№ბს-403(კ-20) 10 სექტემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „...ას“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საქართველოს კონკურენციის სააგენტო; მესამე პირები (სასკ 16.2) - სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 26 თებერვალს შპს „...ამ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ შპს "...ას" საჩივრის დაუშვებლად ცნობის ნაწილში, სსიპ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს 2018 წლის 23 იანვრის №04/11 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს ,,...ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...ამ“ რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინებით შპს „...ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ერთხელ უკვე შეაფასა სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული №SPA..., №SPA..., №SPA... ელექტრონული ტენდერები და დაადგინა, რომ არ არსებობდა ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაძლო დარღვევის ფაქტზე, შპს ,,...ას“ მიერ წარდგენილი საჩივრის საფუძველზე, სააგენტოს მიერ მოკვლევის დაწყების საფუძველი, რის გამოც 09.11.2016 წ. საჩივარი არ იქნა მიჩნეული დასაშვებად. ამასთან, სსიპ კონკურენციის სააგენტოს 23.12.2016 წ. №241 ბრძანება მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ შპს ,,...ას“ არ გაუსაჩივრებია და იგი შესული იყო კანონიერ ძალაში. შპს ,,...ას“ მიერ 12.12.2017წ. წარდგენილ საჩივარში, №SPA..., №SPA..., №SPA... ელექტრონულ ტენდერებთან დაკავშირებით არ იკვეთებოდა ახლადაღმოჩენილი გარემოებები, რის გამოც, კონკურენციის სააგენტომ მართებულად მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი დაუშვებლად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ „...ის“ შესახებ მოთხოვნის ამოღება ვერ ჩაითვლებოდა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის დარღვევად. სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ ...ის შესყიდვის მიზნით 2016 წლის განმავლობაში გამოცხადებული სამი ტენდერი სწორედ სატენდერო დოკუმენტაციაში ,,...ის“ მოთხოვნის არსებობის გამო არ შედგა. ამდენად, ,,...ის“ ამოღებით შემსყიდველმა ორგანიზაციამ გააფართოვა იმ პირთა წრე, ვისაც შეიძლებოდა მონაწილეობა მიეღო ტენდერში, მათ შორის ტენდერში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცათ იმ პრეტენდენტებსაც, ვინც წინა ტენდერებში ვერ მიიღეს მონაწილეობა ,,...ის“ მოთხოვნის გამო ან ვერ დააკმაყოფილეს აღნიშნული პირობა. შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედება ,,...ის“ მოთხოვნის ამოღების შესახებ არ წარმოადგენდა კონკურენციის შემზღუდველ ქმედებას, პირიქით, აღნიშნული მოქმედებით სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა ხელი შეუწყო ბაზარზე კონკურენციის გაზრდას და საშუალება მისცა ეკონომიკურ აგენტებს, მათ შორის, შპს ,,...ასაც“, ჩართულიყვნენ სატენდერო პროცედურებში. ის გარემოება, რომ 2017 წლის 18 ოქტომბერს ,,...ის“ მოთხოვნის გარეშე ტენდერის გამოცხადების მომენტისთვის შპს ,,...ა“ სხვა ტენდერებში არაკეთილსინდისიერი ქმედებების ჩადენის გამო შავ სიაში იყო რეგისტრირებული, შემსყიდველ ორგანიზაციას ვერ დააბრკოლებდა ხუთი უშედეგოდ გამოცხადებული ტენდერის შემდგომ, სატენდერო პროცედურების გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, გამარტივებული პირობებით გამოეცხადებინა ელექტრონული ტენდერი და შეესყიდა სასწრაფო დახმარების ავტომანქანები. მხარის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა სატენდერო პირობები კონკრეტულ ეკონომიკურ აგენტს მოარგო და მხოლოდ მას შემდეგ გამოაცხადა ,,...ის“ მოთხოვნის გარეშე ტენდერი, რაც შპს ,,...ა“ შავ სიაში იქნა რეგისტრირებული და იგი მონაწილეობას ვეღარ მიიღებდა ტენდერში, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო.
2017 წლის 7 აპრილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ №... ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ტენდერის პირობები შპს ,,...ასთვის“ ცნობილი იყო ტენდერის გამოცხადებისას და ისინი მას სადავოდ არ გაუხდია. ამასთან, შპს ,,...ამ“ მხოლოდ მას შემდეგ მიიჩნია ტენდერის პირობები კონკურენციის შემზღუდველად, რაც მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები სატენდერო კომისიამ სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ პირობებთან შეუსაბამოდ მიიჩნია და მიიღო გადაწყვეტილება მისი დისკვალიფიკაციის შესახებ, ხოლო შპს ,,...ას“ მიერ წარდგენილი დოკუმენტების სატენდერო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენა და დისკვალიფიკაციის შესახებ სატენდერო კომისიის 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება სცდებოდა მოცემული დავის ფარგლებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...ამ“. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიიჩნევს, რომ სახეზე იყო შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან რჩეული პრეტენდენტებისათვის ხელშეწყობის ფაქტი.
კასატორის მითითებით, სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გამოცხადებულ, გასაჩივრებულ ტენდერებთან დაკავშირებით, სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა „...ას“ დასაბუთება, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვის იმავე ობიექტზე გამოცხადებული ახალი ტენდერი წარმოადგენდა ახლად აღმოჩენილ გარემოებას იმ ტენდერთან მიმართებით, რომელიც მოწინააღმდეგე მხარის მიერ განხილული იყო შპს „...ას“ 2016 წლის 9 ნოემბრის საჩივრის ფარგლებში. აღნიშნულ ტენდერებს შორის კავშირს ადასტურებდა მოწინააღმდეგე მხარე, როდესაც აღნიშნავდა, რომ „...ის“ მოთხოვნის არსებობის გამო ტენდერების შეწყვეტიდან გამომდინარე შემსყიდველმა ორგანიზაციამ 2017 წლის 10 ოქტომბერს გამოაცხადა ახალი ტენდერი „...ის“ მოთხოვნის გარეშე.
ამასთან, კასატორის განმარტებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ გასაჩივრებულ ტენდერთან დაკავშირებით შპს „...ა“ სასარჩელო მოთხოვნით ასაჩივრებდა არა სატენდერო პირობებს, არამედ აღნიშნული პირობების შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან ისეთ არაგონივრულ განმარტებას, რაც არ გამომდინარეობდა მოთხოვნის შინაარსიდან და რომლის საფუძველზეც დაუსაბუთებლად ხდებოდა კომპანიის დისკვალიფიკაცია. შპს „...ას“ აღნიშნული პოზიცია გაიზიარა კონკურენციის სააგენტოსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომაც, როდესაც შემსყიდველ ორგანიზაციას მიუთითა, რომ სატენდერო პირობები ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ არ იძლეოდეს ორაზროვანი განმარტების შესაძლებლობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ას“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ას“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების (ძველი რედაქცია) თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებს შეესატყვისება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებები, რომელთა თანახმადაც, მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №2/11/747 გადაწყვეტილება საქმეზე შპს სკს“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
სამეწარმეო თავისუფლება და ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა ხელს უწყობს თავისუფალი ბაზრის სტრუქტურის ჩამოყალიბებას და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, ახალისებს უკეთესი ხარისხის საქონლის/მომსახურების კონკურენტულ ფასად წარმოებას/მიწოდებას. თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების უფლება იცავს ეკონომიკურ აგენტებს გაუმართლებელი ბარიერების დაწესებისგან. სახელმწიფო ვალდებულია, თავი შეიკავოს ეკონომიკური აგენტებისათვის არათანაბარი პირობების შექმნისაგან და მიიღოს ზომები კონკურენტული ეკონომიკური გარემოს, თავისუფალი ბაზრის სტრუქტურის ჩამოყალიბებისა და შენარჩუნებისთვის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №2/11/747 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს გიგანტი სექიურითი“ და „შპს უსაფრთხოების კომპანია ტიგონისი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“, II-3).
სადავო პერიოდში მოქმედი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი ადგენს თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვისაგან დაცვის პრინციპებს, რაც თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარების საფუძველია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით განისაზღვრება თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის არამართლზომიერად შემზღუდველი ქმედებები, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის დარღვევის თავიდან აცილებისა და აღკვეთის სამართლებრივი საფუძვლები და უფლებამოსილი ორგანოს კომპეტენცია, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, ეს კანონი ვრცელდება: ეკონომიკური აგენტის, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან/და მისი თანამდებობის პირის ქმედებასა და გადაწყვეტილებაზე, რომლებიც, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს ან/და შეუძლია გამოიწვიოს ქვეყნის სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა და აღკვეთა.
მითითებული კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია საქართველოში ბაზრის ლიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის ხელშეწყობა, კერძოდ: ა) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ბაზარზე შესვლის ადმინისტრაციული, სამართლებრივი და დისკრიმინაციული ბარიერების დაუშვებლობა; ბ) ბაზარზე ეკონომიკური აგენტის თავისუფალი დაშვებისათვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა; გ) ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის დაუშვებლობა; დ) ეკონომიკური აგენტების საქმიანობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვა; ე) დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა; ვ) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ეკონომიკური აგენტისათვის ისეთი ექსკლუზიური უფლებამოსილების მინიჭების დაუშვებლობა, რომელიც იწვევს კონკურენციის არამართლზომიერ შეზღუდვას; ზ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალური საჯაროობის, ობიექტურობის, არადისკრიმინაციულობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში, კასატორის შპს „...ას“ შეფასებით, მის მიმართ კონკურენციის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევას ადგილი ჰქონდა სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, შემსყიდველი ორგანიზაციების (მესამე პირების) მიერ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კანონის მიზანია: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა.
ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია რაციონალურად და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით განახორციელოს შესყიდვები მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით; ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი პასუხისმგებლობა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და ნორმების დაცვისათვის, შესყიდვების რაციონალური განხორციელებისათვის მთლიანად ეკისრება შემსყიდველ ორგანიზაციას. ამასთან, კანონის მე-13 მუხლის თანახმად, მოთხოვნებს, რომლებსაც შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემები, განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის. საკვალიფიკაციო მონაცემთა შერჩევის წესი დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. საკვალიფიკაციო მონაცემებისთვის წაყენებული მოთხოვნები უნდა იყოს სამართლიანი და არადისკრიმინაციული და ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას.
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, ბ) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ეკრძალებათ: ეკონომიკური აგენტისათვის ისეთი საგადასახადო ან სხვა შეღავათების დაწესება, რომლებიც მას კონკურენტებთან (პოტენციურ კონკურენტებთან) შედარებით უპირატესობას ანიჭებს და ზღუდავს კონკურენციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; გ) ეკონომიკური აგენტის სამეწარმეო საქმიანობისა და დამოუკიდებლობის აკრძალვა, შეჩერება ან/და სხვაგვარად შეფერხება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოთხოვნათა დაცვისა და შესრულების უფლებამოსილების მქონე ორგანოა ამ კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კონკურენციის სააგენტო. 172 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოს ფუნქციაა კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვის კონტროლი, ამ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენა, განხილვა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტო სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან მიმართებით უფლებამოსილია ამ კანონის დარღვევის შემთხვევაში წარუდგინოს მას დასაბუთებული წერილობითი დასკვნა და შესაბამისი რეკომენდაცია ამ ორგანოს მიერ მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების თაობაზე, მათ შორის, მოსთხოვოს კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების გაუქმება, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში აღნიშნული საკითხი დასვას შესაბამისი ზემდგომი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო განცხადების ან/და საჩივრის მიღებიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სწავლობს განცხადების ან/და საჩივრის დასაშვებობის საკითხს. ხოლო, 25-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, საქმის მოკვლევის წესსა და პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.
„საქმის მოკვლევის წესისა და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 30 სექტემბრის №30/09-5 ბრძანებით დამტკიცებული საქმის მოკვლევის წესი და პროცედურის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქმის მოკვლევის დაწყების საფუძველია გონივრული ეჭვი იმის შესახებ, რომ დარღვეულია კანონის შესაბამისი მუხლი.
საქმეზე დადგენილია, რომ - სსიპ კონკურენციის სააგენტოს 2016 წლის 23 დეკემბრის №241 ბრძანებით შპს ,,...ას“ 2016 წლის 9 ნოემბრის საჩივარი არ იქნა დასაშვებად ცნობილი და მომჩივანს უარი ეთქვა წარდგენილი საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე. ბრძანებაში საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიერ განხილული და შეფასებული იქნა სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული №SPA..., SPA..., №SPA... ელექტრონული ტენდერების პირობები, მიმდინარეობა და შედეგები, ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლთან მიმართებაში. სააგენტომ დაადგინა, რომ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ ბაზაში არსებობდა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ ტენდერში კონკურენტული გარემოს შექმნის მცდელობას. ამდენად, სააგენტომ მიიჩნია, რომ მომჩივანი სათანადოდ ვერ ადასტურებდა სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის დარღვევის ფაქტს და შესაბამისად, მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტები ვერ აკმაყოფილებდნენ გონივრული ეჭვის სამართლებრივ სტანდარტს, რაც მოკვლევის დაწყების აუცილებელი პირობაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ კონკურენციის სააგენტომ დაადგინა, რომ შპს ,,...ას“ საჩივარი არ აკმაყოფილებდა საჩივრის დასაშვებობის კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს. სსიპ კონკურენციის სააგენტოს 2016 წლის 23 დეკემბრის №241 ბრძანება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში (ტ. 2, ს.ფ. 190-195; 214-234).
„საქმის მოკვლევის წესისა და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 30 სექტემბრის №30/09-5 ბრძანებით დამტკიცებული საქმის მოკვლევის წესი და პროცედურის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, განცხადების ან/და საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარი ან მათ საფუძველზე წარმოებული მოკვლევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების არსებობა არის, იმავე საკითხზე ან იმავე საფუძვლით ერთი და იმავე პირის მიერ განმეორებით შემოტანილი განცხადების ან/და საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის საფუძველი თუ არ არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ №SPA..., SPA..., №SPA... ელექტრონულ ტენდერებთან დაკავშირებით, ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლთან მიმართებაში, კასატორის საჩივრის საფუძველზე, მოწინააღმდეგე მხარეს უკვე ჰქონდა ნამსჯელი და შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული, ხოლო 2017 წლის 12 დეკემბერს წარდგენილ საჩივარში მითითებულ ტენდერებთან დაკავშირებით არ იყო სახეზე ახლად აღმოჩენილი გარემოება.
ამასთან, 2017 წლის 18 ოქტომბერს გამოცხადებულ №... ელექტრონული ტენდერთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ სატენდერო დოკუმენტაციიდან ,,...ის“ შესახებ მოთხოვნის ამოღება ვერ ჩაითვლება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის დარღვევად, ვინაიდან, აღნიშნული ქმედებით შემსყიდველმა ორგანიზაციამ პირიქით გააფართოვა იმ პირთა წრე, ვისაც შეეძლო მონაწილეობა მიეღო ტენდერში, მათ შორის, აღნიშნული შესაძლებლობა მიეცათ იმ პრეტენდენტებსაც, ვინც წინა ტენდერში ,,...ის“ პირობის დაუკმაყოფილებლობის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა. ამასთან, ის გარემოება, რომ 2017 წლის 18 ოქტომბერს ,,...ის“ მოთხოვნის გარეშე ტენდერის გამოცხადების მომენტისთვის შპს ,,...ა“ სხვა ტენდერებში არაკეთილსინდისიერი ქმედებების ჩადენის გამო შავ სიაში იყო რეგისტრირებული, შემსყიდველ ორგანიზაციას ვერ დააბრკოლებდა ხუთი უშედეგოდ გამოცხადებული ტენდერის შემდგომ, სატენდერო პროცედურების გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, გამარტივებული პირობებით, გამოეცხადებინა ელექტრონული ტენდერი და შეესყიდა სასწრაფო დახმარების ავტომანქანები.
ამასთან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო) მიმართ წარდგენილი საჩივრის დაუშვებლად ცნობასთან მიმართებაში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისთვის ან ელექტრონული ტენდერისთვის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭებამდე შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს ან პრეტენდენტს შეუძლია გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის ან სატენდერო კომისიის ქმედება შემსყიდველ ორგანიზაციაში ან სააგენტოში, თუ მიაჩნია, რომ შესყიდვისას დაირღვა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები ან/და შეილახა მისი უფლებები, ხოლო, მე-2 პუნქტის თანახმად, შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს ან მიმწოდებელს შეუძლია გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის ან სატენდერო კომისიის ქმედება სასამართლოში, თუ მიაჩნია, რომ შესყიდვისას დაირღვა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები ან/და შეილახა მისი უფლებები.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის შეფასებას, რომ ზოგადად შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადგენილი სატენდერო პირობები ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ არ იძლეოდეს ორაზროვანი განმარტების შესაძლებლობას. თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს „...ამ“ მიიღო ტენდერში მონაწილეობა, მას არ გაუსაჩივრებია შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადგენილი სატენდერო პირობები, მათ შორის, კონკურენციის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან შესაბამისობის კუთხით. რაც შეეხება, ტენდერში მონაწილეობის შედეგად, შპს „...ას“ დისკვალიფიკაციას სატენდერო პირობების შესაძლო ინტერპრეტაციის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სატენდერო კომისიის 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება სცდება მიმდინარე დავის ფარგლებს და წარმოადგენს ცალკე დავის საგანს (მითითებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოში მიმდინარეობს დამოუკიდებელი დავა).
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, გ. ხ-ს საკასაციო საჩივარზე 17/07/2020 წ. საგადახდო დავალება №23914665-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...ას“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინება;
3. გ. ხ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17/07/2020 წ. საგადახდო დავალება №23914665-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი