საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-364(4კ-20) 16 სექტემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი- მ. კ-ე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
წარმომადგენელი - ა. ქ-ი
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
წარმომადგენლები - თ. ჭ-ა, თ. ი-ო-ი
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - ნ. ს-ი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ლ. ნ-ე, ხ. გ-ი, ლ. გ-ი
წარმომადგენელი - შ. ლ-ე
მესამე პირი (ასკ-ის 16.2 მუხლით) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ნ. ჯ-ე
დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.2020წ. გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
23.12.2015წ. ლ. ნ-ემ, ხ. გ-მა და ლ. გ-მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სარჩელისა და მოპასუხე მხარეების დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელეებმა მოითხოვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს და სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსათვის ლ. გ-ის სასარგებლოდ, მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება, კერძოდ, 2015 წლის 13 ივნისს გარდაცვლილი ძმის - დ. გ-ის საკუთრებაში არსებული ავტომობილის დაზიანების გამო, მისი საბაზრო ღირებულების 30%-ის ანაზღაურება, რაც შეადგენს 10 151.2 ლარს. სარჩელით ასევე მოთხოვნილ იქნა მოპასუხეებისათვის მოსარჩელეების - ლ. ნ-ის და ხ. გ-ის სასარგებლოდ, შვილის გარდაცვალებით მიყენებული არამატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება, 13 (ცამეტი) ლარის ოდენობით.
მოსარჩელეთა განმარტებით, 13.06.2015წ. ქ. თბილისში განვითარებულ სტიქიურ მოვლენებს შედეგად მოჰყვა მსხვერპლი და ქონების, მათ შორის, სახლებისა და ავტომობილების, დაზიანება. სტიქიას შეეწირა მათი ოჯახის წევრი - დ. გ-ი. იგი სტიქიის დაწყებამდე თავდაპირველად ვაკის ტერიტორიაზე მოძრაობდა, იქ არანაირი სტიქიის ნიშანი არ იყო, გადაადგილების კუთხით პრობლემაც არ შექმნია. 00:44:14 საათისთვის, როდესაც განხორციელდა ბოლო სატელეფონო ზარი გარდაცვლილთან, მისთვის, როგორც სრულიად მოსახლეობისათვის, ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი სტიქიის შესახებ. საკუთარ ავტომობილში გადანაცვლების შემდეგ, დ. გ-მა მე-9 საავადმყოფოსთან ჩაუხვია მარჯვნივ და ჩავიდა „მზიურთან“ მდებარე ხიდთან, იმისათვის, რომ გზა გაეგრძელებინა ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე, ბახტრიონის ქუჩაზე გამავალ გვირაბთან დასაკავშირებლად და შემდგომ უკვე სულხან ცინცაძის ქუჩასთან. იმის მიუხედავად, რომ სტიქია უკვე დაწყებული იყო და სტიქიის ზონაში გადაადგილება სახიფათო იყო, შემთხვევის ადგილზე არანაირ გაფრთხილებას არ ჰქონდა ადგილი, არც შესაბამისი სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულნი, რის გამოც, დ. გ-ი მოხვდა სტიქიის ზონაში. 16.06.2015წ. სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე იპოვეს მისი გვამი, ხოლო 15 ივნისს იპოვეს მისი ავტომობილი, გამოუსადეგარ მდგომარეობაში.
მოსარჩელეთა განმარტებით, გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის ისტორიულად ცნობილი იყო სტიქიის ზონიდან გამომდინარე პოტენციური საფრთხე. წარსული მოვლენების ანალიზიდან გამომდინარე, შესაძლებელი იყო საფრთხის პროგნოზირება. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა მსგავსი ტიპის კატასტროფებთან ბრძოლის კონკრეტული გეგმა და სტრატეგია. მოსარჩელეები თვლიან, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 12.06.2015წ. მომზადებულმა N163 ბიულეტენმა, რომელშიც საუბარია 13 ივნისს სავარაუდო წყალმოვარდნის, ღვარცოფის შესახებ, არასრულყოფილების გამო, ვერ მიიპყრო შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების სათანადო ყურადღება. დოკუმენტით არ იყო გათვალისწინებული რისკები. ბიულეტენი არ იყო კონკრეტული. მოსარჩელეები ყურადღებას ამახვილებენ სტიქიის ღამეს „112“-ში შესული ზარებით მიწოდებულ ინფორმაციაზე და უსაფუძვლოდ მიიჩნევენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პოზიციას, რომ სახელმწიფო უწყებებმა ასეთ მცირე პერიოდში ვერ შეძლეს პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა, ვერ მოხერხდა სტიქიის ზონისა და არეალის განსაზღვრა, შესაბამისად - გზების გადაკეტვა. მოსარჩელეთა მოსაზრებით, დ. გ-ის გარდაცვალებამდე, სახელმწიფოს რამდენიმე საათით ადრე ჰქონდა შესაბამისი ინფორმაცია და აღნიშნული პერიოდი იყო საკმარისი დრო, სახელმწიფოსთვის შეეფასებინა, თუ რა მასშტაბის სტიქიასთან ჰქონდათ საქმე. ამასთან, არსებობდა სტიქიის ზონის განსაზღვრის შესაძლებლობა.
მოსარჩელეთა განმარტებით, ლ. გ-ი წარმოადგენს გარდაცვლილი დ. გ-ის მემკვიდრეს. 21.02.2016წ. ლ. გ-სა და ქონების მართვის სააგენტოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებისათვის ფულადი დახმარების გაცემის თაობაზე. ლ. გ-ს აუნაზღაურდა ავტომობილის საბაზრო ღირებულების (49 784 ლარის) 70%, რამაც შეადგინა 34 848.8 ლარი. დ. გ-ის საკუთრებაში არსებული ავტომობილის საბაზრო ღირებულების დარჩენილი 30% - 10 151.2 ლარი წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნით გათვალისწინებული, ლ. გ-ისათვის ასანაზღაურებელი მატერიალური ზიანის თანხას, რომელიც სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.06.2016წ. საოქმო განჩინებით, ასკ-ის 16.2 მუხლის საფუძვველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია. ამავე სასამართლოს 22.01.2018წ. საოქმო განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, ხოლო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლედ - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.03.2018წ. გადაწყვეტილებით ლ. ნ-ის, ხ. გ-ის და ლ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.02.2019წ. განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.2020წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. ნ-ის, ხ. გ-ის და ლ. გ-ის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.03.2018წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მატერიალური ზიანის სახით სოლიდარულად დაეკისრათ 10 151.2 (ათი ათას ასორმოცდათერთმეტი ლარი და ოცი თეთრი) ლარის ანაზღაურება, ლ. გ-ის სასარგებლოდ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მორალური ზიანის სახით სოლიდარულად დაეკისრათ 13 (ცამეტი) ლარის ანაზღაურება, ლ. ნ-ისა და ხ. გ-ის სასარგებლოდ.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სადავო გარემოებებზე არსებითად მსჯელობისათვის, მნიშვნელოვანია მოპასუხეთა და მათ მიერ განხორციელებულ/განსახორციელებელ ღონისძიებათა დიფერენცირება.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს, მასზე დაკისრებული ფუნქციების გათვალისიწინებით, ევალებოდა როგორც მოსალოდნელი საფრთხის პრევენცია, ისე მის თაობაზე საზოგადოების ინფორმირება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 10.05.2013წ. N27 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში მითითებულ გარემოს ეროვნული სააგენტოს ფუნქციებზე და ყურადღება გაამახვილა გარემოს ეროვნული სააგენტოს 12.06.2015წ. N163 ბიულეტენზე, ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წელს მომზადებულ თბილისის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების საშიშროების ზოგად ანალიზზე და 2015 წლის 13-14 ივნისს მდ. ვერეს აუზში განვითარებული კატასტროფით გამოწვეული მდგომარეობის წინასწარ შეფასებაზე. სააპელაციო პალატამ ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნია გარემოს ეროვნული სააგენტოს 29.05.2019წ. N21/1396 წერილის შინაარსი, რომლის თანახმად, 2015 წელს გარემოს ეროვნულ სააგენტოს არ გააჩნდა არც ერთი მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური დაკვირვების პუნქტი მდ. ვერეს აუზში. 2015 წლის ივნისის ტრაგედიის შემდეგ, სააგენტოს თხოვნით, ქ. თბილისის მერიამ შეიძინა და გარემოს ეროვნულ სააგენტოს გადასცა ავტომატური მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური სადგურები, რომლებიც 2016 წლის დასაწყისში დამონტაჟდა მდ. ვერეს და მდ. ბაგებისხევის აუზებში. გარემოს ეროვნული სააგენტო არ ფლობს მდ. ვერეს აუზში 2015 წლის 4 ივნისის და 13 ივნისის ფაქტიურ მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ მონაცემებს. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა წერილის იმ ნაწილზე, რომელშიც საუბარია ივ. ჯავახიშვილის სახელობის სასწავლო ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის მონაცემებზე.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია გარემოს ეროვნული სააგენტოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო შემთხვევაში, მოვლენების კომპლექსურად განვითარების გამო, დამდგარი ფაქტობრივი გარემოების შემადგენლობის პროგნოზირება შეუძლებელი იყო უმაღლესი სტანდარტის მქონე ტექნიკური საშუალებებითაც კი. დამდგარი შედეგი არ ექვემდებარებოდა კონტროლს, წინასწარ განჭვრეტას და გათვლას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ვინაიდან 1924 წლიდან 2015 წლის სტიქიამდე, მდ. ვერეს აუზში არაერთხელ ჰქონდა ადგილი სტიქიურ მოვლენებს, რომლის დროსაც ქალაქის ინფრასტრუქტურამ განიცადა უდიდესი ზარალი, ხშირად ადამიანთა მსხვერპლით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სათანადოდ არ შეაფასა და არ გაითვალისწინა ტერიტორიის ისტორიულად მეწყერსაშიშობა. პალატამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 04.06.2015წ. მომხდარ წყალმოვარდნაზე, რომელიც მართალია, არ წარმოადგენდა თავისი სიძლიერით სტიქიას, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მომხდარი ფაქტი და დამდგარი შედეგი, მომავალი კონკრეტული საშიშროების თავიდან აცილების მიზნით, გარემოს ეროვნულ სააგენტოს ავალდებულებდა სათანადო მონიტორინგს. აღნიშნულ შეფასებაზე დაყრდნობით, პალატის მოსაზრებით, ჯერ კიდევ წყნეთი, ბეთანია, კიკეთის ტერიტორიაზე შესაბამისი ფერდების წყლით გაჟღენთვა, შესაბამისი ქანების წყლით დამძიმება, ქანების დახრილობა, სპეციალისტებში გააჩენდა ვარაუდს, რომ ეს ქანები ვერ გაუძლებდა ასეთი ტიპის სიმძიმეს, მოხდებოდა ჩამოშლა და მეწყერსაშიშ ზონად აქცევდა კონკრეტულ ტერიტორიას. უახლოეს პერიოდში, კერძოდ 4 ივნისის წყალმოვარდნისა და მისგან გამომდინარე შედეგებით/დატბორვით მიყენებული ზიანის გათვალისწინებით, მომავალი, კონკრეტული საშიშროების თავიდან აცილების მიზნით, გარემოს ეროვნულ სააგენტოს უნდა განეხორციელებინა სათანადო ღონისძიებები (გაფრთხილება, მონიტორინგი). სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს 12.06.2015წ. N163 ბიულეტენში 4 ივნისის ფაქტი არ ასახულა და ბიულეტენი არ შეიცავდა რაიმე კონკრეტულ გაფრთხილებას. 2015 წლის 4 ივნისის მცირე მასშტაბის სტიქიის უკეთ გაანალიზება, შეფასება, შესაბამისი სპეციალისტების ჩაბმა, მდინარე ვერეში წყლის დონის შესწავლა კომპეტენტური პირების მიერ, შექმნიდა ვარაუდს, თუ რა რისკის შემცველი შეიძლებოდა ყოფილიყო უხვნალექიანობა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც კონკრეტულ პერიოდში მთელი წლიური ნალექის მესამედი ნალექი მოვიდა.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულმა 12.06.2015წ. N163 ბიულეტენმა, სადაც საუბარია 13 ივნისის სავარაუდო წყალმოვარდნის, ღვარცოფის შესახებ, ვერ მიიპყრო შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების სათანადო ყურადღება, არასრულყოფილების გამო. დოკუმენტით არ იყო გათვალისწინებული რისკები და ბიულეტენი არ იყო კონკრეტული. სასამართლომ არ გაიზიარა გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის ის მოსაზრება, რომ 4 ივნისს დამდგარი შედეგი, წყლის დონის მატება და გარკვეული ტერიტორიის დატბორვა არ არის კავშირში 13 ივნისის სტიქიასთან. სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძვლად არ იქნა მიჩნეული ის არგუმენტი, რომ ქვეყნის ტერიტორიის რთული რელიეფის გამო, წყალმოვარდნების, მეწყრების, ღვარცოფების და სხვა სახის სტიქიური მოვლენების მიმართ რისკის მატარებელი უბნების რაოდენობა ძალიან დიდია და ამ უბნების ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოლოგიური მონიტორინგის სრულყოფილად განხორციელება ძალზე მასშტაბურ ფინანსურ რესურსს მოითხოვს, ამასთან, ფინანსური რესურსის ქონის შემთხვევაშიც, შეუძლებელი იქნებოდა ისეთი კომპლექსური სტიქიური მოვლენის წინასწარ განსაზღვრა, რომელიც 2015 წლის 13 ივნისს განვითარდა. 13-14 ივნისს განვითარებული მოვლენები თავისი კომპექსური, სწრაფადფორმირებადი, 10-მდე ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური პროცესების თანხვედრის გათვალისიწინებით, ისეთი სტიქიური მოვლენა და დაუძლეველი ძალაა, რომლის წინასწარი პროგნოზირებაც, მიუხედავად განხორციელებული/განსახორციელებელი მონიტორინგისა და საერთშორისო სტანდარტების გათვალისწინებით მომზადებული/დამუშავებული მონაცემებისა, არ ექვემდებარება წინასწარ განსაზღვრას და განჭვრეტას.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში CD დისკის სახით წარმოდგენილ იმ სიუჟეტებზე, რომლებიც მომზადდა 2015 წლის 13-14 ივლისის სტიქიის შემდგომ, კონკრეტული დარგის სხვა და სხვა სპეციალისტებისა და ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი პირების მონაწილეობით. სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 10.05.2013წ. N27 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულ სააგენტოს უფლება-მოვალეობებზე და მიიჩნია, რომ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ევალებოდა შეემოწმებინა და მონიტორინგი განეხორციელებინა საქართველოში არსებულ მდინარეებში წყლის დონისა, ასევე მონიტორინგთან დაკავშირებით იდენტიფიცირება მოეხდინა კონკრეტული მდინარიდან გამომდინარე შესაბამისი წყალუხვობისა და სტიქიური უბედურების დროს თუ რა ტიპის საფრთხე ემუქრებოდა მოსახლეობას, ადამიანთა ქონებას/საკუთრებას და ა.შ. სააგენტოს არ გააჩნდა არც ერთი მეტეოროლოგიური სადგური ისტორიულად მეწყერსაშიშ, სტიქიის ზონაში, 4 ივნისის მცირე მასშტაბის სტიქია არ შეფასდა ადექვატურად, მომავალ განჭვრეტად საფრთხესთან კავშირში, სათანადოდ არ გაანალიზდა მეტეოროლოგიური სიტუაცია, მხოლოდ მძიმე შედეგების შემდგომ, შესაბამისი თანამდებობის პირები ზემოაღნიშნულ სატელევიზიო სიუჟეტებში პრაქტიკულად აღიარებდნენ სახელმწიფოს უმოქმედობას. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს, რომ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სათანადოდ არ შეასრულა კანონმდებლობით მასზე დაკისრებული ვალდებულებები, არ განახორციელა მეწყერსაშიში ზონის დროული მონიტორინგი და საფრთხის პრევენცია. პალატის მოსაზრებით, პრევენციულ ღონისძიებებს/ინფორმირებულობას შესაძლოა თავიდან ვერ აეცილებინა სტიქიური უბედურება, თუმცა ცალსახად შემცირდებოდა დამდგარი ზიანი. ინფორმაციის დამუშავების, გააზრების, დაკვირვების პირობებში, მოხდებოდა სტიქიის დროის პროგნოზი, ასევე მოხდებოდა გარკვეული პრობლემების იდენტიფიცირება. შესაბამისად, სახეზეა გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის ზიანის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: „ბადაევა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ (Budayeva and Others v. Russia, N15339/02, N21166/02, N11673/02 და N15343/02, § 131,22 მარტი,ECHR 2008), რომლის თანახმად, ევროპული კონვენციის მეორე მუხლიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლოს მოსაზრებით, სახელმწიფოებს აკისრიათ ვალდებულება, სათანადოდ აცნობონ საზოგადოებას ისეთი ინფორმაცია, რომელიც შეეხება სიცოხლისათვის საფრთხის შემცველ მდგომარეობას, მათ შორის, ბუნებრივ კატასტროფებს. ინფორმაციაზე წვდომა საზოგადოების წევრებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, იმ ეკოლოგიური საფრთხეების სწორად შესაფასებლად, რომელთა წინაშეც შესაძლოა იმყოფებოდნენ („მაქგინლი და ეგანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, McGinley and Egan v.the United Kingdom). ბუნებრივ საფრთხეებთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფოსათვის დაკისრებული პოზიტიური ვალდებულების ფარგლები დამოკიდებულია საფრთხის წარმომავლობაზე და იმ ფაქტზე, თუ რამდენად ექვემდებარება ესა თუ ის რისკი შემცირებას. ეს ვალდებულება არსებობს მაშინ, როდესაც გარემოებები მიანიშნებენ ბუნებრივი საფრთხეების გადაუდებელ ხასიათზე, რომელიც არის აშკარად იდენტიფიცირებადი და განსაკუთრებით, თუ ეს ეხება პერიოდულ კატასტროფებს, რომლებიც ხდება ადამიანებით დასახლებულ ან მათ მიერ გამოყენებად ადგილებში (M. OZEL AND OTHERS v.TURKEY). სახელმწიფოს იურიდიქციას დაქვემდებარებული პირების სიცოცხლის დაცვის პოზიტიური ვალდებულება განიმარტება იმგვარად, რომ ის მოიცავს, როგორც შინაარსობრივ, ისე პროცედურულ ასპექტებს. სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაა, მიიღოს მარეგულირებელი ღონისძიებები, ადეკვატურად მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის შესახებ და სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევაში უზრუნველყოს შესაბამისი მოკვლევა (BUDAYEVA AND OTHERS v. RUSSIA).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე და „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 26.08.2008წ. N415 ბრძანებულებაზე, რომელშიც N14 ფუნქციად მითითებულია საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალურ ფასეულობათა დაცვის უზრუნველყოფა, რა მიზნითაც გათვალისწინებულია საგანგებო სიტუაციების ზონაში მოძრაობის ახალი მარშრუტების დადგენა, ქუჩების გადაკეტვა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს მთავრობის 13.12.2013წ. N337 ბრძანებით დამტკიცებული დებულებით განსაზღვრულ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანებზე და ყურადღება გაამახვილა სადავო პერიოდში მოქმედი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 26.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მოსახლეობას უფლება აქვს მიიღოს აუცილებელი ინფორმაცია უსაფრთხოების ზომების შესახებ. სასამართლომ ასევე მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. N993 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულებაზე, რომლითაც განსაზღვრულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კომპეტენცია.
სააპელაციო პალატამ მოიხმო საქმეში CD დისკის სახით წარმოდგენილი სიუჟეტები, რომლებიც მომზადდა 2015 წლის 13-14 ივლისის, სტიქიის შემდგომ და მნიშვნელოვნად მიიჩნია ჩანაწერის შემდეგი მონაკვეთები: 00:10:36 (კარგ ვარიანტში გზა უნდა გადაკეტილიყო, მაგრამ ეს ძალიან რთული იყო, (თბილისის ვიცე - მერი ლ. ა-ე)); 00:11:45 (რა პროცესებთან გვქონდა საქმე ამის შეფასება ჩვეულებრივ მოქალაქესაც შეეძლო, არათუ სპეციალისტს, გარემოს ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე - თ. ბ-ა)); 00:12:17 (რომ მენახა მდინარეში წყლის დონე, რა თქმა უნდა, მე პირადად ჩავკეტავდი გზებს (გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი, მ. გაფრინდაშვილი); 00:00:31 (13 ივნისის პროგნოზი გაცემული იყო 3 დღით ადრეც და იმავე დღესაც - ჰიდროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რ. ჭითანავა); 00:01:04 (რადარული სისტემა იძლევა შესაძლებლობას რამდენიმე საათის განმავლობაშიც კი, განისაზღვროს ძლიერი ნალექების ადგილები). სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედობას ადასტურებს სსიპ 112-ში, 13 ივნისს 23:08:46 საათსა და 23:10:40 საათზე (როდესაც სტიქიას ჯერ კიდევ მცირე მასშტაბი ჰქონდა და გზების გადაკეტვის მეშვეობით შესაძლებელი იყო მსხვერპლის თავიდან აცილება) განხორციელებული მოქალაქე თამაზ ელიზბარაშვილის სატელეფონო ზარი. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ მოახდინა აღნიშნული მოქალაქის მიერ მიწოდებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის ადექვატურად აღქმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდებოდა სტიქიის ზონის განსაზღვრა/დადგენა, ვითარების სწორად გაანალიზება/აღქმა, რასაც ლოგიკურად მოჰყვებოდა სტიქიის ზონამდე მისასვლელი გზების გადაკეტვა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა ჯეროვნად ვერ შეასრულეს კანონმდებლობით მათზე დაკისრებული ვალდებულებები, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმობდა უსაფრთხოების წესების დაცვას და ეფექტიან გატარებას, მათ შორის, სტიქიის ზონისკენ მოსახლეობის გადაადგილების შეზღუდვას/შეწყვეტას. პალატის მოსაზრებით, შესაბამისი ორგანოს თანამშრომლები ვერ მოახდენდნენ სტიქიური უბედურების თავიდან აცილებას, თუმცა ცალსახად შეამცირებდნენ დამდგარ ზიანს. განსახილველ შემთხვევაში, ვიდრე სტიქიის ზონა ფიზიკურად არ ჩაიხერგა მცენარეებით, საყოფაცხოვრებო ნივთებით და ავტომანქანებით, მისი მიმართულებით არ მომხდარა გზის გადაკეტვა შესაბამისი სტრუქტურების მიერ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიმართ მოთხოვნასთან მიმართებაში სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დარღვევას ადგილი ჰქონდა როგორც პრევენციის ნაწილში, ისე რეაგირების კუთხით. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 05.06.2019წ. MIA 9 19 01447558 წერილზე, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ის ადმინისტრაციის უფროსის 04.06.2019წ., საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 05.02.2019წ. MIA 1 19 00302894 წერილებზე და სადავო პერიოდში მოქმედ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დებულებაზე, რომლითაც განსაზღვრულია სააგენტოს უფლებამოსილება და ამოცანები, ასევე სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს კომპეტენცია, პირველადი რეაგირებისათვის მოამზადოს სამაშველო ჯგუფები და მოახდინოს საგანგებო სიტუაციების ზონაში მათი მუშაობის ორგანიზება. სააპელაციო სასამართლომ ასევე საყურადღებოდ მიიჩნია ოპერატიული მართვის ცენტრის (სამმართველოს) კომპეტენცია, რომელშიც შედის ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებების და სხვა საგანგებო სიტუაციების შესახებ შესული შეტყობინებების მიღება, დამუშავება და შესაბამისი სამსახურებისთვის ინფორმაციის მიწოდება. სასამართლომ ასევე მიუთითა სააგენტოს ტერიტორიული დანაყოფების კომპეტენციაზე, რომელიც მოიცავს შესაბამის სამოქმედო ტერიტორიაზე სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოსახლეობის ინფორმირებისა და მომზადების, ასევე საგანგებო სიტუაციების შესახებ მოსახლეობის შეტყობინების ორგანიზებასა და განხორციელებას.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა 2015 წლის 13 ივნისს 112-ში შესული მნიშვნელოვანი ზარების თანმიმდევრობაზე, კონკრეტულ დროებზე მითითებით. კერძოდ, სასამართლოს მითითებით, 13.06.2015წ. 22:11 საათზე წყნეთიდან განხორციელებული ზარით დაფიქსირდა, რომ დაიტბორა საცხოვრებელი სახლები. ზარი ასევე განხორციელდა ბაგებიდან, 22:20 საათზე, ხოლო 22:40 საათზე გმირთა მოედნიდან განხორციელდა შემდეგი შინაარსის ზარი: „ავტომანქანაში შედის წყალი და ვეღარ გამოდიან მგზავრები“. 23:10 საათზე ზარი განახორციელა თამაზ ელიზბარაშვილმა, რომელმაც იკითხა, არსებობდა თუ არა მდინარე ვერეს ადიდების საშიშროება და ითხოვა მანგლისის პოლიციასთან დაკავშირება. ზარი ასევე განხორცილდა 00:03 საათზე, ვაკე-საბურთალოდან და დაფიქსირდა, რომ სამი მანქანა იყო ჩაძირული წყალში, სამაშველო მუშაობს, მაგრამ არ ჩანს პატრული, რომ გზა გადაკეტოს და გააფრთხილოს მძღოლები საშიშროებაზე.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ყოველი ზემოაღნიშნული ფაქტი წინ უსწრებს დ. გ-ის გარდაცვალებას - როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით (მაგთიკომი) დგინდება, ბოლო სატელეფონო კავშირი დ. გ-თან, ახალი გზის ტერიტორიაზე, შედგა 00:44 საათზე, რა დროსაც ტელეფონი გაითიშა. დ. გ-ს გზის არგადაკეტვის გამო ხელი არ შეეშალა გადაადგილებაში და აღმოჩნდა სტიქიის ზონაში. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სადავო პერიოდში მოქმედ ნორმათა საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან პრევენციული ღონისძიებების გატარების შემთხვევაში, დ. გ-ი ვერ უნდა მისულიყო კონკრეტულ ადგილზე. საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლომ ჩათვალა, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შეეძლო და უნდა სცოდნოდა წინასწარ სტიქიის ზონის შესახებ, შესაბამისად, ორგანოს შეეძლო ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება, რაც ცალსახად ევალებოდა სადავო პერიოდში მოქმედი N1061 და N944 დებულებებით. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება და მათი შედეგების ლიკვიდაციის ხელმძღვანელობა, რაც წარმოადგენს დებულებით განსაზღვრულ ფუნქციებს, განსახილველ შემთხვევაში, დაგვიანებული იყო, ხოლო დებულებით გაწერილი - კომპეტენციის ფარგლებში საგანგებო სიტუაციების შესახებ ადრეული შეტყობინების სისტემის მართვის უზრუნველყოფის არსებობა საქმეში არ იკვეთება მისი ობიექტურად არარსებობის გამო.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ნაკლები კვალიფიკაციის, ნაკლები ორგანიზებულობის, ნაკლები ეფექტიანობის, არაკოორდინირებული მოქმედებების შედეგად, სათანადოდ ვერ განახორციელეს მათზე კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციები და არ განსაზღვრეს პრიორიტეტები, რამაც გამოიწვია დ. გ-ის გარდაცვალება. სახეზეა სათანადო ორგანოების უმოქმედობა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი და ზიანი რაც ცალსახად წარმოადგენს აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ საფუძვლიანად მიიჩნია მოთხოვნა, მატერიალური ზიანის სახით, დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულების აუნაზღაურებელი 30%-ის, ფულადი თანხის - 10 151.2 (ათი ათას ასორმოცდათერთმეტი ლარი და ოცი თეთრი) ლარის მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოებისათვის დაკისრების თაობაზე.
ადმინისტრაციული ორგანოებისათვის შვილის გარდაცვალებით მიყენებული მორალური ზიანის - 13 (ცამეტი) ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნასთან მიმართებაში სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ძირითადად ზიანის ანაზღაურების საფუძველია ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მათზე დაკისრებული ფუნქციების სათანადოდ განუხორციელებლობა, რასაც შედეგად მოჰყვა დ. გ-ის გარდაცვალება. შვილის გარდაცვალების გამო მშობლის ენით გამოუთქმელი მორალური ტრავმა უდავოდ სახეზეა. ეს უკანასკნელი გაიგივებულია სულიერ განცდასა და ფიზიკურ ტანჯვასთან. მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს დაზარალებულის სულიერი და ფიზიკური ტანჯვა, რომელიც გამოწვეულია მოქმედებით (უმოქმედობით) და რომელიც ხელყოფს მოქალაქის კანონით გათვალისწინებულ არამატერიალურ სიკეთეს.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს უახლეს პრაქტიკაზე, რომელიც შეეხება შვილის გარდაცვალებით მშობლისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხს (ას-660-660-2018, 64-ე აბზაცის ბოლო ნაწილი: როდესაც ადგილი აქვს ისეთ ზიანს, რომლის დროსაც, როგორც წესი, მოსალოდნელია მძიმე ფსიქიკური განცდები, სულიერი ტანჯვა და ა.შ., მოქმედებს ე.წ. მორალური ზიანის პრეზუმფცია და ზიანის მიმყენებლის მიერ საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ დაზარალებულმა პირმა მძიმე სულიერი ტკივილი განიცადა. ამგვარი განმარტებებია მოცემული უზენაესი სასამართლოს ას-979-940-2014 გადაწყვეტილებაშიც). გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, უმაღლესი ინსტანციის ეროვნული სასამართლოს უახლესი პრაქტიკა (სუს Nბს-327-309(2კ-07) გადაწყვეტილება) ადასტურებს შვილის გარდაცვალების გამო მორალური ზიანის მშობლისადმი მიკუთვნებას.
შვილის გარდაცვალების გამო მშობლისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობასთან მიმართებაში სააპელაციო პალატამ მიუთითა ევროპული სასამართლოს გადაწყვეეტილებებზე (სარიშვილი-ბოლქვაძე საქართველოს წინააღმდეგ, Sarishvili-Bolkvadze v. Georgia - § 53, 93, 96, 97; ქინანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, Keenan v. United Kingdom - § 130-133; ბაბინსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, Bubbins v. United Kingdom - § 171; რეინოლდსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, Reynolds v. United Kingdom - § 68; პოლ და ოდრი ედვარდსები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, Paul and Audrey Edwards v. United Kingdom - § 97-102; მოვსესიანი სომხეთის წინააღმდეგ, Movsesyan v. Armenia - § 73; ზეტი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, Z and others v. United Kingdom - § 109) და აღნიშნა, რომ ევროპული სასამართლოს განმარტებიდან გამომდინარე, როდესაც სახეზეა კონვენციის ძირითადი მუხლების (მე-2 და მე-3 მუხლები) დარღვევა და აღნიშნულისათვის ეროვნული კანონმდებლობა არ ითვალისიწნებს მორალური კომპენსაციის შესაძლებლობას, ამგვარი გაუთვალისწინებლობა არღვევს ევროპული კონვენციის მე-13 მუხლს - ქმედითი სამართლებრივი მისაგებლის უფლებას.
სასარჩელო მოთხოვნით გათვალისწინებული მორალური ზიანის ოდენობასთან მიმართებაში სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მორალური ზიანი ანაზღაურდება გონივრული, სამართლიანი ოდენობით. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დამდგარი ზიანის სიმძიმეს, დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობას, შელახული უფლების მნიშვნელობას და სხვ. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, 13 ივნისის თარიღიდან გამომდინარე მოთხოვნილი სიმბოლური თანხის - 13 (ცამეტი) ლარის მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოებისათვის დაკისრება სრულად ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.2020წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ. კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო პრეტენზია:
კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29.01.2020წ. გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
კასატორის მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლიდან გამომდინარე, არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევის წინაპირობები. დავა ეხება სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ამასთან, მართლსაწინააღმდეგო ქმედებად დადგენილია ფორს-მაჟორული გარემოებების დროს არასათანადო პრევენციული ღონისძიებების განხორციელება/განუხორციელებლობა. საქართველოს უზენაეს სასამართლოს არ განუხილავს საქმე, ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის დაკისრების თაობაზე, როდესაც ფაქტობრივი გარემოებები ეხება ფორს-მაჟორულ გარემოებებში განხორციელებულ მოქმედებას ან უმოქმედობას. იმ პირობებში, როდესაც სამოქალაქო კანონმდებლობა აღნიშნულ გარემოებებს პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძვლად მიიჩნევს, ყოვლად გაუგებარია და სამართლებრივ დასაბუთებას აცდენილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, უზენაესმა სასამართლომ იმსჯელოს ბუნებრივი მოვლენების პრევენციისას სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებათა ფარგლებზე. სამინისტროს მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რამაც საბოლოოდ განაპირობა მცდარი გადაწყვეტილების მიღება.
კასატორი მიუთითებს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძვლად მიიჩნევს დაუძლეველ ძალას. კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული მსჯელობა, რომ სამინისტროსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს შესაძლებლობა ჰქონდათ, განესაზღვრათ სტიქიის ზონა, არ ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სააპელაციო სასამართლომ საინფორმაციო გადაცემებში გასულ სიუჟეტებში გაჟღერებული კონკრეტული პიროვნებების სუბიექტური პოზიციები მიიჩნია საკმარის და უტყუარ მტკიცებულებად, იმისათვის, რომ დაედგინა, შეეძლო თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტიქიის ეპიცენტრის წინაწარ განჭვრეტა, მისასვლელი გზების გადასაკეტვის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. კასატორის მოსაზრებით, ე.წ. „სიუჟეტებში“ ასახული ინტერვიუები საამისოდ არასაკმარის მტკიცებულებას წარმოადგენს. გარდა ამისა, სასამართლომ არ დაადგინა სიუჟეტში მონაწილე პირების ვინაობა, კვალიფიკაცია და მათი საქმესთან შემხებლობა. ამასთან, სასამართლოს არ გამოუკვლევია სიუჟეტში ასახული მსჯელობის სრულყოფილების საკითხი, მაგალითად, ხომ არ მომხდარა ჟურნალისტების მხრიდან სიუჟეტში მონაწილე პირის მიერ ჩამოყალიბებული მსჯელობის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით გაჟღერება, რამაც მსჯელობის სხვაგვარად აღქმის საშუალება მისცა საზოგადოებას. საქმეში არსებულ სიუჟეტებს სასამართლო მართლსაწინააღმდეგო ქმედების დამადასტურებელ ერთადერთ მტკიცებულებად მიიჩნევს, იმ პირობებში, როდესაც სიუჟეტში მონაწილე პირები მინიმუმ სასამართლო წესით არ დაკითხულან, სპეციალისტის ან/და მოწმის სტატუსით. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებების კვლევის სტანდარტი დაარღვია, როდესაც არ გამოითხოვა დ. გ-ის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მასალები. საქმეს ერთვის მხოლოდ გარდაცვალების თაობაზე არსებული სამედიცინო დასკვნა, ხოლო სხვა მტკიცებულებები სასამართლოს არ მოუძიებია, რაც არღვევს საქმის ყოველმხრივ და ობიეტურად გამოკვლევის პრინციპს.
კასატორის განმარტებით, მოცემულ საქმეზე არაერთი მტკიცებულებაა წარმოდგენილი, არსებული ტექნიკური თუ ადამიანური რესურსის პირობებში, სტიქიის ზონის განსაზღვრის შეუძლებლობის თაობაზე. აღნიშნული პოზიცია წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ განმარტებას, რაც სასამართლომ არ გაიზიარა და ასევე არ მიუთითა, მტკიცებულებათა შეჯიბრების პირობებში, საინფორმაციო სიუჟეტებში გაჟღერებული პოზიცია რატომ არის უფრო უტყუარი, ვიდრე ექსპერტების მიერ შემუშავებული დასკვნა სტიქიის შესახებ, სადაც ერთმნიშვნელოვნად არის განმარტებული, რომ სტიქიის ზონის პროგნოზირება შეუძლებელი იყო. კასატორის განმარტებით, აქამდე არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, საჯარო სუბიექტის ვალდებულება და პასუხისმგებლობა შეიძლებოდა განსაზღვრულიყო არასათანადო ინფრასტრუქტურის არსებობის გამო, იმ პირობებში, თუ წვიმის შედეგად წარმოქმნილი წყლის მოცულობა ჯეროვნად ვერ შთაინთქმებოდა სანიაღვრე ნაგებობებით და დაუბრკოლებლად გადაიქცეოდა ზედაპირული წყლის მდინარედ, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა პასუხისმგებლობის ფარგლები - საჯარო სუბიექტის ისეთი ვალდებულება, რომ სანიაღვრე სისტემებმა ყველა შესაძლო კატასტროფას გაუძლოს, არ არსებობს და არც არის მართებული. ფართო მოსაზრებით, წყლის გამტარუნარიანობა უნდა იყოს ისეთი, რომ 5 წლის პერიოდულობით განმეორებადი წვიმის შედეგად წარმოქმნილ ნიაღვარი შთანთქას. მნიშვნელოვანია, რომ 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის დროს მოსული ნალექის ოდენობას დედაქალაქში უახლოესი 100 წლის განმავლობაში არ ჰქონია ადგილი. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც მოვლენა სავარაუდოდ 100 წელიწადში ერთხელ განმეორებადია, დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მდინარის ხეობის ისტორიული წინამძღვრები ასევე უნდა გამხდარიყო ადმინისტრაციული ორგანოებისათვის საკმარისი საფუძველი, განსაზღვრულიყო სტიქიის ზონა და ჩაკეტილიყო მასთან მისასვლელი გზები.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ იმ პერიოდისათვის, როდესაც დ. გ-ი გადაადგილდებოდა ახალი გზის ტერიტორიაზე, სახელმწიფო არ იდგა გზის გადაკეტვის აუცილებლობის წინაშე. საქმეში წარმოდგენილია გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილი, სადაც მითითებულია, რომ წყალდიდობის მოცემულ დონეზე არსებობის პირობებში, ასევე წყალმოვარდნის პირობებშიც კი, ახალ გზაზე არსებული წყალგამტარი გვირაბები სრულად უზრუნველყოფდა წყლის გატარებას და მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ წყალდიდობის დროს არ არსებობდა გზის გადაკეტვის აუცილებლობა. რაც შეეხება იმ ფაქტის პროგნოზირებას, რომ მოცემულ გზაზე ერთობლივად 10 ტიპის ჰიდრომეტეოროლოგიურ და გეოლოგიურ პროცესს ექნებოდა ადგილი, აღნიშნული არ შეეძლო არც შინაგან საქმეთა სამინიტროს და არც გარემოს ეროვნულ სააგენტოს. წყნეთის ტერიტორიაზე მეწყერის ჩამოწოლა გამოწვეულ იქნა სხვადასხვა მოვლენით, თანმხვედრი წყალდიდობით და იმის პროგნოზირება, რომ აღნიშნული მოვლენები ერთიანი სახით იმოძრავებდა სწორედ ახალი გზის მიმართულებით, შეუძლებელი იყო. ე.წ. „ახალ გზაზე“ ადგილი ჰქონდა არა წყლის დონის მატებას, არამედ ე.წ. „ღვარცოფულ წყალმოვარდნას“, რომელსაც ჰქონდა ტალღისებული ეფექტი. წყნეთის მონაკვეთიდან მოყოლებული, აღნიშნული ტალღა რა მიმართულებას მიიღებდა, ამის განსაზღვრა შეუძლებელი იყო როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, ისე საპატრულო პოლიციისათვის, როგორც ტექნოლოგიური, ისე ადამიანური რესურსის პირობებში. ფორს-მაჟორში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას, განეჭვრიტა კონკრეტული ლოკაცია, თუ სად უნდა მომხდარიყო გზის გადაკეტვა.
კასატორი საყურადღებოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ბრალეულობა მიყენებულ ზიანში. გადაწყვეტილებაში მითითებულ იქნა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო იყო ვალდებული, ისტორიულ ფაქტორებზე დაყრდნობით წინასწარი პროგნოზი განეხორციელებინა და განესაზღვრა სტიქიის ზონა. კასატორის მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ დაადგინა ბრალეული პირი, იგი ვალდებული იყო, აღნიშნული გარემოება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრულო პოლიციისათვის ზიანის დაკისრების პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძვლად მიეჩნია. თუ გარემოს ეროვნული სააგენტო ჯეროვნად არ შეასრულებდა მისთვის დაკისრებულ პასუხისმგებლობას, გამორიცხულია, შინაგან საქმეთა სამინსიტრო ინფორმირებული ყოფილიყო სტიქიის მასშტაბებისა და ლოკაციების შესახებ. შესაბამისად, ინფორმაციის არარსებობის პირობებში, გზის გადაკეტვაც არ განხორციელდებოდა. კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ გაზიარებულ უნდა იქნეს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს პოზიცია, მითითებული მოვლენების წინასწარი პროგნოზირების შეუძლებლობის შესახებ, ხოლო პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველზე განმარტება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ დადასტურდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა და მასში ასახული მსჯელობის ურთიერთწინააღმდეგობა.
კასატორის განმარტებით, რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მოქალაქე ელიზბარაშვილის მიერ „112“-ში 23:00 საათზე განხორციელებულ ზარზე მითითებას, აღნიშნული ზარი ადასტურებს, რომ 04.06.2015წ. უხვი ნალექის პირობებში, კონკრეტულად ახალი გზის ტერიტორიაზე ავტომობილების გადაადგილებას საფრთხე არ შექმნია. აღნიშნული კი, თავის მხრივ ადასტურებს, რომ მხოლოდ წყალდიდობის დროს გზის გადაკეტვის აუცილებლობა არ არსებობდა, ხოლო რაც შეეხება წყალმოვარდნას, აღნიშულის წინაწარ განჭვრეტა შეუძლებელი იყო.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მტკიცებულებითი ძალა შეიძინა საინფორმაციო გამოშვების სიუჟეტებმა და არ იქნა გაზიარებული ოფიციალური კომპეტენტური ორგანოს დასკვნები სტიქიური მოვლენის წინასწარი პროგნოზირების შესახებ. სასამართლომ არ განმარტა, რატომ არ გაიზიარა ოფიციალური ორგანოს დასკვნები და უპირატესობა რატომ მიანიჭა კონკრეტული სპეციალისტების სუბიექტურ მოსაზრებებს. კასატორი წინააღმდეგობრივად მიიჩნევს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობებს - თუ სასამართლო მიუთითებს, რომ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ არ განსაზღვრა სტიქიის ზონა, რაც მისი ვალდებულება იყო, როგორ გახდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სავარაუდო ის ტერიტორია, რომელზეც უნდა მომხდარიყო გზის გადაკეტვა. სასამართლომ ადმინისტრაციულ ორგანოებს სოლიდარულად დააკისრა ზიანის ანაზღაურება, მაშინ, როდესაც სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოზე ზიანის დაკისრება ავტომატურად გამორიცხავს სხვა მოპასუხეების ბრალეულობას, რამდენადაც სწორედ გარემოს ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციაა სახელმძღვანელო სხვა ორგანოებისათვის. გარდა ამისა, საქმესთან შემხებლობაში არ არის მოქალაქე ელიზბარაშვილის ზარი 2015 წლის 13 ივნისის სტიქიისას. პირიქით, აღნიშნული ადასტურებს სამინისტროს პოზიციის უტყუარობას, რომ მხოლოდ წყალდიდობა, ამგვარი ნალექის პირობებშიც კი, დაბრკოლებას არ წარმოადგენდა ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის. გადაწყვეტილებაში არაერთგზის არის მითითებული კონკრეტული გამოძახებების შესახებ, კერძოდ სსიპ „112“-ში შესული შეტყობინებების შესახებ, თუმცა არცერთი ინიციატორი, მათ შორის, მოქალაქე ელიზბარაშვილი არ მიუთითებს, კონკრეტულად „ახალ გზაზე“ რაიმე სახის დაბრკოლების შესახებ, სადაც მოხდა დ. გ-ის გარდაცვალება. ამდენად, სასამართლოს დასკვნა, რომ აღნიშნული უკვე ქმნიდა გზის გადაკეტვის წინაპირობას, მოკლებულია როგორც ლოგიკურ, ისე სამართლებრივ საფუძველს.
შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო პრეტენზია:
კასატორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოვალეობის შეუსრულებლოობა კომპეტენციის ფარგლებში იმ თვალსაზრისით, რომ არ მომხდარა სტიქიის ზონამდე მისასვლელი გზების გადაკეტვა და აღნიშნული ინფორმაციის უქონლობის გამო, ადამიანები (მათ შორის - აწგარდაცვლილი დ. გ-ი) მოხვდნენ სტიქიის ზონაში. კასატორის განმარტებით, აღნიშნული დასკვნა არ გამომდინარეობს საკითხის სწორი სამართლებრივი შეფასებიდან.
კასატორი მიუთითებს ზაკ-ის 207-ე მუხლზე, სსკ-ის 992-ე, 212-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი წარმოადგენს სავალდებულო პირობას დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომისათვის. მოცემულ შემთხვევაში, იმ პერიოდისთვის, როცა დ. გ-ი გადაადგილდებოდა ახალი გზის ტერიტორიაზე, სახელმწიფო არ იდგა გზის გადაკეტვის აუცილებლობის წინაშე. ახალ გზაზე არსებული წყალგამტარი გვირაბები სრულად უზრუნველყოფდა წყლის გატარებას და მოქალაქეების შეუფერხებლად გადაადგილებას. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის შეუძლებელი იყო იმის პროგნოზირება, რომ მოცემულ გზაზე ამგვარი სახით იქნებოდა ერთობლივად ათი ტიპის ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური პროცესი, მისი თანმდევი მოვლენებით. ადმინისტრაციულ ორგანოს ვერ ეცოდინებოდა წინასწარ წყნეთის ტერიტორიაზე მეწყერის თაობაზე, რაც გამოწვეული იყო სხვა და სხვა მოვლენით, თანმხვედრ წყალდიდობასთან ერთად. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის იმის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელი იყო, რომ აღნიშნული მოვლენები ერთიანი სახით, ახალი გზის მიმართულებით იმოძრავებდა. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში არ დაფიქსირებულა არანაირი შეტყობინება გზის გადაკეტვის შესახებ, რადგან არ იყო იმ მომენტისათვის საგანგებო მდგომარეობა (სტიქიური მოვლენა) და დეპარტამენტს ვერ ეცოდინებოდა სტიქიის ზონა. განვითარებული ათი გეოლოგიური და მეტეოროლოგიური მოვლენის ჯამური პროგნოზირება, როგორც ტექნოლოგიურად, ისე ადამიანური რესურსის პირობებში, შეუძლებელი იყო. ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას, განეჭვრიტა, თუ სად უნდა მომხდარიყო გზის გადაკეტვა. ასევე არ მოიძებნა შეტყობინება გზის გადაკეტვის აუცილებლობის თაობაზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველოში არსებული ჟურნალების ჩანაწერებში.
კასატორის განმარტებით, სტიქიური მოვლენა (წყალდიდობის ფაქტი) მოხდა როგორც მოქალაქეებისათვის, ისე ადმინისტრაციული ორგანოსათვის. აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით, 13-14 ივნისის 05:00 საათამდე პერიოდში 112-ზე შესული ყველა ზარის შესახებ ინფორმაცია სიის სახით, კონკრეტული დროის მითითებით, ასევე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ეკიპაჟების მიერ კონკრეტული ღონისძიებების განხორციელების შესახებ დოკუმენტაცია, მათ შორის - სტიქიის ზონიდან მოქალაქეების გამოყვანის მიზნით სამაშველო სამსახურის მოთხოვნის შესახებ შეტყობინებები, დაცულია საქმეში მტკიცებულების სახით. საქმეში ასევე დაცულია მტკიცებულებები სიის სახით, 2015 წლის 12 ივნისიდან 13 ივნისის ჩათვლით თბილისის მასშტაბით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გამოძახებების შესახებ. კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, სტიქიური მოვლენების (ფორს-მაჟორის) პირობებში, რასაც შედეგად მოჰყვა მორალური და მატერიალური ზიანი. არ დგინდება მიზეზობრივი კავშირი შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქმედებასა და მოსარჩელის მიმართ დამდგარ ტრაგიკულ შედეგს შორის. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება უკანონოა, რამდენადაც მისი მოქმედების ან უმოქმედობის შედეგად მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი არ დასტურდება. იმ პერიოდისათვის, როცა დ. გ-ი გადაადგილდებოდა ახალი გზის ტერიტორიაზე, სახელმწიფო არ იდგა გზის გადაკეტვის აუცილებლობის წინაშე, მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ გაიზიარა CD დისკის სახით წარმოდგენილი სიუჟეტები, რომელიც მომზადდა სტიქიის შემდგომ.
შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო პრეტენზია:
კასატორის განმარტებით, მოცემული დავის გადაწყვეტისას უნდა შეფასდეს, სახელმწიფოს მხრიდან თავისი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის პოზიტიური ვალდებულების დარღვევად და შესაბამისად, მართლსაწინააღმდეგო ქმედებად უნდა იქნეს თუ არა მიჩნეული სტიქიური მოვლენის შედეგად წარმოშობილი ზიანი, იმ ვითარებაში, როდესაც შესაბამისი სპეციალისტების დასკვნითა და შეფასებებით დადასტურებულია, რომ ადგილი ჰქონდა გეოლოგიური და მეტეოროლოგიური მოვლენების განვითარებას, რომელთა განჭვრეტა და თავიდან აცილება იყო შეუძლებელი. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილების განმსაზღვრელი, ასევე ზიანის ანაზღაურების დაკისრების მარეგულირებელი მატერიალური ნორმები, რის შედეგადაც, საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
კასატორი დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოს დ. გ-ის გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ჰქონდა ინფორმაცია განვითარებული სტიქიის შესახებ და აღნიშნული პერიოდი საკმარისი იყო სახელმწიფოსათვის, შეეფასებინა, თუ რა მასშტაბის სტიქიასთან ჰქონდა საქმე, ამასთანავე, ცალსახად შესაძლებელი უნდა ყოფილიყო სტიქიის ზონის ზუსტი იდენტიფიცირება. კასატორის განმარტებით, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებულ საინფორმაციო ბიულეტენში ასახული ინფორმაციის საფუძველზე, შეუძლებელი იყო კონკრეტული ლოკალური ადგილების წინასწარ განსაზღვრა, შემდგომი მოვლენების განვითარების პროგნოზირებისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით. გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნით, სტიქიის დროს განვითარდა ბუნებრივი მოვლენების ისეთი კომპლექსი (მოვლენათა ერთობლიობა - ძლიერი წვიმა, სეტყვა, წყალმოვარდნა, მეწყერი, ღვარცოფი, ქვათაცვენა და ეროზია), რომლის განჭვრეტაც წინასწარ შეუძლებელი იყო. კომპლექსურობასთან ერთად, სტიქიას ჰქონდა ისეთი მასშტაბური ხასიათი და „მოულოდნელობის ეფექტიც" (მოგროვილი დიდი ოდენობის წყალმა ერთიანად გადმოხეთქა არსებული წყლის გამტარი გვირაბი და გამოემართა ე.წ. „ახალი გზის" მიმართულებით), რომელიც ცალსახად დაუძლეველ ძალად უნდა შეფასდეს. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, აღნიშნული სტიქია (დაუძლეველი ძალა) არ ექვემდებარებოდა იმ სახის რეაგირების ღონისძიებების განხორციელებას, რასაც სააპელაციო სასამართლო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ედავება. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმები, არასწორად განსაზღვრა და ერთმანეთისაგან არ გამიჯნა საგანგებო სიტუაციის მართვის ორი სტადია - პრევენციული ღონისძიებების განხორციელება და საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ღონისძიებები. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რამდენიმე საათით ადრე შესული შეტყობინებების საფუძველზე უნდა განეხორციელებინა სამსახურს სტიქიის თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებები, რაც თავად პრევენციული ღონისძიებების შინაარსის გათვალისწინებითაც ვერ იქნება გაზიარებული და მოკლებულია ლოგიკურ დასაბუთებას. სასამართლო პრევენციულ ღონისძიებებს აიგივებს რეაგირების ღონისძიებებთან. სამსახური, როგორც სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის მაკოორდინირებელი ორგანო, პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს სამოქალაქო უსაფრთხოების ხაზით, ეროვნული სისტემის სუბიექტების ზედამხედველობით. სასამართლოს მიერ მითითებული დროებით თუ ვიმსჯელებთ, 13.06.2015წ., 22:13 საათზე სამსახურმა რეაგირება დაიწყო საკმაოდ მასშტაბური ლოკაციების მიხედვით. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ მოქალაქე თამაზ ელიზბარაშვილის ზარზე ყურადღების გამახვილებას: მოქალაქე ელიზბარაშვილის მიერ განხორციელებული ზარი (23:10:40 საათი) და შეტყობინების შინაარსი არ წარმოადგენდა იმის საფუძველს, რომ მყისიერად მომხდარიყო თამარაშვილის ქუჩის გმირთა მოედანთან დამაკავშირებელი მაგისტრალის გადაკეტვა. აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო უტყუარი მონიტორინგული ან უფლებამოსილი სამსახურების საპროგნოზო ინფორმაცია, მაგისტრალის სახიფათო ნიშნულამდე დატბორვის შესაძლებლობის თაობაზე. ასეთი ტიპის ინფორმაცია სამსახურს არ მიუღია და ვერც მიიღებდა, რადგანაც მონიტორიგისა და პროგნოზის განმახორციელებელ ორგანოებს, სათანადო ტექნიკური საშუალებების უქონლობის გამო, ამის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას მორეაგირე ძალებიც ვერ მიიღებდნენ, რადგანაც ისინი უკვე თბილისის ბევრ წერტილში (ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია, წყნეთის გზატკეცილი, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმდებარე ტერიტორია, გლდანი და ა. შ., ასევე, აღნიშნული ტერიტორია) ინტენსიურად ახორციელებდნენ სამაშველო და წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს. მორეაგირე ძალები, აღნიშნული უბნის გარდა, ამ პერიოდში სხვა მრავალ წერტილშიც ახორციელებდნენ სამუშაოებს და სიტუაცია ყველგან გართულებული იყო. შესაბამისი ზომების მიღების მიზნით, საგანგებო სიტუაციების ზონის განსაზღვრა შეუძლებელი აღმოჩნდა, ვიდრე მაქსიმუმ ორ საათში, საგანგებო სიტუაციის ზონა თავად არ ჩამოყალიბდა. ამდენად, მხოლოდ ზემოაღნიშნული მოქალაქის ზარის მიხედვით შესაძლო საგანგებო სიტუაციის ზონის იდენტიფიცირება (აქ გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაც იგულისხმება, მარჯვენა სანაპიროც) და იქ სპეციალური მოძრაობის წესების დაწესება, შეუძლებელი იყო.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები იმასთან დაკავშირებით, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შესაძლებლობა ჰქონდა, განესაზღვრა სტიქიის ზონა. აღნიშნული არ ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლო, კონკრეტული ლოკაციის სტიქიის ზონად განსაზღვრის შესაძლებლობას ადასტურებს საქმეზე წარმოდგენილი სიუჟეტებით, თუმცა აღნიშნული არ არის საკმარისი მტკიცებულება, იმისათვის, რომ დადგინდეს, შესაძლებელი იყო თუ არა სტიქიური უბედურების ზონის წინასწარი პროგნიზირება. წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზიანის სამართალი უმეტესწილად მტკიცებულებათა სამართალია. იგი არსებითად ეყრდნობა რთულ საექსპერტო დასკვნებს (წარმოქმნილი ნალექის ოდენობა, ზედაპირული წყლის მოცულობა, ინტენსივობა, ნაგებობების ტექნიკური გაუმართაობა, სანიაღვრეების გამტარუნარიანობა და სხვა). აღნიშნული სტიქიური მოვლენების შესახებ დეტალური ანალიზი მოამზადა სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, რომელიც წარმოდგენილია საქმეში. ამასთანავე, 13 ივნისის მოვლენები შეაფასეს საერთაშორისო ექსპერტებმაც, რომლებიც ასევე ადასტურებენ, რომ 13 ივნისს განვითარებული მოვლენების წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელი იყო. საქმეში არაერთი მტკიცებულებაა წარმოდგენილი, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელია დასკვნის გაკეთება, რომ არსებული ტექნიკური თუ ადამიანური რესურსის პირობებში, ყოვლად შეუძლებელი იყო სტიქიის ზონის განსაზღვრა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო მხოლოდ ზოგადი ხასიათის მსჯელობებით შემოიფარგლა, ვერ მიუთითა კონკრეტულ მოქმედებასა თუ უმოქმედობაზე, რომელიც უნდა განეხორციელებინა სამსახურს (გზის ჩაკეტვის უფლებამოსილება არ შედის სამსახურის კომპეტენციაში), ხოლო კონკრეტული სტიქიის ზონის განსაზღვრა იმ პირობებში, როდესაც, ადგილი ჰქონდა წინასწარ განუსაზღვრელ მოვლენებს, შეუძლებელი იყო. 12.06.2015წ. N163 ბიულეტენის შინაარსი იყო ზოგადი ხასიათის (ანალოგიური შინაარსის ბიულეტენებს სამსახური იღებდა ყველდღიურად), არ იყო განჭვრეტადი სტიქია და მისი მასშტაბი, შესაბამისად, გარდა განხორციელებულისა, სხვა ღონისძიებები ვერ განხორციელდებოდა. დ. გ-ის გარდაცვალების შემთხვევაში, პრობლემას არ წარმოადგენდა ე.წ „ახალ გზაზე" წყლის დონის მატება, აქ გადამწყვეტი იყო წყლის დიდი ნაკადის მოვარდნის მოულოდნელობის ეფექტი. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სამსახურმა არაერთხელ გააკეთა აქცენტი იმ ფაქტზე, რომ სწორედ განუჭვრეტელ მოვლენას ჰქონდა ადგილი: „ახალი გზის" მონაკვეთზე მუშაობდა არაერთი სამაშველო ჯგუფი (ხორციელდებოდა მოსახლეობის გადმოყვანა), როდესაც გვირაბიდან წყალმა მოულოდნელად გამოხეთქა და გარდაიცვალა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი. აღნიშნული ფაქტიც უტყუარად მოწმობს იმას, რომ სამსახური პრევენციას ვერ განახორციელებდა იმ მდგომარეობაზე, რომელზეც უკვე დაწყებული იყო რეაგირება. ამდენად, სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსაზრებით, სახეზე არ არის სამსახურისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს საკასაციო პრეტენზია:
კასატორის განმარტებით, განსახილველ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სწორად შეფასება. მოცემულ შემთხვევაში, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან მიმართებაში მტკიცებულებებად გამოყენებულ იქნა გ. თ-ისა და გ. მ-ის სუბიექტური შეფასებები. აღნიშნული პირები არ არიან და არც ყოფილან სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, შესაბამისად გაურკვეველია, რა დასკვნებსა და კვლევებს ეფუძნებოდა მათი მოსაზრებები. რაც შეეხებათ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა (მათ შორის სააგენტოს უფროსის) მიერ გაკეთებულ განცხადებებს, სასამართლომ მოახდინა აღნიშნული პირების ზეპირსიტყვიერი განმარტებების არასწორი ინტერპრეტაცია. არ იქნა გათვალისწინებული, რომ მტკიცებულებად გამოყენებულ ინტერვიუებში არც ერთი პირი არ საუბრობს 13-14 ივნისის მოვლენების წინასწარ პროგნოზირების შეუძლებლობაზე. სააგენტოსთან მიმართებაში ასევე არასწორად იქნა განმარტებული და გამოყენებული დასკვნა „2015 წლის 13-14 ივნისს მდ. ვერეს აუზში განვითარებული კატასტროფით გამოწვეული მდგომარეობის წინასწარი შეფასების შესახებ“, რომელიც წარმოადგენს ამ ბუნებრივი დაუძლეველი ძალის შემდგომ შეფასებას და გაანალიზებას. კასატორის მოსაზრებით, საფუძველს არის მოკლებული სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ 13 ივნისის დამდგარი შედეგის/მოვლენის პროგნოზირება სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მხრიდან შესაძლებელი იყო 13 ივნისამდე განვითარებული მოვლენების ანალიზის საფუძველზე, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული CD დისკის სახით წარმოდგენილი ინტერვიუები. თავად სასამართლოს მიერ მტკიცებულებად მიჩნეულ ინტერვიუებშიც კი არც ერთი სპეციალისტი არ მიუთითებს ისეთ გარემოებასა და ფაქტზე, რომელიც დაადასტურებდა ან/და ვარაუდის დონეზე მაინც გახდიდა შესაძლებელს, რომ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს, დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში, შეეძლო პროგნოზის სახით გაევრცელებინა 13 ივნისს განვითარებული ძლიერი ნალექების შესაძლო შედეგები. კასატორის განმარტებით, სპეციალისტების დასკვნის თანახმად, თუ მოსული ძლიერი ნალექი მხოლოდ წყალმოვარდნას გამოიწვევდა, გვირაბი წყალს უპრობლემოდ გაატარებდა.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა და არ განმარტა „პროგნოზის“ მნიშვნელობა, გავრცელებულ ან/და უფრო მეტად ყურადღებამისაქცევ პროგნოზსა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არარსებობა. „პროგნოზი“ არის მეცნიერულად დასაბუთებული ვარაუდი, იმის ალბათობა, რაც ან მოხდება და ან არა. შეუძლებელია, ალბათობის დონეზე არსებულმა ინფორმაციამ უზრუნველყოს მისგან დამოუკიდებლი მოვლენების/შედეგების გათვლა, წინასწარ დადგენა. სადავო შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით დასაბუთებული არ არის, რა მიზეზობრივი კავშირია სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ პროგნოზსა და დამდგარ შედეგს შორის, რამდენად არის ეს შედეგი - მოწინააღმდეგე მხარისათვის მიყენებული ზიანი, გამოწვეული სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უმოქმედობით ან კანონსაწინააღმდეგო მოქმედებით. საქმეში არ მოიპოვება აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება. კასატორი საგულისხმოდ მიიჩნევს, რომ ახალდაბის ე.წ „დიდი მეწყერი“ განეკუთვნება კლდეზვავური ტიპის მეწყერების იმ კატეგორიას, რომელთა ჩასახვა და დინამიკაში მოსვლა ხდება მყისიერად (დროის მოკლე პერიოდში) და მისი პროგნოზირება შეუძლებელია. ამასთან, არ არსებობს პროგნოზირებისა და ადამიანთა მსხვერპლის თავიდან აცილების მსოფლიო პრაქტიკა (მათ შორის - ტექნოლოგიებით მაღალგანვითარებულ ქვეყნებში), როდესაც ადგილი აქვს ათამდე ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური მოვლენების სინერგიზმს (თანხვედრას), ერთიდაიგივე დროს, ერთიდაიგივე არეალში, პრაქტიკულად მჭიდროდ დასახლებული პუნქტის ფარგლებში, როგორსაც ადგილი ჰქონდა მდ. ვერეს ხეობაში 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის დროს.
კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 4 ივნისის მოვლენისა და ისტორიულ-სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით წინასწარ უნდა გაეთვალა დამდგარი შედეგი და თავიდან თუ ვერ აიცილებდა, შეამცირებდა მაინც დამდგარ ზიანს. კასატორის განმარტებით, ისტორიულ წყაროებში დაფიქსირებულია მხოლოდ წყალდიდობა და წყალმოვარდნა. არაფერია ნათქვამი მეწყერულ და ღვარცოფულ პროცესებზე. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა გაუგებარი და ბუნდოვანია, არ მიესადაგება 13 ივნისს განვითარებულ მოვლენებს. 2015 წლის 4 და 13 ივნისს მდ. ვერეს ხეობაში განვითარებული სტიქიური პროცესები არსებითად განსხვავებული იყო და ის ვერ განაპირობებდა 13 ივნისის მოვლენების წინასწარ პროგნოზირებას. გარდა ამისა, 4 ივნისის ნალექი არ წარმოადგენდა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 12 ივნისს გავრცელებული პროგნოზისაგან განსხვავებული ინფორმაციის გავრცელების წინაპირობას და იმაზე მეტი საშიშროების, რისკის შემცველი ინფორმაციის გავრცელების საფუძველს, ვიდრე ეს გავრცელდა 12 ივნისის N163 ბიულეტენით.
კასატორის მოსაზრებით, ასევე არსებითად მნიშვნელოვანია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია, თუ სად მდებარეობდა ელიზბარაშვილის ძაღლთსაშენი და ნებისმიერი ძლიერი ნალექის მოსვლის დროსაც შესაძლებელი იყო თუ არა აღნიშნული ნაგებობის დატბორვა (ისტორიული მონაცემებით, ყოველ 15-20 წელიწადში ჭალა-კალაპოტის არეალი ბუნებრივად ექვემდებარება დატბორვას). აღნიშნული ინფრასტრუქტურა მოწყობილია ჭალა კალაპოტში, სადაც აკრძალულია ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობის მოწყობა. ამდენად, სასამართლოს არგუმენტი ვერ იქნება მიჩნეული იმის დასადასტურებლად, რომ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს უნდა დაენახა მეტი საშიშროება და გაევრცელებინა მეტად ყურადღებამიქცევადი პროგნოზი.
კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ფუნქციები, სათანადოდ არ შეფასდა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლები და შესაძლებლობა, დამდგარი შედეგის თავიდან აცილებასთან ან/და საფრთხის შემცირებასთან დაკავშირებით. სასამართლოს მიერ მითითებული, სააგენტოს დებულებით გათვალისწინებული პუნქტები არ მოიცავს ბუნებრივ მოვლენათა სახეობებში მოქცეულ იმ პროცესებს/მოვლენებს, რომლებიც განვითარდა სტიქიის დროს. აღნიშნული მოვლენა წარმოადგენდა დაუძლეველ ძალას, ფორს-მაჟორს, შესაბამისად, 13-14 ივნისს განვითარებული პროცესები ვერ იქნება განხილული იმ ბუნებრივ მოვლენათა კატეგორიად, რომელთა წინასწარი გათვლით, მონიტორინგით და პრევენციული ღონისძიებების განხორციელებით, დამდგარი შედეგების თავიდან აცილება იქნებოდა შესაძლებელი.
კასატორის განმარტებით, პროგნოზის სათანადო წესით გავრცელებასა და ინორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან მიმართებაში არასწორად გამოიყენა და გაავრცელა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება (ბადაევა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ, Budayeva and Others V. Russia), რომლის თანახმად, ევროპული კონვენციის მეორე მუხლიდან გამომდინარე, სახელმწიფოებს აკისრიათ ვალდებულება, სათანადოდ აცნობონ საზოგადოებას ისეთი ინფორმაცია, რომელიც ეხება სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველ მდგომარეობას, მათ შორის, ბუნებრივ კატასტროფებს. სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კანონით დადგენილი წესით და უფლებამოსილების ფარგლებში, 12 ივნისს გაავრცელა და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს აცნობა ამინდის „საყურადღებო" (რაც ნიშნავს, რომ მოსალოდნელი პროგნოზი მოიცავდა განხვავებულ ინფორმაციას გაფრთხილების თაობაზე, ვიდრე მანამდე, ჩვეულ რეჟიმში რეგულარულად გავრცელებული ბიულეტენები) შემდეგი პროგნოზი: „2015 წლის 13 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, ელჭექის დროს ზოგან ქარის შკვალური გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლოა საქართველოს მდინარეებსა და მის შენაკადებზე წყალმოვარდნები და ღვარცოფული ნაკადის ფორმირება გამოიწვიოს". სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო სამართლებრიბად მოკლებული იყო შესაძლებლობას, განეხორციელებინა სხვა რაიმე ქმედება. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციის/პროგნოზის ხელმისაწვდომობა რაიმე ფორმით არ შეუზღუდავს. სააგენტოს მიერ გამოცემული ყოველდღიური ამინდის პროგნოზის ბიულეტენები საჯაროა და იგზავნება შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებში, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, რაც კიდევ უფრო ბუნდოვანს და გაუგებარს ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ სააგენტოს ქმედებასთან ევროპული კონვენციის მე-8, მე-10 მუხლების მისადაგებას და ამ მუხლების ჭრილში 12.06.2015წ. გავრცელებული პროგნოზის განხილვას. კონვენციის ეს მუხლები გულისხმობს წევრ სახელმწიფოთა ღია მმართველობას, დემოკრატიულ საზოგადოებაში საჯარო დაწესებულებების ვალდებულებას - უზრუნველყონ ინფორმაციის მაქსიმალური ღიაობა. მხოლოდ ზოგად ნორმებზე, საერთაშორისო პრაქტიკაზე მითითება ვერ განაპირობებს სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებულობას. სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს პროცესის მონაწილე მხარეთა თანაბარ უფლებებს (მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი მხარე შეიძლება ადმინისტრაციული ორგანო იყოს) - ფაქტობრივი გარემოებების, საქმეში არსებული მტკიცებულებების სათანადო გამოკლევის/შეფასების, კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების ფარგლებში, ამა თუ იმ ქმედების განხორციელების შესაძლებლობის დადგენის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. თავისთავად ცხადია, რომ სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში გაავრცელა პროგნოზი - „საყურადღებო" და გაუგზავნა შესაბამის უწყებებს, ამასთანავე, აღნიშნული პროგნოზი არ წარმოადგენდა გასაიდუმლოებულ ინფორმაციას და მოცემულ შემთხვევაში, არ დარღვეულა საზოგადოების ინფორმირებულობის პრინციპი.
კასატორი აღნიშნავს, რომ ქვეყნის ტერიტორიის რთული რელიეფის გამო, წყალმოვარდნების, მეწყერების, ღვარცოფების და სხვა სახის სტიქიური მოვლენების მიმართ რისკის მატარებელი უბნების რაოდენობა ძალიან დიდია (მაგ.: საქართველოს ტერიოტორიაზე 50 000-ზე მეტი მეწყერულ-გრავიტაციული უბანი და 3000-ზე მეტი ღვარცოფული წყალსადინარია დაფიქსირებული, მათ შორის, თბილისის ფარგლებში (შემოერთებული სოფლების ჩათვლით), 600-ზე მეტი სხვადასხვა მასშტაბის მეწყერულ-გრავიტაციული უბანი და ათეულობით ღვარცოფმაფორმირებელი წყალსადინარია). მოცემულ შემთხვევაში, შეუძლებელი იყო, ვინმეს წინასწარ ევარაუდა ათამდე ტიპის ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური პროცესის თანხვედრის შედეგად წარმოქმნილი სტიქური მოვლენა, რომელსაც დაემატა ავტომანქანებით აუზში არსებული წყალგამტარი გვირებების დახშობა. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 13.06.2015წ. გავრცელებული პროგნოზი ეფუძნებოდა საერთაშორისო და ადგილობრივ მეტეოროლოგიურ ინფორმაციას, რომელიც მოიცავს რუკებს, დიაგრამებს, ცხრილებს, რაც საქმეშია წარმოდგენილი. სსიპ გარემოს ეოვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ბიულეტენი მომზადდა ამინდის პროგნოზის მსოფლიო ცენტრებიდან სხვადასხვა რიცხვითი მოდელების: ECMWF (ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ევროპული ცენტრი), GFS (ამინდის პროგნოზის ამერიკული გლობალური სისტემა), ARPEGE (ამინდის პროგნოზის ფრანგული გლობალური მოდელი) მეშვეობით მიღებულ სინოპტიკურ პროდუქტებზე (რუკები, დიაგრამები) და უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელიდან მიღებულ ფაქტიურ მონაცემებზე დაყრდნობით, კერძოდ 12.06.2015წ. აღნიშნული ინფორმაციის ანალიზი უჩვენებდა, რომ 13 ივნისს, ქვეყნის ტერიტორიაზე გაძლიერდებოდა კასპიის ზღვიდან გავრცელებული ანტიციკლონის თხემის გავლენა, რაც ლოკალური ხასიათის მძლავრი კონვექციური ღრუბლების ფორმირების, ზოგან ძლიერი წვიმების, სეტყვის და ქარის შკვალური გაძლიერების პირობებს შექმნიდა. ამას კი, თავის მხრივ შეეძლო წყალმოვარდნების და ღვარცოფული ნაკადის ფორმირება გამოეწვი, თუმცა კონკრეტული ლოკალური ადგილების წინასწარ განსაზღვრა, სადაც შეიძლებოდა ზემოთხსენებული მოვლენების განვითარება, შეუძლებელი იყო.
კასატორის განმარტებით, ქ. თბილისის ფარგლებში არსებული მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებით, რომელიც ვაშლიჯვრის ტერიტორიაზეა განთავსებული, 13.06.2015წ. 21:45 საათიდან 14.06.2015წ. 01:35 საათამდე წვიმის სახით მოსული ნალექის რაოდენობამ 49 მმ შეადგინა, რაც ძალიან ძლიერი ნალექების კატეგორიას განეკუთვნება, მაგრამ თბილისისთვის ასეთი ინტენსივობის ნალექების მოსვლა არც ისე იშვიათი მოვლენაა. თბილისის მეტეოროლოგიური სადგურის მრავალწლიური დაკვირვების მონაცემების ანალიზი უჩვენებს, რომ 50 მმ-ზე მეტი ძლიერი ნალექების მოსვლის შემთხვევების რაოდენობა საკმაოდ ხშირია და 59-ს შეადგენს, თუმცა მათ უმეტესობას მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები არ გამოუწვევია. არსებული ინფორმაცია/მონაცემები არ იძლეოდა იმის საფუძველს, რომ სააგენტოს გაეცა დამატებითი გაფრთხილება ვერეს აუზში დამდგარი შედეგის შესაძლებლობის შესახებ. შესაბამისად, სააგენტოსთვის ვერ იქნებოდა განჭვრეტადი დამდგარი შედეგის ალბათობაც კი. გასათვალისწინებელია, რომ ბიულეტენში მოცემული გაფრთხილება არის მოსალოდნელი, პროგნოზული და მისი დადგომა ერთმნიშვნელოვნად დამოკიდებულია კონკრეტული ბუნებრივი პროცესების განვითარებაზე. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ სადავო შემთხვევაში საკითხი მოიცავს რამდენიმე კომპონენტს, რამაც ერთობლიობაში გამოიწვია ვერეს აუზში დამდგარი შედეგი, აღნიშნულის გამოთვლა მაღალი სტანდარტის მქონე ტექნიკური საშულებებითაც კი შეუძლებელი იქნებოდა.
კასატორის განმარტებით, ექსპერტების დასკვნის თანახმად, თუ მდ. ვერეს აუზში მოსული ინტენსიური ნალექები მხოლოდ წყალმოვარდნას გამოიწვევდა, წარმოქმნილ წყლის ნაკადს წყალგამტარი გვირაბები უპრობლემოდ გაატარებდა, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ფორს-მაჟორთან, რაც არაპროგნოზირებადი სტიქიის სახით დაუძლეველ ძალას წარმოადგენს. ეს არის ისეთი მოვლენა, რომელიც არ ექვემდებარება ადამიანის კონტროლს. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიუთითა, რომ არსებობს მიზეზობრივი კავშირი სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ დაკისრებული ფუნქციების სათანადოდ განუხორციელებლობასა და მოქალაქე დ. გ-ის გარდაცვალებას შორის. 13-14 ივნისს განვითარებული სტიქიური მოვლენის წინასწარი პროგნოზირებაც, მიუხედავად განხორციელებული/განსახორციელებლი მონიტორინგისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით მომზადებული/დამუშავებული მონაცემებისა, არ ექვემდებარება წინასწარ განსაზღვრასა და განჭვრეტას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.06.2020წ. განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები. ამავე სასამართლოს 22.10.2020წ. განჩინებით საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემული დავის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია გარემოებები, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდათ საქმისათვის, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლისა და 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმესთან დაკავშირებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2015 წლის 13-14 ივნისს, ქალაქ თბილისში სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ტრაგიკული შემთხვევის შედეგად, გარდაიცვალა დ. გ-ი. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 25.09.2015წ. N003488215 ჰისტოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დ. გ-ის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია, განვითარებული სითხეში (წყალში დახრჩობით).
21.12.2015წ. N151374149 სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ლ. გ-ი არის გარდაცვლილი დ. გ-ის მემკვიდრე.
გარდაცვლილი დ. გ-ის მემკვიდრემ - ლ. გ-მა და მშობლებმა - ხ. გ-მა და ლ. ნ-ემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს. სარჩელისა და მოპასუხე მხარეების დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელეებმა მოითხოვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს და სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსათვის ლ. გ-ის სასარგებლოდ, მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება, კერძოდ, 2015 წლის 13 ივნისს გარდაცვლილი ძმის - დ. გ-ის საკუთრებაში არსებული ავტომობილის დაზიანების გამო, მისი საბაზრო ღირებულების 30%-ის ანაზღაურება, რაც შეადგენს 10 151.2 (ათი ათას ასორმოცდათერთმეტი ლარი და ოცი თეთრი) ლარს. სარჩელით ასევე მოთხოვნილ იქნა მოპასუხეებისათვის მოსარჩელეების - ლ. ნ-ის და ხ. გ-ის სასარგებლოდ, შვილის გარდაცვალებით მიყენებული არამატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება, 13 (ცამეტი) ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოთხოვნა უკავშირდება ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხს.
საკასაციო პალატა კვლავაც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მიეკუთვნება კონსტიტუციური რანგის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 18.4 მუხლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. „..სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას..“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 31.07.2015წ. N2/3/630 გადაწყვეტილება). საქართველოს კონსტიტუციის 18.4 მუხლის ზოგადი დანაწესი ემსახურება საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი ორგანოებისა თუ პირებისაგან მიყენებული ზიანის ეფექტიანი და ქმედითი ანაზღაურების ინტერესის დაცვას. აღნიშნულის დეტალური საკანონმდებლო მოწესრიგება კი, მოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208.1 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. 208.3 მუხლის თანახმად კი, თუ კერძო პირი რაიმე საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ დელეგირების ან დავალების საფუძველზე, ამ საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი. ამასთან, ზაკ-ის 207-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას უკავშირდება სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი (სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის) პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანისათვის). 1005.1 მუხლის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამდენად, 1005.1 მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების პრინციპი 992-ე მუხლის ზოგადი დანაწესიდან გამომდინარეობს და მოიაზრებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების შესაძლებლობას მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების არსებობის პირობებში, ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენით. გარდა ამისა, ზიანის გამომწვევი ქმედება კავშირში უნდა იყოს საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან და ყურადღება უნდა გამახვილდეს არა ქმედების ჩამდენ პირზე, არამედ ფუნქციაზე, რომლის შესრულებასაც შეიძლება ემსახურებოდეს სახელმწიფო ან საჯარო მოსამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონმდებლობა ადგენს საჯარო მოხელის ქმედებით ან გადაწყვეტილებით მიყენებული ზიანის სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურების ვალდებულებას. ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის კი აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: ქმედება, რამაც ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოშვა, დაკავშირებული უნდა იყოს საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან; ამ უფლებამოსილების განხორციელების პროცესში დაშვებული დარღვევა მიმართული უნდა იყოს სხვა პირის უფლებების შელახვისკენ; მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რამდენდაც სადავო არ არის დ. გ-ის გარდაცვალებასა და ქ. თბილისში 2015 წლის 13-14 ივნისს განვითარებულ სტიქიურ მოვლენას შორის კავშირი, განსახილველი დავის ფარგლებში უნდა შეფასდეს სტიქიური მოვლენების განვითარების პროცესში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების განზრახ ან გაუფრთხილებლად შეუსრულებლობის (უმოქმედობის) ფაქტი და დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი მოპასუხედ დასახელებული ადმინისტრაციული ორგანოების უმოქმედობას/არასათანადო მოქმედებასა და მოსარჩელეებთან მიმართებაში დამდგარ ტრაგიკულ შედეგს შორის, რაც ქმნის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული საბოლოო დასკვნით, განსახილველი დავის მოსარჩელეთა სასარგებლოდ გადაწყვეტა და მოპასუხეთათვის ზიანის ანაზღაურების სრულად დაკისრების აუცილებლობა უკავშირდება ადმინისტრაციული ორგანოების ნაკლებკვალიფიციურობას, ნაკლებორგანიზებულობას, ნაკლებეფექტიანობას, არაკოორდინირებულ მოქმედებებს. სადავო გარემოებებზე მსჯელობისას, სააპელაციო სასამართლომ აუცილებლად მიიჩნია მოპასუხეთა მიერ განხორციელებულ/განსახორციელებელ ღონისძიებათა დიფერენცირება და ჩათვალა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სათანადოდ ვერ განახორციელეს მათზე კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციები, არ განსაზღვრეს პრიორიტეტები, რამაც გამოიწვია დ. გ-ის გარდაცვალება. სასამართლოს დასკვნით, სახეზეა უმოქმედობა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი და ზიანი.
ადმინისტრაციული ორგანოების ბრალეულობისა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გამოკვეთის მიზნით, საკასაციო პალატას მნიშვნელოვნად მიაჩნია, თითოეულ მოპასუხესთან მიმართებაში მიუთითოს იმ შესაძლო მოქმედებათა ერთობლიობაზე, რომელთა განხორციელების შემთხვევაშიც, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზიანი თავიდან იქნებოდა აცილებული ან დამდგარი ზიანის მოცულობა შემცირდებოდა.
სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან მიმართებაში სააპელაციო სასამართლო მიუთითებს მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილების მიზნით განსახორციელებელ პრევენციულ ღონისძიებებზე. პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს 13.06.2015წ. მოვლენამდე განვითარებულ 04.06.2015წ. წყალმოვარდნაზე და თვლის, რომ 4 ივნისის წყალმოვარდნით გამოწვეული შედეგების გათვალისწინებით, მომავალი საშიშროების თავიდან აცილების მიზნით, გარემოს ეროვნულ სააგენტოს უნდა განეხორციელებინა სათანადო ღონისძიებები (გაფრთხილება, მონიტორინგი). გარემოს ეროვნული სააგენტოს 12.06.2015წ. N163 ბიულეტენში უნდა ასახულიყო 4 ივნისის ფაქტიც. გარდა ამისა, ჯერ კიდევ წყნეთი-ბეთანია-კიკეთის ტერიტორიაზე შესაბამისი ფერდების წყლით გაჟღენთვა, შესაბამისი ქანების წყლით დამძიმება, ქანების დახრილობა სპეციალისტებში გააჩენდა ვარაუდს, რომ ეს ქანები ვერ გაუძლებდა ასეთი ტიპის სიმძიმეს, მოხდებოდა ჩამოშლა და მეწყერსაშიშ ზონად აქცევდა კონკრეტულ ტერიტორიას.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ განვითარებულ მოვლენასთან მიმართებაში სამსახურის მხრიდან დარღვევას ადგილი ჰქონდა როგორც პრევენციის, ისე რეაგირების კუთხით: დებულებით დაკისრებული ფუნქციებიდან გამომდინარე, სამსახურს შეეძლო და წინასწარ უნდა სცოდნოდა სტიქიის ზონის შესახებ. შესაბამისად, არსებობდა ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობა. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება და მათი შედეგების ლიკვიდაციის ხელმძღვანელობა, განსახილველ შემთხვევაში დაგვიანებული იყო. ამასთანავე, დებულებით გაწერილი ვალდებულება, კომპეტენციის ფარგლებში საგანგებო სიტუაციების შესახებ ადრეული შეტყობინების სისტემის მართვის უზრუნველყოფის თაობაზე, საქმის მასალებით არ დგინდება, მისი ობიექტურად არარსებობის გამო.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან მიმართებაში სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს უკვე სტიქიის განვითარების პროცესში, მათი მხრიდან სიტუაციის არაადკვატურად შეფასებასა და შემდგომი რეაგირების არარსებობაზე, რაც კონკრეტულად გამოიხატა იმაში, რომ სტიქიის ზონამდე მისასვლელი გზები არ გადაკეტილა და აღნიშნულის გამო, ასევე შესაბამისი ინფორმაციის უქონლობის პირობებში, ადამიანები (მათ შორის, დ. გ-ი) მოხვდნენ სტიქიის ზონაში.
საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გადამოწმების საფუძველზე, დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს და თვლის, რომ რიგ შემთხვევებში, სასამართლოს დასკვნები ეფუძნება სუბიექტურ შეფასებებს და არ არის სამართლებრივად არგუმენტირებული. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო შემთხვევაში, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მხრიდან 13.06.2015წ. მოვლენების კომპლექსურად განვითარებით მოსალოდნელი შედეგის პროგნოზირება შესაძლებელი იყო, შედეგი ექვემდებარებოდა კონტროლს და წინასწარ განჭვრეტას, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სათანადოდ არ შეაფასა ტერიტორიის ისტორიულად მეწყერსაშიშობა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ შედგენილ თბილისის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების საშიშროების ზოგად ანალიზს და 2015 წლის 13-14 ივნისს მდინარე ვერეს აუზში განვითარებული კატასტროფით გამოწვეული მდგომარეობის წინასწარ შეფასებას, რაც, მართალია, ფრაგმენტულად, მაგრამ მტკიცებულების სახით გამოყენებულია სააპელაციო სასამართლოს მხრიდან.
მითითებული შეფასების მიხედვით, 2015 წლის 13-14 ივნისს მდ. ვერეს წყალშემკრებ აუზში წარმოქმნილი კატასტროფული მოვლენა გამოიწვია გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრამ (მეწყერები, ღვარცოფები, კლდეზვავები, ატმოსფერული ნალექები წვიმის და სეტყვის სახით, არსებულ წყალსადინარებზე გვერდითი და სიღრმისეული ეროზია, წყალმოვარდნა და დატბორვა, რაც ყველაზე მთავარია - მდ. ვერეს აუზის რთული მორფოლოგიური, გეოლოგიური და ტექტონიკური პირობები). კვლევების პროცესში გამოვლინდა სუბგანედური მიმართულების (ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთით) რღვევა, რომელიც ვრცელდება მამა დავითის ანტიკლინიდან სოფ. კიკეთის მიმართულებით და გაუყვება წყნეთისა და კოჯორის წყალგამყოფის თხემს. სწორედ აღნიშნულ ზონაში დაფიქსირდა დიდი მეწყერული სხეულის მოწყვეტა, ამასთან სტიქიით მიყენებული ზარალი გამოიწვია ქალაქის ფარგლებში მდ. ვერეს ჭალა-კალაპოტის ზონაში გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან დაწყებულმა სხვადასხვა სახის საინჟინრო საქმიანობამ, მათ შორის - საცხოვრებელი სახლების, ავტოფარეხების, გზების და სხვა სახის ინფრასტრუქტურული ნაგებობების მშენებლობამ.
შეფასების თანახმად, კატასტროფის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ხანგრძლივმა ინტესიურმა ნალექებმა (ბოლო 2,5 თვის მანძილზე მოსულმა მრავალწლიურ საშუალოზე 60%-ით მეტმა ნალექმა), რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ჩაიჟონა ტერიტორიის ამგებ გრუნტებში, ტერიტორიაზე არსებული ხშირი ტყის გავლენით, რამაც საბოლოო ჯამში ჩამოაყალიბა მასშტაბური მეწყრულ-გრავიტაციული პროცესები, გადასული ღვარცოფულ ნაკადებში. ქალაქის ფარგლებში არსებულმა გვირაბებმა სრულად ვერ უზრუნველყვეს წყალტალახოვანი ნაკადების დროულად გატარება, ვინაიდან მათი ჩახერგვა ძირითადად გამოიწვია ხეობის ფერდობებზე მეწყერების მიერ ტყის საფარის მოწყვეტამ და გადატანამ მთავარ არტერიაში (მდ. ვერე). მხოლოდ ე.წ. დიდი მეწყერის ფარგლებში და მიმდებარე ტერიტორიაზე პროცესებმა წარიტაცა 4000-ზე მეტი კუბ. მეტრი მერქნიანი ხე-მცენარე.
წინასწარ შეფასებაში მოცემული ისტორიულ-სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მდ. ვერეს ხეობაში მოსული წყალმოვარდნები და წყალდიდობები, უმეტეს შემთხვევაში, გეოლოგიური პროცესების გააქტიურების შემთხვევაში, გადადის კატასტროფული ხასიათის ღვარცოფებში. აღნიშნული სახის სტიქიურ მოვლენებს 1924 წლიდან არაერთხელ ჰქონია ადგილი, რა დროსაც, ქალაქის ინფრასტრუქტურამ განიცადა უდიდესი ზარალი, ხშირად ადამიანთა მსხვერპლით. სტატისტიკური ანალიზის მიხედვით, მდ. ვერეს აუზში წყალმოვარდნების, ღვარცოფების და მეწყრების მთავარი გამომწვევი ფაქტორია უხვი ატმოსფერული ნალექები და ზედ დართული გეოლოგიური გარემოს მაღალი მგრძნობიარობა ამ ხასიათის მოვლენებისადმი.
მდ. ვერეს ხეობაში განვითარებული სტიქიური მოვლენა უკავშირდება თავსხმა წვიმის შედეგად მდინარის სწრაფ ადიდებას, რისი ძირითადი მიზეზიც გახდა სოფ. წყნეთსა და ახალდაბას შორის, მდინარის მარცხენა კალთაზე წარმოქმნილი 800 ათასი - 1 მლნ კუბური მეტრის მოცულობის გრუნტის მოწყვეტა და მისი მნიშვნელოვანი ნაწილის ღვარცოფულ ნაკადად მდინარე ვერეს კალაპოტში შეღწევა.
საქმეს ერთვის გარემოს ეროვნული სააგენტოს 29.05.2019წ. N21/1396 წერილი, რომელშიც მითითებულია, რომ ივ. ჯავახიშვილის სახელობის სასწავლო ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის მონაცემების თანახმად (2015 წლის 13 ივნისის მოვლენებამდე ლაბორატორია მდებარეობდა ვაკე-საბურთალოს გადასასვლელი გზის გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე), 2015 წლის 4 ივნისს, ღამის 02 საათზე და 30 წუთზე, ინტენსიური წვიმის შედეგად, მდ. ვერეზე აღინიშნა წყალმოვარდნა, რომლის მაქსიმალურმა ხარჯმა 155.3 მ/წმ შეადგინა. აქვე მითითებულია, რომ წყალმოვარდნის შედეგად დაიტბორა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის გარკვეული ნაწილი, დაიხრჩო ათობით ძაღლი. წყალმოვარდნამ ლაბორატორიასაც მიაყენა ზარალი, დაიტბორა მდინარის მეორე ტერასაზე არსებული ტერიტორიის ნაწილი დამხმარე ნაგებობებით, დაზიანდა სადამკვირვებლო ჰიდრომეტრიული ხიდი. ამავე წერილის თანახმად, 2015 წლის 1, 2 და 3 ივნისს გარემოს ეროვნულ სააგენტოში მომზადდა და გავრცელდა 4 ივნისის შემდეგი შინაარსის პროგნოზი: თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +190, დღისით +310.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ შედგენილ ზემოაღნიშნულ „წინასწარ შეფასებას“, რომლის თანახმად, კონკრეტულად 2015 წლის 13-14 ივნისის კატასტროფული ღვარცოფული ხასიათის წყალმოვარდნა გარკვეულწილად განაპირობა მდინარე ვერეს აუზის მარჯვენა შენაკადის სათავეში წარმოქმნილმა გრავიტაციული ხასიათის ერთ-ერთმა მეწყერმა. ამასთანავე, სახეზე არ იყო ტიპური მეწყრული მოვლენა. ატმოსფერული ნალექების დიდი რაოდენობის გრუნტში ჩაჟონვამ გამოიწვია მისი მაღალი ხარისხით გაწყლოვანება, რამაც ხელი შეუწყო მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების სწრაფ ჩასახვა-გააქტიურებას. ამავე შეფასებაში ასახულია განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ თუ არ განვითარდებოდა ღვარცოფული პროცესი ტყის მასივის ჩართვით (რომლის პროგნოზირება დროში, ადგილმდებარეობასა და მოცულობებში პრაქტიკულად შეუძლებელია) არ მოხდებოდა მასიურად წყალსადინარების დახშობა და ქალაქში ნაკლები ტრაგიკული შემთხვევა იქნებოდა. სპეციალისტების მოსაზრებით, ერთმანეთში არეულმა წყალ-ტალახ-ქვიანმა მასამ, წატაცებული დიდი რაოდენობის ხე-მცენარეულობა ჩამოიტანა ქალაქის ტერიტორიაზე. სწორედ აღნიშნული გახდა მდინარის კალაპოტში არსებული გვირაბების ჩახერგვა-გადაკეტვისა და ტალახოვანი ნაკადების კალაპოტის გარეთა სივრცეში გადადინების მთავარი მიზეზი.
საკასაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელიც ამავდროულად წარმოადგენს „წინასწარ შეფასებაზე“ ხელმომწერ ერთ-ერთ პირს. მისი განმარტებით, კლდე-ზვავური ტიპის მეწყერული პროცესის განვითარების წინასწარ პროგნოზირება, მით უფრო სხვა მოვლენებთან ერთობლიობაში, არის შეუძლებელი და აღნიშნულს ვერ უზრუნველყოფს ყველაზე განვითარებული ქვეყნის შესაბამისი ორგანოც კი. რაც შეეხება კონკრეტულად ვერეს ხეობაში ისტორიულად განვითარებულ მსგავს მოვლენებს, მისივე განმარტებით, წყალდიდობის ისეთი თანმხვედრი მოვლენები, როგორსაც ადგილი ჰქონდა 2015 წლის ივნისში, სხვა წლებში არ ყოფილა. მოსაზრებებზე, ქალაქში მეტეოსადგურების დიდი რაოდენობის არსებობის პირობებში პრევენციული ღონისძიებების მიღების უფრო მეტი შესაძლებლობის თაობაზე, დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მეტეოსადგურების რაოდენობა მნიშვნელოვანია მხოლოდ უხვი ნალექების პროგნოზირების თვალსაზრისით. მეწყერის განვითარების შესაძლებლობის პროგნოზირებას მეტეოსადგური ვერ მოახდენს.
საგულისხმოა, ასევე სასამართლო სხდომაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის განმარტება, რომელმაც აღნიშნა, რომ მაღალი დონის ტექნოლოგიების არსებობის პირობებშიც კი შეუძლებელი იქნებოდა 2015 წლის 13 ივნისს განვითარებულ მოვლენათა ერთობლიობის პროგნოზირება და პრევენცირება. ამ პირობებში, შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ ყურადღების გამახვილება იმ საკითხზე, რომ უხვი ნალექი გამოიწვევდა წყლის დონის მატებას. მისივე განმარტებით, მოცემული შემთხვევისათვის რელევანტურია ის გარემოება, რომ მხოლოდ უხვი ნალექის არსებობის პირობებში, წყლის ოდენობა, რომელიც სტიქიის დროს დაფიქსირდა, თანმდევი ანთროპოგენური ფაქტორების დართვის გარეშე, უპრობლემოდ გაივლიდა წყლის გამტარ გვირაბში. მოვლენათა კატასტროფულად განვითარების მთავარი მიზეზი გახდა გვირაბების ჩახერგვა წყალ-ტალახოვანი ხის მასალით და სხვა ნივთებით. ის, როგორც ამ დარგში შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი პირი, განმარტავს, რომ ანალოგიური მოვლენის სამომავლოდ განვითარების პროგნოზირება შეუძლებელია და კვლავ არ არსებობს.
საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.2 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სასამართლომ თითოეული საქმის განხილვისას უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები, სარწმუნოდ დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მისცეს მათ სამართლებრივი შეფასება და გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საკასაციო პალატა თვლის, რომ 1924 წლიდან 2015 წლის სტიქიამდე მდინარე ვერეს აუზში სტიქიური მოვლენების არაერთხელ განვითარება და ტერიტორიის ისტორიულად მეწყერსაშიშობა, რასაც ძირითადად ეფუძნება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, თავისთავად არ გამორიცხავს 2015 წლის მოვლენის ინდივიდუალურად შეფასების აუცილებლობას, მისი განსაკუთრებული ნიშნებიდან გამომდინარე. ის გარემოება, რომ შესაბამისი ტერიტორია ისტორიულად სენსიტიურია (მათ შორის - მეწყერსაშიშობის თვალსაზრისით) სადავო არ არის და გამყარებულია „წინასწარი შეფასების“ დასკვნებით. მოცემულ შემთხვევაში, შეფასების საგანს წარმოადგენს იმ კომპლექსურ მოვლენათა ერთობლიობის განვითარების წინასწარ განსაზღვრის შესაძლებლობა, რომლებიც სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიულეტენში ასახულის გარდა (წყალმოვარდნა და ღვარცოფი) მოიცავდა მეწყერს, ქვათაცვენას, კლდეზვავს და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი დარგის სპეციალისტები მიუთითებენ განვითარებულ მოვლენათა ისეთ ხასიათზე, რომლის შემადგენლობის განსაზღვრა, მისი ჩასახვისა და დინამიკაში მოსვლის მყისიერი ხასიათიდან გამომდინარე, შეუძლებელია უმაღლესი სტანდარტის მქონე ტექნიკური საშუალებითაც კი. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმეში აღნიშნული მოსაზრების გამომრიცხავი მტკიცებულებები (დასკვნები, დარგის სპეციალისტების შეფასებები) წარმოდგენილი არ არის.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას, 2015 წლის 4 ივნისს დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მხრიდან 2015 წლის 13 ივნისს მოსალოდნელ სტიქიურ მოვლენასთან მიმართებაში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობის თაობაზე. როგორც უკვე აღინიშნა, საქმის მასალებით (მათ შორის - თავად სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებად შეფასებული „წინასწარი შეფასებით“) და შესაბამისი დარგის სპეციალისტთა განმარტებებით დგინდება, რომ მაღალი ტექნოლოგიების არსებობის და უფრო მეტი სათანადო მოწყობილობების არსებობის შემთხვევაშიც, შეუძლებელი იქნებოდა ისეთი კომპლექსური სტიქიური მოვლენის წინასწარ განსაზღვრა, რომელიც 13.06.2015წ. განვითარდა. ამასთან, სხვა თანმდევი ფაქტორების გათვალისწინებით, იგი მკვეთრად განსხვავდება მანამდე და მათ შორის, 04.06.2015წ. განვითარებული მოვლენებისაგან. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნები, რომლებიც ისტორიულად განვითარებულ მოვლენათა ურთიერთკავშირიდან გამომდინარეობს, ვერ უზრუნველყოფს მათი კომპლექსური კავშირის დადგენის შესაძლებლობას, მითითებული მოვლენების მასშტაბებისა და ხასიათის განსხვავებულობის გათვალისწინებით.
სააპელაციო სასამართლომ დასაბუთების პროცესში საყურადღებოდ მიიჩნია საქმეში CD დისკის სახით წარმოდგენილი, 2015 წლის 13-14 ივლისის სტიქიის შემდგომ მომზადებული სიუჟეტები და მიუთითა ჩანაწერების კონკრეტულ მონაკვეთებზე, რომლებშიც გამოთქმულია ცალკეულ პირთა მოსაზრებები, განვითარებული სტიქიური მოვლენის შესაძლო პროგნოზირებისა და მისი განვითარებით შესაძლო ზიანის თავიდან აცილების მიზნით, ეფექტური ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა, მოვლენათა განვითარების აღქმის თვალსაზრისით, არ გამორიცხავს ცალკეული სიუჟეტების გამოყენების შესაძლებლობას, თუმცა რესპოდენტთა გამოსვლები და მათი სუბიექტური აღქმები თუ სურვილები, მეცნიერული დასაბუთების ან სპეციალისტთა დასკვნის გარეშე ვერ იქცევა იმის მტკიცების საფუძვლად, იყო თუ არა 13.06.2015წ. განვითარებული მოვლენა წინასწარ განჭვრეტადი.
სააპელაციო სასამართლომ დეტალურად მიუთითა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს იმ ფუნქცია-მოვალეობებზე, რომლებიც ჩამოთვლილია სადავო პერიოდში მოქმედ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 10.05.2013წ. N27 ბრძანებით დამტკიცებულ სააგენტოს დებულებაში (გარემოზე დაკვირვების მონაცემთა შეკრება; არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ და გეოლოგიურ მოვლენებზე ხელოვნური ზემოქმედების სამუშაოების დანერგვა და წარმოება; კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგების შერბილების და შესაბამისი ადაპტაციის ღონისძიებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და ა.შ.). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი მითითებული დებულება ნამდვილად ასახავს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის სავალდებულო მოქმედებათა ერთობლიობას, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა, რამდენად არსებობდა მოცემულ კონკრეტულ ვითარებაში შესაბამის ვალდებულებათა ეფექტურად განხორციელების შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია, რომ სააპელაციო სასამართლო, ევროსასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით თავადვე ადასტურებს ბუნებრივ საფრთხეებთან მიმართებით სახელმწიფოსათვის დაკისრებული პოზიტიური ვალდებულების ფარგლების დამოკიდებულებას საფრთხის წარმომავლობასა და იმ ფაქტზე, თუ რამდენად ექვემდებარება ესა თუ ის რისკი შემცირებას, რასაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს.
საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს გასაჩივრებული გადაწყვეტილების წინააღმდეგობრივ შინაარსზე. სააპელაციო სასამართლო არაერთგზის მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულმა N163 საინფორმაციო ბიულეტენმა ადმინისტრაციული ორგანოების სათანადო ყურადღება ვერ მიიპყრო, მისი შინაარსის არასრულყოფილი ხასიათის გამო, რაც ამავე სასამართლოს შეფასებით, იქცა მითითებული ორგანოს პასუხისმგებლობის განსაზღვრის საფუძვლად. იმ პირობებში, თუ ჩაითვლება, რომ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უმოქმედობამ (არასათანადო მოქმედებამ) განაპირობა მითითებული დოკუმენტის არასრულყოფილება, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ პასუხობს კითხვას: შესაძლებელი იყო თუ არა სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან, მიწოდებული ამინდის პროგნოზიდან გამომდინარე, სამომავლო რისკების შეფასება. შესაბამისად, უნდა ჩაითვალოს თუ არა, რომ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მხრიდან სათანადო ინფორმაციის გაუვრცელებლობა კავშირშია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან, შესაძლებელი და სავალდებულო მოქმედების შეუსრულებლობის გამო.
საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს იმასთან დაკავშირებით, რომ სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისათვის წინასწარ განჭვრეტადი იყო სტიქიის ზონა, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება მისი მხრიდან იყო დაგვიანებული და საქმის მასალებით არ დგინდება საგანგებო სიტუაციების შესახებ ადრეული შეტყობინების სისტემის მართვის უზრუნველყოფა.
საქმეში წარმოდგენილია მასალები, რომლითაც დგინდება სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მხრიდან ინტენსიური სამაშველო მოქმედებების განხორციელება სტიქიის ზონაში. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიცავს ინფორმაციას სამაშველო მოქმედებებში მონაწილე თანამშრომელთა რაოდენობის, სამუშაოებისათვის გამოყენებულ საშუალებათა სახეობებისა და ოდენობების შესახებ, თითოეული შესრულებული მოქმედების აღწერით. ამდენად, სამსახურის უმოქმედობა განვითარებულ მოვლენებთან მიმართებაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება. რაც შეეხება სამსახურის მხრიდან სტიქიის ზონის იმთავითვე განსაზღვრისა და შესაბამისი რეაგირებისათვის პრიორიტეტულად მხოლოდ კონკრეტული ლოკაციის ჩათვლის შესაძლებლობას, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია, სტიქიის შესაბამისი ზონის საბოლოოდ ფორმირებამდე, რამდენად რეალური იყო სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისათვის პრიორიტეტად მხოლოდ ვაკე-საბურთალოს რაიონის ტერიტორიის განსაზღვრა და ძალების მობილიზება მხოლოდ ამ მიმართულებით. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მნიშვნელოვნად არის მიჩნეული 13.06.2015წ. 112-ში შესული ის სატელეფონო ზარები, რომლებიც დაფიქსირდა ვაკე-საბურთალოს რაიონიდან, 22:11 საათიდან 00:03 საათამდე შუალედში, სააპელაციო სასამართლო განყენებულად მიუთითებს მხოლოდ იმ ზარების ამონარიდზე, რომელიც კონკრეტული ლოკაციიდან მომდინარეობდა, თუმცა ამავე საქმის მასალებით დგინდება, რომ მითითებული დროის შუალედში ქალაქის სხვადასხვა ნაწილიდან შედიოდა იმავე შინაარსის შეტყობინებები და განხორციელებული ზარების საფუძველზე, საგანგებო სიტუაციების სამსახურს უწევდა რეაგირება სხვადასხვა რაიონებში არსებულ პრობლემურ ადგილებთან მიმართებაში. სტიქიის მასშტაბური მოცულობიდან გამომდინარე, დასაბუთებას საჭიროებს, შესაძლებელი იყო თუ არა დროის მცირე მონაკვეთში პრიორიტეტების განსაზღვრა და გამოკვეთა, არსებობდა თუ არა შესული ინფორმაციის საფუძველზე, ლოკალური ადგილების წინასწარ განსაზღვრისა და პროგნოზირების შესაძლებლობა. საყურადღებოა, რომ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან მიმართებაშიც ასკვნის, რომ პრიორიტეტების სწორად განსაზღვრით დ. გ-ი ვერ მოხვდებოდა სტიქიის ზონაში, თუმცა, როგორც აღინიშნა, სასამართლო არ ასაბუთებს ამ პრიორიტეტების დადგენის შესაძლებლობას და არ უთითებს, კონკრეტულად რა სახის ქმედების განხორციელებით უზრუნველყოფდა აღნიშნული სამსახური დ. გ-ის სტიქიის ზონაში მოხვედრის თავიდან აცილებას, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც საგზაო მოძრაობის რეგულირება არ შედის მის კომპეტენციაში, ხოლო ინტენსიური სამაშველო ღონისძიებების განხორციელების თვალსაზრისით, როგორც უკვე აღინიშნა, ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობა არ დასტურდება.
რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, სააპელაციო სასამართლომ შეაფასა უკვე სტიქიის მიმდინარეობის პროცესში, მოვლენაზე რეაგირების ეფექტურობის საკითხი. სასამართლომ ჩათვალა, რომ სტიქიის ზონამდე მისასვლელი გზების გადაკეტვა და შესაბამის პირთა დროული ინფორმირება გამორიცხავდა მათი სტიქიის ზონაში მოხვედრას და ტრაგიკული შედეგის დადგომას. სააპელაციო სასამართლო, მითითებული არგუმენტის საფუძვლიანად მიჩნევას ძირითადად უკავშირებს საქმეში CD დისკის სახით წარმოდგენილი, 2015 წლის 13-14 ივლისის სტიქიის შემდგომ მომზადებული სიუჟეტების კონკრეტულ მონაკვეთებს, რომლებშიც გამოთქმულია ცალკეულ პირთა მოსაზრებები, განვითარებული სტიქიური მოვლენის შესაძლო პროგნოზირებისა და მისი განვითარებით შესაძლო ზიანის თავიდან აცილების მიზნით, ეფექტური ღონისძიებების (მათ შორის - საპატრულო პოლიციის მხრიდან გზის გადაკეტვის მოქმედების) განხორციელების აუცილებლობასთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლოს შეფასება შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედობის თაობაზე ასევე ეფუძნება იმ გარემოებაზე მითითებას, რომ სსიპ 112-ში, 13 ივნისს 23:08:46 საათსა და 23:10:40 საათზე თამაზ ელიზბარაშვილის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარების შინაარსის ადექვატურად აღქმის შემთხვევაში, მოხდებოდა სტიქიის ზონის განსაზღვრა, ვითარების სწორად გაანალიზება და სტიქიის ზონამდე მისასვლელი გზების გადაკეტვა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მხოლოდ მითითებული სატელეფონო ზარიდან გამომდინარე შეუძლებელია ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება, ადმინისტრაციული ორგანოსათვის სტიქიის ზონის განსაზღვრისა და მითუფრო, ამ ზონამდე მიმავალი გზების გადაკეტვის ვალდებულების წარმოშობის თაობაზე. გაურკვეველია, რამდენად შეეძლო გავლენის მოხდენა საპატრულო პოლიციის მხრიდან გზის გადაკეტვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე სატელეფონო ზარებს და პირდაპირ კავშირში იყო თუ არა სატელეფონო ზარებში ასახული შეტყობინებების შინაარსი ახალი გზის ტერიტორიზე ავტომობილების გადაადგილებისათვის საფრთხის შექმნასთან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პასუხისმგებლობის განსაზღვრის პროცესში საკასაციო სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია, მიუთითოს საკასაციო სასამართლოს სხდომაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის განმარტებაზე, სადაც აღინიშნა, რომ 13.06.2015წ. მოვლენის განვითარების პროცესში, 00:20 საათზე სამსახურმა გამოაცხადა განგაში, რაც მიზნად ისახავდა შიდა ძალების მკაცრად მობილიზებას და სტიქიის ზონაზე მაქსიმალური ყურადღების გადატანას.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის 26.08.2008წ. N415 ბრძანებულებით დამტკიცებულ „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმაზე“, რომელიც ემსახურება ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილებას, ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის ერთიანი სისტემის ამოქმედებას, აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის უზრუნველყოფით. მნიშვნელოვანია, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მიუთითა აღნიშნულ ბრძანებულებაზე, მხოლოდ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის სავალდებულოდ დადგენილი ერთ-ერთი შესაძლო მოქმედების ვალდებულების ხაზგასასმელად (გზის გადაკეტვა - ფუნქცია N14).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული „გეგმის“ 17.1 მუხლის შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებების უზრუნველყოფა ხორციელდება 17 ძირითადი ფუნქციის ამოქმედებით. მათ შორის, საგანგებო მართვის უზრუნველყოფის ფუნქციასთან მიმართებაში ძირითად ორგანოდ მიჩნეულია შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი (ფუნქცია N1), რომელიც ოპერატიული რეაგირების მიზნით, საგანგებო სიტუაციის საფრთხის არსებობის ან მისი განვითარების შემთხვევაში, იწყებს საგანგებო მართვის ღონისძიებების განხორციელებას - აცხადებს განგაშს და ატყობინებს შექმნილი მდგომარეობის თაობაზე შესაბამის უწყებებსა და პირებს. ამასთან, აღნიშნული „გეგმით“ გათვალისწინებული N14 ფუნქცია მოიცავს საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალურ ფასეულობათა დაცვის უზრუნველყოფას. ფუნქციის განმახორციელებელ ერთ-ერთ ძირითად ორგანოდ მიჩნეულია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, ხოლო შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი მიჩნეულია მხოლოდ მხარდამჭერ უწყებად. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ერთ-ერთ შესაძლო ღონისძიებად მიჩნეულია საგანგებო სიტუაციების დროს ქუჩების გადაკეტვა.
ზემოაღნიშნული ბრძანებულებიდან გამომდინარეობს, რომ ერთი მხრივ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კომპეტენციაში შედის განგაშის გამოცხადების შესაძლებლობა, რასაც ის ატყობინებს შესაბამის ორგანოებს და პირებს, ხოლო მეორე მხრივ, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთ შესაძლო ქმედებად მიჩნეულია გზის გადაკეტვა საგანგებო სიტუაციის დროს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, კონკრეტულად როდის მოხდა განგაშის გამოცხადება, იყო თუ არა დროში გონივრული თანხვედრა განგაშის შეტყობინებასა და გზის გადაკეტვას შორის, დამოკიდებული იყო თუ არა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაძლო ქმედება - გზის გადაკეტვა - საგანგებო სიტუაციის სამსახურის მხრიდან განგაშის გამოცხადებასა და მის ინფორმირებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემული დავის სწორედ გადაწყვეტის მიზნებისათვის, სააპელაციო სასამართლოს ყველა მოპასუხესთან მიმართებაში, მნიშვნელოვნად უნდა ჩაეთვალა როგორც 2015 წლის 13 ივნისს განვითარებული სტიქიური მოვლენის განსაკუთრებულობა, ისე მისი განსხვავება თბილისის ტერიტორიის იმავე ზონაში განვითარებული სხვა მოვლენებისაგან, რამდენადაც როგორც პრევენციის, ისე რეაგირების კუთხით ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან მათთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების განუხორციელებლობა ან/და უმოქმედობა პირდაპირ კავშირშია სტიქიის ზონაში განვითარებულ მოვლენათა სირთულესთან. თითოეული ადმინისტრაციული ორგანოსათვის დებულებით დაკისრებული ფუნქციების ჩამონათვალი, მოცემულ შემთხვევასთან მიმართებაში, გულისხმობდა როგორც მათი განხორციელების ვალდებულებას, ისე რეალურ შესაძლებლობასაც, რასაც უპირობოდ შედეგად უნდა მოჰყოლოდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის თავიდან აცილება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზოგადად, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რომელიც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობა გახდეს, მოიაზრებს შესაბამისი პირის მხრიდან როგორც აქტიური მოქმედების განხორციელებას, ისე უმოქმედობასაც, რამაც შეიძლება არანაკლებ მძიმე შედეგი გამოიწვიოს. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებთან მიმართებაში, მათი უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელი დოკუმენტებით (დებულებებით) გათვალისწინებულია სამართლებრივი სიკეთის ხელმყოფ მიზეზობრიობის ჯაჭვში აქტიური მოქმედებით ჩართვისა და სამართლებრივი სიკეთისათვის საფრთხის თავიდან აცილების ვალდებულება.
უდავოა, რომ განვითარებულ მოვლენებთან მიმართებაში, უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი რეაგირებისაკენ მიმართული ქმედება, თითოეული ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს, თუმცა საკასაციო პალატა თვლის, რომ დაკისრებულ ვალდებულებათა განხორციელების შესაძლებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს რეალური. იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობამ (განვითარებულ მოვლენასთან მიმართებაში პრევენციის ან რეაგირების კუთხით შესაბამის ვალდებულებათა განუხორციელებლობამ) წარმოშვას ბრალეული მიზეზობრიობა, აუცილებელია, ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდეს მისთვის დაკისრებულ მოვალეობათა რეალურად განხორციელების შესაძლებლობა. გარდა ამისა, უნდა დადგინდეს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებელი და სავალდებულო მოქმედებით, თავიდან იქნებოდა აცილებული შედეგი, რომელმაც კონკრეტული პირის (პირებისათვის) ზიანი გამოიწვია. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ზიანი, რომლის თავიდან აცილების შესაძლებლობაც გააჩნია კანონით გათვალისწინებულ სუბიექტს - ადმინისტრაციულ ორგანოს, განპირობებულია გარეშე ფაქტორებით, ხოლო ორგანოს შესაძლო უმოქმედობით გამოწვეული ბრალეულობის საკითხი უნდა დადგინდეს თავად ამ ფაქტორებზე ზემოქმედების და საფრთხის შემცირების ან თავიდან აცილების შესაძლებლობით. ამდენად, შემთხვევის სპეციფიკურობის, განსაკუთრებულობის, მასშტაბურობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნებისათვის, მნიშვნელობა უნდა მინიჭებოდა ერთ მთავარ საკითხს: იყო თუ არა სახეზე ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეული უმოქმედობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბაამისად, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე და 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კასატორების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე