Facebook Twitter

№ბს-490(კ-20) 10 სექტემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 16 მაისს ნ. ს-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის მატერიალური ზიანის სახით - 5 500 (ხუთიათას ხუთასი) ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით, ნ. ს-ს სარჩელი სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 აგვისტოს საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება ს/ს „...“.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ს-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ შემოსავლების სამსახურს მოსარჩელე ნ. ს-ს სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის სახით - 5 500 (ხუთიათას ხუთასი) ლარის გადახდა; სსიპ შემოსავლების სამსახურს მოსარჩელე ნ. ს-ს სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 165 (ას სამოცდახუთი) ლარის ანაზღაურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სსიპ შემოსავლების სამსახურს ნ. ს-ს სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება - 5 150 (ხუთიათას ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით; სსიპ შემოსავლების სამსახურს ნ. ს-ს სასარგებლოდ დაეკისრა სასაქონლო ექსპერტიზის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 140 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ ვ. გ-ის მიმართ, 2015 წლის 24 ივლისს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე შედგა №...ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმადაც, ვ. გ-ემ სატრანსპორტო საშუალებით „...“ სახელმწიფო ნომრით ... ქ. ...ში, ... ...ის დამაკავშირებელ გვირაბში, მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა.

სისხლისა სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2015 წლის 27 ივლისის №0006949786 დადგენილების თანახმად, 2015 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. ...ში, ... ... დამაკავშირებელ გვირაბში ...ის მიმართულებით მოძრავი „...ს“ მარკის სახელმწიფო ნომრით ... ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ვ. გ-ე, გადავიდა საპირისპირო ზოლში და შეეჯახა ქალაქის მიმართულებით მოძრავ „ს...ს“ მარკის ავტომანქანას, რომელსაც მართავდა ნ. ს-, ხოლო „ს...ს“ მარკის ავტომანქანა დაეჯახა თანმხვედრ ზოლში მოძრავ „...ის“ მარკის ავტომანქანას, რომელსაც მართავდა შ. კ-ი. ამავე დადგენილებით შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2015 წლის 14 ივლისის ექსპერტიზის დასკვნით, მძღოლ ვახტანგ გოგმაჩიძის მოქმედება არ შეესაბამებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის, საგზაო მოძრაობის წესების დანართის, საგზაო მოძრაობის ამკრძალავი ნიშნების, 3.24-ის და ჰორიზონტალური მონიშვნის 1.1 პუნქტის მოთხოვნებს, რომლის დაცვის შემთხვევაში მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ ნ. ს-ს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა არ აღინიშნებოდა.

ავტომანქანა „... “ სახელმწიფო ნომრით ... წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურის საკუთრებას.

ავტომანქანა „ს...“ სახელმწიფო ნომრით ... წარმოადგენს ნ. ს-ს საკუთრებას.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტის ი. ვ-ის მიერ 2015 წლის 17 სექტემბერს შედგა №005518515 ექსპერტიზის დასკვნა, რომლის შესაბამისად, დაზიანებული ავტომანქანისთვის („...“ სახელმწიფო ნომრით ...) ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა განისაზღვრა 5500 (ხუთი ათას ხუთასი) ლარით.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, სააპელაციო სასამართლოში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმადაც 1999 წელს დამზადებული, ავტომანქანა „...“-ის საშუალო საბაზრო ღირებულება შეადგენდა - 5500 ლარს. ამასთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომანქანის ძარაზე განვითარებული დეფორმაციების გათვალისწინებით, მისი აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით ტექნიკური თვალსაზრისით არ იყო მიზანშეწონილი. ამასთან, დაზიანებულ მდგომარეობაში მანქანის საბაზრო ღირებულება ფაქტობრივი ფიზიკური მონაცემების გათვალისწინებით საორიენტაციოდ შეადგენდა - 350 ლარს.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას, ნ. ს-მ შეამცირა მოთხოვნა და სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის ზიანის სახით - 5 150 (ხუთიათას ასორმოცდაათი) ლარის და ექსპერტიზის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 140 (ასორმოცი) ლარის დაკისრება მოითხოვა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, რომელიც გამოწვეული იყო ადმინისტრაციული ორგანოს მოსამსახურის ქმედებით, ჩადენილი მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, რაც წარმოაგენდა ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის დაკისრების წინაპირობას.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტებიდან და საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოს ნ. ს-ს სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით უნდა დაკისრებოდა - 5 150 ლარის და სასაქონლო ექსპერტიზის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 140 ლარის ოდენობით ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა და არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ ავტომობილი, რომლითაც მოხდა შეჯახება, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ 2015 წლის 29 იანვრის №1/61 ხელშეკრულების შესაბამისად, დაზღვეული იყო სს „...ს“ მიერ და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კასატორის მითითებით, ზიანის ანაზღაურება ს/ს „...ს“ ევალებოდა. ასევე კასატორის მოსაზრებით ზუსტად არ იყო განსაზღვრული ზიანის ოდენობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ:

2015 წლის 24 ივლისს ვ. გ-ის მიმართ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე შედგა №...ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმადაც, ვ. გ-ემ სატრანსპორტო საშუალებით „...“ სახელმწიფო ნომრით ... ქ. ...ში, ... ...ის დამაკავშირებელ გვირაბში, მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა.

სისხლისა სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2015 წლის 27 ივლისის №0006949786 დადგენილების თანახმად, 2015 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. ...ში, ... ... დამაკავშირებელ გვირაბში ...ის მიმართულებით მოძრავი „...ს“ მარკის სახელმწიფო ნომრით ... ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ვ. გ-ე, გადავიდა საპირისპირო ზოლში და შეეჯახა ქალაქის მიმართულებით მოძრავ „ს...ს“ მარკის ავტომანქანას, რომელსაც მართავდა ნ. ს-, ხოლო „ს...ს“ მარკის ავტომანქანა დაეჯახა თანმხვედრ ზოლში მოძრავ „...ის“ მარკის ავტომანქანას, რომელსაც მართავდა შ. კ-ი. ამავე დადგენილებით შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2015 წლის 14 ივლისის ექსპერტიზის დასკვნით, მძღოლ ვახტანგ გოგმაჩიძის მოქმედება არ შეესაბამებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის, საგზაო მოძრაობის წესების დანართის, საგზაო მოძრაობის ამკრძალავი ნიშნების, 3.24-ის და ჰორიზონტალური მონიშვნის 1.1 პუნქტის მოთხოვნებს, რომლის დაცვის შემთხვევაში მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ ნ. ს-ს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება.

ავტომანქანა „... “ სახელმწიფო ნომრით ... წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურის საკუთრებას.

ავტომანქანა „ს...“ სახელმწიფო ნომრით ... წარმოადგენს ნ. ს-ს საკუთრებას.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტის ი. ვ-ის მიერ 2015 წლის 17 სექტემბერს შედგა №005518515 ექსპერტიზის დასკვნა, რომლის შესაბამისად, დაზიანებული ავტომანქანისთვის („...“ სახელმწიფო ნომრით ...) ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა განისაზღვრა 5500 (ხუთი ათას ხუთასი) ლარით.

სააპელაციო სასამართლოში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 1999 წელს დამზადებული, ავტომანქანა „...“-ის საშუალო საბაზრო ღირებულება შეადგენს - 5500 ლარს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომანქანის ძარაზე განვითარებული დეფორმაციების გათვალისწინებით, მისი აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით ტექნიკური თვალსაზრისით არ არის მიზანშეწონილი. ამასთან, დაზიანებულ მდგომარეობაში მისი საბაზრო ღირებულება ფაქტობრივი ფიზიკური მონაცემების გათვალისწინებით საორიენტაციოდ შეადგენს - 350 ლარს.

მითითებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას, ნ. ს-მ შეამცირა მოთხოვნა და სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის ზიანის სახით - 5 150 (ხუთიათას ასორმოცდაათი) ლარის და ექსპერტიზის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 140 (ასორმოცი) ლარის დაკისრება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებელობის წესს არეგულირებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით განსაზღვრული დებულებები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სახელმწიფოს, ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, ხოლო ამავე კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმების, პრინციპებისა და საფუძვლების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც ამავე კოდექსით არის დადგენილი.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი.

საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, მოცემულ საქმეზე სადავო არ არის ის გარემოება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო სსიპ შემოსავლების სამსახურის თანამშრომელის მიერ, სსიპ შემოსავლების სამსახურის ბალანსზე რიცხული ავტომანქანით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნ. ს-სათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას ზიანის თანხის ოდენობის არასწორ განსაზღვრასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილი არაერთი ექსპერტიზის დასკვნაზე, რომელთა შესაბამისადაც, დადასტურებულია ერთის მხრივ, ავტომანქანის აღდგენის შეუძლებლობის ფაქტი და უკვე დაზიანებული ავტომანქანის ღირებულება, ხოლო მეორეს მხრივ, შესაბამისი ავტომანქანის არსებული საბაზრო ღირებულება. ამდენად, ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნებით უდავოდ დადასტურებულია მოსარჩელისათვის ზიანის სახით - 5150 ლარის მიყენების ფაქტი.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას ზიანის თანხის სს „...სათვის“ დაკისრების საფუძვლიანობის შესახებ (ვინაიდან, სსიპ შემოსავლების სამსახურსა და შპს „...ს“ შორის 2015 წლის 29 იანვარს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1/61 ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენს ხელშეკრულების №1 დანართით განსაზღვრული სსიპ შემოსავლების სამსახურის ავტოტრანსპორტის დაზღვევა, მათ შორის, ავტომანქანა „... “ სახელმწიფო ნომრით ...). საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ 2015 წლის 29 იანვრის №1/61 ხელშეკრულების მე-2 თავის მე-6 პუნქტის თანახმად, მესამე მხარის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევისას ანაზღაურებას დაექვემდებარება თანხა, რომლის გადახდასაც დაზღვეულს დააკისრებს სასამართლო მის მიერ დაზღვეული ავტომობილით მესამე მხარისათვის მიყენებული ზიანისათვის.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსვლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი