Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 103-დად 3 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),

ნ. გვენეტაძე,

ი. ბიბილაშვილი

განიხილა ქვემო ქართლის ოლქის პროკურორის უფროსი თანაშემწის _ ბ. კ-სა და სააქციო საზოგადოება “საქავტოტრანსი-2-ის” დირექტორ გ.პ-ს კერძო საკასაციო საჩივრები რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003 წ. 14 აპრილის დადგენილებაზე, რომლითაც გაუქმდა ქვემო ქართლის ოლქის პროკურორის უფროსი თანაშემწის 2003 წ. 11 თებერვლის დადგენილება მოქალაქე გ. დ-ს საჩივრის საფუძველზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ და საქმე წინასწარი გამოძიების განსაახლებლად გადაეგზავნა ქვემო ქართლის ოლქის პროკურორს.

აღწერილობითი ნაწილი:

2002 წ. 17 ივლისს ქვემო ქართლის ოლქის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ¹1202904, სს “საქავტოტრანსი-2-ის” მუშაკების მიმართ, აქციების შესყიდვის დროს დაშვებული სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა შემდეგი:

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1995 წ. 11 მაისის ოქმი ¹21.11.339 დადგენილებით სს “საქავტოტრანსი-2-ის” გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გ. დ. ცნობილ იქნა აღნიშნული საზოგადოების აქციონერთა ინტერესების უფლებამოსილ წარმომადგენლად, კერძოდ, “საქართველოს ბანკში” სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ანგარიშზე სააქციო საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ მყიდველთა ჯგუფის მიერ აქციების გამოსყიდვის მიზნით შეგროვილი თანხების შეტანის პროცესის განხორციელების უფლებამოსილ პირად. აღნიშნულის საფუძველზე დირექტორ გ.დ-ს ბანკში შეჰქონდა სს “საქავტოტრანსის” თანამშრომლების მიერ შეგროვილი საერთო თანხები. ამ გზით გ.დ-მა ბანკში შეიტანა 1995 წ. 28 ივნისს _ 834 მილიონი კუპონი, იმავე წლის 15 ნოემბერს _ 8.915 ლარი და 104 ვაუჩერი, ხოლო 1996 წ. 5 მაისს _ 48 ვაუჩერი.

სს “საქავტოტრანს-2-ის” თანამშრომელთა მიერ გ.გ-ს დირექტორად მუშაობის პერიოდში, 1995-96 წლებში, აქციების გამოსყიდვის მიზნით გროვდებოდა სხვადასხვა თანხა, რის თაობაზეც დგებოდა უბრალო ხელნაწერი სიები, სადაც მითითებული იყო თანამშრომელთა ინიციალები და შეგროვილი თანხის ოდენობა. აღნიშნული სიები არ იყო რეგისტრირებული ბუღალტრულად და არ იყო დაკონკრეტებული რაიმე დოკუმენტით, ამა თუ იმ პირმა რა თანხა შეაგროვა, რის გამოც ქაოსურად ხდებოდა თანხების აკრეფა, რომელიც შემდეგ, ყოველგვარი მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის გარეშე, ხელზე გადაეცემოდა გ.დონდუაშვილს, როგორც უფლებამოსილ პირს, რომელსაც აქციების გამოსყიდვის მიზნით თანხები თავისი სახელით შეჰქონდა ბანკში. დადგენილია, რომ სს “საქავტოტრანს-2-ის” კოლექტივი შეთანხმებული იყო, რომ 1995 წელს მიღებული პრემია მთლიანად შეეტანათ ბანკში აქციების გამოსყიდვის მიზნით და განაწილებულიყო თანაბრად ფიზიკურ პირებზე. მართლაც, ბანკიდან გამოტანილ ფულად პრემიებზე დგებოდა სიები, შეგროვილი თანხები კი მოლარის მეშვეობით გადაეცემოდა გ.დ-ს, რომელსაც იმავე წესით აქციების გამოსყიდვის მიზნით შეჰქონდა თანხები ბანკში, რასაც ადასტურებენ თავიანთი ახსნა-განმარტებებით სს “საქავტოტრანსი-2-ის” წარმომადგენლები. ისინი ასევე ადასტურებენ, რომ გ.დ-მა ზემოხსენებული სადავო თანხა შეიტანა, როგორც არა ფიზიკურმა პირმა და აქციონერმა თავისი სახელით, არამედ როგორც _ სს “საქავტოტრანსი-2-ის” წარმომადგენელმა, საზოგადოებისათვის აქციათა პაკეტის ღირებულების დასაფარავად, რომელიც კოლექტივის მიერ იყო აკრეფილი როგორც პირადი, ასევე _ პრემიის სახით გაცემული თანხებიდან.

სს “საქავტოტრანსი-2-ის” წესდების თანახმად, რომელიც რეგისტრირებულია 1996 წ. 23 ოქტომბერს, გარდაბნის რაიონის სამეწარმეო რეესტრში ¹78/5-15 და დამტკიცებულია აქციონერთა 1996 წ. 19 აგვისტოს კრებაზე, აქციათა მფლობელი ფიზიკური პირების სია და მათი სრული მონაცემები ერთვის წესდებას და წარმოადგნს მის განუყოფელ ნაწილს, რომლის დედნები ინახება გარდაბნის რაიონულ სასამართლოში. აღნიშნული სიის მიხედვით, გ.დ. არის 421 აშშ დოლარის ღირებულების 421 აქციის მფლობელი, თანახმად აქციონერთა კრების 1996 წ. 21 ივნისის გადაწყვეტილებისა, რომლის მიხედვითაც მოხდა აქციების განაწილება.

როგორც ზემოთაც აღინიშნა, აქციების გამოსასყიდად თანხების შეგროვებასა და შემდგომში მისი “საქართველოს ბანკში” გ.დ-ს სახელით ჩაბარებაზე რაიმე ოფიციალური დოკუმენტი არ შექმნილა, უბრალოდ, ეს იყო თვითონ აქციონერების ინიციატივა, რათა შემდგომში აქციების განაწილებისას არ ყოფილიყო გაუგებრობა, თუ ვის რამდენი აქცია ეკუთვნოდა შეტანილი თანხის შესაბამისად. ამდენად, შეთანხმების თანახმად, ყველას უნდა დაეფიქსირებინა კოლექტივში მათ მიერ აქციებისათვის გადახდილი თანხის ან ვაუჩერის რაოდენობა, რაც როგორც კოლექტივს, ასევე გ.დონდუაშვილს არ შეუსრულებიათ, რადგან არც ერთ მათგანს არსად არა აქვს სრულად დაფიქსირებული მათ მიერ შეტანილი თანხების რაოდენობა. სადავო თანხა _ 6.551 აშშ დოლარი და 80 ვაუჩერი გადახდილი იყო კოლექტივის მიერ აგროვილ თანხასთან ერთად ერთი და იმავე ქვითრით და ამის შესახებ, შეთანხმების თანახმად, გ.დ-ს არ განუცხადებია კოლექტივში, სადაც ქაოსურად ხდებოდა თანხების აკრეფა და მათი არასრულყოფილი საბუღალტრო რეგისტრაცია. ამიტომ იმის მტკიცება, რომ 6.551 აშშ დოლარი და 80 ვაუჩერი მხოლოდ პირადად გ.დ-ს იყო, შეუძლებელია, რის გამოც შემდგომში ზემოაღნიშნული სადავო თანხა სს “საქავტოტრანსი-2-ის” დირექტორმა გ.ნ-მ თანაბრად გაანაწილა 87 აქციონერზე და ისინი დამატებულ იქნა 1996 წ. 21 ივნისის აქციონერთა აქციათა ფლობის განაწილების რეესტრზე, რომელიც საბოლოო რედაქციით შედგა 1996 წ. 19 აგვისტოს შემდგომ პერიოდში და დაერთო საზოგადოების წესდებას, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.

აღნიშნული დადასტურებულია მოწმეების: თ.ე-ს, ე.კ-ს, თ.გ-ს, რ.გ-ს, გ.ნ-ს, ლ.ჯ-ს ჩვენებებით, მათი გ.დ-თან დაპირისპირებებით, ჩატარებული რევიზიის აქტითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით.

ამრიგად, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სს “საქავტოტრანსი-2-ის” თანამშრომლებს აქციების შესყიდვის დროს სამსახურებრივი სიყალბე არ ჩაუდენიათ. ჩატარებული გამოძიებით ვერ დადგინდა აგრეთვე მათ ქმედებაში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რაიმე დანაშაულის ჩადენა. რაც შეეხება სააქციო საზოგადოების აქციონერებზე აქციების განაწილების ჯამურ რეესტრში დაშვებულ შეცდომებს, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა სცილდება პროკურატურის კომპეტენციას და წარმოადგენს სასამართლო წესით სამოქალაქო განხილვის საგანს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ქვემო ქართლის ოლქის პროკურორის თანაშემწე ვ.რ-მა 2003 წ. 11 თებერვალს გამოიტანა დადგენილება ¹1202904 სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

აღნიშნული დადგენილება მოქალაქე გ.დ-მა გაასაჩივრა რუსთავის საქალაქო სასამართლოში.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003 წ. 14 აპრილის დადგენილებით გაუქმდა ქვემო ქართლის ოლქის პროკურორის უფროსი თანაშემწის 2003 წ. 11 თებერვლის დადგენილება მოქალაქე გ. დ-ს საჩივრის საფუძველზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ და საქმე წინასწარი გამოძიების განსაახლებლად გადაეგზავნა ქვემო ქართლის ოლქის პროკურორს.

ქვემო ქართლის ოლქის პროკურორის უფროსი თანაშემწე ბ.კი. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლო დადგენილების გაუქმებას და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ ქვემო ქართლის პროკურატურის 2003 წ. 11 თებერვლის დადგენილების უცვლელად დატოვებას იმ მოტივით, რომ სასამართლომ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილების გაუქმების საფუძვლად, ძირითადად, მიუთითა იმ საკითხების გარკვევაზე, რომელიც წარმოადგენს სამოქალაქო დავის საგანს და რაზეც უკვე იმსჯელეს თბილისის საოლქო და უზენაესმა სასამართლოებმა და მიღებული აქვთ საფუძვლიანი გადაწყვეტილებები. გამოძიებით დადგენილია, რომ სს “საქავტოტრანსი-2-ის” თანამშრომლებს სამსახურებრივი სიყალბე არ ჩაუდენიათ. მართალია, გ.ნ-მ ზედმეტი აქციები გაანაწილა აქციონერებზე, მაგრამ მან ეს გააკეთა ყველას მიმართ, მათ შორის, გარდაცვლილებზეც, რადგანაც ისინი იყვნენ აქციონერთა სიაში, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს სამსახურებრივ სიყალბედ.

სს “საქავტოტრანსი-2-ის” დირექტორი გ.პ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლო დადგენილების გაუქმებას იმ მოტივით, რომ მასში მითითებულ საკითხებზე უკვე იმსჯელა ყველა ინსტანციის სასამართლომ და მიღებულია კანონიერი გადაწყვეტილება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრების მოთხოვნის საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გააუქმა რა ქვემო ქართლის ოლქის პროკურატურის 2003 წ. 11 თებერვლის დადგენილება მოქალაქე გ.დ-ს საჩივრის საფუძველზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, დადგენილებაში მიუთითა, რომ წინასწარმა გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, თუ რატომ არის საქმეში სააქციო საზოგადოების ორი წესდება; გასარკვევია, რომ თუ 1996 წ. 19 აგვისტოს კრებაზე, წესდების მიღების დროს, არ განხილულა აქციების განაწილების საკითხი, რატომ ჩათვალა იგი ნოტარიუსმა წესდების განუყოფელ ნაწილად, მაშინ, როდესაც წესდების დამტკიცებისას აქციების რეესტრის დამტკიცება არ არის აუცილებელი და არც ის არის აუცილებელი, რომ აქციების განაწილების რეესტრი იყოს წესდების განუყოფელი ნაწილი.

დადგენილებაში ასევე მითითებულია, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს აქციონერებზე ზედმეტად გადანაწილებული აქციების რაოდენობა, რადგანაც საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქმეზე დაკითხულ ყველა აქციონერს ზედმეტად აქვს მიწერილი აქციები; გასარკვევია, რა მოტივით და რა საფუძვლით მოხდა გ.დ-ს მიერ გამოსყიდული აქციების გადანაწილება სხვადასხვა აქციონერზე; ასევე გასარკვევია, როგორ მოხდა აქციების განაწილება ორი და სამი წლის წინ გარდაცვლილ პირებზე; უნდა დადგინდეს, ვინ იყო ასეთნაირად აქციების რეესტრის შემდგენი პირი და გაირკვეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ქვემო ქართლის ოლქის პროკურორის უფროსი თანაშემწის _ ბ.კ-ს კერძო საკასაციო საჩივრის მოტივს, რომ ზემოთ მითითებული საკითხები წარმოადგენს სამოქალაქო დავის საგანს და თვლის, რომ სასამართლო დადგენილებაში მითითებული გარემოებების დადგენას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად. ამდენად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003 წ. 14 აპრილის დადგენილება საქმის წინასწარი გამოძიების განსაახლებლად ქვემო ქართლის ოლქის პროკურატურისთვის დაბრუნების შესახებ უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003 წ. 14 აპრილის დადგენილება, რომლითაც გაუქმდა ქვემო ქართლის ოლქის პროკურორის უფროსი თანაშემწის 2003 წ. 11 თებერვლის დადგენილება მოქალაქე გ. დ-ს საჩივრის საფუძველზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ და საქმე წინასწარი გამოძიების განსაახლებლად გადაეგზავნა ქვემო ქართლის ოლქის პროკურორს, დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.