Facebook Twitter

ბს-90(კ-19) 30 სექტემბერი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს ,,...ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.10.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს ,,...მა“ 30.10.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 22.06.2016წ. №5/31555 წერილის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 02.11.2016წ. №6/56494 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 31.07.2017წ. №1-1/343 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე ქ. თბილისში, ...ის ქ. №1-ის მიმდებარედ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების (საკადასტრო კოდი ...) შპს ,,...ისათვის“ საკუთრებაში გადაცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.12.2017წ. განჩინების მე-4 პუნქტით შპს ,,...ის“ სარჩელი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 22.06.2016წ. №5/31555 წერილის ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში არ იქნა მიღებული სასამართლო წარმოებაში.

დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 15.02.2018წ. განჩინებით შპს ,,...ის“ კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.12.2017წ. განჩინების მე-4 პუნქტზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.05.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრიდა შპს ,,...ის“ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.10.2018წ. განჩინებით შპს ,,...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველი დავის საგანი არ არის სადავო ქონების სახელმწიფო სახელზე აღრიცხვის კანონიერება ან ამ ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის, არამედ დავის საგანია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილი, რომლითაც მხარეს უარი ეთქვა ქონების დათმობის სანაცვლოდ კომპენსაციის გადახდაზე და ამ წერილზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. 26.08.2016წ. შპს „...მა’’ №69224/ფ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა შპს „...ის’’ დაინტერესებაში არსებული უძრავი ქონების დათმობის სანაცვლოდ შპს „...ისთვის’’ ფულადი კომპენსაციის გადახდა იმ საფუძვლით, რომ კომპანია წარმოადგენდა აღნიშნული უძრავი ქონების კანონიერ მოსარგებლეს. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სადავო 02.11.2016წ. №6/56494 წერილით (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით) შპს „...ს’’ ეცნობა, შპს „...მა’’ 28.10.2013წ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა განცხადება და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქ. №1-ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, თუმცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, შესაბამისად განმცხადებელს განემარტა, რომ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელი იყო სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით. აღნიშნულის გამო 26.08.2016წ. №69224/ფ განცხადებით დასმული საკითხის დადებითად გადაწყვეტის მოთხოვნა მოკლებული იყო სამართლებრივ შესაძლებლობას, ამასთან, ამავე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მხარეს ეცნობა, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. №1-ში მდებარე 4578 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე (საკადასტრო კოდი ...) შესაბამისი განცხადების წარდგენის შემთხვევაში, სააგენტო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მზად იყო ემსჯელა მისი პრივატიზების/სარგებლობის უფლებით გაცემის საკითხთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით შპს „...მა’’ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მართალია მიმართა 21.03.2016წ. №21112/ფ განცხადებით და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №1-ის მიმდებარედ არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება, თუმცა ამ განცხადების პასუხად აპელანტს ეცნობა, რომ მის დაინტერესებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით საკითხი დასმული იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, შესაბამისად, საჯარო რეესტრის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სააგენტო მზად იყო ემსჯელა მისი პრივატიზების/სარგებლობის უფლებით გაცემის საკითხთან დაკავშირებით. ამის შემდგომ, შპს „...ს’’ იგივე მოთხოვნით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის არ მიუმართავს, ხოლო მის მიერ 26.08.2016წ. წარდგენილი №69224/ფ განცხადება ეხებოდა არა ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას, არამედ შპს „...ის“ დაინტერესებაში არსებული უძრავი ქონების დათმობის სანაცვლოდ შპს ,,...ისთვის’’ ფულადი კომპენსაციის გადახდას. ამ უკანასკნელზე იმსჯელა სააგენტომ და სადავო 02.11.2016წ. №6/56494 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, 02.12.2016წ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აპელანტის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში საჩივრის ავტორმა მოითხოვა, როგორც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 02.11.2016წ. №6/56494 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ისე ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №1-ში მდებარე 3116 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება. იქიდან გამომდინარე, რომ მითითებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით არ არსებობდა ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა შპს „...ის’’ მოთხოვნაზე სადავო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებასთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნას კომპენსაციის გადახდის შესახებ (26.08.2016) არ გააჩნდა არავითარი სამართლებრივი საფუძველი, იგი წარმოადგენდა მხოლოდ მოსარჩელის სურვილის განხორციელების ფორმას - ქონების სანაცვლოდ მიეღო ფულადი ანაზღაურება. ამდენად, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი კანონიერია. საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 31.07.2017წ. №1-1/343 ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.10.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს ,,...ის“ მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 20.02.2014წ. №189 დადგენილების მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე. კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თბილისის სამგორის რაიონული სასამართლოს მიერ 27.06.1997წ. შპს ,,...ი“ დარეგისტრირდა ქ. თბილისში, ...ის ქ. №1-ში. დარეგისტირირების შესახებ დადგენილებაში შპს ,,...ი“ არ მოიხსენიება, როგორც ,,...ის“ უფლებამონაცვლედ, რაც ტექნიკურ შეცდომას წარმოადგენს. სასამართლოს უნდა ემსჯელა იმის შესახებ, რომ შპს ,,...ის“ დირექტორმა 21.03.2016წ. განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქ. №1-ში მიმდებარედ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება. აღნიშნული განცხადების პასუხად მოსარჩელეს ეცნობა, რომ სააგენტომ დასახელებული უძრავი ქონების რეგისტრაციის მიზნით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით აღნიშნული მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად (საკადასტრო კოდი ...). ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება გაიმიჯნა ორ საკადასტრო ერთეულად (საკადასტრო კოდები: ... და ...). ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება სარგებლობის უფლებით გადაეცა სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურს. შპს ,,...მა“ 26.08.2016წ. განცხადებით მიმართა სააგენტოს და მოითხოვა მის დაინტერესებაში არსებული უძრავი ქონების დათმობის სანაცვლოდ შპს ,,...ისათვის“ ფულადი კომპენსაციის გადახდა იმ საფუძვლით, რომ კომპანია წარმოადგენდა აღნიშნული უძრავი ნივთის კანონიერ მოსარგებლეს. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 02.11.2016წ. გადაწყვეტილებით მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. სამინისტროს 31.07.2017წ. ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 31.07.2017წ. ბრძანებაში მითითებულ უარის თქმის საფუძველს, კერძოდ, ბრძანებაში მიეთითა იმ გარემოებაზე, რომ შპს ,,...ს“ სადავო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის არ მიუმართავს, აქედან გამომდინარე ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში სამინისტრო ვერ იმსჯელებდა შპს ,,...ის“ მოთხოვნაზე სადავო ქონების ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებით. კასატორის მოსაზრებით აღნიშნული მითითება უკანონოა, ვინაიდან შპს ,,...ის“ ადმინისტრაციული საჩივარი შეეხებოდა უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა კასატორის მითითება საქართველოს მთავრობის 20.02.2014წ. №189 დადგენილებაზე. ამ დადგენილებით დამტკიცდა „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი“. აღნიშნული წესი დამტკიცდა ფიზიკურ პირთათვის მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული სახელმწიფო საბინაო ფონდის არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის პროცესის დასრულების მიზნით. კასატორი მიუთითებს ამ წესის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კანონიერი მოსარგებლის განმარტებაზე, რომლის მიხედვით კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე. შესაბამისად, მითითებული სამართლებრივი ნორმის მისადაგება განსახილველი დავისადმი მოკლებულია საფუძველს, ვინაიდან კასატორი წარმოადგენს არა ფიზიკურ პირს, არამედ კერძო სამართლის იურიდიული პირს, რომელზეც საქართველოს მთავრობის 20.02.2014წ. №189 დადგენილებით დამტკიცებული წესი არ ვრცელდება.

უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 31.07.2017წ. ბრძანებაში მითითებულ უარის თქმის საფუძველს, კერძოდ, იმ გარემოებას, რომ შპს ,,...ს“ სადავო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის არ მიუმართავს. კასატორის მითითებით შპს ,,...ის“ ადმინისტრაციული საჩივარი შეეხებოდა უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას.

26.08.2016წ. შპს „...მა“ წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მიუთითა, რომ განმცხადებელი წარმოადგენს ქ. თბილისში, ...ის ქ. ͏№1-ში მდებარე უძრავი ნივთის კანონიერ მოსარგებლეს. მისთვის ცნობილია, რომ ამ მისამართზე მდებარე 3116 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გაიცა სარგებლობის უფლებით, ამდენად, სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით შპს „...მა“ გამოხატა თანხმობა, მთლიანად დათმოს ქ. თბილისში, ...ის ქ. ͏№1-ში მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით სათანადო კომპენსაციის სანაცვლოდ. აღნიშნული განცხადების პასუხად სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 02.11.2016წ. წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ განცხადებაში დასმული საკითხის დადებითად გადაწყვეტა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, ვინაიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით შპს „...ს“ უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ის ქ. ͏№1-ში მდებარე უძრავი ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. შპს „...მა“ 02.12.2016წ. ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 02.11.2016წ. ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქ. თბილისში, ...ის ქ. ͏№1-ში მდებარე 3116 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების თაობაზე 26.08.2016წ. განცხადების დაკმაყოფილება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს 31.07.2017წ. ბრძანებით შპს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს „...ის“ მიერ 26.08.2016წ. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი განცხადებით განმცხადებელმა მოითხოვა არა უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება, არამედ ქ. თბილისში, ...ის ქ. ͏№1-ში მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათმობა სათანადო კომპენსაციის სანაცვლოდ, შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ იმსჯელა იმ მოთხოვნასთან დაკავშირებული მიღებულ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტზე, რაც იყო ასახული შპს „...ის“ 26.08.2016წ. განცხადებაში. ამდენად, მართებულია ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 31.07.2017წ. ბრძანებაში მითითებული მსჯელობა იმის შესახებ, რომ სადავო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მოთხოვნით 26.08.2016წ. განცხადებით ადმინისტრაციული საჩივრის ავტორს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის არ მიუმართავს, რის გამოც სამინისტრო ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში ვერ იმსჯელებდა აღნიშნულ მოთხოვნაზე.

საქმის მასალებში დაცული საჯარო რეესტრის მიერ 10.06.2013წ. გაცემული ინფორმაციით, ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების შესაბამისად ქ. თბილისში, ...ის ქ. №1-ში მდებარე უძრავი ნივთი აღრიცხულია 1994 წელს და უძრავი ნივთის მესაკუთრის/მოსარგებლის გრაფაში მითითებულია „...ი“. უსაფუძვლოა კასატორის მითითება ,,...ის“ უფლებამონაცვლედ შპს „...ის“ მიჩნევასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმის მასალებში არ არის დაცული უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი. მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ შპს ,,...ის“ რეგისტრაციაში გატარების თაობაზე თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 27.06.1997წ. დადგენილებაში ,,...ის“ უფლებამონაცვლეობის შესახებ მიუთითებლობა ტექნიკურ შეცდომას წარმოადგენს, ასეთი გარემოების დასადასტურებლად საკმარის საფუძველს არ ქმნის, ამასთან, საკასაციო საჩივარიც ამ მხრივ დაუსაბუთებელია. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სადავო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 02.11.2016წ. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განმცხადებლის მოთხოვნაზე დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს შპს „...ის“ 28.10.2013წ. განცხადებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-74 მუხლის თანახმად 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა დაკარგა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. 26.08.2016წ. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი განცხადებით შპს „...ს“ უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება არ მოუთხოვია. განმცხადებელმა მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქ. ͏№1-ში მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათმობა სათანადო კომპენსაციის სანაცვლოდ. საქმეზე დადგენილი ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის უძრავი ნივთის დათმობის სანაცვლოდ სათანადო კომპენსაციის გაცემის სამართლებრივი საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს ,,...ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.10.2018წ. განჩინება.

3. მ. ქ-ს (პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.03.2019წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე