Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-676(კ-21) 28 სექტემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. ფ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება

აღწერილობითი ნაწილი

ნ. ფ-მა 2020 წლის 10 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის შეჩერების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 29 ივნისის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ნ. ფ-ისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ ამავე სააგენტოს 2018 წლის 24 ივლისის აქტის ბათილად ცნობა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ნ. ფ-ისათვის 2015 წლის ივლისიდან მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 13 ნოემბრის N04/24009 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის 2015 წლის ივლისიდან 2020 წლის აგვისტოს ჩათვლით მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2015 წლის ივლისიდან მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 13 ნოემბრის N04/24009 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, პენსიის შეჩერების შესახებ 2015 წლის 29 ივნისის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, პენსიის შეწყვეტის შესახებ მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 24 ივლისის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხეს დაევალა ნ. ფ-ისათვის 2015 წლის ივლისიდან 2020 წლის აგვისტოს ჩათვლით მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, ვინაიდან ნ. ფ-ს ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ მიუღია პენსია „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ადმინისტრაციულ ორგანო ვალდებული იყო შეეჩერებინა პენსიის დარიცხვა, ხოლო პენსიის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდეგ - შეეწყვიტა მისი გაცემა. კასატორის მოსაზრებით, საპენსიო კანონმდებლობა პენსიის შეჩერება-შეწყვეტის გადაწყვეტილებების წერილობითი ფორმით მიღების ვალდებულებას ცალსახად არ ითვალისწინებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ზეპირად გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ არ ვრცელდება ამ კოდექსის 52-ე–58-ე მუხლების მოთხოვნები ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობის შესახებ. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, კასატორი არ იზიარებს სასამართლოს შეფასებას პენსიის შეჩერების თაობაზე დაინტერესებული პირის ინფორმირების აუცილებლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ არ არსებობს პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.

მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კასატორი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან 2015 ივლისიდან 2020 წლის აგვისტოს ჩათვლით მიუღებელი გასაცემლის ანაზღაურების მოთხოვნა ხანდაზმულია, სააგენტოს არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, ემსჯელა აღნიშნულ საკითხზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს; კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი (იხ. სუსგ 30.11.2017წ. Nბს-575-572(კ-17)). სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისთვის, პენსიის მიუღებლობის საფუძვლით, პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის, ასევე, მიუღებელი პენსიის გაცემაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის წინაშე თანასწორობის, საყოველთაოობისა და პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტიის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს ხანდაზმულ მოქალაქეთა პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად წესებს. აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიონერს უფლება აქვს მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ზედიზედ ექვსი თვის განმავლობაში პენსიის მიუღებლობის ფაქტი წარმოშობს პენსიის გაცემის შეჩერების ვალდებულებას, ხოლო „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი და „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ადგენს შეჩერებიდან სამი წლის გასვლის შემდეგ პენსიის გაცემის შეწყვეტის ვალდებულებას. მართალია, მითითებული ნორმები პენსიის შეჩერებას, ასევე შეწყვეტას ითვალისწინებს განსაზღვრული პირობების დადგომით, თუმცა კანონისმიერი საფუძვლის არსებობა თავისთავად არ ადასტურებს გასაცემლის შეჩერებისა და მისი ავტომატური შეწყვეტის კანონიერებას. ასეთი პირობების დადგომა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია და ქმნის კონკრეტული პირის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის შეჩერება-შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პირობას. ადმინისტრაციული წარმოება, თავის მხრივ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლისა და 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ითვალისწინებს დაინტერესებული პირისთვის წარმოებაში მონაწილეობისა და საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობის მინიჭებას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იზღუდება მხარის უფლება ან კანონიერი ინტერესი. პენსიის შეჩერება-შეწყვეტა კი წარმოადგენს პენსიის დანიშვნის შესახებ აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით პენსიონერისათვის მინიჭებული სოციალური უზრუნველყოფის - პენსიის მიღების უფლების შეზღუდვას.

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ 6 თვის განმავლობაში პენსიის მიუღებლობის საფუძვლით საპენსიო პაკეტის მიმღებ პირს - ნ. ფ-ს სახელმწიფო პენსიის გაცემა შეუჩერდა 2015 წლის 1 ივლისიდან, ხოლო შეჩერებიდან 3 წლიანი ვადის გასვლის გამო, სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორი ტერიტორიული ერთეულის 2018 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს შეუწყდა პენსიის მიღება. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ნ. ფ-ს მისი განცხადების საფუძველზე, სახელმწიფო პენსია დაენიშნა 2020 წლის 1 სექტემბრიდან, თუმცა 2015 წლის ივლისიდან მიუღებელი პენსიის ანაზღაურების მოთხოვნა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ დაკმაყოფილდა. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით შეიზღუდა ნ. ფ-ის სახელმწიფო პენსიის მიღების უფლება, როგორც შეჩერების, ასევე შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენა საჭიროებდა აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებით და დაინტერესებული პირის მონაწილეობით გადაწყვეტილების მიღებას წერილობითი სახით და მოსარჩელისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობას, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება. ამრიგად, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათანადო ფორმით გამოცემისა და მხარისთვის გადაცემის კანონისმიერი ვალდებულება. ამდენად საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო აქტები გამოცემულია მატერიალური და ფორმალური კანონიერების მოთხოვნათა დარღვევით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გასაჩივრებული აქტების კანონიერების მტკიცება, რაც, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სადავო აქტების ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველია.

რაც შეეხება მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების საკითხს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პენსიის ადმინისტრირების/კომპეტენტური ორგანო პენსიის შეჩერება/შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებს სათანადო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, კანონით გათვალისწინებული პირობების დაუცველად, პენსიის მიღების უფლების რეალიზაციის შეზღუდვით მიყენებული ზიანი მიმყენებლის მხრიდან ექვემდებარება ანაზღაურებას. იმის გათვალისწინებით, რომ დადასტურებულია მოსარჩელისათვის მიუღებელი სახელმწიფო პენსიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონშეუსაბამობა, საკასაციო პალატა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის და 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით საფუძვლიანად მიიჩნევს მოპასუხისათვის ნ. ფ-ის სასარგებლოდ, 2015 წლის 1 ივლისიდან 2020 წლის აგვისტოს ჩათვლით მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხის ანაზღაურების დაკისრებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა