Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-387(კ-21) 30 სექტემბერი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ტ. ო-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 თებერვლის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ტ. ო-მა 2019 წლის 12 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა „ტ. ო-ისთვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 12 აგვისტოს №1799 განკარგულების ბათილად ცნობა, ასევე, კომისიისთვის ქალაქ თბილისში, ...ში, ...ის ქუჩა №66-ის მიმდებარედ არსებულ 566.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ტ. ო-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ტ. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 თებერვლის განჩინებით ტ. ო-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ტ. ო-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ არსებობდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, რადგან აღიარების კომისიაში წარდგენილი იყო კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ყველა საჭირო მტკიცებულება. კასატორი აღნიშნავს, რომ 90-იანი წლებიდან ფლობს და ამუშავებს სადავო მიწის ნაკვეთს, მოჰყავს ბოსტნეული, დარგული აქვს ოცდაათწლოვანი ხეხილის ნარგავები და მასზე განთავსებული აქვს კაპიტალური საცხოვრებელი ოთახი, რომელიც აშენებულია 2007 წლამდე, შეყვანილია წყალი და აღრიცხულია აბონენტად, საქმეზე დართულია ასევე, ექსპერტიზის დასკვნა და მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები, რომლებიც ადასტურებენ საცხოვრებელი ოთახის 2007 წლამდე აშენების ფაქტს. ასევე, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მოქცეულია სარეკრეაციო ზონაში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ტ. ო-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ტ. ო-ისთვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი.

საკასაციო სასამართლო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ პუნქტზე მითითებით, აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რაც წარმოადგენს რეკრეაციული დანიშნულების პარკს, ტყე-პარკს, სკვერს და სხვა ტერიტორიას, გარდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს სარეკრეაციო ტერიტორიისსტატუსის მქონე ტერიტორიებისა. პალატა მიუთითებს კანონმდებლის მიზანზე, რომ ამგვარი რეგულაციის შემოტანა მდგომარეობს იმაში, რომ მუნიციპალიტეტმა მოაწყოს და განავითაროს რეკრეაციის სივრცით-ტერიტორიული პირობები, რაც, თავის მხრივ პირდაპირ პროპორციულ კავშირშია საზოგადოებრივ ინტერესთან. მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, სპეციალური შეზღუდვის პირობებში (მიწის ნაკვეთი მოექცა რეკრეაციულ ზონაში), სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება დაუშვებელია.

განსახილველ შემთხვევაში, მართალია, ტ. ო-ს უარი ეთქვა ქალაქ თბილისში, ...ში, ...ის ქუჩა №66-ის მიმდებარედ არსებულ 566.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არ დასტურდებოდა მოსარჩელის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. ამასთან, მიწის ნაკვეთზე განთავსებული დროებითი (ხის) შენობა-ნაგებობა აშენებული იყო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ, თუმცა, ამავდოულად, არსებობდა უარის თქმის კანონისმიერი საფუძველი - სადავო მიწის რეკრეაციულ ზონაში (რზ-2) მოქცევა. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილი თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 12 ივნისის №67-01191633633 წერილზე, რითაც დადასტურებულია ქალაქ თბილისში, ...ში, ...ის ქ.№66 ის მიმდებარედ 566 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სარეკრეაციო (რზ-2) ზონაში მოქცევა. ამ პირობებში კი, გამოირიცხება მოცემულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ კანონის მითითებული დათქმა მეორეხარისხოვან მტკიცებულებებად აქცევს მეზობელთა ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებებს, რადგანაც მათ მნიშვნელობა ექნებოდათ მაშინ, როცა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი დაექვემდებარებოდა საკუთრების უფლებით აღიარებას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, მოსარჩელემ ვერ გაართვა თავი მასზე დაკისრებულ მტკიცების ტვირთს, ვინაიდან მის მიერ ვერ იქნა წარდგენილი კანონის ამოქმედებამდე (2007 წლამდე) ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი შენობის არსებობისა და მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება, ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადასტურა მის მიერ გამოცემული აქტის კანონიერება, რაც გამორიცხავს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, გასაჩივრებული ინდივიდუალურ - ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და სარჩელის საფუძვლიანად მიჩნევის შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ტ. ო-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 თებერვლის განჩინება;

3. კასატორს - ტ. ო-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 2021 წლის 26 აპრილს №0 სადაგახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე