Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 97-დად 8 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),

ნ. გვენეტაძე,

ი. ბიბილაშვილი

განიხილა ინვალიდ ბავშვთა დახმარების ასოციაციის თერჯოლის ორგანიზაციის თავმჯდომარის ზ. ჩ-ს კერძო საკასაციო საჩივარი გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ე. ბიძინაშვილის 2003წ. 21 მარტის ბრძანებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული საგამოძიებო სამსახურის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე ¹0103006 მ. ნ-ს მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით. მ. -ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება და მასზე ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული საქმის გარემოებები მდგომარეობს შემდეგში:

სურდა რა თავისი კუთვნილი “ფორდ-ტრანზიტის” მარკის მიკროავტობუსის გაყიდვა, მოქალაქე ა. გ-მა 2002წ. 24 მარტს ავტომანქანების ბაზრობაზე გაიცნო მ. ნ., რომელსაც შეუთანხმა, რომ 4000 აშშ დოლარად მიჰყიდდა აღნიშნულ ავტომანქანას. მეორე დღეს მ. ნ-მ, ნაცვლად 4000 დოლარისა, ა. გ-ს გადასცა 1000 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენის მიცემას დაჰპირდა უახლოესი დღეებისათვის.

მიიღო რა თავის მფლობელობაში მიკროავტობუსი “ფორდ-ტრანზიტი” ¹512, მ. ნ-ს ინიციატივით იმავე დღეს სანოტარო ბიუროში გაფორმდა გენერალური მინდობილობა, რომლითაც ა. გ. ხსენებული ავტომანქანის განკარგვის უფლებას აძლევდა ვინმე გ. გ-ს. 2002წ. 26 სექტემბერს გ. გ-მა, თავის მხრივ, ავტომანქანა “ფორდ-ტრანზიტი” ¹512 მიჰყიდა ინვალიდ ბავშვთა დახმარების ასოციაციის თერჯოლის ორგანიზაციას 7614 ლარად, ხოლო ავტომანქანას მიეცა სატრანზიტო ნომერი ........ გ. გ-ისაგან ავტომანქანის შეძენა მოხდა საერთაშორისო ორგანიზაცია “ამქორის” საქართველოს წარმომადგენლობის მეშვეობით.

შემდგომში მ. ნ-მ აღარ გადაუხადა დანაპირები თანხა ა. გ-ს, ნაცვლად ამისა, 2002წ. 17 ივლისს სანოტარო წესით მასთან გააფორმა სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მას ა. გ-ს ემართა 2800 აშშ დოლარი. ამ ხელშეკრულების დადების შემდეგ მ. . საერთოდ აღარ გამოჩენილა, რის გამოც ა. გ-მა მიმართა საგამოძიებო ორგანოებს, ხოლო აღნიშნული ფაქტების საფუძველზე მ. ნ-ს მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 2003წ. 8 იანვარს, რომლის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის თაობაზე დადგენილება გამოტანილ იქნა 2003წ. 6 აპრილს. 2003წ. 8 აპრილს მ. ნ-ს მიმართ გაიცა მოსამართლის ბრძანება დაპატიმრების თაობაზე და იმავე დღეს გამოცხადდა მისი ძებნა.

2003წ. 20 მარტს გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგამოძიებო სამსახურმა შუამდგომლობით მიმართა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ინვალიდ ბავშვთა დახმარების ასოციაციის თერჯოლის ორგანიზაციის მფლობელობაში არსებულ ავტომანქანაზე _ “ფორდ-ტრანზიტი”, სატრანზიტო ¹4162 _ ყადაღის დადება დაზარალებულ ა. გ-სათვის მ. ნ-ს ქმედებით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად.

გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და 2003წ. 21 მარტს გასცა ბრძანება, რომლითაც ყადაღა დაედო სადავო ავტომანქანას, ხოლო ბრძანების შესრულება დაევალა თერჯოლის რაიონის საგზაო პოლიციის განყოფილებასა და გამომძიებელს, რომელმაც აღძრა სისხლის სამართლის საქმე მ. ნ-ს მიმართ.

აღნიშნული სასამართლო ბრძანების საფუძველზე 2003წ. 29 მარტს შედგა ოქმი ავტომანქანაზე ყადაღის დადებისა და მისი დალუქვის შესახებ.

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 21 მარტის ბრძანების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას კერძო საკასაციო საჩივრით მიმართა ინვალიდ ბავშვთა დახმარების ასოციაციის თერჯოლის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზ. ჩ-მ, რომლითაც ითხოვს მის გაუქმებასა და ორგანიზაციის კუთვნილ ავტომანქანაზე ყადაღის მოხსნას.

საკასაციო განხილვაში მონაწილე პროკურორი ბ. გ. მხარს არ უჭერს საჩივარს და ითხოვს სასამართლო ბრძანების უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ, მოუსმინა რა პროკურორს და შეისწავლა საქმის მასალები, მიიჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 190-ე მუხლის თანახმად ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა თუ განსასჯელის, ანდა მათი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ქონებას. იმ დროს, როდესაც გამოძიებამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, ხოლო ამ შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრძანება გასცა ავტომანქანაზე ყადაღის დადების შესახებ, მ. ნ. ჯერ კიდევ არ იყო ბრალდებული და არც ეჭვმიტანილად ცნობის თაობაზე ყოფილა დადგენილება გამოტანილი. ამასთანავე, ავტომანქანა, რომელსაც ყადაღა დაედო სასამართლო ბრძანებით, უკვე აღარ წარმოადგენდა მ. ნ-ს საკუთრებას, ხოლო ინვალიდ ბავშვთა დახმარების ასოციაციის თერჯოლის ორგანიზაცია კი, რომლის კანონიერ მფლობელობაშიც იმყოფებოდა ავტომანქანა, არ წარმოადგენდა მ. ნ-ის მოქმედებაზე მატერიალურად პასუხისმგებელ პირს.

გარდა ამისა, საქართველოს სსსკ-ის 193-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შეტანილი შუამდგომლობის განხილვა და შესაბამისი სასამართლო ბრძანების გაცემა ხორციელდება სსსკ-ის 140-ე მუხლით დადგენილი წესების შესაბამისად, ხოლო ამ მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით სასამართლოს მიერ ასეთი შუამდგომლობის განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომლის ქონებაზე ყადაღის დასადებად არის შეტანილი შუამდგომლობა. ეს ნიშნავს, რომ გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლო ვალდებული იყო, დროულად ეცნობებინა ინვალიდ ბავშვთა დახმარების ასოციაციის თერჯოლის ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლებისათვის შუამდგომლობის შეტანის შესახებ, აგრეთვე სასამართლო სხდომის ზუსტი დრო და ადგილი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მხარეს ასეთი შეტყობინება არ გაგზავნია, ხოლო სასამართლო განხილვაში მხოლოდ პროკურორი მონაწილეობდა.

საპროცესო კანონის მოთხოვნა დაირღვა აგრეთვე სასამართლო ბრძანების გაცემის შემდეგ, ქონებაზე ყადაღის აღსრულებისას, როდესაც ლუქი დაედო ავტომანქანა “ფორდ-ტრანზიტს”. საქმე ისაა, რომ სსსკ-ის 191-ე მუხლის თანახმად გაცემული სასამართლო ბრძანებით მფლობელს ეკრძალებოდა ავტომანქანის გასხვისება, ხოლო მისი დალუქვა შეიძლებოდა მხოლოდ მაშინ, თუკი მფლობელს იმავე ბრძანებით აეკრძალებოდა ავტომანქანით სარგებლობაც, მაგრამ ბრძანებაში ასეთი აკრძალვა არ ყოფილა. ასე, რომ ინვალიდ ბავშვთა დახმარების ასოციაციის თერჯოლის ორგანიზაციას, უკანონოდ დაყადაღებასთან ერთად, უკანონოდ შეეზღუდა თავისი ქონებით სარგებლობის უფლებაც.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგამოძიებო სამსახურის შუამდგომლობის განხილვისას, მის საფუძველზე ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2003წ. 21 მარტს გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს მიერ ბრძანების გაცემისას და ამ ბრძანების აღსრულებისას არ შესრულდა საქართველოს სსსკ-ის 140-ე, 190-ე, 191-ე და 193-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნები, რითაც დაირღვა კასატორი ორგანიზაციის უფლებები და კანონიერი ინტერესები, რის გამოც აღნიშნული სასამართლო ბრძანება უნდა გაუქმდეს, ხოლო ამჟამად ინვალიდ ბავშვთა დახმარების ასოციაციის თერჯოლის ორგანიზაციის კუთვნილ ავტომანქანა “ფორდ-ტრანზიტ” ¹4162-ს უნდა მოეხსნას ყადაღა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 140-ე, 190-ე, 191-ე, 193-ე და 243-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კასატორ ზ. -ს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003 ნწლის 21 მარტის ბრძანება ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელ გ. მ-ს შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და ქ. თერჯოლაში, ...... ქ. ¹19-ში მდებარე ინვალიდ ბავშვთა დახმარების ასოციაციის თერჯოლის ორგანიზაციის მფლობელობაში არსებულ ავტომანქანაზე “ფორდ-ტრანზიტი” ¹......., ყადაღის დადების შესახებ.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.