გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 95-აპ 8 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),
ი. ბიბილაშვილი,
მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ გ. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც შეიცვალა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 აპრილის განაჩენი გ. კ-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 აპრილის განაჩენით გ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3, მე-5 ნაწილის ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის გ. კ-ს სასჯელი შეუმცირდეს 1 წლით და მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ? რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მასვე 2 წლით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება. იგი სასჯელს იხდის 2001წ. 12 აპრილიდან.
განაჩენით გ. კ-ს მსჯავრი დედო ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევისათვის, რამაც გამოიწვია ორი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ერთის სიცოცხლის მოსპობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2000წ. 9 სექტემბერს დაახლოებით 18 საათზე გ. კ. ავტომანქანა “ფორდ-ტაურასით” მოძრაობდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე დიღმის მიმართულებით. როდესაც იგი მიუახლოვდა ბენზინგასამართ სადგურს “იკოს”, დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონის 29-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნები, ვერ შეარჩია სათანადო სიჩქარე, საგზაო პირობების და ხილვადობის გათვალისწინებით ვერ უზრუნველყო მისი უსაფრთხო მართვა და შეეჯახა ტროტუარზე არსებულ ხეს. შეჯახების შედეგად ავტომანქანაში მჯდომი ე. რ. გარდაიცვალა, ზ. გ-მ და ლ. მ-მ მიიღეს მძიმე ხასიათის დაზიანებები.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული გ. კ. ითხოვს განაჩენის გაუქმებას და გამართლებას. საჩივარში იგი მიუთითებს, რომ არის უდანაშაულო და სასამართლომ გარდა იმისა, რომ უკანონოდ დასდო მსჯავრი, ასევე დაუნიშნა აშკარად შეუსაბამო სასჯელი.
შესაგებელ საჩივარში დაზარალებული ნ. რ. ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა გ. კ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. პ-მ მოითხოვეს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
დაზარალებულმა ნ. რ-მა მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება. სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ბ. გ-მ საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 თებერვლის განაჩენი გ. კოღუაშვილის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატა არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოტივებს განაჩენის გაუქმებისა და საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ იმ მოტივით, რომ თითქოს გ. კ-ს ბრალად შერაცხული დანაშაული არ ჩაუდენია და უკანონოდ არის მსჯავრდებული.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოწმეების: კ. ხ-ს, დ. კ-ს წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სქემით, სპეციალისტის სახით დაკითხული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უფროსი ექსპერტის თ. ჭ-ს განმარტებით, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გ. კ-ს მიერ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.
სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა რა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, მსჯავრდებულ გ. კ-ს დადებითი დახასიათება, მისი ოჯახური მდგომარეობა, დამოკიდებულება დაზარალებულების მიმართ, მას სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც არ არის მეტისმეტად მკაცრი და აშკარად უსამართლო.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 თებერვლის განაჩენი გ. კ-ს მიმართ კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების, საქმის წარმოებით შეწყვეტისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 თებერვლის განაჩენი გ. კ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.