საქმე #ბს-1122(კ-21) 16 სექტემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეების) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 8 ივნისს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 19 მარტს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შედგენილ იქნა შპს „...ის“ ...ის ამბულატორიის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში „გეგმიური ამბულატორიული მომსახურების“ მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმების შევსების მდგომარეობის 2018 წლის 19 მარტის #2018/19/03 შემოწმების აქტი, რომლის თანახმადაც, მოსარჩელის მიმართ გამოყენებული საჯარიმო სანქციების ოდენობა შეადგენს 77 858.42 ლარს, საიდანაც უკან დაბრუნებას ექვემდებარება 28034.06 ლარი, დამატებითი ფინანსური ჯარიმა კი შეადგენს 49 824.36 ლარს.
მოსარჩელის მითითებით, შემოწმების აქტის დანართებში მითითებული შემთხვევების დიდი ნაწილი ხანდაზმულია. თემატური შემოწმების აქტი მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ იქნა ადმინისტრაციული საჩივრით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის #04-156/ო ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს მიერ 2018 წლის 14 მაისს მიღებული იქნა #04/28146 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მოსარჩელის მოსაზრებით, 2018 წლის 19 მარტის #2018/19/03 თემატური შემოწმების აქტი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 14 მაისის #04/28146 გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონდმებლობას.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შპს „...ის“ ...ის ამბულატორიის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმების შევსების მდგომარეობის 2018 წლის 19 მარტის #2018/19/03 შემოწმების აქტისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 14 მაისის #04/28146 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამავე სარჩელით მოსარჩელემ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე იშუამდგომლა. კერძოდ, მოსარჩელემ სასამართლოში დავის საბოლოოდ გადაწყვეტამდე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შპს „...ის“ ...ის ამბულატორიის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმების შევსების მდგომარეობის 2018 წლის 19 მარტის #2018/19/03 შემოწმების აქტისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 14 მაისის #04/28146 გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერება მოითხოვა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განჩინებით შპს „...ის“ შუამდგომლობა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა; შეჩერდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - შპს „...ის“ ...ის ამბულატორიის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმების შევსების მდგომარეობის 2018 წლის 19 მარტის #2018/19/03 შემოწმების აქტისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 14 მაისის #04/28146 გადაწყვეტილებების მოქმედება, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 14 მაისის #04/28146 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 19 მარტის #2018/19/03 შემოწმების აქტი; ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა დაევალა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 2013 წლის 28 თებერვლიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდში შეამოწმა შპს „...ის“ ...ის ამბულატორიის მიერ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე შევსებული თანხმობის ფორმების მდგომარეობა, კანონმდებლობით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად. შემოწმება დაიწყო 2018 წლის 8 თებერვალს და დამთავრდა ამავე წლის 18 მარტს. შემოწმების შედეგად შედგენილ 2018 წლის 19 მარტის აქტში, 2013 წლის 28 თებერვლიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდის გათვალისწინებით, მითითებულ იქნა გამოვლენილი დარღვევების შესახებ.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტი არ შეიცავს დათქმას ახალი რედაქციის ნორმებისათვის უკუძალის მინიჭების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია, მოცემულ შემთხვევაში, უნდა მიენიჭებინა თუ არა ხუთწლიანი ვადის დადგენასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებაში განხორციელებული 26.10.2015წ. #522 ცვლილებისათვის უკუძალა და შესაბამისად, უნდა გავრცელებულიყო თუ არა ხუთწლიანი შემოწმების ვადა 2015 წლის 26 ოქტომბრის (ცვლილების) შემდეგ მომხდარ შემთხვევებზე, იმ პირობებში, როდესაც ნორმატიული აქტის ძველი რედაქცია, შესაბამისი კონტროლის განხორციელებასთან მიმართებით, ადგენს სამწლიან ხანდაზმულობის ვადას.
ამასთან, შემოწმების აქტის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სადავო პერიოდის შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევების ძირითადი ნაწილი უკავშირდებოდა ტექნიკურ ხარვეზებს, რომელთა არსებობის მიუხედავად, სამედიცინო დაწესებულებაში აღირიცხა არაერთი ბენეფიციარი და მათი დიდი ნაწილისათვის გაწეულ იქნა სამედიცინო მომსახურება. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მიზნების გათვალისწინებით, ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია ვალდებულება, დაასაბუთოს გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზებით გამოწვეული ისეთი ზიანის არსებობა, რომელმაც აუცილებლად უნდა წარმოშვას შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების სანქცირების საჭიროება. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, შემოწმების აქტში მხოლოდ გამოვლენილი ხარვეზების ფაქტების სახით ასახვა არ უნდა გახდეს სამედიცინო დაწესებულებისათვის თანხის დაკისრების საფუძველი.
ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას საქალაქო სასამართლომ მართებულად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლი, რამდენადაც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, მოსარჩელეს დადგენილი წესის შესაბამისად არ გაუსაჩივრებია მთავრობის #522 დადგენილება და ამდენად, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, აღნიშნული ნორმა გავრცელდა #36 დადგენილების ამოქმედებიდან არსებულ შემთხვევებზე, რომლებზეც შემთხვევების შესამოწმებლად განსაზღვრული იყო 3 კალენდარული წელი. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე სამედიცინო დაწესებულებას არც პროგრამიდან გასვლის შესახებ განაცხადით მიუმართავს ადმინისტრაციული ორგანოსათვის.
კასატორის განმარტებით, პროგრამა ამოქმედდა 2013 წლის თებერვლიდან 2015 წლის ოქტომბრამდე. კონტროლის განხორციელების ვადად განსაზღვრული იყო შემთხვევის დასრულებიდან 3 (სამი) კალენდარული წელი. შესაბამისად, 2015 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, კონტროლის, როგორც პროგრამის ფარგლებში მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების (სამედიცინო შემთხვევების) ზედამხედველობის ერთ-ერთი ეტაპის, განხორციელების ვადა სააგენტოს გააჩნდა.
კასატორი აღნიშნავს, რომ შემთხვევის დასრულებიდან 5 (ხუთი) კალენდარული წლით კონტროლის განხორციელების ვადის განსაზღვრა (ნაცვლად 3 წლისა) შეუძლებელია სამართლებრივად გაუთანაბრდეს იურიდიული პასუხისმგებლობის დამძიმებას. მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ახალი რეგულაცია არ მოქმედებს მის შემოღებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე, რომლებიც არ დასრულებულა და კვლავ გრძელდება, არ ვრცელდება საჯარო სამართლის სფეროზე. კასატორი აღნიშნავს, რომ დადგენილებაში ცვლილებით არ მომხდარა აქტისათვის ნამდვილი უკუძალის მინიჭება, ვინაიდან არ გვხვდება წარსულში მომხდარი და დასრულებული ფაქტობრივი ურთიერთობები. განსახილველ შემთხვევაში, ახალი რეგულაცია შემოწმების ვადებთან დაკავშირებით ზემოქმედებს ცვლილებამდე წარმოშობილი სამართალურთიერთობების მომავალში განვითარებაზე (ზედამხედველობის ეფექტური განხორციელება), ცვლის სამართალურთიერთობის მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს, კერძოდ, მიმწოდებლის შემოწმების ვადას ცვლილების ძალაში შესვლის მომენტიდან და არ მოითხოვს აქტში მისი მოქმედების პირობის/წესის განსაკუთრებულ აღნიშვნას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეებად განისაზღვრნენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეების) საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეების) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შპს „...ის“ ...ის ამბულატორიის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმების შევსების მდგომარეობის 2018 წლის 19 მარტის #2018/19/03 შემოწმების აქტისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 14 მაისის #04/28146 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 2013 წლის 28 თებერვლიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდში შეამოწმა შპს „...ის“ ...ის ამბულატორიის მიერ, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე შევსებული თანხმობის ფორმების მდგომარეობა, კანონმდებლობით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად. შემოწმება დაიწყო 2018 წლის 8 თებერვალს და დამთავრდა ამავე წლის 18 მარტს. შემოწმების შედეგად შედგენილ 2018 წლის 19 მარტის აქტში, 2013 წლის 28 თებერვლიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდის გათვალისწინებით, მითითებულ იქნა გამოვლენილი დარღვევების შესახებ.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი #1) 151 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევის დასრულებიდან 5 (ხუთ) კალენდარულ წელს. საყურადღებოა, რომ 2015 წლის 26 ოქტომბრის #552 ცვლილებამდე, მითითებული დანართის 151 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონტროლის განხორციელების ვადად დადგენილი იყო შემთხვევის დასრულებიდან არაუმეტეს 3 (სამი) კალენდარული წელი.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტი არ შეიცავს დათქმას ახალი რედაქციის ნორმებისათვის უკუძალის მინიჭების თაობაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადის გავრცელება დასაშვებია მხოლოდ იმ სამართლებრივ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშვა ცვლილების განხორციელების შემდგომ. მანამდე არსებულ სამართალურთიერთობებზე კი უნდა გავრცელებულიყო ძველი რედაქციით მოცემული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
რაც შეეხება გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მატერიალურ კანონიერებას, სადავო შემოწმების აქტის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სადავო პერიოდის შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევების ძირითადი ნაწილი უკავშირდება ტექნიკურ ხარვეზებს, რომელთა არსებობის მიუხედავად, სამედიცინო დაწესებულებაში აღირიცხა არაერთი ბენეფიციარი და მათი დიდი ნაწილისათვის გაწეულ იქნა სამედიცინო მომსახურება. საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მიზნებიდან გამომდინარე, სადავო საკითხთან მიმართებით, ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია ვალდებულება, დაასაბუთოს გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზებით გამოწვეული ისეთი ზიანის არსებობა, რომელმაც აუცილებლად უნდა წარმოშვას შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების სანქცირების საჭიროება. შემოწმების აქტში მხოლოდ გამოვლენილი ხარვეზების ფაქტების სახით ასახვა კი არ უნდა გახდეს სამედიცინო დაწესებულებისათვის თანხის დაკისრების საფუძველი.
შესაბამისად, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს მოცემული დავის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტას, რამდენადაც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც წარმოშობს მოპასუხისათვის ამ გარემოებათა ხელახალი შესწავლა-შეფასების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საჭიროებას. ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პროცესში, ხანდაზმულობის საკითხის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ მსგავსი კატეგორიის დავებზე ჩამოყალიბებული ერთიანი სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის #ბს-658(კ-19) განჩინებაში განვითარებული მსჯელობები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 08.12.2020წ. #08010 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, ხოლო 26.02.2021წ. #05476 საგადახდო მოთხოვნით კი - 1795.38 ლარის ოდენობით, ჯამში - 2095.38 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 1466.77 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 26.02.2021წ. #01044 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 1795.38 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 1256.77 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეების) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ოქტომბრის განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 08.12.2020წ. #08010 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარისა და 26.02.2021წ. #05476 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1795.38 ლარის ოდენობით, ჯამში - 2095.38 ლარის 70 პროცენტი - 1466.77 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 26.02.2021წ. #01044 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1795.38 ლარის 70 პროცენტი - 1256.77 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა