№ბს-698(კ-20) 29 სექტემბერი, 2021 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ნ-ი, გ. ნ-ი; მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; მესამე პირი (სასკ. 16.1) - შპს „ჯ...“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 12 დეკემბერს გ. ნ-მა და ნ. ნ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეებმა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 4 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 ნოემბრის №...გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის საქმის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო, ხოლო 2017 წლის 7 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად - შპს „ჯ...ი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ნ-ის და ნ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 ნოემბრის №...გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 4 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა, საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მოსარჩელეების მიმართ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივნისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2011 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N...-ს მიმდებარე 72 კვ.მ მიწის ნაკვეთს მიენიჭა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის (სასყიდლიანი) კატეგორია და მასზე აღიარებული იქნა ნ. ნ-ისა და გ. ნ-ის საკუთრების უფლება. ამავე გადაწყვეტილებით მიეთითა, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების მოწმობა მასზე საფასურის გადახდის შემდეგ გაიცემოდა.
საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2011 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, 2013 წლის 29 მაისს ნ. ნ-მა გადაიხადა მიწის ლეგალიზაციის საფასური 446 ლარისა და 40 თეთრის ოდენობით, თუმცა თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის 2013 წლის 13 ივნისის წერილით მოსარჩელეს უარი ეთქვა საკუთრების მოწმობის გაცემაზე იმ მოტივით, რომ მას არ ჰქონდა სრულად გადახდილი ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 29 ივლისის დადგენილებით განსაზღვრული მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი, რაც ნ. ნ-მა სასამართლოში სარჩელის წარდგენის გზით გაასაჩივრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 სექტემბრის №3/2294-13 გადაწყვეტილებით ნ. ნ-ის სარჩელის დაკმაყოფილდა და ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N...-ს მიმდებარე 72 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ნ. ნ-ისა და გ. ნ-ის სახელზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა დაევალა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 იანვრის №3/ბ-1344-13 განჩინებით, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის №ბს-280-277 (კ-14) განჩინებით.
2014 წლის 20 მარტს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ მიიღო №02-9/179 ბრძანება ქალაქ თბილისში, ...ს გამზირის №7ა-სა და №7 კორპუსებს შორის მდებარე 98.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №...) ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დარეგისტრირების შესახებ. დასახელებული ბრძანების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 31 მარტის №... გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისში, ...ს გამზირის №7ა-სა და №7 კორპუსებს შორის მდებარე 98.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №...) ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დარეგისტრირდა, ხოლო სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 20 მაისის №QN1216800 გადაწყვეტილებით აღნიშნული მიწის ნაკვეთი შპს „ჯი დი ჯი ქოოპერეიშენზე“ 5 წლის ვადით იჯარით გაიცა.
2015 წლის 17 თებერვალს ქალაქ თბილისის საკრებულომ ნ. ნ-ისა და გ. ნ-ის სახელზე ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის №7ა-ს მიმდებარე 72 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე №10243 საკუთრების უფლების მოწმობა და დამოწმებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი გასცა.
2015 წლის 23 თებერვალს გ. ნ-ის წარმომადგენელმა ვ. ნ-მა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს №... განცხადებით მიმართა, რომლითაც №10243 საკუთრების უფლების მოწმობისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის №7ა-ს მიმდებარე 72 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ნ. ნ-ისა და გ. ნ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 27 თებერვლის №...-03 გადაწყვეტილებით ვ. ნ-ის №... განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმაზე მითითებით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის - №... საკადასტრო ერთეულის საზღვრებში. შესაბამისად, განმცხადებელს კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა დაევალა, მითითებული ნახაზის წარუდგენლობის გამო კი, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 1 აპრილის №...-04 გადაწყვეტილებით ვ. ნ-ის განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის წარდგენილ №... განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოებისას დადგენილი ზედდების აღმოფხვრის თხოვნით ნ. ნ-მა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს №QN1302323 განცხადებით მიმართა. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 1 მაისის №QN1302323 გადაწყვეტილებით ნ. ნ-ს მის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის კორექტირებაზე უარი ეთქვა, რაც გ. ნ-მა და ნ. ნ-მა სასამართლოში სარჩელის წარდგენის გზით გაასაჩივრეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 აპრილის №3/4043-15 გადაწყვეტილებით გ. ნ-ისა და ნ. ნ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე სააგენტომ ხელახლა იმსჯელა რა თბილისის მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირებაზე, 2016 წლის 20 ოქტომბრის №09-1/1717 ბრძანებით კვლავ მიზანშეუწონლად მიიჩნია ნანა როსტიაშვილისა და გ. ნ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილება. აღნიშნული ბრძანებით სააგენტომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №10243 საკუთრების მოწმობა და მისი განუყოფელი ნაწილი - საკადასტრო აზომვითი ნახაზი შეაფასა და დაადგინა, რომ მისი მონაცემები არ ემთხვეოდა ფაქტობრივ მდგომარეობას.
2017 წლის 12 ივლისს ვ. ნ-მა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს კიდევ ერთი, №... განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის №7ა-ს მიმდებარე 72 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. განცხადებასთან ერთად სარეგისტრაციო სამსახურს დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სუბსიდირების პროექტი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, დოკუმენტაციის აღიარების კომისიისთვის გადაგზავნის თაობაზე თანხმობა, მედიატორის/მედიატორი ნოტარიუსის დანიშვნის შესახებ თანხმობა, დაინტერესებული პირის განცხადებები, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის №ბს-280-277(კ-14) განჩინება წარედგინა და განემარტა, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტაცია №... საქმეს ერთვოდა. 2017 წლის 14 ივლისს სარეგისტრაციო სამსახურს დამატებით დაინტერესებული პირის განცხადება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 12 ივლისის №55-0117193135 წერილი წარედგინა. მითითებულ წერილში აღინიშნა, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, გ. ნ-სა და ნ. ნ-ს შორის არსებული სადავო საკითხის განხილვა სცდებოდა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის კომპეტენციის ფარგლებს. სარეგისტრაციო სამსახურის დავალების საფუძველზე 2017 წლის 19 ივლისს დაინტერესებულმა პირმა მას კიდევ ერთი განცხადება, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წერილი, საკუთრების უფლების აღიარების მოწმობა და აზომვითი ნახაზი წარუდგინა.
სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 25 ივლისის №... 06 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო სამსახურმა განმარტა, რომ წარდგენილ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად უძრავი ნივთი ზედდებაში იყო ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში რეგისტრირებულ №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთთან, რის გამოც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 25 ივლისის №301285 წერილით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის კორექტირების მიზნით. ამავე გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 2017 წლის 25 ივლისის №301285 წერილზე პასუხის მიღებისთანავე მიიღებოდა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს იგივე მოთხოვნით კიდევ ერთი, 2017 წლის 01 აგვისტოს №312971 წერილით მიმართა. პასუხად სარეგისტრაციო სამსახურს №... საკადასტრო ერთეულის კორექტირებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 20 ოქტომბრის №09-1/1717 ბრძანება წარედგინა.
2017 წლის 10 აგვისტოს ვ. ნ-მა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დამატებით განმარტებითი ხასიათის განცხადება, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2011 წლის 11 აგვისტოს №266 სხდომის ოქმი, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 12 ივლისის №55-01117193135 და 2017 წლის 14 ივლისის №61-01171951616 წერილები, ფოტო და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 1 მაისის №QN1302323 გადაწყვეტილება წარუდგინა. ახსნა-განმარტების მიხედვით, 2014 წელს ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დარეგისტრირდა 98 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელმაც გადაფარა მის დაინტერესებაში არსებული 72 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 13 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული იყო შენობის ნაწილი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 16 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით ვ. ნ-ის №... განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის (საკადასტრო კოდი №...) არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში. შესაბამისად, განმცხადებელს კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა დაევალა. 2017 წლის 17 აგვისტოს ვ. ნ-მა სარეგისტრაციო სამსახურს კიდევ ერთი განმარტებითი ხასიათის განცხადება წარუდგინა, რომლითაც მიუთითა, რომ მიწის ნაკვეთის კორექტირებული აზომვითი ნახაზის წარდგენა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უნდა დავალებოდა, ვინაიდან საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით მას საკუთრებაში უძრავი ქონება მოთხოვნილი სახით გადაეცა, ხოლო ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრება სადავო უძრავ ქონებაზე კომისიის გადაწყვეტილების გამოცემის შემდეგ დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 23 აგვისტოს №...-13 გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ ძალაში იყო №... გადაწყვეტილება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 4 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით ვ. ნ-ის განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა იმაზე მითითებით, რომ დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ წარადგინა შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.
სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 4 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება ვ. ნ-მა 2017 წლის 11 ოქტომბერს ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 ნოემბრის №...გადაწყვეტილებით ვ. ნ-ის 2017 წლის 11 ოქტომბრის №... ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადac, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 4 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, მისი კანონიერება უნდა შეფასებულიყო იმ გარემოებების გამოკვლევით, გააჩნდა თუ არა მარეგისტრირებელ ორგანოს გ. ნ-ის წარმომადგენლის ვ. ნ-ის 2017 წლის 12 ივლისის №... განცხადებაზე წარმოების შეწყვეტის საფუძველი ან/და სარეგისტრაციო წარმოებისას სათანადოდ იქნა თუ არა გამოკვლეული საქმის გარემოებები და შეფასებული მტკიცებულებები.
„საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 პუნქტის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, საკადასტრო მონაცემების ზედდება განიმარტება, როგორც უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემების იდენტურობა უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემებთან. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაციის ან დოკუმენტის წარუდგენლობა წარმოების შეწყვეტის საფუძველია („საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტი). ამავე კანონის 26-ე მუხლის მიხედვით, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს; ბ) ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; დ) ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადა; ე) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 107-ე მუხლის მიხედვით, ამ კანონით მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შემდეგი ქონება: ა) ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და მათი ნაწილები, ქუჩები, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელები, ტროტუარები, შუქნიშნები, გარე განათების კონსტრუქციები, მოედნები, სკვერები, ბულვარები, შადრევნები, პარკები, მწვანე ნარგავები და ნაპირსამაგრი ნაგებობები; ბ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა: ბ.ა) კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა; ბ.ბ) სახელმწიფო ქონებაზე დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ ქონებაზე დამაგრებული მიწებისა; ბ.გ) მიწისა, რომელიც ექვემდებარება ამ პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ქონებაზე (სახელმწიფო ქონება და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული ქონება) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებას; გ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე, მათ შორის, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ობიექტებზე, დამაგრებული მიწა; დ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყისა და წყლის რესურსები; ე) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლებას გამორიცხავს მასზე კერძო საკუთრების წარმოშობა.
დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე კი, სადავო აქტით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეების საკუთრების უფლება დადასტურდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 თებერვლის №10243 საკუთრების მოწმობით, ამ მოწმობის მონაცემებით უფლების რეგისტრაციის მოთხოვნამ განაპირობა შესაბამის ქონებაზე მანამდე დარეგისტრირებული უფლების შეწყვეტა და არა რეგისტრირებულ მონაცემებთან ზედდება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2020 წლის 9 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის პოზიციის თანახმად, სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ზედდება, კერძოდ განცხადებაზე თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვარი იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №...) საზღვარში.
კომისიის სხდომაზე სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს აზომვა-რეგისტრაციის განყოფილების უფროსმა განმარტა შემდეგი: საკრებულოს მიერ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის (№10243) განუყოფელ ნაწილზე საკადასტრო აზომვით ნახაზზე შენობის კონტური და ნაკვეთის კონფიგურაცია ემთხვევა ერთმანეთს. ადგილზე შესწავლის შედეგად კი გამოვლინდა, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ შეესაბამება ადგილზე არსებულ სიტუაციას, ნახაზით გათვალისწინებული უძრავი ქონების ფაქტობრივ ადგილმდებარეობას და საკადასტრო აზომვითი ნახაზი მომზადებულია არასწორი კოორდინატებით. შესაბამისად, კომისიის 2016 წლის 29 ივლისის №17 ოქმით მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების: ქ. თბილისში, ...ს გამზ. №7ა-სა და №7 კორპუსს შორის მდებარე 98 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №...) საზღვრების კორექტირება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემულ საქმეზე უდავოდ არის დადგენილი ის გარემოება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2011 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N...-ს მიმდებარე 72 კვ.მ მიწის ნაკვეთს მიენიჭა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის (სასყიდლიანი) კატეგორია და მასზე აღიარებული იქნა ნ. ნ-ისა და გ. ნ-ის საკუთრების უფლება. 2015 წლის 17 თებერვალს კი ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ ნ. ნ-ისა და გ. ნ-ის სახელზე გაიცა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის №7ა-ს მიმდებარე 72 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე №10243 საკუთრების უფლების მოწმობა და დამოწმებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2014 წლის 31 მარტის №... გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის (ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროს) სადავო მიწის ნაკვეთი (გადაფარვის ნაწილში) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კომპეტენტურ ორგანოს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას უკვე განკარგული ჰქონდა, რაც გამორიცხავდა ამ ნაწილში ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმადაც, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს; ბ) ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; დ) ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადა; ე) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 107-ე მუხლის მიხედვით, ამ კანონით მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შემდეგი ქონება: ა) ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და მათი ნაწილები, ქუჩები, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელები, ტროტუარები, შუქნიშნები, გარე განათების კონსტრუქციები, მოედნები, სკვერები, ბულვარები, შადრევნები, პარკები, მწვანე ნარგავები და ნაპირსამაგრი ნაგებობები; ბ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა: ბ.ა) კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა; ბ.ბ) სახელმწიფო ქონებაზე დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ ქონებაზე დამაგრებული მიწებისა; ბ.გ) მიწისა, რომელიც ექვემდებარება ამ პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ქონებაზე (სახელმწიფო ქონება და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული ქონება) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებას; გ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე, მათ შორის, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ობიექტებზე, დამაგრებული მიწა; დ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყისა და წყლის რესურსები; ე) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების არსებობას გამორიცხავს მასზე კერძო საკუთრების წარმოშობა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 4 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე, მარეგისტრირებელი ადმინისტრაციული ორგანოსათვის უკვე ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ 2014 წლის 31 მარტის №... გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის, კანონიერ ძალაში მყოფი სამართლებრივი აქტების საფუძველზე სადავო ქონება უკვე განკარგული იყო გ. ნ-ისა და ნ. ნ-ის სასარგებლოდ, რაც თავის მხრივ, საფუძველს აცლიდა შესაბამის ნაწილში 2014 წლის 31 მარტს განხორციელებულ ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაციას. აღნიშნული გარემოება კი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 2014 წლის 31 მარტის №... გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის და მოთხოვნილ ნაწილში მოსარჩელეთა საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლებს ქმნიდა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, სადავო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის უძრავი ქონების ფაქტობრივ ადგილმდებარეობასთან შეუსაბამობის შესახებ. საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის აზომვითი ნახაზი დამოწმებული და გაცემულია ქ. თბილისის საკრებულოს მიერ. ამასთან, აღნიშნული საკადასტრო აზომვითი ნახაზი კანონით დადგენილი წესით სადავო არ გამხდარა, რაც თავის მხრივ, გამორიცხავს კასატორის პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 01/07/2020 წ. საგადახდო დავალება №01820-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივნისის განჩინება;
3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 01/07/2020 წ. საგადახდო დავალება №01820-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ბ. სტურუა