Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-55(კ-21) 30 სექტემბერი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ნ. ჩ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. ჩ-მა 2019 წლის 23 იანვრს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა კომისიის 2018 წლის 21 დეკემბრის №790 განკარგულების ბათილად ცნობა და საქმის გარემოებათა გამოკვლევის შედეგად, ნ. ჩ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი აქტის გამოცემა, ასევე, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2010 წლის 9 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა და 8 ჰა მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: ...), თავისუფალ მდგომარეობაში უკან დაბრუნება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 თებერვლის სხდომაზე მოსარჩელე მხარემ უარი განაცხადა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ მოთხოვნაზე, სარჩელის ამ ნაწილზე უარის თქმის საფუძვლით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთსისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ნ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჩ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ არსებობდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, რადგან აღიარების კომისიაში წარდგენილი იყო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის თაობაზე, რის საფუძველზეც ნამდვილად გადაეცა 80 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, თუმცა ბათუმის ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკუთვნოდა 160 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. კასატორი აღნიშნავს, რომ მას გააჩნია სადავო მიწის ნაკვეთზე იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დამდგენი დოკუმენტები და ნოტარიულად დამოწმებული სამკვიდრო მოწმობები, ვინაიდან მოთხოვნილი მიწები უხსოვარო დროიდან ჰქონდათ მის წინაპრებს და მშობლებისგან ერგო მემკვიდრეობით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნ. ჩ-ისთვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად ფლობისა და სარგებლობის ფაქტი.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე. ამრიგად, თუკი დაინტერესებული პირი, მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტიდან გამომდინარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვს და საკითხი არ ეხება მომიჯნავე მიწის ნაკვეთს, მან უნდა დაამტკიცოს, რომ დასახელებული კანონის ამოქმედებამდე (2007წ.) ფლობდა და სარგებლობდა მიწის ნაკვეთით, ამასთანავე, უნდა დაადასტუროს, რომ ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული).

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 24 აგვისტოს საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ბათუმში, ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 2800 კვ.მ. საკადასტრო კოდი - ... (შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1/1 №2/1, საერთო ფართით - 379.82 კვ.მ.), თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ნ. და მ. ჩ-ების საკუთრებად. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ხელვაჩაურის ადგილობრივი არქივის 2012 წლის 12 დეკემბრის №49ჩ მოწმობა. აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ ემიჯნება აღიარებამოთხოვნილ მიწის ნაკვეთს.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 ოქტომბრის ის №... შუამდგომლობის საფუძველზე კომისიამ განიხილა ნ. ჩ-ის განცხადება, რომლითაც ითხოვდა ქალაქ ბათუმში, ...ში მდებარე 160 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას და ადმინისტრაციული წარმოების ფარგებში მიღებული, 2018 წლის 21 დეკემბრის №790 განკარგულებით უარი უთხრა ბათუმში, ...ში მდებარე 160000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. კომისიამ აღნიშნა, რომ ნ. ჩ-ის განცხადება არ აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. კერძოდ, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ნ. ჩ-ს არ ჰქონდა სარგებლობაში, კანონის ამოქმედებამდე მასზე განთავსებული არ ჰქონდა საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთს, შესაბამისად, არ დასტურდებოდა ნ. ჩ-ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი.

საქმის მასალების მიხედვით, უდავოა, რომ მოსარჩელის მამას, ს. ჩ-ს (გარდაიცვალა 1979 წელს), ან მოსარჩელის ბაბუას - ჯ. ჩ-ის (გარდაიცვალა 1944 წელს), საკუთრების უფლების აღიარებამოთხოვნილი 160 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ან მისი ნაწილი, საკუთრებაში არასოდეს ერიცხებოდათ, ხოლო თავისი მამკვიდრებლისაგან მიღებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა, ნ. ჩ-ს ... საკადასტრო კოდით უკვე აქვს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული.

ამრიგად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თვითნებურად დაკავებიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარებისთვის აუცილებელია, განმცხადებელმა დაადასტუროს, რომ უშუალოდ თვითონ ფლობს და სარგებლობს სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთით, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება. გარდა ამისა, მიწის ნაკვეთზე არ მდებარეობს აშენებული საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობა, რაც ასევე გამორიცხავს საკუთრების უფლების აღიარებას, რადგან კანონმდებლის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა იყოს აშენებული. ამრიგად, მოსარჩელე ვერ ადასტურებს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისთვის აუცილებელი წინაპირობების არსებობას. შესაბამისად, მას მართებულად ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო სასამართლოს აღნიშვნით, მნიშვნელოვანია იმ გარემოებაზე მითითება, რომ აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფართობი - 80 000 კვ.მ. შეუსაბამოდ დიდი ოდენობის ფართობია, ამასთან, არაფრით დასტურდება, სადავო მიწის ფართობის მთლიანობა ერთი ნაკვეთის სახით, რადგან არ არის გამიჯნული და გამოცალკევებული, არ არის ერთ მთლიან ღობეში მოქცეული, მიწის ფართობი წარმოადგენს საზოგადოებრივ სივრცეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ნოემბრის განჩინება;

3. ა. ა-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს კასატორის - ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარზე 2021 წლის 8 აპრილს 24631391 გადახდის ქვითრით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე