საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-331(კ-20) 30 სექტემბერი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ზ. ტ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
ზ. ტ-მა 2016 წლის 18 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა „ზ. ტ-ისათვის ქალაქ თბილისში, ... მ/რ-ში, ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 1319 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში“ ამავე კომისიის 2016 წლის 11 იანვრის №472 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, კომისიისათვის სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 მარტის განჩინებით ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით ზ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 11 იანვრის №472 საოქმო გადაწყვეტილება და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ზ. ტ-თან დაკავშირებით დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 აგვიტოს გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ ზ. ტ-ს საკუთრების უფლების აღიარებაზე მართებულად ეთქვა უარი, რადგან ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გამოკვლევის შედეგად ვერ დადგინდა მის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი 2007 წლამდე. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთზე არ დასტურდებოდა შენობა-ნაგებობის არსებობა და აღნიშნული ტერიტორია მოქცეული იყო სანიტარულ ზონაში, რაც გამორიცხავდა მასდზე საკუთრების უფლების აღიარებას. საკუთრების აღიარებისათვის საჭირო იყო სადავო მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის არსებობის დადასტურება, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, შეუძლებელია იმის გარკვევა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე არსებობდა შენობა, რომელიც ექსპლოატაციის ვადის გასვლის შემდეგ დაინგრა. კასატორი სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს 2005, 2010 და 2014 წლის აეროფოტოგადაღებებზე, რითაც ცალსახად დასტურდება, რომ სადავო სივრცე წარმოადგენს ცარიელ მიწის ნაკვეთს. აღნიშნული გარემოებები კი, კასატორის მოსაზრებით, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნიდა.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზ. ტ-ისთვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი.
საკასაციო სასამართლო, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის, სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის, მეორე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით, აღნიშნავს, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული). ასეთ შემთხვევაში პირმა, ასევე, უნდა დაადასტუროს, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ნამდვილად თვითნებურად ჰქონდა დაკავებული, ფლობდა და სარგებლობდა დასახელებული კანონის ამოქმედებამდე (2007წ.). მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი კი, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი) შესაბამისად, არის ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი. კომისიის მტკიცების ტვირთს კი წარმოადგენდა იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების ანალიზი, საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე როდიდან და რა დანიშნულების შენობა-ნაგებობა არსებობდა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 11 იანვრის №472 საოქმო გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ზ. ტ-ის განცხადება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე იმ მოტივით, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებამდე არ დასტურდებოდა მითითებული მიწის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორი მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მართლზომიერებას ძირითადად აფუძნებს ორთოფოტოებზე და აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთზე შენობის არსებობა არ დასტურდება, ასევე, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მოქცეულია სანიტარულ ზონაში.
საკასაციო პალატა, საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათების, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის, ექსპერტიზის დასკვნების, მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებული განცხადების (აღნიშნული პირები ადასტურებენ სადავო მიწის ნაკვეთის მოსარჩელის მიერ გაწმენდის, შემოღობვის, მრავალწლიანი ნარგავების გაშენებისა და შენობის არსებობის ფაქტს) გაცნობის შედეგად, ასევე, საქმეში არსებულ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 13 დეკემბრის №... წერილზე მითითებით, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისში, ... მ/რ-ში, კორპუსი №15-ის მიმდებარედ, მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით: ... მოქცეული არ არის „,საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №968 ბრძანებულებით დამტკიცებული სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრებში, აღნიშნავს, რომ ასეთ პირობებში, წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ ქმნის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ცალსახა საფუძველს და არ გამორიცხავს მიწის ნაკვეთის 2007 წლამდე თვითნებურად დაკავების ფაქტს. აღსანიშნავია, რომ სადავო აქტში არ ყოფილა მსჯელობა საჯარო რეესტრის წერილთან დაკავშირებით, კომისიის უარი არ დაყრდნობია მითითებულ გარემოებას. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად შეისწავლოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მათ შორის, ფიზიკურ პირთა განცხადებები და შედეგად დაადგინოს, რა პერიოდიდან ფლობდა და სარგებლობდა მოსარჩელე სადავო მიწის ნაკვეთით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტის მიღებისას დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დადგენილი, ადმინისტრაციული წარმოების საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლითა და შეფასებით წარმართვის, შედეგად კი - დასაბუთებული აქტის გამოცემის მოთხოვნები. აღნიშნული გარემოება ადასტურებს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გასაჩივრებული საოქმო გადაწყვეტილების, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის მართებულობას, ვინაიდან საოქმო გადაწყვეტილებაში მითითებული, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ ქმნის მისი კანონიერად მიჩნევის შესაძლებლობას და სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით კვლევას. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არცერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე