საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-439(კ-21) 21 სექტემბერი, 2021 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს გენერალური პროკურატურა
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - მ. მ-ი
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილიმ. მ-მა 2020 წლის 12 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ და მოითხოვა მის სასარგებლოდ საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის უკანონოდ დაკავების, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების უკანონოდ გამოყენების გამო მატერიალური ზიანის - 2643 ლარის (გირაოს თანხა - 2000 ლარი, დაბრუნებული ხელფასი - 491 ლარი, მისაღები კვარტლის ხელფასი - 152 ლარი) და მორალური ზიანის - 50 000 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 4 000 ლარის ოდენობით, ხოლო მატერიალური ზიანის - 2000 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-მა, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გადაწყვეტილება საქართველოს გენერალურ პროკურატურას არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, გადაწყვეტილება ამ ნაწილში შევიდა კანონიერ ძალაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება მატერიალური ზიანის სახით მოპასუხისათვის 491 ლარის ანაზღაურების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელე მ. მ-ის სასარგებლოდ დამატებით დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 491 ლარის ოდენობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება - მოპასუხისათვის 491 ლარის დაკისრების ნაწილში, საკასაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ. მ-ისათვის 491 ლარის ანაზღაურებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, ამ ოდენობის თანხის უკან დაბრუნების მიზეზი გახდა დამსაქმებლის ინიციატივა. მართალია, ამ პერიოდში აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე მოსარჩელის მიმართ, თუმცა გამოძიების მიმდინარეობა არ გამხდარა თანხის უკან დაბრუნების საფუძველი, არ გამოვლენილა პროკურატურის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რაც გამოიწვევდა ზიანს, შესაბამისად, არ არსებობდა პროკურატურისათვის მისი დაკისრების წინაპირობები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილისაკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის მიერ დამსაქმებლისათვის დაბრუნებული ხელფასის - 491 ლარის საქართველოს პროკურატურისათვის მატერიალური ზიანის სახით დაკისრების კანონიერება. აღსანიშნავია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება არ არის გასაჩივრებული მ. მ-ის მიერ, ამდენად, სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერებაზე გასაჩივრებულ ნაწილში.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანის სახელმწიფოს მიერ ანაზღაურების ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით. აღნიშნული მუხლის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ასეთი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა კი სწორედ მარეაბილიტირებელ გარემოებად განიხილება. ასეთ პირს უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.
განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 02 დეკემბრის განაჩენით, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, ცვლილება შევიდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 15 აპრილის განაჩენში მ. მ-ის მსჯავრდების ნაწილში. კერძოდ, მ. მ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ამავე განაჩენით მ. მ-ს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის საფუძველზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ. სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული განჩინება წარმოადგენს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან უტყუარად დასტურდება წარდგენილი ბრალდების უსაფუძვლობა და პირის მიმართ გამოყენებული შეზღუდვის არამართლზომიერება. თავის მხრივ, ქონებრივი უფლებების უკანონო შეზღუდვა იწვევს მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. ქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ზიანის მიმყენებელი ვალდებულია აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აღნიშნული ნორმა შესაძლებელს ხდის დაზარალებული პირის უფლებები აღდგეს პირვანდელ მდგომარეობაში, რაც ასევე მოიცავს სახელმწიფოს ვალდებულებას, სრულად აუნაზღაუროს პირს უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობით გამოწვეული მატერიალური ზიანი, ასეთის დადასტურების შემთხვევაში. მოცემულ საქმეში მ. მ-მა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, 491 ლარის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელ მტკიცებულებად წარადგინა სს „...ის“ გადახდის ქვითარი. აღნიშნული მტკიცებულებით დადასტურებულია, რომ 2011 წლის 15 აპრილს, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის დღეს, მ. მ-მა ნაღდი ანგარიშსწორებით გადაიხადა 491,40 ლარი, 2010 წელს ...იდან მიღებული ხელფასის უკან ბიუჯეტში დაბრუნების მიზნით. აღსანიშნავია ისიც, რომ საქმეში წარმოდგენილი ცნობის მიხედვით, ურთიერთობა მოსარჩელესა და ...ს შორის შეწყდა 2010 წლის 31 აგვისტოს ვადის ამოწურვის გამო, ამასთან გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე ხელფასის სახით ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე რაიმე სახის მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, ამდენად მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა მიზეზობრივი კავშირი საქართველოს პროკურატურის ქმედებას, კერძოდ, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებასა და შედეგს - დევნის მიმდინარეობისას ხელფასის სახით მიღებული თანხის უკან დაბრუნებას შორის, რაც მართებულად დაედო საფუძვლად მატერიალური ზიანის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაკმაყოფილებას.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთ საფუძველს, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა