საქმე #ბს-577(კს-20) 30 სექტემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, ქეთევან ცინცაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ქ. ტ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი, ზ. ა-ი
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.06.2020წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ა-მა 25.10.2017წ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.12.2017წ. განჩინებით, ზ. ა-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს.
18.01.2018წ. მოსარჩელემ წარმოადგინა დაზუსტებული სარჩელი, რომლითაც დააზუსტა მოპასუხეთა წრე (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი; მესამე პირი- ქ. ტ-ე), სასარჩელო მოთხოვნები და მოითხოვა: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურის 16.06.2015წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების (23.05.2017წ. N...) შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის (26.06.2017წ N...) შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (25.09.2017წ N...) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული ორგანოს დავალება გამოსცეს ახალი აქტი, რომლითაც 2015 წლის არქივის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე არსებული მონაცემებით, უძრავი ქონება საკუთრების უფლებით, საჯარო რეესტრში აღირიცხება ზ. ა-ის სახელზე.
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 22.08.2019წ გადაწყვეტილებით, ზ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა ქ. ტ-ის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.2019წ. განჩინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, იმერეთის რეგიონული ოფისის და ქ. ტ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 22.08.2018წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურის 16.06.2015წ N... გადაწყვეტილების ნაწილობრივ (ზ. ა-ის რეგისტრაციის მოთხოვნის ნაწილში (ს/კ ..., მიწის ნაკვეთი -500 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი -25 კვ.მ)) ბათილად ცნობა მოითხოვა.
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 20.12.2019 წ. გადაწყვეტილებით ზ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურის 16.06.2015წ. N... გადაწყვეტილება, კერძოდ, ზ. ა-ის რეგისტრაციის მოთხოვნის ნაწილში (ს/კ ..., მიწის ნაკვეთი - 500 კვმ, საცხოვრებელი ფართი -25კვმ); ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, 23.05.2017წ. N... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, 26.06.2017წ N... გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 25.09.2017წ. N... გადაწყვეტილება; ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც 2015 წლის არქივის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე არსებული მონაცემებით (ს/კ ..., მიწის ნაკვეთი- 500 კვმ, საცხოვრებელი ფართი - 25 კვმ), უძრავი ქონება საკუთრების უფლებით, საჯარო რეესტრში აღირიცხება ზ. ა-ის სახელზე.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ტ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.2020წ. განჩინებით ქ. ტ-ეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, რომლის შესავსებად განესაზღვრა 10 დღიანი ვადა. ამავე სასამართლოს 15.06.2020წ. განჩინებით ქ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 20.12.2019წ. გადაწყვეტილებაზე, დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმეს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად ამზადებს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე (მომხსენებელი მოსამართლე), რომელიც ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას და გამოაქვს შესაბამისი განჩინება.
მითითებული კანონის 374.1 თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ეს განჩინება შეიძლება მიღებულ იქნეს ზეპირი განხილვის გარეშე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება. სსკ-ს 59.1 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.2020წ გაჩინების (ქ. ტ-ის სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ) ასლი საჯარო შეტყობინების გზით გამოქვეყნდა 08.05.2020წ, გასაჯაროების პერიოდი იყო 07 (შვიდი) დღე. შესაბამისად, 07 (შვიდი) დღის გასვლის შემდეგ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება მხარეზე ჩაითვალა ჩაბარებულად. მითითებული განჩინებით სასამართლომ ხარვეზის შესავსებად მხარეს განუსაზღვრა 10 დღე. შესაბამისად, აპელანტი ქ. ტ-ე ვალდებული იყო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, წარედგინა სასამართლოში ხარვეზის შევსების დამადასტურებელი მტკიცებულება ან ეშუამდგომლა ამ ვადის გაგრძელების თაობაზე 25.05.2020წ. ჩათვლით, რაც აპელანტს არ შეუსრულებია. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქ. ტ-ის მიერ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა გავიდა, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 15.06.2020წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქ. ტ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებულ განჩინების მითითება, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება რამდენჯერმე გაეგზავნა და სახლში არავინ დახვდათ, არ შეესაბამება სინამდვილეს. აპელანტი კერძო საჩივარში მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, დ. ...ის ქ. ჩიხი N6 (ყოფილი ...ის ქუჩა) ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობს, სახლი არასდროსაა დაკეტილი, ოჯახის რომელიმე წევრი მაინც იმყოფება სახლში. კერძო საჩივრის ავტორი აცხადებს, რომ არასდროს დახვედრია ფოსტის შეტყობინება და არც ტელეფონით დაჰკავშირებია ფოსტის თანამშრომელი. ქ. ტ-ე მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინება არ ჩაბარდა მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, შესაბამისად დადგენილ ვადაში ვერ გამოასწორა ხარვეზი. იმ პირობებში, როდესაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.06.2020წ. განჩინება ჩაბარდა დაუბრკოლებლად, კერძო საჩივრის ავტორისთვის გაუგებარია რატომ ვერ ჩააბარეს 27.02.2020წ. განჩინების ასლი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.09.2020წ. განჩინებით ქ, ტ-ის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული და დადგინდა ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ტ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5 მუხლის თანახმადაც, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.2020წ. განჩინებით ქ. ტ-ეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ფორმით (CD დისკზე ან სხვა ელექტრონულ საშუალებაზე) წარმოდგენა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარისთვის უწყების ჩაბარება ხდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71.1 მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხავევებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 74.1 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. სსკ-ს 73.1 მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გაგზავნოს უწყება და არ არის ვალდებული დაიცვას თანმიმდევრობა. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისთვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. სსკ-ს 76-ე მუხლით დადგენილია მხარის ვალდებულება მისამართის ცვლილებისას აცნობოს სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავისი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსთვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც იქ ადრესატი აღარ ცხოვრობდეს. მხარისთვის სასამართლო უწყების ჩაბარების შეუძლებლობის შემთხვევაში, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია უწყების ჩაბარება საჯარო შეტყობინების გზით. სსკ-ს 78-ე მუხლის თანახმად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია, ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში, თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით, ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში - მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო უწყება მხარისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე განთავსებიდან ან გაზეთში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 27.02.2020წ. განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ. ქ. ტ-ეს გაეგზავნა რამდენჯერმე: პირველად სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ...ი 6), ხოლო შემდგომში მისამართზე: თბილისი, ...ის ქ., ჩიხი 6 (ს.ფ. - 108-113). კურიერის ვიზიტი განხორციელდა არაერთგზის, კერძოდ: 2020 წლის 02 მარტს (ს.ფ. 104, ტ.3), 18 მარტს (ს.ფ.108, ტ.3), 23 მარტს (ს.ფ.109, ტ.3), 8 აპრილს (ს.ფ. 112, ტ.3) და 14 აპრილს (ს.ფ.113. ტ.3). აღნიშნულის მიუხედავად ადრესატისთვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მოსამართლის თანაშემწისთვის მიწოდებული ინფორმაცია მისამართის ცვლილების შესახებ, საფუძველს არის მოკლებული და არ დასტურდება საქმის მასალებით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თავდაპირველი გზავნილის გარდა საფოსტო გზავნილებზე ადრესატის მისამართად მითითებულია - ...ის ჩიხი 6, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ გათვალისწინებულ იქნა მისამართის ცვლილება და კერძო საჩივრის ავტორს სწორ მისამართზე ეგზავნებოდა სასამართლო უწყება. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სახლში მუდმივად იმყოფება რომელიმე ოჯახის წევრი და ამდენად, შეუძლებელი იყო უწყების ჩაუბარებლობა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საფოსტო უკუგზავნილებზე, რომლებითაც დგინდება, რომ დროის განსხავავებულ პერიოდში, ფოსტის სხვადასხვა თანამშრომლის მიერ უწყების ჩაუბარებლობა განპირობებული იყო ადგილზე ადრესატის არყოფნით, ერთ-ერთ უკუგზავნილზე (ს.ფ. 109, ტ.3) ასევე მითითებულია, რომ ფოსტის თანამშრომელი ტელეფონით დაუკავშირდა ადრესატს, თუმცა მან არ უპასუხა. სსკ-ს 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც ამყარებს თავის მოთხოვნას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ გზავნილის ჩაბარების შესაძლებლობასთან დაკავშირებით დასაბუთებული, მტკიცებულებზე დაფუძნებული შედავება ვერ იქნა წარმოდგენილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც უწყების ადრესატისთვის გაგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე ხორციელდება, აღნიშნული უწყების პირველი გაგზანისას ჩაბარების შეუძლებლობის შემთხვევაში, სასამართლო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, ადრესატს უწყებას იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე დამატებით ერთხელ მაინც უგზავნის. საკანონმდებლო დანაწესის შესაბამისად, სასამართლო უწყების ადრესატისთვის განმეორებით გაგზავნის ვალდებულება სასამართლოს მხოლოდ ერთხელ გააჩნია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოსთვის ქ.ტ-ისთვის განჩინების დამატებით რამდენჯერმე გაგზავნა მის არა ვალდებულებას, არამედ უფლებას წარმოადგენდა, აღნიშნულის მიუხედავად მხარისთვის განჩინების ჩაბარება მითითებულ მისამართზე ვერ მოხერხდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, უშუალოდ ქ. ტ-ისთვის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარება შეუძლებელი იყო, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო გამოეყენებინა საჯარო გამოქვეყნების წესები და მხარისთვის განჩინების ჩაბარება სწორედ ამ გზით უზრუნველეყო.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.05.2020წ. განჩინებაზე, რომლითაც დადგინდა ქ. ტ-ის სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების (27.02.2020წ) საჯარო შეტყობინების გზით გამოქვეყნება. განჩინებაში მითითებულია, რომ იგი ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს. საჯარო შეტყობინება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საიტზე განთავსდა 08.05.2020წ. (ს.ფ.121, ტ.3). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარებულად ჩაითვალა 15.05.2020წ. შესაბამისად, ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 16.05.2020წ. და ამოიწურა 25.05.2020წ. . დადგენილ ვადაში აპელანტს სასამართლოსთვის არც ხარვეზის გამოსწორების და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების მოთხოვნით არ მიუმართავს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სსკ-ს 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საპელაციო სასამართლოს მიერ ქ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა განუხილველად დატოვებული, ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარემ ვერ აღმოფხვრა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზები. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. ტ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.06.2020წ. განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ტ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.06.2020წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი
ქ. ცინცაძე