Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 99-აპ 1 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),

ნ. გვენეტაძე,

მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულ ი. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ.ლ-სა და მსჯავრდებულ შ. შ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 მარტის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 სექტემბრის განაჩენით ი. ჩ. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა; სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება მოეხსნა, როგორც ზედმეტად წარდგენილი; სსკ-ის 92-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960წ. კოდექსი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებზე. ი. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით _ თავისუფლების აღკვეთა 2 წლით; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით _ 2 წლით; 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით _ 4 წლით; 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით _ 7 წლით. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

შ. შ. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. შ. შუბლაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით _ თავისუფლების აღკვეთა 2 წლით; 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით _ 4 წლით; 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით _ 7 წლით. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 მარტის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს განაჩენში შეტანილ იქნა შემდეგი ცვლილება: შ. შ-ს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

განაჩენით ი.ჩ-სა და შ.შ-ს მსჯავრი დაედოთ შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის:

2000წ. 15 იანვარს “თბილისი-ზუგდიდის” მატარებლის ¹14 კუპირებულ ვაგონში მთვრალი ი. ჩ., სხვა პირთან წინასწარი შეთანხმებით, ზუგდიდის რკინიგზის სადგურზე მატარებლის დგომისას, ფარულად დაეუფლა ამავე ვაგონის კუპის მძინარე მგზავრის ზ. ბ-ს კუთვნილ ნივთებს: 30 ლარად ღირებულ ერთ წყვილ ფეხსაცმელსა და 150 ლარად ღირებულ ტყავის ქურთუკს, სულ 180 ლარის ქონებას, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

2001წ. 11 თებერვალს, დაახლოებით 22 საათზე, ი. ჩ-მ და შ. შ-მ, მთვრალებმა, წინასწარი შეთანხმებით, უკანონოდ შეაღწიეს სამტრედიის რაიონის სოფ. ვაზისუბანში ლ. შ-ს საკარმიდამო ნაკვეთში მდებარე საქათმეში, საიდანაც ფარულად დაეუფლნენ ოთხ ქათამს, თითოეულს ღირებულს 7 ლარად, სულ 28 ლარის ქონებას. ამის შემდეგ უკანონოდ შეაღწიეს ლ.შ-ს საცხოვრებელ ბინაშიც, საიდანაც ფარულად დაეუფლნენ 300 ლარად ღირებულ 100 მეტრ კაბელს, ე.ი. სულ ფარულად დაეუფლნენ 328 ლარის ღირებულების ქონებას, რითაც დაზარალებულს მიაყენეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. მათვე იმავე ღამით ლ.შ-ს მოძრავი ნივთების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ლ. შ-სა და მის შვილზე _ მ. ბ-ზე, მათი სოცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, განახორციელეს ყაჩაღური თავდასხმა, უკანონოდ შეაღწიეს სამზარეულოში, მაგრამ ვერ მოძებნეს მათთვის სასურველი ძვირფასეულობა; ძალადობის მომენტში, თავში ხელკეტის ჩარტყმით, ლ.შ-ს მიაყენა სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

მსჯავრდებულ ი.ჩიქობავას ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ.ლ. საკასაციო საჩივრით ითხოვს ი.ჩ-ს მიმართ განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ მას არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.

მსჯავრდებული შ.შ. საკასაციო საჩივრით ითხოვს მის მიმართ განაჩენის გაუქმებას და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ ლ.შ-ს ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა არ ჩაუდენია.

პროკურორი ე.ქ. არ ეთანხმება საკასაციო საჩივრების მოთხოვნას და ითხოვს ი.ჩ-სა და შ.შ-ს მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრების მოტივები, თვლის, რომ საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უდავოდაა დადასტურებული, რომ 2001წ. 11 თებერვალს, დაახლოებით 22 საათზე, ი.ჩ-მ და შ.შ-მ, მთვრალებმა, წინასწარი შეთანხმებით, უკანონოდ შეაღწიეს სამტრედიის რაიონის სოფელ ვაზისუბანში, ლ.შ-ს საკარმიდამო ნაკვეთში მდებარე საქათმეში, საიდანაც ფარულად დაეუფლნენ ოთხ ქათამს, თითოეულს ღირებულს 7 ლარად, ე.ი. სულ 28 ლარის ქონებას. ამის შემდეგ უკანონოდ შეაღწიეს ლ.შ-ს საცხოვრებელ ბინაშიც, სადაც ფარულად დაეუფლენ 300 ლარად ღირებულ 100 მეტრ კაბელს, ე.ი. სულ დაეუფლენ 328 ლარის ღირებულების ქონებას, რითაც დაზარალებულს მიაყენეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია, რომ იმავე ღამით ი.ჩ-მ და შ.შ-მ უკანონოდ შეაღწიეს ლ.შ-ს სამზარეულოში, რა დროსაც ამ უკანასკნელს თავში ხელკეტის ჩარტყმით მიაყენეს სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება. საქმეში მოთავსებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ლ.შ-ს თავის არეში მიყენებული ჰქონდა დაზიანება ტვინის მძიმე ფორმის შერყევით, რაც მიეკუთვნებოდა სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანების კატეგორიას, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ი.ჩ-სა და შ.შ-ს ქმედებები სასამართლოს მიერ სწორადაა დაკვალიფიცირებული.

პალატას მიაჩნია, რომ საჩივრების მოტივები ზოგიერთი პროცესუალური კანონის დარღვევის თაობაზე არ არის არსებითი ხასიათის და ისინი არ შეიძლება გახდეს განაჩენის გაუქმებისა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის საფუძველი.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ი.ჩ. და შ.შ. ადრე ნასამართლევი არ არიან, ი.ჩ-ს კმაყოფაზე ჰყავს ერთი მცირეწლოვანი შვილი, ხოლო შ.შ-ს _ მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, არა აქვს საცხოვრებელი სახლი და დროებით ცხოვრობს საჯავახოს მეცხოველეობის ფერმის სათავსოში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მათ მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გამოყენებულ უნდა იქნეს სსკ-ის 55-ე მუხლი, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დაენიშნოთ ამ მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი და შეეფარდოთ 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ, მართალია, საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის განაჩენში მსჯავრდებულთა მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრისას სწორადაა მითითებული სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპზე, მაგრამ რეალურად მსჯავრდებულთათვის სასჯელი შეფარდებულია სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით. აღნიშნულ უზუსტობას სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარე, რის გამოც პალატა მასზე ვერ იმსჯელებს.

ამდენად, სასჯელთა ერთობლიობით ი.ჩ-სა და შ.შ-ს საბოლოოდ უნდა განესაზღვროთ 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 562-ე, 565-ე და 568-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 მარტის განაჩენი შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ ი. ჩ-სა და შ. შ-ეს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის შეეფარდოთ 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საბოლოოდ ი. ჩ-სა და შ. შ-ს განესაზღვროთ 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.