ბს-184(2კ-19) 30 სექტემბერი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ლ. ი-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.10.2018წ. განჩინებებზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ი-მა 03.01.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 28.10.2016წ. №... გადაწყვეტილების და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 01.12.2016წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
31.03.2017წ. დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისში, ...ზე, ...ის ქუჩის მიმდებარედ (ძველი მისამართი: ...ის ...) არსებული შენობა-ნაგებობების შპს ,,...ს“ სახელზე აღრიცხვის შესახებ 14.05.1997წ. განხორციელებული ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის №593 ჩანაწერის, 16.05.1997წ. №ქ-198 სარეგისტრაციო მოწმობის, ქ. თბილისში, ...ზე, ...ის ქუჩის მიმდებარედ (ძველი მისამართი: ...ის ...) არსებული შენობა-ნაგებობების შპს ,,ბ...“-ს საკუთრების უფლების აღრიცხვის შესახებ ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის ჩანაწერის, შენობა-ნაგებობების ნაწილში საჯარო რეესტრში 20.01.2006წ. განხორციელებული №... ჩანაწერის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.12.2015წ. №...და 26.04.2016წ. ͏№... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 28.10.2016წ. №... და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 01.12.2016წ. №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.
დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაება შპს ,,...“, შპს „ბ...“ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.10.2017წ. განჩინებით ლ. ი-ის სარჩელი საჯარო რეესტრში 20.01.2006წ. განხორციელებული №... ჩანაწერის ბათილად ცნობის ნაწილში დარჩა განუხილველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.03.2018წ. გადაწყვეტილებით ლ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 01.12.2016წ. №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 28.10.2016წ. №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრიდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ლ. ი-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.10.2018წ. განჩინებით ლ. ი-ის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თავდაპირველად შპს „...სთვის“ მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის დამაგრებისა და შემდგომში შპს „ბ...“-ს სახელზე 55 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე შენობა-ნაგებობზე შპს „ბ...“-ის უფლების აღრიცხვა შეესაბამებოდა იმჟამად მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. ლ. ი-ს რაიმე დასაბუთებული პრეტენზია, სადავო უფლების აღრიცხვის კანონშეუსაბამოდ მიჩნებისათვის არ წარმოუდგენია. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის ქ. თბილისში, ...ზე ...ის ქუჩის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების შპს „...ს“ სახელზე აღრიცხვის შესახებ 14.05.1997წ. №593 ჩანაწერი, 16.05.1997წ. გაცემული №ქ-198 სარეგისტრაციო მოწმობა, ქ. თბილისში, ...ზე, ...ის ქუჩის მიმდებარედ (ადრინდელი მისამართი: ...ის ...) არსებული შენობა-ნაგებობების შპს „ბ...“-ს სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის შესახებ ჩანაწერი, კანონიერია.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 28.10.2016წ. №... გადაწყვეტილება დაეფუძნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.10.2016წ. №... გადაწყვეტილებას, რომლითაც დადგინდა, რომ ლ. ი-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ასახულ შენობა-ნაგებობებზე (საკადასტრო კოდი ... ) დოკუმენტაცია გაცემულია შპს „ბ...“-ს სახელზე. შპს „ბ...“-ს საჩივრის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.10.2016წ. №... გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგისტრაციის შესახებ №... (22.03.2016) გადაწყვეტილება, განახლდა №... განცხადებით დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 28.10.2016წ. №... გადაწყვეტილებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა, შედეგად მომზადდა საკადასტრო გეგმა, რომელიც შენობა-ნაგებობების ნახაზს აღარ შეიცავს, ხოლო საჯარო რეესტრიდან ამონაწერის საკუთრების გრაფის მიხედვით შენობა-ნაგებობების რეგისტრაცია გაუქმებულია. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მარეგისტრირებელი ორგანო საჩივრის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად დაწყებული წარმოებისას ვალდებული იყო მასთან არსებული საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტაციის სრულყოფილი შეფასების შედეგად განესაზღვრა შენობა-ნაგებობებზე არსებული უფლებრივი და სამართლებრივი მდგომარეობა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფაქტობრივად არ გამოუკვლევია საქმეში არსებული მტკიცებულებები, დამატებით არ შეუფასებია საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, მიუხედავად იმისა, რომ კანონი საჯარო რეესტრს აძლევს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შესაძლებლობას.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე 25.12.2015წ. №...და 26.04.2016წ. №... გადაწყვეტილებებით განხორციელებულ რეგისტრაციებს ასაჩივრებს შენობა-ნაგებობების ნაწილში. მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია უკვე შემცირებული მიწის ფართის მიმართ მოსარჩელის დავის საგანს არ წარმოადგენს. ამდენად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონშესაბამისობის დადგენა მოითხოვს ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის დაყოფის შედეგად წარმოშობილ მიწის ნაკვეთებზე შენობა-ნაგებობის ნაწილის ასახვით ამ შენობა-ნაგებობებზე ლ. ი-ის უფლების არსებობის გამორიცხვის ფაქტის დადგენას. 25.08.2005წ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა ლ. ხ-ის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იქნა ქ. თბილისში, ...ზე, ...ისა და ...ას ქუჩებს შორის არსებულ მიწასა და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია და დადგენილი წესით რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთის გაცემა. საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით, უძრავ ქონებაზე - 5055 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ლ. ხ-ის საკუთრების უფლება. ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმა და წინამორბედი მესაკუთრის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, მოიცავს მხოლოდ მიწის ნაკვეთს. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 13.03.2015წ. №... გადაწყვეტილების საფუძველზე დაკორექტირდა სახელმწიფოს საკუთრებაში აღრიცხული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები, ასევე შემცირდა შპს „ბ...“-ს საკუთრების უფლებით აღრიცხული შენობა-ნაგებობების ფართი. აღნიშნული რეგისტრაციის შედეგად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.12.2015წ. №...გადაწყვეტილებით რეგისტრირებული ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი, ლ. ი-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ზედდებაში აღარ მოდის. შესაბამისად, მიწის ნაკვეთის დაყოფით წარმოშობილი ... და ... საკადასტრო კოდების მქონე მიწის ნაკვეთების კონფიგურაცია აღარ ფარავს ამჟამად ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის კონფიგურაციას. მხოლოდ ის გარემოება, რომ ... , ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ასახული შენობების ნაწილი ფაქტობრივად ექცევა ლ. ი-ის საკუთრებაში არსებულ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე, არ ასაბუთებს სადავო აქტების შენობა-ნაგებობების რეგისტრაციის ნაწილში სარჩელის საფუძვლიანობას. ლ. ი-ის საკუთრების უფლება რაიმე კონკრეტულ შენობა-ნაგებობებზე მისი საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტებით დადასტურებული არ არის. ამასთან, ის გარემოება, რომ შპს „ბ...“-ს კუთვნილი შენობების დღევანდელი ფართობი განსხვავდება უფლების დამდგენ დოკუმენტებში ასახულ მონაცემებთან, ვერ დაადასტურებს ლ. ი-ის უფლებას მათთან მიმართებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.10.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ლ. ი-ის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ლ. ი-მა ასევე მოითხოვა სარჩელის ტრანსფორმირებაზე უარის თქმის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.10.2018წ. განჩინების გაუქმება.
კასატორმა ლ. ი-მა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების არსებითი დარღვევით. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებს მცდარი სამართლებრივი შეფასება მიეცა. მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სრულად კანონიერია. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სამართლებრივად არასწორ და დაუსაბუთებელ დასკვნებს ეფუძნება. შპს „...ს“ და შპს „ბ...“-ს საკუთრების უფლების აღრიცხვა არ აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნებს. კასატორის მითითებით პრეტენზიის საგანს წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთების ის ნაწილი, რომელზე დაყრდნობითაც სასამართლომ კანონიერად მიიჩნია შპს „...ს“ და შპს „ბ...“-ს საკუთრების უფლების აღრიცხვა. კასატორის მოსაზრებით სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები, რაც გათვალისწინებულია სსსკ-ის 393-ე მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის მე-3 ნაწილით და 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2019წ. განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.10.2018წ. განჩინებაზე დარჩა განუხილველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. გასაჩივრების საფუძვლები უნდა იყოს გასაჩივრებული განჩინების კონკრეტული მოტივების გამაქარწყლებელი. იგი არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ზოგადი მითითებებით გადაწყვეტილების კანონსაწინააღმდეგობის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში ლ. ი-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების საფუძვლების კონკრეტულ კრიტიკას. საკასაციო საჩივარი აგრეთვე არ შეიცავს სარჩელის ტრანსფორმირებაზე უარის თქმის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების კონკრეტულ უსწრობებზე მითითებას, დაუსაბუთებელი საკასაციო საჩივრის პირობებში საკასაციო პალატა მოკლებულია გასაჩივრებული განჩინების კონკრეტული საფუძვლების შემოწმების შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველი საკასაციო საჩივარი წარმოდგენილი არ არის სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში, კერძოდ, იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი მარეგისტრირებელი ორგანოს 28.10.2016წ. ͏№... და 01.12.2016წ. №... გადაწყვეტილებები. კასაცია წარმოდგენილია მხოლოდ სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა ქ. თბილისში, ...ის ქუჩის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების შპს „...ს“ და შპს „ბ...“-ს უფლების აღრიცხვის შესახებ ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის ჩანაწერების, 16.05.1997წ. №ქ-198 სარეგისტრაციო მოწმობის, შენობა-ნაგებობების ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ 25.12.2015წ. №...და დაყოფის საფუძველზე უფლების რეგისტრაციის შესახებ 26.04.2016წ. №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 10.01.1998წ. №2-5 ბრძანების თანახმად საქართველოში საჯარო რეესტრი ამოქმედდა 1998 წლის 10 იანვრიდან. აღნიშნული პერიოდის შემდეგ მიწის ნაკვეთისა და სხვა უძრავ ქონებაზე უფლებათა რეგისტრაციას „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონის თანახმად ახდენდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი. სსკ-ის 1514-ე მუხლის მიხედვით საჯარო რეესტრის სამსახურის ჩამოყალიბებამდე მიწის ნაკვეთების გასხვისება უნდა მომხდარიყო ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებში ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში არსებული მიწის ნაკვეთების მიმაგრების აქტების საფუძველზე. განსახილველი დავის საგანს შეადგენს 1997 წელს ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის ჩანაწერებისა და სარეგისტრაციო მოწმობის კანონიერება, რომელიც შეეხება ქ. თბილისში, ...ის ...ში მდებარე 340 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განლაგებულ 55 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე შპს „...ს“ და შპს „ბ...“-ს უფლების აღრიცხვას. ამ მხრივ საგულისხმოა საქმის მასალებში დაცული ლ. ი-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. სადავო ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის ჩანაწერის განხორციელების დროისათვის, კერძოდ, 1997 წლის მდგომარეობით არ დგინდება ქ. თბილისში, ...ის ...ში მდებარე 340 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განლაგებულ 55 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე ლ. ი-ის ან იმ პირების უფლება, ვისგანაც უძრავ ნივთი საკუთრებაში კასატორს გადაეცა. ამდენად, გასაჩივრებული ტექნიკური ინვენტარიზაციის ჩანაწერების გაუქმების მიმართ არ იკვეთება ლ. ი-ის კანონიერი ინტერესი ან უფლება, გარდა ამისა ასეთი ინტერესის/უფლების არსებობის თაობაზე მითითებას/დასაბუთებას საკასაციო საჩივარი არ შეიცავს.
საქმის მასალებში დაცული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით 20.01.2006წ. ქ. თბილისში, ... ზე, ...ის ქუჩის მიმდებარედ 855 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრების უფლება, ხოლო ამ მიწის ნაკვეთზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებზე შპს „ბ...“-ს საკუთრების უფლება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 13.03.2015წ. №... გადაწყვეტილებით 20.01.2006წ. გადაწყვეტილება რეგისტრაციის თაობაზე ბათილად იქნა ცნობილი. სააგენტომ მიიჩნია, რომ 20.01.2006წ. საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადებით შპს „ბ...“-ს წარმომადგენელმა ისეთ უძრავ ნივთზე მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რომელზეც უკვე რეგისტრირებული იყო ლ. ი-ის საკუთრების უფლება, აღნიშნული განცხადების განხილვისას სარეგისტრაციო სამსახურს არ უნდა მიეღო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება ლ. ი-ის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთის დაზუსტებულ საკადასტრო მონაცემებთან ზედდების მოტივით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 13.03.2015წ. №... გადაწყვეტილების საფუძველზე რეგისტრაციის შესახებ 25.03.2015წ. №... გადაწყვეტილებით უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მითითებულ უძრავ ნივთზე რეგისტრაცია გაუქმდა. 23.12.2015წ. მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი განცხადებით შპს „ბ...“-ს წარმომადგენელმა ქ. თბილისში, ... ზე, ...ის ქუჩის მიმდებარედ საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა შემცირებულ 564 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებზე, ამასთანავე, მიუთითა, რომ დანარჩენ ფართზე მიმდინარეობს დავა ზედდების გამო. აღნიშნული სარეგისტრაციო განცხადების საფუძველზე სადავო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ 25.12.2015წ. №...გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ...ის ქუჩის მიმდებარედ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 564 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება, ხოლო ამ მიწის ნაკვეთზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებზე - შპს „ბ...“-ს საკუთრების უფლება (საკადასტრო კოდი ... ). საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებში დაცული მასალებით ლ. ი-ის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთის გასაჩივრებული რეგისტრაციის შესახებ 25.12.2015წ. №... გადაწყვეტილებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან ზედდების არსებობა არ დგინდება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ 26.04.2016წ. №... გადაწყვეტილებით უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით ... დაიყო ოთხ უძრავ ნივთად, კერძოდ, 251 კვ.მ. მიწის ნაკვეთად, რომელზეც განლაგებულია 1 შენობა-ნაგებობა (საკადასტრო კოდი ... ), 37 კვ.მ. მიწის ნაკვეთად (საკადასტრო კოდი ... ), 216 კვ.მ. მიწის ნაკვეთად, რომელზეც განლაგებულია 1 შენობა-ნაგებობა (საკადასტრო კოდი ... ) და 60 კვ.მ. მიწის ნაკვეთად (საკადასტრო კოდი ... ). სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროისათვის მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 10.01.2015წ. №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის (ძალადაკარგულია 2020 წლის 1 იანვრიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. №487 ბრძანებით) 16.1 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე უძრავი ნივთის დაყოფისას, უძრავ ნივთზე ან მის ნაწილზე რეგისტრირებული უფლება ან ვალდებულება მათი სარეგისტრაციო მონაცემების უცვლელად გადადის დაყოფის შედეგად შექმნილ შესაბამის უძრავ ნივთზე (ნივთებზე) ან მის (მათ) ნაწილზე (ნაწილებზე), თუ შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შინაარსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ დაყოფის შედეგად წარმოშობილ ოთხ უძრავ ნივთზე გადავიდა საკადასტრო კოდის მქონე ... უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება. კასატორი წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში არ მიუთითებს კონკრეტულ ფაქტობრივ თუ სამართლებრივ გარემოებებზე, რითაც აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უკანონობას დაადასტურებდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ლ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ი-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.10.2018წ. განჩინებები;
3. პ. კ-ს (პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.03.2019წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი