#ბს-827(კ-20) 10 სექტემბერი, 2021 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ლ. შ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 28 იანვარს ლ. შ-ემ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე - ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და მესამე პირის - ბმა „...ს“ მიმართ.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდგომ, საბოლოოდ, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 10 იანვრის №02/133 აქტის ბათილად ცნობა და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის 2015 წლის 03 აგვისტოს №1261 ბრძანების ბათილად ცნობით მიყენებული ზიანის (მშენებლობის ნებართვის საფუძველზე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე მიყენებული ქონებრივი ზიანის - 54 561.67 ლარის; ლ. შ-ის კუთვნილი კომერციული ობიექტის (მდებარე ქალაქ ...ში, ...ს გამზ N..., ბ. №29) გამოუყენებლობით მიყენებული ქონებრივი ზიანის - 44 000 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარის; ასევე მოსარჩელის კუთვნილი კომერციული ობიექტის (მდებარე ქალაქ ...ში, ...ს გამზ N..., ბ. №30) გაუქირავებლობით ყოველთვიურად მიუღებელი შემოსავლის - 1000 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარის) და გაწეული სასამართლო ხარჯების ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 10 იანვრის №02/133 აქტი და მოპასუხეს დაევალა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 22 ოქტომბრის №1731 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუქტის შესაბამისად, კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების პრინციპის საფუძველზე, ლ. შ-ისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ქონებრივი ზიანის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 იანვრის განჩინებით ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 03 აგვისტოს №1261 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე“ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 22 ოქტომბრის №1731 აქტზე, რომლის სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად, დაინტერესებულ პირს - ლ. შ-ეს კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე უნდა ანაზღაურებოდა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ქონებრივი ზიანი, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შეფასების შემდეგ (სამშენებლო სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე). სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9, 53-ე და 207 მუხლებზე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17-ე მუხლზე და სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 10 იანვრის №02/133 სადავო აქტის გამოცემისას არ იყო დაცული კანონით გათვალიწინებული მოთხოვნები. სააპელაციო პალატის შეფასებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ.
კასატორი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ლ. შ-ემ განახორციელა უკანონო ქმედება, რაც მის მიერ მშენებლობის ნებართვის მოპოვების მიზნით, ადმინისტრაციულ ორგანოში დარღვევით შედგენილი კრების ოქმის წარდგენაში გამოიხატა. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელე პასუხისმგებელი იყო წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე. ამდენად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოეშობა ადმინისტრაციულ ორგანოს. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელია კავშირი ლ. შ-ისათვის უძრავი ქონების გამოუყენებლობით მიყენებულ ზიანსა (მიუღებელი შემოსავალის სახით) და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 03 აგვისტოს №1261 ბრძანებით მოსარჩელის სახელზე გაიცა ქალაქ რუსთავში, ...ს გამზირი N...-ში, №29/30 ბინებზე მიშენების (კომერციული საქმიანობისათვის) რეკონსტრუქციის (სამშენებლო დოკუმენტის პროექტი) მშენებლობის ნებართვა, ხოლო 2015 წლის 03 აგვისტოს №369 მშენებლობის სანებართვო მოწმობით, ლ. შ-ეს მიეცა, ქ. ..., ...ს ... N...-ში მიშენება რეკონსტრუქციის ნებართვა.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 22 ოქტომბრის №1731 ბრძანებით, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 03 აგვისტოს №1261 ბრძანება 2015 წლის 22 ოქტომბრიდან. 2015 წლის 22 ოქტომბრის №1731 ბრძანებაში მითითებულ იქნა, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი, რომელიც გათვალისწინებულ იქნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისას, ხელმოწერილი იყო კანონის დარღვევით არაუფლებამოსილი პირების მიერ. შესაბამისად, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ დაადგინა, რომ მითითებული დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება და არ გაიცემოდა შესაბამისი მშენებლობის ნებართვა.
2018 წლის 17 ოქტომბერს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს №10917/02 განცხადებით მიმართა ლ. შ-ემ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 10 იანვარის №02/133 აქტით, მოსარჩელე ლ. შ-ეს უარი ეთქვა აღმჭურველი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.
მოცემულ საქმეზე დავის საგანს სწორედ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 10 იანვარის №02/133 აქტის კანონიერების შემოწმება და მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძვლიანობის შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2015 წლის 22 ოქტომბრის №1731 ბრძანების (რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ლ. შ-ის სასარგებლოდ გაცემული მშენებლობის ნებართვა) სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში მიეთითა, რომ დაინტერესებულ პირს - ლ. შ-ეს კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე უნდა ანაზღაურებოდა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ქონებრივი ზიანი, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შეფასების შემდეგ (სამშენებლო სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე). აღსანიშნავია, რომ ხსენებული ბრძანება და ბრძანების შესაბამისი პუნქტი ძალაშია და არ გაუქმებულა.
ამდენად, ზემოაღნიშნული აქტით ცალსახად დადგინდა მოსარჩელისათვის აღმჭურველი აქტის ბათილად ცნობის შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 22 ოქტომბრის №1731 ბრძანების მე-2 პუნქტის ძალაში არსებობის პირობებში, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მოსარჩელისათვის შესაბამისი ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმა.
ამდენად, მოპასუხემ, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 22 ოქტომბრის №1731 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, ხელახლა უნდა იმსჯელოს ლ. შ-ისათის ზიანის ანაზღაურების საკითხზე.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი