Facebook Twitter

ბს-376(კ-19) 30 სექტემბერი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ვ. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.10.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. თ-ემ 12.04.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ მოპასუხესა და გ. ც-ს შორის 27.07.2016წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ ვ. თ-ემ მოითხოვა: „ქ.ზესტაფონში, ...ის ქ. N3-ში მდებარე 932 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული N01/2 შენობა-ნაგებობის ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 07.07.2016წ. ბრძანების, აუქციონში გამარჯვებულად გ. ც-ის გამოცხადების შესახებ ინფორმაციის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და გ. ც-ს შორის 27.07.2016წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.04.2017წ. განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს. დავის რაიონულ სასამართლოში განხილვისას საქმეში მესამე პირად ჩაერთო გ. ც-ი.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 05.12.2017წ. გადაწყვეტილებით ვ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ვ. თ-ის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.10.2018წ. განჩინებით ვ. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ აღნიშნა, რომ დავის გადაწყვეტისას დადგენას საჭიროებს მოსარჩელის უფლებადამცავი ინტერესის არსებობა. დაინტერესებულ მხარედ ითვლება ის პირი, რომლის კანონიერ ინტერესზეც პირდაპირ და უშულო (ინდივიდუალურ) გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს, რომ თავისი ინტერესი სწორედ მიღებული ზომების შედეგად დაირღვა. ამასთანავე, ინტერესის არსებობა გულისხმობს მხარის რეალურ, ფაქტობრივ ინტერესს და გამორიცხავს თეორიული ინტერესის დაშვების შესაძლებლობას. ინტერესის არსებობისათვის არ კმარა მის შესახებ მხოლოდ მოსარჩელის განცხადება, მისი არსებობა ობიექტურ მონაცემებზე უნდა იყოს დამყარებული. პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში არ არის დაცული სადავო მიწის ნაკვეთზე ვ. თ-ის უფლების დამდგენი რაიმე დოკუმენტი, შესაბამისად, არ დასტურდება მიწის ნაკვეთზე ვ. თ-ის მართლზომიერი მფლობელობა. ამასთანავე, ვ. თ-ემ ვერ შეძლო ნაკვეთზე უფლების მოპოვება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონით დადგენილი წესით, მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა განცხადებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმომქმედ კომისიას სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღირების მოთხოვნით, რაც არ დაკმაყოფილდა, კომისიის გადაწყვეტილება მხარეს სადავოდ არ გაუხდია. ამდენად პალატამ მიიჩნია, რომ სადავო აუქციონისა და მისი შედეგის მიმართ ვ. თ-ის იურიდიული ინტერესი - საკუთრების უფლება იღიაროს სადავო მიწის ნაკვეთზე კომისიაზე კვლავ მიმართვის გზით, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და მხოლოდ თეორიული ხასიათისაა, რაც ნამდვილი იურიდიული ინტერესის განსაზღვრის თვალსაზრისით დაუშვებელია. ამასთანავე, ვ. თ-ეს ჩატარებულ აუქციონთან დაკავშირებით რაიმე სახის პროცედურულ დარღვევაზე არ მიუთითებია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.10.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ვ. თ-ის მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ ზესტაფონში თავის საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წლების განმავლობაში მის მფლობელობაშია. მითითებული ნაკვეთი რაიონული საბჭოს აღმასკომის 27.02.1986წ. N044 გადაწყვეტილებით გამოეყო ...ას, რომლის დირექტორიც იყო ვ. თ-ე, ამდენად, მიწის ნაკვეთი ფაქტობრივად ვ. თ-ეს გამოეყო. ვ. თ-ემ ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად რამდენჯერმე მიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, თუმცა უშედეგოდ. მართალია ვ. თ-ეს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უარყოფითი გადაწყვეტილებები არ გაუსაჩივრებია, თუმცა ამის საჭიროება არც იყო რაიონული საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით მისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის გამო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიწის ნაკვეთის სხვა პირზე გასხვისება იყო არამართლზომიერი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ საქმეში არ არის დაცული სადავო მიწის ნაკვეთზე ვ. თ-ის რაიმე უფლების დამდგენი დოკუმენტი. მხოლოდ ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ვ. თ-ის საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრედ მდებარეობს და შესაძლოა კასატორის სარგებლობაშია, არ ადასტურებს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ აუქციონის გამოცხადების, მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე ნაგებობის, აუქციონში გამარჯვებულ პირთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების არამართლზომიერებას.

ვ. თ-ე მიწის ნაკვეთის ფლობის მართლზომიერების დამდგენ დოკუმენტად უთითებს ზესტაფონის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 28.02.1986წ. N44 გადაწყვეტილებაზე, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთის ან ნაგებობის ფართის ვ. თ-ისათვის გამოყოფა არ დგინდება. თავად კასატორიც აღნიშნავს, რომ ფართი გამოეყო ...ას, რაც არ ადასტურებს ...ის დირექტორის მიერ ფართზე უფლების მოპოვებას.

რაც შეეხება მიწაზე უფლების მოპოვებას თვითნებურად დაკავების საფუძვლით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად არის მიჩნეული ვ. თ-ის მიერ საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით საკუთრების უფლების აღიარების კომისიისადმი არაერთგზის მიმართვა, ასევე დადგენილია, რომ კომისიის უარყოფით პასუხები ვ. თ-ეს სადავოდ არ გაუხდია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ვ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.10.2018წ. განჩინება;

3. ვ. თ-ეს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 16.04.2019წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი