ბს-882(2კ-19) 30 სექტემბერი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.2019წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჰ. მ-ამ 31.08.2016წ. სარჩელით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ა. გ-ის და ჰ. გ-ის საკუთრების უფლების თაობაზე საჯარო რეესტრის ჩანაწერების და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 26.07.2016წ. №... და 17.08.2016წ. №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე, სადავო უძრავი ქონების ჰ. მ-ას კომლის საკუთრებად რეგისტრაცია.
ჰ. მ-ამ 19.09.2016წ. დაზუსტებული სარჩელით დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები. მოსარჩელემ მოითხოვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 13.10.2014წ. №... საკუთრების უფლების მოწმობის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურის 20.10.2014წ. №... და 04.12.2014წ. №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 26.07.2016წ. №... და 17.08.2016წ. №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და სადავო უძრავი ქონების ჰ. მ-ას კომლის საკუთრებად რეგისტრაცია. 11.10.2016წ. განცხადებით მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხეებად მიუთითა: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საკუთრების უფლების აღიარების კომისია, ა. გ-ი, ჰ. გ-ი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისი.
დავის რაიონულ სასამართლოში განხილვისას, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სს ,,...ა“.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 03.10.2017წ. გადაწყვეტილებით ჰ. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 13.10.2014წ. ა. გ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა №... და აღნიშნულ ნაწილში ამავე კომისიის სხდომის ოქმი №14, ასევე თანმდევი შედეგით ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.10.2014წ. №... გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც უძრავი ქონება საკადასტრო კოდი ... დარეგისტრირდა ა. გ-ის სახელზე, მოსარჩელე ჰ. მ-ას მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 04.12.2014წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე, რომლის თანახმადაც უძრავი ქონება საკადასტრო კოდზე ... ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა ჰ. გ-ის სახელზე არ დაკმაყოფილდა, ჰ. მ-ას სასარჩელო მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 26.07.2016წ. №... და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 17.08.2016წ. №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობაზე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო უძრავი ქონების ჰ. მ-ას სახელზე დარეგისტრირების დავალების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 03.10.2017წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრიდა ა. გ-ის, ჰ. გ-ის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის მიერ. ა. გ-მა და ჰ. გ-მა სააპელაციო საჩივრით ასევე მოითხოვეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 07.06.2017წ. განჩინების გაუქმება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.09.2018წ. განჩინებით ჰ. მ-ას უფლებამონაცვლედ დადგენილი იქნა ს. მ-ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.12.2018წ. განჩინებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უფლებამონაცვლედ დადგენილი იქნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.2019წ. განჩინებით ა. გ-ის, ჰ. გ-ის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 13.10.2014წ. ა. გ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და საგარეჯოს რაიონის სოფელ ...ოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე წარდგენილი №... საკუთრების მოწმობის საფუძველზე მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.10.2014წ. №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. გ-ის მოთხოვნა და მის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა საგარეჯოს რაიონის სოფელ ...ოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული ფართობი: 1993 კვ.მ., შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: №01/2, საცხოვრებელი განაშენიანების ფართი 204 კვ.მ., №02/1 დამხმარე - 93 კვ.მ., საკადასტრო კოდი ...). აღნიშნული უძრავი ნივთი ა. გ-ისაგან შეიძინა ჰ. გ-მა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 04.12.2014წ. №... გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით ... დარეგისტრირდა ჰ. გ-ის საკუთრების უფლება. ამასთანავე, 24.12.2014წ. ჰ. გ-სა და სს „...ას” შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მითითებული ქონება დაიტვირთა იპოთეკით და აღნიშნული უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. 17.06.2016წ. ჰ. მ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონულ ოფისს და საკომლო წიგნიდან ჩანაწერის საფუძველზე საგარეჯოს რაიონის სოფელ ...ოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია. კახეთის რეგიონული ოფისის 22.06.2016წ. №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ საკადასტრო მონაცემებს შორის დაფიქსირდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე ჰ. გ-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში (საკადასტრო კოდი ...). დაინტერესებულ პირს დაევალა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა. კახეთის რეგიონული ოფისის 25.07.2016წ. №... გადაწყვეტილებით ჰ. მ-ას განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინფორმაცია). 20.07.2016წ. ჰ. მ-ამ საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. საჩივრის ავტორმა მოითხოვა რეგისტრაციის შესახებ 20.10.2014წ. №... და 04.12.2014წ. №... გადაწყვეტილებების გაუქმება, ასევე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 22.06.2016წ. №... გადაწყვეტილების გაუქმება და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, საგარეჯოს რაიონის სოფელ ...ოში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 26.07.2016წ. №... გადაწყვეტილებით ჰ. მ-ას წარმომადგენელს უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე, რეგისტრაციის შესახებ 20.10.2014წ. №... და 04.12.2014წ. №... გადაწყვეტილებების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 17.08.2016წ. №... გადაწყვეტილებით ჰ. მ-ას წარმომადგენელს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 22.06.2016წ. №... გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში. სააპელაციო პალატამ მიუთითა 29.09.2016წ. საარქივო ცნობასა და №10 საკომლო წიგნის ჩანაწერზე, სადაც კომლის (ოჯახის) უფროსად ფიქსირდება ჰ. მ-ა. ოჯახის წევრთა სიაში მითითებულნი არიან: მ. მ-ი (გარდაცვლილია), ა. მ-ა და ჰ. მ-ა. კომლის პირად საკუთრებად ფიქსირდება საცხოვრებელი სახლი, ფართით 100 კვ.მ., სახლი აშენებულია 1960 წელს. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ სადავო უძრავ ქონებაში, რომელიც დარეგისტრირდა ა. გ-ის სახელზე, 1972 წლიდან ცხოვრობს მოსარჩელე ჰ. მ-ა და ა. გ-ს სადავო საცხოვრებელ სახლში არ უცხოვრია. მოწმეთა ჩვენებით დადგენილია, რომ ა. გ-ი ცხოვრობს სოფელ ...ში. ამასთანავე, საქმეზე წარმოდგენილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის 31.03.2017წ. №02/1468 წერილით დგინდება, რომ ა. გ-ი და ჰ. გ-ი ფაქტობრივად ცხოვრობენ საგარეჯოს რაიონის სოფელ ...ში მისამართზე: ქუჩა 1, ჩიხი №4, ბინა 2, ხოლო ჰ. მ-ა ფაქტობრივად ცხოვრობს საგარეჯოს რაიონის სოფელ ...ოში მისამართზე: ქუჩა №4, ჩიხი №2, ბინა 6.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას სადავო საკუთრების მოწმობის გაცემის დროს არ გამოუკვლევია სადავო მიწის ნაკვეთის მეზობლების ვინაობა, ა. გ-ის მიერ სადავო უძრავი ქონების ფლობის ფაქტი, ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი პირები არ გასულან ადგილზე საცხოვრებელ სახლში მცხოვრები პირების დადგენის მიზნით, არ არის გამოკვლეული მოწმეთა ჩვენება, რომლებიც ადასტურებდნენ განცხადებაში ა. გ-ის მიერ სადავო ქონების ფლობის ფაქტს, ამასთანავე, ა. გ-ს საქმეში არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო უძრავი ქონების მფლობელობის, სარგებლობის ან განკარგვის ფაქტი. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დგინდება ა. გ-ის მიერ საგარეჯოს რაიონის სოფელ ...ოში მდებარე 1993 კვ.მ. მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება მიიღო ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე და ამით შეილახა ჰ. მ-ას საკუთრების უფლება. ამრიგად, ა. გ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას მიწის ნაკვეთზე საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადო გამოკვლევის გარეშე გამოცემული უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - საკუთრების უფლების მოწმობა №..., შესაბამისად, ბათილია ა. გ-ის სახელზე გაცემული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 13.10.2014წ. საკუთრების უფლების მოწმობა №... და ამავე კომისიის სხდომის ოქმი №14, ასევე თანმდევი შედეგი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.10.2014წ. №... გადაწყვეტილება, რომლითაც უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი ...) დარეგისტრირდა ა. გ-ის სახელზე.
სააპელაციო პალატამ საფუძვლიანად მიიჩნია სიღნაღის რაიონული სასამართლოს 07.06.2017წ. განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევის გამო, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 13.10.2014წ. №... საკუთრების მოწმობის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება 13.10.2014წ. №... საკუთრების მოწმობის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის 2016 წლის 13 აპრილიდან ათვლის თაობაზე, ანუ იმ დღიდან, როდესაც დაინტერესებულ პირს - თ. შ-ეს ოფიციალურად ჩაბარდა საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი დოკუმენტები, მათ შორის, №... საკუთრების მოწმობა. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ თ. შ-ეს მითითებული დოკუმენტების ჩაბარების დროისათვის ჰ. მ-ასაგან მინიჭებული ჰქონდა ადმინისტრაციულ ორგანოში წარმომადგენლობის უფლებამოსილება, შესაბამისად, მისთვის დოკუმენტების ჩაბარება 13.04.2016წ. ვერ ჩაითვლება ჰ. მ-ასათვის ჩაბარებად და აქტის გასაჩივრების ვადის ათვლა მითითებული თარიღიდან ვერ მოხდება. ამასთანავე, საქმეზე არ რის წარმოდგენილი მითითებული აქტის მხარისათვის კონკრეტული თარიღით ოფიციალურად ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება, შესაბამისად, დადასტურებულად ვერ იქნება მიჩნეული, რომ მოსარჩელემ №... საკუთრების მოწმობა ვადის დარღვევით გაასაჩივრა სასამართლოში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა. გ-ის. ჰ. გ-ის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის მიერ.
კასატორმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისმა აღნიშნა, რომ სარეგისტრაციო უძრავი ნივთი, კერძოდ, 1993 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ა. გ-ის საკუთრების უფლების წარმოშობამდე წარმოადგენდა უფლებადაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთს, შესაბამისად, მარეგისტრირებელმა ორგანომ მასზე სადავო რეგისტრაცია განახორციელა წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, კანონით დადგენილი წესით. ქვედა ინსტანციის სასამართლოები გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს, მოსარჩელის კომლის თაობაზე ...ოს გამგეობის სოფელ ...ოს 2003-2004წ. საკომლო წიგნის ჩანაწერებს და მიიჩნია, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ გამოსცა უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 22.09.1992 №949 დადგენილების, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 21.10.1993წ. №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან აღარ არსებობს კომლი, ხოლო კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით. კასატორის მოსაზრებით სასამართლოს უნდა ემსჯელა ...ოს გამგეობის მიერ გაკეთებული საკომლო ჩანაწერების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე. სასამართლოს უნდა გამოეკვლია მოსარჩელის უფლების დამდგენი დოკუმენტი და ემსჯელა მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობაზე გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ. წარდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება ჰ. მ-ას მიერ მოთხოვნილი სარეგისტრაციო ობიექტის ადგილმდებარეობა. მოწმეთა ჩვენებებით არ შეიძლება დადასტურდეს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები, ვინაიდან რეგისტრაცია ხორციელდება მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაციისა და საჯარო რეესტრში დაცული მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა მიწის ნაკვეთზე მესამე პირის, ჰ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ფაქტს, ასევე მოსარჩელეს სადავო არ გაუხდია იპოთეკის უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება. კასატორმა მიუთითა, რომ ბათილად ცნობის ობიექტია უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო ძალადაკარგულად გამოცხადების - კანონიერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, როგორც უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და არასწორი შეფასების შედეგად ცნეს ბათილად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.08.2019წ. განჩინებით ა. გ-ისა და ჰ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული მასალებით საგარეჯოს რაიონში, სოფელ ...ოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1993 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე ა. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებული საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 13.10.2014წ. №... საკუთრების უფლების მოწმობა, რომელიც ბათილად იქნა ცნობილი სიღანღის რაიონული სასამართლოს 03.10.2017წ. გადაწყვეტილებით. აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილში წარმოდგენილი ა. გ-ისა და ჰ. გ-ის საკასაციო საჩივარი 23.08.2019წ. საკასაციო სასამართლოს განჩინებით დარჩა განუხილველი, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის საკასაციო საჩივარი შეიცავს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის უარმყოფელ არგუმენტაციას. ამდენად, უზენაესი სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.2019წ. განჩინებაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.10.2014წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა უპირველესად საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შეფასების შედეგადაა შესაძლებელი. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ ა. გ-ის მიერ საგარეჯოს რაიონის სოფელ ...ოში მდებარე 1993 კვ.მ. მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი არ დგინდება, ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები, რითაც შეილახა ჰ. მ-ას საკუთრების უფლება. ა. გ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას სადავო მიწის ნაკვეთზე საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადო გამოკვლევის გარეშე გამოცემული უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - საკუთრების უფლების მოწმობა №.... საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ა. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლის (საკუთრების უფლების მოწმობა №...) ბათილად ცნობის პირობას წარმოადგენს, რაც თანმდევი შედეგის სახით სადავო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.10.2014წ. №... გადაწყვეტილების გაუქმებასაც იწვევს, რომლითაც უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი ...) ა. გ-ის სახელზე დარეგისტრირდა.
უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 22.09.1992 №949 დადგენილების, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 21.10.1993წ. №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან აღარ არსებობს კომლი, ასევე, დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია ჰ. მ-ას მიერ მოთხოვნილი სარეგისტრაციო ობიექტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 28.07.2016წ. №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ 2.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქზე, რომლის მიხედვით მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტს წარმოადგენს საკომლო წიგნიდან ამონაწერი. იგივე დანაწესს შეიცავდა საქართველოს პრეზიდენტის 15.09.2007წ. №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ 2.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი (ძალადაკარგულია 2016 წლის 31 ივლისიდან საქართველოს პრეზიდენტის 04.08.2016წ. №191 დადგენილებით). 03.06.2016წ. მიღებული კანონის ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ მიზანია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ (კანონის სათაურის დღეს მოქმედი რედაქცია) კანონის 7.7 მუხლი უთითებს, რომ კომლის წევრის (წევრების) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საკომლო წიგნიდან ამონაწერის საფუძველზე. ეს ამონაწერი უნდა შეიცავდეს კომლის წევრებისა და კომლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ბოლო მონაცემებს, მაგრამ არაუგვიანეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი–მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედების (2007 წლის 20 სექტემბერი) პერიოდისა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი ...ოს გამგეობის სოფ. ...ოს №10 საკომლო წიგნიდან ამონაწერის თანახმად კომლის წევრები არიან: მ. მ-ი (გარდაცვლილია), ჰ. მ-ა (კომლის უფროსი), ა. მ-ა (შვილი), კომლს ერიცხება 1960 წელს აგებული 100 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი და 0.25 ჰა მიწის ნაკვეთი (ტ.1, ს.ფ. 77-78). კასატორი არ უთითებს კონკრეტულად რაში მდგომარეობს საკომლო წიგნიდან ამონაწერის კანონშეუსაბამობა, ამასთანავე ჰ. მ-ას 17.06.2016წ. მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველს წარმოადგენდა არა საკომლო წიგნიდან ამონაწერის კანონმდებლობასთან შეუსაბამობა ან/და წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის სარეგისტრაციო ობიექტთან ურთიერთშეუსაბამობა ადგილმდებარეობის თვალსაზრისით, არამედ ზედდების არსებობა ჰ. გ-ის უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან, შესაბამისად, კასატორის აღნიშნული პრეტენზია არ არის დასაბუთებული, რის გამოც არ არსებობს მისი გაზიარების საფუძველი.
კასატორის მითითება იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ სარეგისტრაციო უძრავი ნივთი, კერძოდ, 1993 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ა. გ-ის საკუთრების უფლების წარმოშობამდე წარმოადგენდა უფლებადაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთს, არ არის დასაბუთებული. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.12.2018წ. განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ტენიკური აღრიცხვის ბიუროს საარქივო მონაცემების მ. მ-ის სახელზე მოძიება. ამ განჩინების საფუძველზე მომზადებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.01.2019წ. წერილით ირკვევა, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივში წარდგენილია სააღრიცხვო მასალა მისამართით საგარეჯო, სოფ. ...ო. სააღრიცხვო მასალაში დაცულია 25.09.1988წ. ტექნიკური პასპორტი, რომლის მოსარგებლეთა/მესაკუთრეთა გრაფაში მითითებულია მ. მ-ი. მთლიანი სახლთმფლობელობის საერთო მახასიათებლებია: ლიტ. ,,ა” (საცხოვრებელი სახლი), რომლის საერთო ფართია 223,85კვ.მ., ლიტ. ,,ბ”, რომლის ფართია 104კვ.მ., ლიტ. ,,ვ”, რომლის ფართია 54კვ.მ. და 1კვ.მ. ფართის მქონე ლიტ. ,,ვც”, მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი მითითებულია 1985კვ.მ.. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 28.09.2014წ. ͏№416 ბრძანებულებით ლიკვიდირებული იქნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირები - ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურები. ამავე ბრძანებულების შესაბამისად ამ სამსახურებში არსებული მონაცემთა საინფორმაციო ბანკი და არქივი გადაეცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2015წ. №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ (ძალადაკარგულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. №487 ბრძანებით) მე-10 მუხლით მოწესრიგებული იყო ტექნიკური აღრციხვის არიქივიდან ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები. ამდენად, ტექნიკური აღრიცხვის არქივში არსებული მონაცემები დაცულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.6 მუხლის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. აღნიშნული მონაცემები მოპასუხე მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ცნობილი იყო სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების დროისათვის. საქმეში დაცული მასალებით არ დგინდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მონაცემების გამოკვლევისა და შეფასების ფაქტი, აღნიშნულის თაობაზე არც საკასაციო საჩივარშია მითითებული. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარმოებაზე, რომ მუნიციპალიტეტების რეესტრის მონაცემებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულს წარმოადგენს ...ო, რომელიც მოიცავს სოფელ ...ოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.2019წ. განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.07.2019წ. №21586 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი