Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-303(კ-21) 21 სექტემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - მ. ნ-ე

პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოპასუხეები) - საქართველოს გენერალური პროკურატურა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

მ. ნ-ემ 2018 წლის 24 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ მორალური ზიანის - 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ნ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის - მ. ნ-ის მოსაზრებით პოლიციელ ჯ. გ-ის სიკვდილის გამომწვევი გარემოებების დადგენის თვალსაზრისით, მოპასუხეთა მხრიდან ჩატარდა არასათანადო გამოძიება, რითაც მას, როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, მიადგა ზიანი, შესაბამისად, კომპენსაციის დაკისრების მოთხოვნას მიიჩნევს საფუძვლიანად და აღნიშნავს, რომ სასამართლომ საქმის განხილვისას არ გაითვალისწინა სისხლის სამართლის მასალების გაყალბების ფაქტი, გამოძიების არაეფექტურობა და უშედეგობა. საკასაციო საჩივრის მიხედვით, გასაჩივრებულ განჩინებაში გამოთქმული შეფასებები არ ეყრდნობა კონვენციის მე-17 მუხლს, ასევე სააპელაციო პალატის მიერ უგულებელყოფილია კონვენციის N12 დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, რაც კასატორის მოსაზრებით გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული და მოცემულ საქმეზე კასატორი გათავისუფლდა საკასაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სამოტივაციო ნაწილი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

მოცემულ საქმეზე, ვინაიდან მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად მიუთითებს მოპასუხეთა მიერ არაეფექტური გამოძიების წარმოებიდან და სისხლის სამართლის საქმის მასალების გაყალბებიდან გამომდინარე ზიანის მიყენების ფაქტზე, სასამართლო იმსჯელებს ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის ნორმატიულად განსაზღვრული წინაპირობების არსებობაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლით, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მხრიდან განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით თავისი სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით. სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე, სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. აღნიშნული სამართლებრივი ნორმებით, ცალსახად დგინდება, რომ ზიანის ანაზღაურების დასაკისრებლად უნდა არსებობდეს, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებული, სახელმწიფო ან საჯარო მოსამსახურის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და უკანონო ქმედების შედეგადაც სახეზე უნდა იყოს მიყენებული ზიანი. საჯარო მოსამსახურის მხრიდან დანაშაულით მიყენებული ზიანის შემთხვევაში, სათანადო მტკიცებულებად მოიზრება ასეთი მოხელის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც წარმოადგენს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძველს.

რაც შეეხება უშუალოდ მორალურ ზიანს, სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოითხოვოს პირმა არა ყოველგვარი მორალური ზიანისთვის, არამედ მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების შემთხვევას ასევე წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით დაცული სიკეთის ხელყოფა. ამდენად, მორალური ზიანი ანაზღაურება არის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად ფიზიკური პირისათვის მიყენებული სულიერი განცდისა თუ ფიზიკური ტკივილისათვის თანხით კომპენსირება, შესაბამისად, კანონმდებლობა ზუსტად განსაზღვრავს საფუძვლებს, რომლის არსებობის დადასტურებისას პირს შეუძლია მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელის მეუღლის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რასთან დაკავშირებით გამოძიების ორგანოს მიერ ჩატარებულია არაერთი საპროცესო ღონისძიება, თუმცა საპროცესო მოქმედებების განხორციელებისას საგამოძიებო ორგანოების და მისი თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის ფაქტი ან რომელიმე ქმედების დანაშაულებრივი ხასიათი სისხლის სამართლის კანონმდებლობის საფუძველზე, უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი არ არის. ამდენად, მოცემულ საქმეზე მოსარჩელემ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვერ დაადასტურა ზიანის ანაზღაურებისისათვის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტის - მოპასუხეთა ქმედების/უმოქმედობის მართლწინააღმდეგობა და ბრალეულობა, შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლოდ მიჩნევის თაობაზე.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-17 მუხლისა და N12 დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ გამოძიების შედეგად დაინტერესებული პირისთვის სასურველი შედეგის მიუღწევლობა არ ნიშნავს გამოძიების ჩაუტარებლობას კანონით დადგენილი წესების დარღვევით. აღნიშნული უნდა დადგინდეს ობიექტურ გარემოებებზე დაყრდნობით და არ შეიძლება შეფასდეს კონკრეტული პირის სუბიექტური მოსაზრებით. ამასთან, ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში ვერ შეფასდება პროკურატურის იმ კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების კანონიერება, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით არის მოწესრიგებული. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოთა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით არის გამოწვეული დაწყებული გამოძიების დაუსრულებლობა. საქმეს არ ერთვის საგამოძიებო ორგანოების ქმედებათა უკანონობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. შესაბამისად, არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შეუძლებელია მსჯელობა ადმინისტრაციული ორგანოების მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით გამოწვეულ ისეთ შედეგზე, რამაც შეიძლება წარმოშვას კასატორისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთ საფუძველს, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა