ბს-223(კ-19) 30 სექტემბერი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.11.2018წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...მა“ 21.11.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ მოპასუხის 26.10.2017წ. N2-03/11984 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის მოსარჩელის მიერ წარდგენილი პროექტის შეთანხმებისა და ტექნიკური პირობის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.01.2018წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო რ. სუხიშვილი. ამავე სასამართლოს 11.04.2018წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობა, სასამართლოს 16.05.2018წ. სხდომაზე დაზუსტა მესამე პირი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ნაცვლად მიეთითა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.05.2018წ. გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 26.10.2017 წ. N2-03/11984 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაევალა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელის მიერ წარდგენილი პროექტის შეთანხმება და ტექნიკური პირობის გაცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.11.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესია გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში, საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მდებარე იჯარით აღებული ბენზინგასამართი სადგურის რებრენდირება, რაც მოიცავს ადმინისტრაციული შენობის და ფარდულის სარემონტო-მოსაპირკეთებელ სამუშაოებს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 26.10.2017 წ. N2-03/11984 გადაწყვეტილების თანახამად, დეპარტამენტი განიხილავს დეტალურ პროექტს საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ,,...-...ის’’ მონაკვეთის განახლებაზე, პროექტის დამუშავების შემდეგ, ზემოაღნიშნული ტერიტორია (ს/კ ...) შესაძლებელია მოექცეს საავტომობილო გზის განვითარების არეალში, საგზაო ინფრასტრუქტურის განსავითარებლად, შესაძლებელია აუცილებელი გახდეს მიწების და ახლადგანთავსებული ინფრასტრუქტურის ობიექტების გამოსყიდვა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯების (დემონტაჟი (აღება) და ბიზნესის შეჩერება/შეწყვეტის კომპენსაციის გაცემა) გამოყოფასთან იქნება დაკავშირებული. დეპარტამენტმა არ გაიზიარა მოსაზრება, მხოლოდ სარემონტო - მოსაპირკეთებელი სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მისი მოსაზრებით, პროექტის მასალებით ირკვევა, რომ მითითებული ავტოგასამართი სადგური არ ფუნქციონირებს წლების განმავლობაში და მის ფუნქციონირებას ვერ უზრუნველყოფს წერილში მოთხოვნილი სამუშაოები (სარემონტო - მოსაპირკეთებელი სამუშაოები), შესაბამისად საჭირო გახდებოდა სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება, ამ სამუშაოების ჩატარებისათვის ტექნიკური პირობების გაცემაზე კი, საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებულია შეზღუდვა. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარდგენილ განცხადებაში შპს „...ი“ მზადყოფნას გამოთქვამდა პირველივე მოთხოვნისთანავე შეაჩეროს ავტოგასამართი სადგურის ფუნქციონირება, მოახდინოს რებრენდირების შედეგად გამოყენებული ახალი მასალების დემონტაჟი და ავტოგასამართ სადგურს დაუბრუნოს პირვანდელი მდგომარეობა. პალატის მოსაზრებით, მართალია, საქართველოს მთავრობის 18.02.2009 წ. N104 განკარგულება ზღუდავს გზის კონკრეტულ მონაკვეთებზე, მათ შორის, ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის მონაკვეთებზე გზისპირა ინფრასტრუქტურის ობიექტების განთავსებაზე ტექნიკური პირობების გაცემას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს.კ. ...) ტექნიკური პირობა გაცემულ იქნა ჯერ კიდევ 1995 წელს, ამ პირობაში მითითებულ იქნა, რომ გზის რეკონსტრუქციის ან კაპიტალური რემონტის შემთხვევაში, თუ ამას საჭიროება მოითხოვს, კონცერნ ,,ს...ის’’ პირველსავე მოთხოვნის თანახმად, მოქალაქე გ. ა-ი ვალდებულია თავისი ძალებითა და სახსრებით, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე აიღოს ბენზინგასამართი სადგური აღნიშნული ადგილიდან, ამასთანავე ბენზინგასამართი სადგურის მოწყობის საკითხი დამატებით შეთანხმებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარ სამმართველოსთან და გარდაბანის რაიონის მთავარ არქიტექტორთან. ამდენად, უდავოა, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ტექნიკური პირობა მოთხოვნილია არა ობიექტის განთავსების, არამედ მისი იერსახის შეცვლის მიზნით. პალატამ მიიჩნია, რომ სადავო აქტით მოსარჩელეს დაუსაბუთებლად ეზღუდება უფლება - გამოიყენოს იჯარით აღებული მიწის ნაკვეთი სამეწარმეო საქმიანობისთვის. ამასთანავე, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მთავრობის მიერ შეზღუდულია ობიექტის განთავსებაზე ტექნიკური პირობის გაცემა, ხოლო მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილია მხოლოდ ობიექტის იერსახის შეცვლა და კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს მოთხოვნისთანავე დააბრუნოს ობიექტი პირვანდელ მდგომარეობაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.11.2018წ. განჩინება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლითაც ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის ფონიჭალა-მარნეულის გზის მონაკვეთზე დადგინდა გარკვეული შეზღუდვები ინფრასტრუქტურის განთავსებისათვის ტექნიკური პირობის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ გზის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოების დასრულებამდე, შესაძლებელია აუცილებელი გახდეს მიწების გამოსყიდვა და ახლადგანთავსებული ინფრასტრუქტურის ობიექტების დემონტაჟი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან იქნება დაკავშირებული. დეპარტამენტის სადავო აქტი გამოიცა სწორედ ამ შეზღუდვის გათვალისწინებით. 1995 წელს გაცემული ტექნიკური პირობა არ წარმოშობს ახალი ტექნიკური პირობის გაცემის ვალდებულებას. 1995 წლის ტექნიკური პირობის გაცემისას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვა ჯერ არ მოქმედებდა. დეპარტამენტი მოქმედებდა მთავრობის განკარგულების ფარგლებში, რომლის კანონიერება სადავო არ გამხდარა. კასატორმა აღნიშნა, რომ შპს „...ის“ მიზანია რებრენდინგის პროექტის შეთანხმება, თუმცა კანონმდებლობა მშენებლობის სახეებს შორის რებრენდინგს არ ასახელებს და შესაბამისად, არ ითვალისწინებს რებრენდინგის პროექტის შეთანხმების შესაძლებლობას. მოსარჩელეს რეალურად სურს არა სარემონტო, არამედ სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება. კასატორი მიიჩნევს, რომ არსებული ავტოგასამართი სადგურის ტექნოლოგიური სისტემები არ იძლევა ნავთობპროდუქტის მიღება-შენახვა-გაცემის შესაძლებლობას. ავტოგასამართ სადგურზე აუცილებელია სპეციალური ტექნიკური დანადგარების არსებობა, რათა მყიდველმა სრული სიზუსტით მიიღოს ინფორმაცია ჩასხმული ნავთობპროდუქტის რაოდენობისა და ღირებულების შესახებ, რომლის არსებობაც განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება. წარმოდგენილი ფოტომასალითაც ჩანს, რომ სადგურზე არსებული დანადგარები მოძველებული და გაუმართავია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს აგრეთვე სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დგინდება, რომ შპს „...ის“ მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების წარდგენის მიზანი იყო იჯარით აღებული ავტოგასამართი სადგურის სარემონტო-მოსაპირკეთებელი სამუშაოების განხორციელების უფლების მოპოვება. მოპასუხე საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაუშვებლად მიიჩნევს ტექნიკური პირობის გაცემასა და წარდგენილი პროექტის შეთანხმებას იმ საფუძვლით, რომ ე.წ. რებრენდინგის პროექტი მოიცავდა სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, ამასთანავე, კონკრეტულ ტერიტორიაზე ტექნიკური პირობის გაცემაზე მოქმედებდა საქართველოს მთავრობის განკარგულებით დაწესებული შეზღუდვა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია „საქართველოს საავტომობილო გზების რიგ მონაკვეთებზე რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის (მშენებლობის) სამუშაოების განხორციელების მიზნით ზოგიერთ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 18.02.2009წ. N104 განკარგულებით დადგინდა შეზღუდვები გზის კონკრეტულ მონაკვეთებზე ინფრასტრუქტურული ობიექტების განთავსებაზე, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ განსახილველ შემთხვევაში შპს „...ს“ არ მოუთხოვია პროექტის შეთანხმება ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტის განსათავსებლად, ავტოგასამართი სადგურის მოწყობაზე ტექნიკური პირობა გაიცა ჯერ კიდევ 1995 წელს. შპს „...ის“ 07.09.2017წ. განცხადების მიხედვით მოთხოვნილი იყო რებრენდირების პროექტის შეთანხმება, რომელიც მოიცავდა სარემონტო-მოსაპირკეთებელ სამუშაოებს შენობა-ნაგებობების გაბარიტული ზომების შეუცვლელად. ამდენად, განცხადების მიხედვით, იგეგმებოდა მხოლოდ ნაგებობის იერსახის შეცვლა და არა ახალი ობიექტის განთავსება, რის გამო დაუსაბუთებელია მთავრობის განკარგულებით ინფრასტრუქტურული ობიექტის განთავსებაზე დაწესებული შეზღუდვის გამო შპს „...ის“ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი.
კასატორის მოსაზრება, რომ შპს „...ის“ მიერ წარდგენილი პროექტი გულისხმობდა სარეკონსტრუქციო სამუშაოებსაც, არ არის სათანადოდ დასაბუთებული, კასატორს არ მიუთითებია პროექტით დაგეგმილ კონკრეტულ სამუშაოებზე, რომელიც ცდება სარემონტო-მოსაპირკეთებელი სამუშაოების ფარგლებს და რეკონსტრუქციას იწვევს. საფუძველს მოკლებულია კასატორის მითითება, რომ საქმეში დაცული ფოტომასალით დასტურდება რეკონსტრუქციის საჭიროება, რადგან განსახილველი დავის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია არა ის სამუშაოები, რომელსაც ზოგადად შესაძლოა საჭიროებდეს შენობა-ნაგებობა, არამედ იმ სამუშაოების ხასიათი, რომელიც იგეგმება შპს „...ის“ მიერ წარდგენილი პროექტით. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ვერ მიუთითა პროექტით დაგეგმილ კონკრეტულ სამუშაოზე, რომელიც სარეკონსტრუქციო სამუშაოდ შეიძლება იქნეს მიჩნეული, ხოლო შპს „...ის“ მიერ მომავალში პროექტის შესაძლო დარღვევა არ არის განსახილველი დავის საგანი და არ ადასტურებს წარდგენილი პროექტის შეთანხმებაზე უარის მართლზომიერებას.
რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ არსებული ტექნიკური დანადგარები ვერ უზრუნველყოფს ბენზინგასამართი სადგურის სათანადო ფუნქციონირებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული რეზერვუარების შემოწმების აქტით დადგენილია, რომ რეზერვუარების შიდა და გარე კედლებზე არ გამოვლენილა ექსპლუატაციისათვის დაუშვებელი კოროზიული დაზიანებები, რეზერვუარების შენადუღ ნაკერებში არ გამოვლენილა არაჰერმეტული ადგილები, მათ შორის გამჭოლი დაზიანებები, შენადუღი ნაკერები ვარგისია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება ავტოგასამართი სადგურის ტექნოლოგიური სისტემების გაუმართაობა. ამასთანავე, განსახილველი დავის საგანია წარდგენილი პროექტის შეთანხმებასა და ტექნიკური პირობის გაცემაზე უარის მართლზომიერება, ავტოგასამართი სადგური ექსპლუატაციამდე შესაძლოა საჭიროებდეს უფლებამოსილი ორგანოების მხრიდან შესაბამის ტექნიკურ შემოწმებას, მათ შორის უსაფრთხოების, ტექნოლოგიური სისტემის, მადოზირებელი მექანიზმების გამართულობის თვალსაზრისით, რაც ცდება არსებული დავის საგანს. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ სამშენებლო კანონმდებლობა სამშენებლო სამუშაოებს შორის არ ითვალისწინებს რებრენდინგს, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა წარდგენილი განცხადებისა და პროექტის მახასიათებლებით, მისი შინაარსით და არა მხოლოდ სახელწოდებით.
შპს „...ის“ განცხადების განხილვისას, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაეთვალისწინებინა აგრეთვე ის გარემოება, რომ შპს „...მა“ თანხმობა გამოთქვა პირველივე მოთხოვნისთანავე მოეხდინა არსებული გაუმჯობესებების დემონტაჟი და ნაგებობა მოეყვანა პირვანდელ მდგომარეობაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.11.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი