ბს-1316(კ-20) 30 სექტემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ს. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.10.2020წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. შ-ემ და ს. ს-ემ 10.05.2017წ. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვეს შპს „...“-ისათვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე ...ის მშენებლობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთების საკომპენსაციო თანხების გაცემის აკრძალვა ნ. და ნ. ს-ეებისათვის, მოსარჩელეების მიერ აღძრულ სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 11.05.2017წ. განჩინებით ნ. შ-ის და ს. ს-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა, შპს „...“-ს (ს/ნ ...) აეკრძალა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში (...ი, ...ი, ...ი, ...ი, ...ი) მიმდინარე ...ის მშენებლობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთების საკომპენსაციო თანხების ნ. და ნ. ს-ეებზე გაცემა, მოსარჩელეების მიერ აღძრულ სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ნ. შ-ემ და ს. ს-ემ 22.05.2017წ. სარჩელით მიმართეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, მესამე პირების: შპს „...-ის“, ნ. ს-ის და ნ. ს-ის მიმართ და მოითხოვეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის „...” -ის მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში (...ი, ...ი, ...ი, ...ი, ...ი) მიმდინარე ...ის მშენებლობისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მოსარგებლეების დადგენის მიზნით შექმნილი კომისიის 12.08.2015წ. N4 ოქმის ბათილად ცნობა ნ. და ნ. ს-ეების ნაწილში.
ნ. და ნ. ს-ეების წარმომადგენელმა დ. შ-ემ 07.06.2017წ. განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლა. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 21.06.2017წ. განჩინებით დაკმაყოფილდა შუამდგომლობა, შეიცვალა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 11.05.2017წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, შპს ...” -ს (ს/ნ ...) დაევალა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში (...ი, ...ი, ...ი, ...ი, ...ი) მიმდინარე ...ის მშენებლობისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის მოსარგებლედ ცნობილ ნ. ს-ესა და ნ. ს-ეზე გადასახდელი საკომპენსაციო თანხის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზოტო ანგარიშზე შეტანა (სს „...ი. ანგარიშის ნომერი GE...).
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 08.11.2018წ. გადაწყვეტილებით ნ. შ-ისა და ს. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 11.05.2017წ. განჩინებითა და 21.06.2017წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. ნ. ს-ესა (პ/ნ ...) და ნ. ს-ეზე (...) გაიცა შპს „...-ის“ (ს/ნ ...) მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში (...ი, ...ი, ...ი, ...ი, ...ი) მიმდინარე ...ის მშნებელობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთების საკომპენსაციო თანხები, რომელიც შეტანილი იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლეობის დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე (სს „...ი. ანგარიშის ნომერი GE...). აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. შ-ემ და ს. ს-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.07.2019წ. განჩინებით ნ. შ-ის და ს. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ. შ-ისა და ს. ს-ის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.05.2020წ. განჩინებით ნ. შ-ის და ს. ს-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.07.2020წ. განჩინებით ნ. შ-ის და ს. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.07.2019წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 16.07.2019წ. განჩინება მიღებულია კოლეგიური სასამართლოს მიერ, სამი მოსამართლის მონაწილეობით, თუმცა განჩინებას ხელს არ აწერს ერთ-ერთი მათგანი. შესაბამისად, სახეზეა სსკ-ის 394-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასამართლოს განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, რომლის არსებობის დროსაც, სსკ-ის 412-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.10.2020წ. განჩინებით ნ. შ-ის და ს. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 08.11.2018წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შექმნილმა კომისიამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში (...ი, ...ი, ...ი, ...ი, ...ი) მიმდინარე ...ის მშენებლობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთების ამსახველი საერთო სიტუაციური რუკის მიხედვით ჩაატარა საველე სამუშაოები, განახორციელა თითოეული მიწის ნაკვეთის დათვალიერება, საჭიროებისამებრ ფართობის დაზუსტება და კორექტირება, მოსახლეობასთან გასაუბრების გზით მოიძია ინფორმაცია ფაქტობრივ მოსარგებლეებზე და ამ გზით დაადგინა მოსარგებლეთა ვინაობა. კომისიამ სრულყოფილად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. დადგენილია, რომ მოსარჩელეებისათვის იმთავითვე იყო ცნობილი კომისიის მუშაობის შესახებ, თუმცა მათ კომისიისათვის სადავო მიწის ნაკვეთის მოსარგებლედ ცნობაზე არ მიუმართავთ. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 102-ე და 103-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ აპელანტებმა ვერ დაასაბუთეს აღძრული სარჩელის საფუძვლიანობა, ვერ დაძლიეს მტკიცების ტვირთი. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო არა ის გარემოება, ოდესღაც ვინ ფლობდა მიწის ნაკვეთს, არამედ მნიშვნელოვანი იყო კომისიის შექმნის მომენტისათვის ...ისათვის გამოსაყენებელი მიწის ნაკვეთების მოსარგებლეების დადგენა. მოსარჩელეთა აღნიშვნით, მიწაზე მათი მფლობელობა დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერებით, რომლებითაც სადავო ტერიტორია მათ საკუთრებად იყო რეგისტრირებული. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული დოკუმენტაცია არ ადასტურებს მოსარჩელე მხარის ფაქტობრივ მფლობელობას მიწის ნაკვეთებზე, წარმოდგენილი ამონაწერების მიხედვით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ფართობთა ჯამი არის 5376 კვ.მ., ხოლო სარჩელის მიხედვით მხარე მიუთითებდა მფლობელობაში არსებულ 7590 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. ამდენად, მხარეს დავის მიმართ არ გააჩნია რეალური იურიდიული ინტერესი, მით უფრო არ გააჩნია დასაბუთებული და მოტივირებული მოთხოვნა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.10.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ. შ-ისა და ს. ს-ის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 01.02.2021წ. განჩინებით ნ. შ-ისა და ს. ს-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.2019წ. განჩინებაზე ნ. შ-ის ნაწილში დატოვებულ იქნა განუხილველად.
კასატორი - ს. ს-ე აღნიშნავს, რომ ...ის მშენებლობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მოსარგებლეების დადგენის მიზნით შექმნილი კომისია 12.08.2015წ. N4 ოქმის შედგენისას იკვლევდა ბოლო სამი წლის მდგომარეობით თუ ვინ ფლობდა და სარგებლობდა ოქმში მითითებული მიწის ნაკვეთებით. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის განმარტებიდან გამომდინარე, კომისიის მუშაობა შემოსაზღვრული იყო დროის მონაკვეთით, რომელიც მოიცავდა 2012 წლიდან 2015 წლამდე პერიოდს. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე ს-ეების ოჯახი არ ფლობდა აქტში მითითებულ ქონებას, რასაც ადასტურებს ქვედა ინსტანციის სასამართლოებში წარდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერები. აღნიშნულით დგინდება, რომ ამ პერიოდში სადავო ქონების მესაკუთრეები იყვნენ ნ. შ-ე და მისი ოჯახი. გაუგებარია, კომისიამ რის საფუძველზე დაადგინა ნ. და ნ. ს-ეები მიწის ნაკვეთების მოსარგებლეებად. კომისიამ სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოსცა საქმის გარემოებების არსებითი შესწავლის გარეშე. აქტი არ შეიცავს წერილობით დასაბუთებას, მასში არ არის მითითება გასვლით სხდომებზე, მოსახლეობასთან შეხვედრის დროზე, მათი გამოკითხვის ან გასაუბრების თაობაზე. ამდენად, კომისიამ არასწორად დაადგინა ნ. ს-ე 5483 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, ხოლო ნ. ს-ე 5597 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მოსარგებლეებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. საკასაციო პალატა თვლის, რომ ს. ს-ის მოთხოვნის საფუძვლიანობას არ ადასტურებს მის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები. ს. ს-ის მიერ ვერ იქნა მითითებული რაიმე ისეთ გარემოებაზე, რომლის არარსებობის შემთხვევაში კომისიის მიერ მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ს. ს-ის აღნიშვნით, მიწაზე მათი მფლობელობა დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერებით, რომლებითაც სადავო ტერიტორია მის საკუთრებად იყო რეგისტრირებული. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული დოკუმენტაცია არ ადასტურებს ს. ს-ის ფაქტობრივ მფლობელობას მიწის ნაკვეთებზე,, ამასთანავე, მხარის მიერ წარმოდგენილ საკადასტრო კოდებზე რეგისტრაციები გაუქმებულია მარეგისტრირებელი ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილებებით. კომისიის 12.08.2015წ. N4 ოქმი გასაჩივრებულ ნაწილში დასაბუთებულია და შეიცავს მითითებას იმის შესახებ, რომ კომისიამ ადგილზე დათვალიერებით, მოსახლეობის გამოკითხვისა და დამატებით მოპოვებული ინფორმაციის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება. ამდენად, არ დასტურდება საქმის გარემოებების გამოკვლევის გარეშე გადაწყვეტილების მიღება.
საკასაციო სასამართლოს მიუთითებს სსკ-ის 102.1 მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამასთან, სასკ-ის 17.2 მუხლის საფუძველზე აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი, მართალია, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ ათავისუფლებს მოსარჩელეს სარჩელის დასაბუთების, თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენი ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებისაგან. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მტკიცების ტვირთს წარმოადგენს მიწის ნაკვეთების მათ მიერ ფლობისა და სარგებლობის სათანადო მტკიცებულებებით დადასტურება. მოცემულ შემთხვევაში ს. ს-ეს არც კომისიისათვის და არც სასამართლოსათვის არ წარუდგენია სადავო მიწის ნაკვეთებზე მისი მფლობელობის და სარგებლობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, შესაბამისად ვერ უზრუნველყო წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობისა და მისი უფლებადამცავი ინტერესის დასაბუთება.
ამდენად, არ დასტურდება კომისიის მხრიდან ს. ს-ის უფლების იმგვარი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში კომისიის მიერ მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ს. ს-ის საკასაციო პრეტენზიებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ს. ს-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.10.2020წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი