გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 105-აპ 6 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),
ნ. გვენეტაძე,
გ. ბორჩხაძე
განიხილა მსჯავრდებულ ლ. გ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 მარტის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 9 დეკემბრის განაჩენით ლ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 მარტის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ლ. გ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
განაჩენით ლ.გაბუნიას მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ მან ჩაიდინა ხულიგნობა, ე.ი. განზრახი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2002წ. 26 ივნისს, დაახლოებით 19 საათზე, ქ.ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის მოედნის მიმდებარე ცენტრალური ბაღის კიდეში, იდგა მთვრალი ლ. გ.. მასთან მივიდა იქვე მყოფი ე. ი., რომელმაც უთხრა, არ მიეყენებინა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა თავისი მცირეწლოვანი ძმისთვის, რომელიც დავით აღმაშენებლის მოედანზე მოწყალებას თხოულობდა და ამ საქმიანობაში კონკურენციას უწევდა ამ უკანასკნელის ცოლ-შვილს. საპასუხოდ ლ.გ-მ შეაგინა დედისა და დის მისამართით და უმიზეზოდ აუხირდა, აგინა უცენზურო სიტყვებით, გაიწია მისკენ საცემად, რა დროსაც ე.ი-მა გაარტყა ხელი სახის არეში. ვინაიდან ლ.გ. ე.ი-ვს სცემდა ხელებითა და ფეხებით სახისა და სხეულის არეში, თან უცენზურო სიტყვებით აგინებდა დედასა და ოჯახის სხვა წევრებს, მათ გაშველებას შეეცადა ე.ი-ს დედა _ თ. ი., და _ ა. ი.ა, რომლებიც მოუწოდებდნენ, შეეწყვიტა ხულიგნური მოქმედება, მაგრამ იგი განაგრძობდა ე.ი-ს ცემას და გინებას, რა დროსაც ჯიბიდან ამოიღო დანა და დაარტყა მარცხენა ხელის მკლავის ზედა ნაწილში, რითაც მიაყენა სხეულის დაზიანება. აღნიშნულით ლ.გ-მ დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და 15 წუთის განმავლობაში იგი აშკარა უპატივცემულობას გამოხატავდა საზოგადოებისადმი. ე.ი-ს დაჭრის შემდეგ ლ.გ.შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მაგრამ 2002წ. 28 ივნისს იგი დააკავეს პოლიციის მუშაკებმა.
მსჯავრდებული ლ.გ. საკასაციო საჩივრით ითხოვს მის მიმართ განაჩენის გაუქმებას და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ მას სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული არ ჩაუდენია, წინასწარი და სასამართლო გამოძიება ჩატარდა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევებით.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ.ლეპერტი მხარს უჭერს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.
პროკურორი ბ.გ. არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს ლ.გაბუნიას მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით უდავოდაა დადგენილი, რომ 2002წ. 26 ივნისს, დაახლოებით 19 საათზე, ქ.ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის მოედნის მიმდებარე ცენტრალური ბაღის კიდეში, ლ.გ-მ ე.ი-ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ეს უკანასკნელი დაიჭრა მარცხენა ხელის მკლავის არეში. დაზარალებულის დედის _ თ.-ს ჩვენების თანახმად, მან შენიშნა, რომ ლ.გ-ს ხელში ეჭირა თეთრტარიანი დანა, რომელიც მკლავში დაარტყა მის შვილს.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ ე.ი. მიღებული დაზიანების გამო ქ.ქუთაისის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოში სტაციონალურ მკურნალობას გადიოდა 2002წ. 26 ივნისიდან 11 ივლისამდე დიაგნოზით: ნაჩხვლეტი ჭრილობა მარცხენა მხარის ქვედა მესამედში, ვენა ბაზილიკის დაზიანებით, რაც მიყენებული აქვს რაიმე ბასრი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რომელსაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ თავად მსჯავრდებული ლ.გ-ც ადასტურებს ე.ი-სთვის შეურაცხყოფის მიყენებისა და “საროჩკის” ჩამოხევის ფაქტს, თუმცა კატეგორიულად უარყოფს მის დანით დაჭრას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებით, სამართლიანად არ გაითვალისწინა ლ.გ-ს ჩვენება ე.ი-ს დანით დაჭრის უარყოფის ნაწილში, ლ.გ-ს ქმედება სწორად დააკვალიფიცირა სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწლით და სასჯელიც ჩადენილი ქმედებისა და მისი პიროვნების შესაბამისად განუსაზღვრა.
ამდენად, პალატა თვლის, რომ საქმის მასალებით ლ.გ-სთვის შერაცხული ბრალდება მთლიანად დადასტურებულია და საკასაციო საჩივარში მითითებული მოტივები ვერ გახდება განაჩენის გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 მარტის განაჩენი ლ. გ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.