Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმეNბს-60(კ-21) 28 სექტემბერი, 2021 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ლ. გ-ი

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

მესამე პირები - დ. გ-ი, მ. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ლ. გ-მა 2019 წლის 14 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ და მის სახელზე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონების იძულებით საჯარო აუქციონზე გაყიდვის თაობაზე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 14 მაისის №... განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, განსახილველ საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ დ. გ-ი და მ. გ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის განჩინებით ლ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ მის საკუთრებაში არსებული ქონება აუქციონზე გასხვისდა 2018 წლის 26 დეკემბრის სანოტარო სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული დავალიანების ნებაყოფლობით გადახდის შესახებ წინადადების მისთვის ჩაბარების გარეშე, ასევე უცნობი იყო აუქციონის ჩატარების თარიღი, ქონების შეფასებისა და მისი დაყადაღების შესახებ ინფორმაცია, შესაბამისად, გასაჩივრებული განკარგულება გამოცემულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რაც მისი ბათილად ცნობის წინაპირობაა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მარტის განჩინებით ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა, ვინაიდან საქმეზე გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნიდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევის დადგენის წინაპირობებს.

საქმის მასალების მიხედვით დადასტურებულია, რომ ლ. გ-სა და დ. გ-ს შორის 2018 წლის 14 ივნისს დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დ. გ-ისა და მ. გ-ის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ბინა 2019 წლის 14 მაისის №... სადავო განკარგულებით საჯარო აუქციონზე შეიძინა დ. გ-მა. მოცემულ საქმეზე, სადავოა ზემოაღნიშნული აქტის კანონიერება იმ საფუძვლით, რომ მოვალე არ იყო ინფორმირებული სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, აქედან გამომდინარე, უნდა შემოწმდეს აღნიშნული განკარგულების შესაბამისობა მისი გამოცემისათვის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ წესსა და პირობებთან.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამავე ნორმით მოწესრიგებულია სააღსრულებო ბიუროს მიერ განსახორციელებელი პროცედურები, კერძოდ, მე-7 პუნქტი ითვალისწინებს სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ მოვალის ინფორმირებას, სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში. მოვალის ინფორმირება მოიცავს მისთვის უფლება - მოვალეობების, მათ შორის, წინადადების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი დაკისრების შესახებ განმარტებას. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. თავის მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი და ის ჩაბარებულად მიიჩნევა თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში ჩაბარება ხდება ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. რაც შეეხება იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დროისა და ადგილის შესახებ მოვალის დამატებით ინფორმირებას, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, ამგვარი ინფორმაცია დამატებით არ ეცნობება და მხარეს უფლება გააჩნდა იგი მოეძიებინა საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის მეშვეობით წერილში მითითებული რეგისტრაციის ნომრისა და ინდივიდუალური კოდის გამოყენებით.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ იპოთეკის საგნის - ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე N7 ბინის (საკადასტრო კოდი ...), რეალიზაციასთან დაკავშირებით სააღსრულებო წარმოება დაიწყო 2019 წლის 9 იანვარს კრედიტორების მიერ განცხადებით წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის (26.12.2018წ. N181563654) საფუძველზე. კანონით დადგენილ 5 - დღიან ვადაში, 2019 წლის 11 იანვარს ს...ით ლ. გ-ს გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, მისი ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში. აღნიშნული შეტყობინებით მოვალე ლ. გ-ს ეცნობა სრული ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებულ NA19002509 საქმეზე, ასევე განემარტა, რომ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში მოვალის მიმართ განხორციელდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები - აღწერა, დაყადაღება, შეფასება და ქონებაზე ყადაღის დადებიდან ერთი თვის ვადაში ჩატარდებოდა პირველი იძულებითი აუქციონი, აღსრულების ღონისძიებების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობებოდა. „წინადადებასთან“ ერთად ადრესატს გაეგზავნა „დანართი ინფორმაცია სააღსრულებო წარმოების მხარეთა უფლებების და სააღსრულებო წარმოების განხორციელების პროცედურების შესახებ“. ს...ის 2019 წლის 14 იანვრის შეტყობინების თანახმად, აღნიშნული გზავნილი ლ. გ-ს ვერ ჩაჰბარდა მისამართზე არყოფნის გამო. საქმეში წარმოდგენილი შპს ,,ს...ის“ უკუგზავნილით (ს.ფ. 133; ტ-I) დადასტურებულია, რომ 2019 წლის 28 იანვარს განმეორებით გაგზავნილი შეტყობინება მოვალეს ჩაჰბარდა პირადად, 2019 წლის 30 იანვარს, 15:49 საათზე. მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ვინაიდან განკარგულების გამოცემამდე მოვალისათვის ცნობილი იყო სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისა და მისი შედეგების შესახებ, საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს საკასაციო პრეტენზიას კასატორის არაინფორმირებულობასთან დაკავშირებით, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ წარადგინა წინადადების ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულების გამაბათილებელი სხვა სათანადო მტკიცებულება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში კასატორის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ლაშა გაფრინდაშვილს შეტყობინება ჩაჰბარდა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. ამდენად, პალატამ დაასკვნა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 14 მაისის №... განკარგულება გამოცემულ იქნა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, რაც გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე მისი ბათილად ცნობისა და სარჩელის საფუძვლიანად მიჩნევის შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, ლ. გ-ის საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის განჩინება;

3. კასატორს - ლ. გ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 09.03.2021 წელს ა. გ-ას (პ/ნ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა