Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 104-აპ 6 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),

ნ. გვენეტაძე,

დ. სულაქველიძე

განიხილა მსჯავრდებულების: ნ., ლ. და ბ. ა-ების საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 თებერვლის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

კასპის რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 ნოემბრის განაჩენით ბ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10 დღიური მინიმალური ანაზღაურების ოდენობით, რაც თანხაში შეადგენს 20 ლარს;

ნ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 15 დღიური მინიმალური ანაზღაურების ოდენობით, რაც თანხაში შეადგენს 30 ლარს;

ლ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 15 დღიური მინიმალური ანაზღაურების ოდენობით, რაც თანხაში შეადგენს 30 ლარს.

ამავე განაჩენით დაზარალებულ ო. ა-ს უსაფუძვლობის გამო უარი ეთქვა სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლოს საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 თებერვლის განაჩენით კასპის რაიონული სასამართლოს განაჩენი შეიცვალა იმ მიმართებით, რომ სამოქალაქო სარჩელის ნაწილში განაჩენი გაუქმდა და დაზარალებულ ო.ა-ს განემარტა უფლება, წარადგინოს სამოქალაქო სარჩელი კასპის რაიონულ სასამართლოში სამოქლაქო სამართალწარმოების წესით. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

განაჩენით ბ., ნ. და ლ. ა-ებს მსჯავრი დაედოთ შემდეგი დანაშაულის ჩადენაში: 2002წ. 6 აგვისტოს ნ. ა. სტუმრად იმყოფებოდა სოფელ მრგვალ ჭალაში დედასთან _ ბ. ა-თან, სადაც რძალთან _ ლ. ა-თან ერთად სარეცხს რეცხავდა. მათ ეზოში ენთოთ ცეცხლი და სარეცხს ხარშავდნენ. ო. ა-მა, რომელიც ამ დროს სახლში იმყოფებოდა, შენიშნა, რომ მის ეზოში სარეცხი წყალი იყო დაღვრილი. მან ჩათვალა, რომ მის ეზოში წყალი ნ. და ლ. ა-ებმა გადააქციეს და მათ შენიშვნა მისცა. ამასთან დაკავშირებით მათ შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რაც ლანძღვაში, ხოლო შემდეგ ჩხუბში გადაიზარდა. კონფლიქტში ბ. ა-ც ჩაერია. ნ. ა-მა მოიმარჯვა სარეცხის ჯოხი და მუცლის არეში მიბჯენით აიძულა ო. ა. უკან დაეხია. მას მიეშველნენ დედამისი _ ბ. ა. და რძალი _ ლ. ა.. ბ. ა-მა ო. ა-ს მიაყენა ჭრილობა მარცხენა მტევნის პირველი თითის არეში, ხოლო ლ. ა-მა მუშტი ჩაარტყა სახეში, რითაც შუბლის არეში მიაყენა დაზიანება. ო.ავ-ს ცემას შეესწრო მისი მეუღლე _ ბ. ბ., რის გამოც ბ., ნ. და ლ. ა-ებმა თავი დაანებეს ო. ა-ს ცემას და სახლში დაბრუნდნენ.

მსჯავრდებულები: ბ., ნ. და ლ. ა-ები საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებას და საქმის სასამართლოში დაბრუნებას ხელახალი გამოძიების ჩასატარებლად იმ მოტივით, რომ ნ. და ლ. ა-ებს ჩხუბში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღიათ და არც ბ. ა-ს უცემია ო. ა..

დაზარალებული ო. ა. შესაგებლით ითხოვს ბ., ნ. და ლ. ა-ების მიმართ განაჩენის შეცვლას იმ მიმართებით, რომ მას აუნაზღაურდეს მიყენებული მატერიალური ზიანი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულთა საჩივრის მოტივს იმის თაობზე, რომ თითქოს მათ დაზარალებული ო.ა. არ უცემიათ, რადგანაც საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, თავად დაზარალებულის, მოწმეების: ბ.დ-სა და ც.მ-ს ჩვენებებით, ასევე სამართლო-სამედიცინო შემოწმების აქტით ბ., ნ. და ლ. ა-ებისთვის შერაცხული მსჯავრი მთლიანად დადასტურებულია.

კერძოდ, მოწმე ბ.დ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ დანაშაულის შემთხვევის დროს იგი იმყოფებოდა ბაღში, სადაც მოესმა წივილ-კივილის ხმა და როდესაც სახლის დერეფანში შევიდა, დაინახა, რომ მის ცოლს _ ო. ა-ს სცემდნენ ბ., ნ. და ლ. ა-ები, რომლებიც მისი დანახვისთანავე გაიქცნენ.

სასამართლო-სამედიცინო შემოწმება-გამოკვლევის ¹115 აქტის თანახმად, ო. ა-მა კასპის რაისაავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებას მიმართა 2002წ. 6 აგვისტოს. სტაციონარში შესვლისას მას აღენიშნებოდა ექსკორიაცია შუბლის არეში, ზომით 0,5´0,2 სმ-ზე. გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ო.ავლოხაშვილს ტრავმა მიყენებული აქვს რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანების მსუბუქ ხარისხს, რომელსაც შედეგად ჯანმრთელობის ხანმოკლე დროით მოშლა არ მოჰყოლია და ხანდაზმულობით შეესაბამება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის მასალებით ბ., ნ. და ლ. ა-ებისთვის შერაცხული მსჯავრი მთლიანად დადასტურებულია, მათი ქმედება სასამართლოს მიერ სწორად არის დაკვალიფიცირებული სსკ-ის 125-ე მუხლით და სასჯელიც მათი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების შესაბამისად აქვთ განსაზღვრული.

რაც შეეხება დაზარალებულის მოთხოვნას მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის პოზიციას და თვლის, რომ ვინაიდან დაზარალებულს სამოქალაქო სარჩელი სასამართლო გამოძიების დაწყებამდე არ წარუდგენია, მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის შესაბამისად, მას უფლება აქვს, წარადგინოს იგი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიჩნია, რომ განაჩენი ბ., ნ. და ლ. ა-ების მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალტის 2003წ. 19 თებერვლის განაჩენი ბ., ნ. და ლ. ა-ების მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.