;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე