Facebook Twitter

საქმე №ბს-490(კ-21) 16 სექტემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 19 ნოემბერს შპს „დ...მ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიმართ, ,,შპს ,,დ...ს“ სტაციონარული დაწესებულების ნებართვის და ნებართვის დანართების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2019 წლის 21 ოქტომბრის №02-332/ო ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობის მოთხოვნით.

სარჩელის თანახმად, შპს ,,დ...“ 2012 წლიდან ფლობდა სტაციონარული დაწესებულების ნებართვას და ეწეოდა სამედიცინო საქმიანობას. 2019 წლის 21 ოქტომბერს კი გამოიცა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანება და ძალადაკარგულად გამოცხადდა 2012 წლიდან გაცემული სტაციონარული დაწესებულების ნებართვა და ნებართვის დანართები. მოსარჩელის განმარტებით, ნებართვისა და ნებართვის დანართების ძალადაკარგულად გამოცხადებაზე გადაწყვეტილება მიღებულია ერთპიროვნულად სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანებით და მის გამოცემას საფუძვლად უდევს იმავე პირის მოხსენებითი ბარათი. მოსარჩელის მითითებით, ნებართვის გაუქმების საფუძველი არ არსებობს და სადავო გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ივლისის სხდომაზე დაზუსტდა მოპასუხის სახელწოდება და მოპასუხე მხარედ მიეთითა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „დ...ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2019 წლის 21 ოქტომბრის №02-332/ო ბრძანება „შპს „დ...ს“ სტაციონარული დაწესებულების ნებართვის და ნებართვის დანართების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ შპს „დ...ს“ მიმართ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 მარტის განჩინებით სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის სადავო გადაწყვეტილება და მიუთითა, რომ იგი მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო შესწავლა/გამოკვლევის გარეშე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას სადავო ბრძანების დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული 21.10.19წ. №02–332/ო ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება; სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 16 ოქტომბრის №02-18826 მოხსენებით ბარათში კი სრულად არის განმარტებული იმ ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, რომლებიც არაერთგზის გამოვლენილი იქნა შპს „დ...ში“.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებსდა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ,,შპს ,,დ...ს“ სტაციონარული დაწესებულების ნებართვის და ნებართვის დანართების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2019 წლის 21 ოქტომბრის №02-332/ო ბრძანებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა შპს „დ...ზე“ (მდებარე: ქ.თბილისი, ...ის N...; ს/კ ...), სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2012 წლის 27 სექტემბრის №02–1506/ო, 2012 წლის 09 ოქტომბრის №02-1559/ო, 2017 წლის 12 ივნისის №02-1252/ო, 2017 წლის 24 ივნისის №02-1340/ო და 2018 წლის 16 მარტის №02-476/ო ბრძანებების შესაბამისად გაცემული, სტაციონარული საქმიანობის ნებართვა №000544 და ნებართვის დანართები: რეანიმაცია - მოწმობა №002514; სამეანო-გინეკოლოგიური პროფილის საქმიანობა - გინეკოლოგია - მოწმობა №002511; ლაბორატორიული საქმიანობა - კლინიკური დიაგნოსტიკა - მოწმობა №004695; ლაბორატორიული საქმიანობა - იმუნოლოგიური და სეროლოგიური დიაგნოსტიკა - მოწმობა №004696; ლაბორატორიული საქმიანობა - მიკრობიოლოგიური დიაგნოსტიკა - მოწმობა №004697 ლაბორატორიული საქმიანობა - ბიოქიმიური დიაგნოსტიკა - მოწმობა №004722 და სამეანო-ნეონატოლოგიური საქმიანობა - მოწმობა №005155.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას მასზედ, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის სადავო გადაწყვეტილება არ იძლევა კონკრეტულ პასუხს კითხვაზე, თუ რა საფუძვლით იქნა მიღებული ბრძანება შპს „დ...ს“ სტაციონარული დაწესებულების ნებართვის და ნებართვის დანართების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 10 ოქტომბრის შემოწმების აქტით დაწესებულებას განემარტა, რომ დარღვევების გამოსასწორებლად გონივრული ვადის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას მიიღებდა რეგულირების სააგენტო და აცნობებდა მათ დამატებით (რაც არ მომხდარა). „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნებართვის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სააგენტოს მიერ არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება გონივრული ვადის განსაზღვრასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც სამედიცინო დაწესებულება შეძლებდა შემოწმების დროს დადგენილი ხარვეზების აღმოფხვრას, ადმინისტრაციული ორგანოს მითითება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობას, მართებულად არ იქნა გაზიარებული ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ.

გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამართლებრივ საფუძვლად ასევე მითითებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტი, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, აგრეთვე გადაუდებლობის შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილების მიღების დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ან კერძო ინტერესებს, ნებართვის გამცემი ვალდებულია 3 დღის ვადაში მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ნებართვის გაუქმების შესახებ და ნებართვის მფლობელს დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის გაუქმების თაობაზე. აღნიშნული პუნქტის გამოყენების დროს აუცილებელი პირობაა, რომ გადაწყვეტილების მიღების დაყოვნება არსებით ზიანს აყენებდეს საჯარო ან კერძო ინტერესებს, მოცემულ შემთხვევაში კი საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება ან/და ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში სახეზე იქნებოდა არსებითი ზიანი და გადაწყვეტილების მიღების დაყოვნება საფრთხეს შეუქმნიდა საჯარო ან კერძო ინტერესებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 20.05.2021წ. #03157 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 მარტის განჩინება;

3. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.05.2021წ. #03157 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა