Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-700(კ-21) 28 სექტემბერი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის განჩინებაზე.

2020 წლის 3 ივლისს, ნ. ა-იმ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, ნ. ა-ის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 12 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ამავე სააგენტოსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 12 ივნისის №... გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ. ა-ისათვის საქართველოში მოკლევადინი ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა. ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე. გზავნილი კასატორს 2021 წლის 2 აგვისტოს ჩაბარდა. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების ვადის დენა 2021 წლის 3 აგვისტოდან დაიწყო და 2021 წლის 12 აგვისტოს (ხუთშაბათი) ამოიწურა. კასატორმა ხარვეზი ამ ვადაში არ გამოასწორა და მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. სტურუა

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე