Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 103-აპ 22 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),

ნ. გვენეტაძე,

ი. ბიბილაშვილი

განიხილა დაზარალებულ რ. ა-სა და მისი წარმომადგენლის გ. ა-ს კერძო საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 მარტის განჩინებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის მიერ შედგენილი საბრალდებო დასკვნით ჯ. ფ-ს ამჟამად გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ ხელწერილის ქვეშ მყოფს, ბრალი დაედო 1997წ. 18 ნოემბერს დღის 11 საათზე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ წინსვლაში, დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებათა გარეშე, ვ. ა-ს განზრახ მკვლელობის, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვისა და ტარების, ე.ი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

ჯ. ფ-ს ბრალდების საქმე განსახილველად გადაეცა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს. განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, სასამართლომ, 2002წ. 26 აგვისტოს განაჩენით, განსასჯელ ჯ. ფ-ს მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სსსკ-ის 108-ე მუხლიდან გადააკვალიფიცირა სსკ-ის 107-ე მუხლზე (1982წ. 29 დეკემბრის რედაქცია) და იგი დამნაშავედ ცნო აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით ვ. ა-ს განზრახ მკვლელობაში, ასევე ცეცხლასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვასა და ტარებაში (სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები), ხოლო ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებულ ჯ. ფ-ს სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით.

ამასთანავე, სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულ ჯ. ფ-ს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, კერძოდ, ის გარემოება, რომ სასამართლო სამდიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით იგი დაავადებულია მძიმედ _ მარჯვენა ფილტვის ინფილტრაციული ტუბერკულოზით (რღვევით) და ქრონიკული “ც” ჰეპატიტით, რის გამოც მას გადაუვადა განაჩენის აღსრულება გამოჯანმრთელებამდე, საქართველოს სისხლის საპროცესო კოდექსის 607-ე მუხლის შესაბამისად.

რაიონულ სასამართლოში ჯ. ფ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვისას სასამართლო სხდომებში დაზარალებულ რ. ა-ს მონაწილეობა არ მიუღია. მან განცხადებით მიმართა საქმის განმხილველ სასამართლოს, რომლითაც ატყობინებდა, რომ ოჯახური პირობების გამო მიემგზავრება ქ. თბილისში, რის გამოც ვერ შეძლებს გამოცხადებას სასამართლოში. ამის შემდეგ იგი თხოვს სასამართლოს, გაითვალისწინოს წინასწარი გამოძიების სტადიაზე მის მიერ მიცემული ჩვენებები, რომლებსაც დღესაც ადასტურებს.

სასამართლომ, პროცესში მონაწილე მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით, შესაძლებლად მიიჩნია საქმის განხილვა დაზარალებულის მონაწილეობის გარეშე.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ საპროცესო კანონით დადგენილ ვადაში მხარეებს სააპელაციო საჩივარი არ შეუტანიათ. დაზარალებულს განაჩენი ჩაბარდა 2002წ. 18 ოქტომბერს, ხოლო მან რაიონულ სასამართლოში აღნიშნული განაჩენის თაობაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2002წ. 28 ოქტომბერს, რომლითაც ითხოვდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 აგვისტოს განაჩენის გაუქმებას. სასამართლომ 2003წ. 14 იანვრის დადგენილებით უარი თქვა სააპელაციო საჩივრის მიღებამდე იმ მოტივით, რომ აპელანტის მიერ განაჩენის გასაჩივრების ვადა გაშვებული იყო.

აღნიშნული დადგენილების თაობაზე დაზარალებულ რ. ა-ს წარმომადგენელმა გ. ა-მ კერძო სააპელაციო საჩივრით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატას, რომლითაც ითხოვდა რაიონული სასამართლოს დადგენილების გაუქმებას, დაზარალებულისათვის სააპელაციო გასაჩივრების ვადის აღდგენას და მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა გ. ა-ს საჩივრის მოტივები და 2003წ. 5 მარტის განჩინებით უარი უთხრა მას სააპელაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე იმ საფუძვლით, რომ სააპეალაციო გასაჩივრების ვადა დაზარალებულის მიერ გაშვებულია თავისივე ბრალით და არა რაიმე ობიექტური, საპატიო მიზეზით.

სააპელაციო პალატის ამ გადაწყვეტილების თაობაზე დაზარალებულმა რ. ა-მ და მისმა წარმომადგენელმა გ. ა-მ კერძო საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც მიიჩნევენ რა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოდ, ამ უკანასკნელის გაუქმებასთან ერთად აყენებენ იმავე მოთხოვნას, რაც მანამდე წარმოდგენილი ჰქონდათ კერძო სააპელაციო საჩივარში.

საკასაციო განხილვისას დაზარალებულმა რ. ა-მ, დაზარალებულის წარმომადგენელმა გ. ა-მ და მათი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. დ-მ მხარი დაუჭირეს კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვენ მის დაკმაყოფილებას.

მსჯავრდებულ ჯ. ფ-ს ადვოკატი დ. თ. მხარს არ უჭერს საჩივარს და ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვებას.

პროცესში მონაწილე პროკურორი ე. ქ. მხარს არ უჭერს კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 მარტის განჩინების უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ, მოუსმინა რა მხარეებს და შეისწავლა საქმის მასალები, მიიჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარმოებათა გამო:

ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ 2003წ. 13 იანვარს, როდესაც ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ, იმსჯელა რა და გამოიტანა დადგენილება, რომლითაც დაზარალებულ რ. ა-ს უარი უთხრა სააპელაციო საჩივრის მიღებაზე გასაჩივრების ვადის გაშვების გამო, სასამართლოს სხდომა აღნიშნულ საკითხზე ჩაატარა არა დაზარალებულ რ. ა-ს განცხადების საფუძველზე, რასაც საპროცესო კანონი ითვალისწინებს, არამედ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე. ამდენად, საკითხის განხილვის დროს რაიონული სასამართლოსათვის ცნობილი არ იყო ის გარემოებები, რამაც განაპირობა დაზარალებულის მიერ კანონით გათვალისწინებული სააპელაციო გასაჩივრების ვადის გაშვება, აგრეთვე, ის მოტივები და დასაბუთება, რაც შეიძლება მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულსა და მის წარმომადგენელს წარედგინათ სასამართლოსათვის.

გარდა ამისა, მსგავს შემთხვევაში რაიონულმა (საქალაქო) სასამართლომ დადგენილების სარეზოლუციო ნაწილში უნდა მიუთითოს: კმაყოფილდება თუ არა განმცხადებლის მოთხოვნა; დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში უნდა მიეთითოს, რომ უარი ეთქვას სააპელაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე (და არა სააპელაციო საჩივრის არმიღების შესახებ); მიზეზი, რის გამოც უარი ეთქვა განმცხადებელს, მაგალითად, ის, რომ გასაჩივრების ვადა გაშვებულია არასაპატიო მიზეზით.

აქ აღნიშნული გარემოებებიდან არცერთი არ არის მოცემული ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 200წ. 13 იანვრის დადგენილებაში, რის გამოც პალატა თვლის, რომ იგი მიღებულია საპროცესო კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ექვემდებარებოდა გაუქმებას.

2003წ. 5 მარტს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ დაზარალებულ რ. ა-სა და მისი წარმომადგენლის გ. ა-ს კერძო სააპელაციო საჩივრის განხილვისას, რომელიც შეტანილი იყო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 13 იანვრის დადგენილების თაობაზე, აგრეთვე, ამ საჩივრის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ყურადღება არ მიაქცია ხსენებული რაიონული სასამართლოს მიერ დაშვებულ ზემოთ აღნიშნულ დარღვევებს და ნაცვლად იმისა, რომ ამ დარღვევების გამო გაეუქმებინა, იგი დატოვა უცვლელად, რაც კანონსაწინაღმდეგოა. უფრო მეტიც, თავისი განჩინების სარეზოლუციო ნაწილში გაიმეორა იგივე დარღვევები, რაც დადგენილების გამოტანისას დაუშვა ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ.

ამასთანავე, პალატის აზრით, ის მძიმე ოჯახური მდგომარეობა და ჯანმრთელობის შერყევით გამოწვეული ხელისშემშლელი დაბრკოლებები, რომლებზეც მიუთითებს დაზარალებული რ. ა. და მისი წარმომადგენელი გ. ა., ისეთი საპატიო გარემოებებია, რომელთა გამოც მათ უნდა აღუდგეთ სააპელაციო გასაჩივრების გაშვებული ვადა, ხოლო მათი სააპელაციო საჩივარი მიღებულ უნდა იქნეს წარმოებაში შესაბამისი სასამართლო ინსტანციის მიერ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ რ. ა-სა და გ. ა-ს კერძო სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 5 მარტის განჩინება უნდა გაუქმდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დაზარალებულ რ. ა-სა და მისი წარმომადგენლის გ. ა-ს კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 მარტის განჩინება ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 14 იანვრის დადგენილების უცვლელად დატოვებისა და დაზარალებულ რ. ა-ს წარმომადგენლის გ. ა-ას კერძო სააპელაციო საჩივრის მიღებაზე უარის თქმის შესახებ.

მსჯავრდებულ ჯ. ფ-ს ბრალდების საქმეზე აღდგენილ იქნეს სააპელაციო გასაჩივრების ვადა დაზარალებულ რ. ა-ს მიმართ და მისი წარმომადგენლის გ. ა-ს სააპელაციო საჩივარი საქმესთან ერთად არსებითი განხილვისათვის გადაეგზავნოს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.