Facebook Twitter

საქმე № ბს-1320(კ-19) 13 სექტემბერი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.07.2019წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 14.03.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე დ. ა-ის მიმართ სახელმწიფო ბიუჯეტში 25 293,24 ლარის დაბრუნების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.09.2017წ. განჩინებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.2017წ. გადაწყვეტილებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.07.2019წ. განჩინებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.2017წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები. პალატამ დადგენილად მიიჩნია დ. ა-ის გერმანიაში, ...ის უნივერსიტეტში სწავლის ფაქტი. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ უსაფუძვლოა ხანდაზმულობის ვადის ათვლის დაკავშირება სამინისტროს მიერ დ. ა-ისთვის დიპლომის წარმოდგენის შესახებ მოთხოვნის მომენტთან (11.07.2014წ.). პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ დ. ა-თან 06.08.2009წ. და 08.07.2010წ. დადებული „გრანტის შესახებ“ ხელშეკრულებების მოქმედება მოიცავდა 2009-2011 სასწავლო წლების პერიოდს, რა დროშიც უნდა დასრულებულიყო საგრანტო თანხის გაცემა, ხოლო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ იქნა 14.03.2016წ., მოთხოვნის წარმოშობიდან სამი წლის გასვლის შემდგომ, რაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველია. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ.

კასატორის მოსაზრებით, უსაფუძვლოა ხანდაზმულობის ვადის ათვლის სასწავლო პერიოდთან დაკავშირება იმის გათვალსწინებით, რომ 06.08.2009წ. და 08.07.2010წ. დადებული „გრანტის შესახებ“ ხელშეკრულებების მოქმედების კონკრეტული ვადა ამავე ხელშეკრულებებით არ იყო განსაზღვრული და მოქმედებდა მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებლებების სრულ შესრულებამდე. კასატორი აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც დ. ა-მა 11.07.2014წ. არ შეასრულა 08.07.2010წ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, არ წარმოადგინა სწავლის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი, სამინისტრომ ცალმხრივად შეწყვიტა მასთან ხელშეკრულება და სწორედ ამ დროიდან იწყება ხანდაზმულობის ვადის ათვლა. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ სამინისტრომ სასამართლოს მიმართა კანონმდებლობით დადგენილ სამწლიან ვადაში (14.03.2016წ.). კასატორის მოსაზრებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებია სასკ-ის 34.3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი მიუთითებს აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს მიერ სსკ-ის 105-ე მუხლის დარღვევაზე და აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ გამოუკვლევია საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.07.2021წ. განჩინებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების მოსაზრებით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს („საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის მეორე პუნქტში 18.03.2021წ. №335 კანონით შეტანილი ცვლილების თანახმად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლე არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო) მითითებას ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს (სკ-ის 129.1 მუხ), ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ (სკ-ის 130.1). მოცემულ შემთხვევაში, სსიპ განვითარებისა და რეფორმების ფონდსა და დ. ა-ს შორის 06.08.2009წ. დადებული „გრანტის შესახებ“ ხელშეკრულება ითვალისწინებდა „სასწავლო - სამაგისტრო პროგრამა 2009-2010-ის“ ფარგლებში დ. ა-ისთვის გრანტის სახით 7 200 ევროს უსასყიდლოდ გადაცემას გერმანიაში, ...ის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად (ს.ფ.21-23), ხოლო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და დ. ა-ს შორის 08.07.2010წ. დადებული ხელშეკრულება - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში დ. ა-ისთვის გრანტის სახით 7 200 ევროს უსასიდლოდ გადაცემას გერმანიაში, ...ის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე 2010-2011 სასწავლო წლის 2 (ორი) სემესტრის მანძილზე ყოფითი ხარჯების ასანაზღაურებლად (ს.ფ.28-33). ამდენად, კასატორის მიერ დ. ა-ისთვის საგრანტო თანხის გაცემა მოიცავდა 2009-2011 სასწავლო წლების პერიოდს. 2011 (სასწავლო) წლის შემდეგ მხარეთა შორის შეწყდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ათვლა, რა პერიოდშიც კასატორს დ. ა-ის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის დარღვევის, კერძოდ, დიპლომის წარუდგენლობის გამო მოთხოვნა არ წარმოუდგენია. მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტას ადასტურებს აგრეთვე ის გარემოებაც, რომ გრანტის გაცემა ხდებოდა გრანტის მიმღების (დ. ა-ი) წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო დ. ა-ს კასატორისთვის ასეთი წერილობითი მოთხოვნა 09.08.2010წ. შემდეგ არ წარუდგენია. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქმის მასალებით დასტურდება დ. ა-ის მიერ გრანტის სახით მიღებული თანხის მიზნობრივად ხარჯვა (ს.ფ. 78-84). კასატორი დ. ა-ის მიმართ მოთხოვნას არასწორად უკავშირებს სამინისტროს მიერ დ. ა-ისთვის დიპლომის წარმოდგენის შესახებ მოთხოვნას (11.07.2014წ.). საფუძველსაა მოკლებული ხანდაზმულობის ვადის ათვლა დ. ა-ის მიერ დიპლომის წარმოდგენაზე უარის თქმის მომენტიდან (2014წ.). საქმის მასალების მიხედვით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ იქნა 14.03.2016წ., მოთხოვნის წარმოშობიდან სამი წლის გასვლის შემდგომ, რის შედეგად სამინისტრომ დაკარგა მოთხოვნის იძულებითი აღსრულების უფლება დ. ა-ის მიმართ. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას სამინისტროს სარჩელის ხანდაზმულობის გამო მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადა არის პერიოდი, რომლის განმავლობაში უფლებამოსილ სუბიექტს შეუძლია მოახდინოს თავისი მოთხოვნის იძულებითი რეალიზაცია, რადგან ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირმა, რომლის უფლებაც დაირღვა, შეიძლება მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ვადაში იგულისხმება დროის განსაზღვრული პერიოდი, რომელსაც კანონმდებელი უკავშირებს ამა თუ იმ იურიდიული შედეგის დადგომას. თავისი ბუნებით ვადა იურიდიული ფაქტია, რომლის დადგომა ან გასვლა იწვევს უფლებისა და ვალდებულების წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას. სასამართლოსთვის ხანდაზმულობის ვადის გაცდენით მიმართვა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური თვალსაზრისით და ქმნის სარჩელის უარყოფის საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.07.2019წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი