#ბს-742(კს-21) 30 სექტემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ა. ჯ-ის წარმომადგენლის, დ. ა-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 28 აგვისტოს მოსარჩელე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ქალაქ თბილისის „...ამ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - თ. მ-ის მიმართ.
მოსარჩელემ მოპასუხე თ. მ-ისთვის ჯარიმის სახით 3000 ლარის დაკისრება და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, თბილისის „...ას“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოპასუხე თ. მ-ს დაევალა თბილისში ...ის #22-ში ნაწარმოები უკანონო მშენებლობის ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. მოპასუხე თ. მ-ს დაეკისრა ქალაქ თბილისის „...ას“ 2005 წლის 8 აგვისტოს დადგენილებით ჯარიმის სახით დაკისრებული 3000 (სამი ათასი) ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხე თ. მ-მა, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 მარტის განჩინებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ქალაქ თბილისის „...ის“ უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით, თ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და მოსარჩელე ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის (ქალაქ თბილისის „...ის“ უფლებამონაცვლე) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ივლისის გადწყვეტილება მხარეების მიერ არ გასაჩივრებულა, შევიდა კანონიერ ძალაში და საქმე დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
2020 წლის 4 დეკემბერს ა. ჯ-ის წარმომადგენელმა, დ. ა-ემ, გადწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ...ის ქუჩა #22-ში ნაწარმოები უკანონო მშენებლობის ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანისა და ჯარიმის გადახდის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში დატოვება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 იანვრის განჩინებით ა. ჯ-ის განცხადებაზე დადგენილ იქნა ხარვეზი, რომლითაც განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად 10 დღის ვადა განესაზღვრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განჩინებით ა. ჯ-ის წარმომადგენლის - ადვოკატ დ. ა-ის განცხადება დარჩა განუხილველად. ამავე განჩინებაში მითითებულ იქნა, რომ განმცხადებელს განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეეძლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.
2021 წლის 25 ივნისს, ა. ჯ-ის წარმომადგენელმა, დ. ა-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომელშიც მიუთითა, რომ დროის დაზოგვის მიზნით არ ასაჩივრდებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განჩინებას და მოითხოვა საქმის მასალების დაბრუნება, რათა შესაბამისი ვადის დაცვით, 2007 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე ახალი განცხადებით მიემართა სასამართლოსთვის.
2021 წლის 29 ივნისს ა. ჯ-ის წარმომადგენელმა, დ. ა-ემ კიდევ ერთი განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომელშიც მოსაზრებები დააფიქსირა თეიმურაზ მაღალაშვილის სააპელაციო საჩივარზე. აღნიშნულ განცხადებაში, კიდევ ერთხელ იქნა მითითებული, რომ განმცხადებელი ითხოვდა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დაბრუნებას, საქმის წარმოების განახლების თაობაზე სასამართლოში ახალი განცხადების შეტანის მიზნით.
2021 წლის 2 ივლისს, ა. ჯ-ის წარმომადგენელმა, დ. ა-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა. აღნიშნულ განცხადებაში, განმცხადებლის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ 2021 წლის ივნისში ჩაიბარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება, რომელიც მას არ გაუსაჩივრებია. გარდა ამისა, ა. ჯ-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მან განსჯადობის წესების დაცვით მიმართა გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოგზავნილ იქნა ა. ჯ-ის წარმომადგენლის, დ. ა-ის განცხადება, ადმინისტრაციულ საქმესთან ერთად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა. ჯ-ის წარმომადგენლის, დ. ა-ის განცხადება განსჯადობის წესების დაცვით, უნდა გადაეცეს უფლებამოსილ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლი განსაზღვრავს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განსჯადობის საკითხს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.
წარმოდგენილი განცხადების განსჯადობის საკითხის გადაწყვეტის მიზნით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ა. ჯ-ის წარმომადგენელი, დ. ა-ე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარდგენილ 2021 წლის 25 ივნისისა და 2021 წლის 29 ივნისის განცხადებებში პირდაპირ მიუთითა, რომ იგი არ ასაჩივრებდა ა. ჯ-ის წარმომადგენლის - ადვოკატ დ. ა-ის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განჩინებას. რაც შეეხება 2021 წლის 2 ივლისის განცხადებას, იგი თავისი შინაარსით უკავშირდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებას და მასში შესაბამის არგუმენტებზე მითითებით, დაყენებულია ხსენებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნა. აღნიშუნლზე მიუთითებს ა. ჯ-ის წარმომადგენლის მიერ 2021 წლის 2 ივლისის წარდგენილი განცხადების დასახელება და განცხადებაზე თანდართული 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. გარდა ამისა, 2021 წლის 2 ივლისის განცხადებაში, ა. ჯ-ის წარმომადგენელმა, დ. ა-ემ კიდევ ერთხელ მიუთითა, რომ იგი არ ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განჩინებას და განცხადება განსჯადობის წესების დაცვით წარადგინა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში.
მოცემულ შემთხვევაში, ა. ჯ-ის წარმომადგენელი, დ. ა-ე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ა. ჯ-ის წარმომადგენლის, დ. ა-ის განცხადების განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლო, რის გამოც ა. ჯ-ის წარმომადგენლის, დ. ა-ის განცხადება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლის შესაბამისად, განსჯადობის წესების დაცვით უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია იმსჯელოს წარმოდგენილი განცხადების დასაშვებობასა და მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილითა და 26-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე და 424-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ჯ-ის წარმომადგენლის - დ. ა-ის განცხადება განსახილველად გადაეცეს უფლებამოსილ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა