Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 108-დად 29 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),

ი. ბიბილაშვილი,

მ. ისაევი

განიხილა თ. ა-ს კერძო საკასაციო საჩივარი ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 მარტის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი საჩივარი ვაკე-საბურთალოს რაიონის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელ ნ. ნ-ს 2003წ. 8 იანვრის დადგენილების გაუქმების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 მარტის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა თ. ა-ს საჩივარი ამავე რაიონის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელ ნ. ნ-ს 2003წ. 8 იანვრის დადგენილების გაუქმების შესახებ. გამომძიებლის აღნიშნული დადგენილებით არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე დ. თ-ს და ი. მ-ს მიმართ, რადგან არ არსებობდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.

კერძო საკასაციო საჩივრით თ. ა. ითხოვს სასამართლოს და გამომძიებლის დადგენილებების გაუქმებას და სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად მასალების საგამოძიებო ორგანოებში გადაგზავნას. საჩივარში იგი მიუთითებს, რომ შპს “ბახტრიონის” თანამშრომლებმა ლ. თ-მ და ი. მ-მ ჩაიდინეს სამსახურებრივი სიყალბე. მათ მიერ გაცემულ ფორმა ¹1-ში არსებული ჩანაწერები, რომ თითქოს მამამისის _ ს. ა-ს ოჯახი შედგება 4 სულისაგან, ყალბია.

შეტყობინების მიუხედავად, საკასაციო პალატის სხდომაზე საჩივრის ავტორი არ გამოცხადდა.

საკასაციო პალატის სხდომაზე ვაკე-საბურთალოს რაიონის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა ნ. ნ-მა აღნიშნა, რომ მოკვლევა თ. ა-ს საჩივრის საფუძველზე ჩაატარა სრულყოფილად და მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ნ. ჯ-მ კერძო საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 მარტის დადგენილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია, თვლის, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 მარტის დადგენილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თ. ა-ს საჩივარი ამავე რაიონის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელ ნ. ნ-ს 2003წ. 8 მარტის დადგენილების გაუქმებაზე, უნდა დარჩეს უცვლელად.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, თ. ა-ს განცხადების მოტივები შპს ,,ბახტრიონის” თანამშრომლების _ ლ. თ-სა და ი. მ-ს მიერ ყალბი ფორმა ¹1-ის შედგენის შესახებ, არაერთხელ შემოწმდა ჯერ ვაკე-საბურთალოს პროკურატურის და შემდეგ ამავე რაიონის საგამოძიებო სამსახურის მიერ. უკანასკნელად 2003წ. 8 იანვარს ვაკე-საბურთალოს რაიონის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა ნ. ნ-მა გამოიტანა დადგენილება ლ. თ-სა და ი. მ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის მოტივით.

თ. ა-ს საჩივარი ზემოთ ხსენებული დადგენილების გაუქმების შესახებ ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 2003წ. 24 მარტს არ დააკმაყოფილა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოკვლევით ვერ იქნა მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები შპს “ბახტრიონის” თანამშრომლების _ ლ. თ-სა და ი. მ-ს დანაშაულებრივი ქმედების შესახებ. სასამართლომ მოკვლევის მასალებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ მართალია, ჯ. თ-მ და ი. მ-მ თ. ა-ს მამის _ ს. ა-ს მოთხოვნის საფუძველზე გასცეს ფორმა ¹1, რომელშიც არ მიუთითეს თ. ა-ს და მისი ოჯახის წევრების შესახებ, მაგრამ ეს ფორმა ¹1, რომელშიც მითითებული არ იყო თ. ა-ს ოჯახის წევრების შესახებ, გამიზნული იყო ს. ა-ს მიერ ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად და მას რაიმე გავლენა სამოქალაქო დავების განხილვისას მიღებულ არც ერთ სასამართლო გადაწყვეტილებაზე გავლენა არ მოუხდენია.

პალატა თვლის, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 მარტის დადგენილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თ. ა-ს საჩივარი ამავე რაიონის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელ ნ. ნ-ს 2003წ. 8 იანვრის დადგენილების გაუქმებაზე, დასაბუთებული და კანონიერია. ამდენად, არ არსებობს მისი გაუქმებისა და კერძო საკასაციო საჩივრის დამაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 მარტის დადგენილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თ. ა-ს საჩივარი ამავე რაიონის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელ ნ. ნ-ს 2003წ. 8 იანვრის დადგენილების გაუქმებაზე, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.