Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-882(2კ-19) 23 აგვისტო, 2019 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - ა. გ-ი, ჰ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ს. მ-ი (ჰ. მ-ას უფლებამონაცვლე)

მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მესამე პირი - სს „...ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 თებერვლის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჰუსნია მახმედოვამ 2016 წლის 31 აგვისტოს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, ა. გ-ისა და ჰ. გ-ის მიმართ, მესამე პირი - სს „...ი“. მოსარჩელემ მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2014 წლის 13 ოქტომბერს ა. გ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა N... და აღნიშნულ ნაწილში ამავე კომისიის 2014 წლის 3 ოქტომბრის სხდომის ოქმი N14; თანმდევი შედეგით ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 20 ოქტომბრის N... გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც უძრავი ქონება საკადასტრო კოდზე ... დარეგისტრირდა ა. გ-ის სახელზე; ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 4 დეკემბრის N... გადაწყვეტილება, რომლის თანახმად უძრავი ქონება საკადასტრო კოდი ... ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა ჰ. გ-ის სახელზე, ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 26 ივლისის N... და 2016 წლის 17 აგვისტოს N... გადაწყვეტილებები და სადავო უძრავი ქონება დარეგისტრირდეს ჰ. მ-ას სახელზე.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჰ. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2014 წლის 13 ოქტომბერს ა. გ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა N... და აღნიშნულ ნაწილში ამავე კომისიის სხდომის ოქმი N14. ასევე, თანმდევი შედეგით ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 20 ოქტომბრის N... გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც უძრავი ქონება საკადასტრო კოდი ... დარეგისტრირდა ა. გ-ის სახელზე, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ჰ. მ-ას სასარჩელო მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 4 დეკემბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე, რომლის თანახმადაც უძრავი ქონება საკადასტრო კოდზე ... ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა ჰ. გ-ის სახელზე, ასევე არ დაკმაყოფილდა ჰ. მ-ას სასარჩელო მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 26 ივლისის N... და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 17 აგვისტოს N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობაზე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო უძრავი ქონების ჰ. მ-ას სახელზე დარეგისტრირების დავალების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა. გ-ის, ჰ. გ-ის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით 2018 წლის 17 სექტემბრის საოქმო განჩინებით ჰ. მ-ას უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ს. მ-ი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის განჩინებით ა. გ-ის, ჰ. გ-ის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა. გ-ის, ჰ. გ-ის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. გ-ისა და ჰ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინებით ა. გ-ისა და ჰ. გ-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) სასამართლოში წარმოდგენა. ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორების წარმომადგენელს გაეგზავნა საჩივარში მითითებულ მისამართზე. განჩინება 2019 წლის 23 ივლისს ჩაიბარა პირადად ადრესატმა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანხმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების ვადის დენა 2019 წლის 24 ივლისიდან დაიწყო და 2019 წლის 30 ივლისს (სამშაბათს) ამოიწურა. კასატორებმა ხარვეზი ამ ვადაში არ გამოასწორეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. გ-ისა და ჰ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი