გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 98-აპ 13 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),
ი. ბიბილაშვილი,
მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულების _ უ. ა-სა და ა. კ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც უ. ა. და ა. კ. ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” პუნქტებით, იმავე მუხლის მესამე ნაწილის “გ” პუნქტით და მიესაჯათ: პირველს _ სამი წლით, ხოლო მეორეს _ სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
უ. ა-ს საკასაციო საჩივარი ითხოვს შეფარდებული სასჯელის პირობითად ჩათვლას, ხოლო _ ა. კ-ს საჩივარი _ ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლასა და არასაპატიმრო სასჯელის განსაზღვრას.
იმავე განაჩენით სამი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულნი არიან რ. ლ., დ. გ. და ნ. ხ., რომლებიც განაჩენს არ ასაჩივრებენ.
უ. ა-ს აღმკვეთ ღონისძიებად შეფარდებული აქვს შინა პატიმრობა, ა. კ-ს _ პოლიციის ზედამხედველობა.
აღწერილობითი ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენის მიხედვით დადგენილად არის მიჩნეული შემდეგი:
2002წ. 12 იანვარს, საღამოს საათებში, რ. ლ., დ. გ., ნ. ხ., უ. ა. და ა. კ. შეთანხმდნენ გაექურდათ ადიგენის რაიონის სოფელ ......ში მდებარე გ. ყ-ს კუთვნილი მაღაზია. ამ მიზნით ისინი იმავე დღეს, დაახლოებით 23 საათზე ა. კ-ს კუთვნილი ავტომანქანა “ჟიგულით” გაემგზავრნენ სოფელ ......ში, მანქანა გააჩერეს მაღაზიის ქვემოთ, გზაზე. მანქანაში დარჩა ა. კ.. უ. ა-მა ა. კ-ს მიერ მიწოდებული ძალაყინით გატეხა მაღაზიის საკეტები, რის შემდეგაც შეაღწიეს შიგ და მოიპარეს იქ არსებული სურსათი. მოპარული სურსათი ოთხივემ ნაწილ-ნაწილ მიიტანეს და ჩააწყვეს ა/მანქანაში, რომლის საბარგული თვითონ ა. კ-მა გააღო. ნაქურდალი ნივთები და პროდუქტები იმავე ავტომანქანით გადაიტანეს ახალციხეში, რ. ლ-ს დროებით საცხოვრებელ ბინაში, სადაც უმეტესი ნაწილი გაინაწილეს თანაბრად, ხოლო ნაწილი, დაახლოებით 100 ლარის ღირებულების პროდუქტი მიჰყიდეს შ. ა-ს, რომლისთვისაც ცნობილი არ იყო ჩადენილი დანაშაულის შესახებ. ამ დანაშაულით გ. ყ-ს მიაყენეს 1057 ლარის მატერიალური ზიანი.
2002წ. 30 იანვარს, დაახლოებით 01 საათზე, რ. ლ-მ, დ. გ-მა, ნ. ხ-მ და ა. კ-მა ამ უკანასკნელის ა/მანქანა გააჩერეს ახალციხეში, ნათენაძის პარალელურ ქუჩაზე. ა. კ. დარჩა მანქანაში, ხოლო რ. ლ-მ, ნ. ხ-მ და დ. გ-მა ქანჩით, რომელიც ა. კ-ს ა/მანქანიდან ამოიღეს, ი. კ-ს კუთვნილ ა/მანქანას მოხსნეს ორი საბურავი და ჩააწყვეს ა. კ-ს მანქანაში. მოპარული საბურავები, დილით, 60 ლარად მიყიდეს მოქალაქე ი. ა-ს და აღებული თანხა გაინაწილეს თანაბრად. აღნიშნული დანაშაულით ი. კ-ს მიაყენეს 118 ლარის მატერიალური ზარალი.
2002წ. 3 თებერვალს რ. ლ., ნ. ხ., დ. გ. და ა. კ. მანქანით მივიდნენ ქ. ახალციხეში, ბარათაშვილის ქუჩაზე. ა. კ. დარჩა მანქანაში, ხოლო დანარჩენები მივიდნენ კოსტავას ქუჩაზე გაჩერებულ ფრიდონ ნადიბაიძის კუთვნილ “ჟიგულის” მარკის ა/მანქანასთან, საიდანაც ამოიღეს 40 ლარად ღირებული დენის წყარო და 120 ლარად ღირებული მაგნიტოფონი. მაგნიტოფონი აჩუქეს ა. კ-ს, ხოლო დენის წყარო ა. კ-მა 25 ლარად გაყიდა მეორე დღეს. აღებული თანხა ურთიერთშორის გაინაწილეს.
რ. ლ., დ. გ., ნ. ხ., უ. ა. და ა. კ. შეთანხმდნენ გაექურდათ სოფელ ......ში მდებარე გ. ზ-ს კუთვნილი მაღაზია. ამ მიზნით უ. ა-მა შეიძინა ლითონის გადასაჭრელი ხერხის პირი. ა. კ-მა კი თავისი სახლიდან წაიღო ხერხის სახელური და 2002წ. 13 თებერვალს, დაახლოებით 23 საათზე, ა. კ-ს მანქანით გაემგზავრნენ ადიგენის რაიონის სოფელ ..ში. მანქანა გააჩერეს მაღაზიიდან 50 მეტრის დაშორებით, სადაც დარჩა ა. კ.. რ. ლ-მ და უ. ა-მა ხერხით გადაჭრეს მაღაზიის კარის ერთი ბოქლომი, მეორე ბოქლომი კი მოტეხეს ძალაყინით და შეაღწიეს მაღაზიაში, საიდანაც მოიპარეს 2100 ლარის ღირებულების პროდუქტები. ნაქურდალი ნივთები და სურსათი ა. კ-ს ავტომანქანით გადაიტანეს ქ. ახალციხეში, უ. ა-ს ბინაში და გაინაწილეს.
უ. ა-ს საკასაციო საჩივარი პირობითი სასჯელის გამოყენების საფუძვლად მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:
მსჯავრდებული ადრე არ არის ნასამართლევი, მონაწილეობდა ქურდობის მხოლოდ ორ ეპიზოდში, დანაშაული ჩაიდინა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, რაც აღიარა და მოინანია, კმაყოფაზე ჰყავს ფეხმძიმე მეუღლე, მცირეწლოვანი შვილი და ინვალიდი მამა, ამ დანაშაულთა ჩადენის შემდეგ ცდილობს პატიოსანი ქცევით და ალალი შრომით დაამტკიცოს, რომ გამოსწორების გზაზე დგას.
ა. კ-ს საკასაციო საჩივარი თვლის, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია არა ქურდობა, არამედ დანაშაულის დაფარვა. ის აღიარებს და ინანიებს ამ ქმედებას. არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების საფუძვლად მიიჩნევს იმას, რომ წინათ არ არის ნასამართლევი, განიცდის ეკონომიკურ გაჭირვებას, კმაყოფაზე ჰყავს დედა და ხასიათდება დადებითად.
პალატის სხდომაზე პროკურორმა ბ. გ-მ მხარი არ დაუჭირა საჩივართა მოთხოვნას და იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, განაჩენის კანონიერება, გააანალიზა საკასაციო საჩივართა საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით.
მსჯავრდებულების: უ. ა-ა და ა. კ-ს ბრალეულობა მათზე შერაცხულ დანაშაულში უდავოდ დადგენილია და არავითარ ეჭვს არ იწვევს.
სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გამოკვლეულ მტკიცებულებებს და დაადგინა კანონიერი და სამართლიანი განაჩენი როგორც კასატორების, ასევე სხვა მსჯავრდებულთა მიმართ.
მსჯავრდებულ ა. კ-ს საკასაციო საჩივარში გატარებული მოსაზრება, რომ მან ჩაიდინა სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვა და არა ქურდობები, სრულიად უსაფუძვლოა. საქმის მასალებით მთლიანად დადგენილია, რომ ა. კ. იყო სხვა მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი ოთხი ქურდობის თანამონაწილე. პალატას მიაჩნია, რომ, მართალია, ა. კ-ს უშუალოდ არ შეუღწევია დამნაშავეთა ჯგუფის მიერ გაქურდულ მაღაზიებში, მაგრამ ვინაიდან მისთვის წინასწარ ცნობილი იყო, რომ დანარჩენ თანამონაწილეებს ქურდობა საცავში შეღწევით უნდა ჩაედინათ და ამ განზრახვის შესრულებაში ეხმარებოდა, მის მიმართაც დანაშულის კვალიფიკაცია განაჩენით სწორად არის განსაზღვრული.
სასჯელთა დადგენის დროს სასამართლო პალატამ გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ყველა გარემოება და კასატორებს შეფარდებული აქვთ კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი, რომელთა კიდევ უფრო შემსუბუქების ან პირობითი სასჯელის გამოყენების არავითარი საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 თებერვლის განაჩენი უ. ა-ს, ა. კ-ს და სხვათა მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.