გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 99-დად 20 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),
ი. ბიბილაშვილი,
მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ კ. ა-ს კერძო საკასაციო საჩივარი კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 მარტის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 მარტის განაჩენით კ. ა-ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 379-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით ერთობლივად მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2001წ. 18 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 31 დეკემბრის განკარგულებით კ. ა-ს შეწყალების წესით გაუნახევრდა მოსახდელად დარჩენილი სასჯელი _ 2 წელი, 6 თვე და 17 დღე. მას მოსახდელად დარჩა 1 წელი, 3 თვე და 6 დღე.
2003წ. 13 მარტს მსჯავრდებულმა შუამდგომლობით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ, რაც 18 მარტს არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
კერძო საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ითხოვს სასამართლო დადგენილების შეცვლას და პირობით ვადამდე განთავისუფლებას დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ო. რ-მ კერძო საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა სასამართლო დადგენილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, მსჯავრდებულის პირადი საქმე, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია, თვლის, რომ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 მარტის დადგენილება კ. ა-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
პალატა ეთანხმება სასამართლო დადგენილებას კ. ა-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, რასაც საფუძვლად დაედო ის, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წარმოდგენილ დახასიათებაში მითითებული არ იყო მსჯავრდებულის პიროვნების მახასიათებელი დადებითი გარემოებები. სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ 2003წ. 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების წესით მას გაუნახევრა სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 წელი, 6 თვე და 17 დღე.
პალატა თვლის, რომ სასამართლოს დადგენილება კ. ა-ს მიმართ დასაბუთებულია და არ არსებობს მისი შეცვლისა და კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 მარტის დადგენილება, რომლითაც კ. ა-ს უარი ეთქვა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე, დარჩეს უცვლელად.