Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 110-აპ 27 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),

გ. ბორჩხაძე,

ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ბ. გ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 მარტის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ბ. გ. ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის _ განზრახ მკვლელობის ჩადენისათვის.

განაჩენის მიხედვით ბ. -ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

აწ გარდაცვლილი ბ. დ. სავაჭრო-კომერციულ საქმიანობას ეწეოდა ქ. სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სს “ეგრისი კომერცია _ 93-ის” კუთვნილ, ყოფილი უნივერმაღის ერთ-ერთ სექციაში, რომელიც განთავსებული იყო შენობის ბოლოს, ცენტრალური ბაზრის მხარეს. მითითებული სექციის გვერდით მსგავს საქმიანობას ახორციელებდნენ სხვა პირებიც, მათ შორის, წვრილმან კომერციულ საქმიანობას ეწეოდა განსასჯელი ბ. გ-ც, რომლის მოძრავი მაგიდაც იდგა ბ. დ-ს სექციაში შემავალი კარების წინ. ვინაიდან ბ. დ. და ბ. გ. ერთი და იმავე საქონლით ვაჭრობდნენ, ბ. დ-მ მოსთხოვა ამ უკანასკნელს მოენაცვლებინა ადგილი და მოშორებით დაედგა სავაჭრო მაგიდა, რაზედაც ბ. გ. განაწყენდა, აღნიშნული კი გახდა მხარეთა შორის შელაპარაკებისა და დავის საგანი, რომელიც შემთხვევამდე რამდენიმე თვე გრძელდებოდა.

2001წ. 15 აგვისტოს, 9 საათზე, განსასჯელი ბ. გ. მივიდა თავის სამუშაო ადგილას და დაიწყო ბ. დ-ს სექციაში შენახული ნივთებისა და სავაჭრო მაგიდის შეკეთება. იქვე იყვნენ სხვა მოვაჭრეებიც, მათ შორის, ბ. დ-ც, რომელმაც კვლავ კატეგორიულად მოსთხოვა ბ. გ-ს შეეცვალა ადგილი. განსასჯელი ბ. გ. იყო რა განაწყენებული დაზარალებულ ბ. დ-ს მოქმედებით, განიზრახა ამ უკანასკნელის მოკვლა, რისი სისრულეში მოყვანის მიზნით სათავსიდან გამოიღო თავისი ხელჩანთა, რომელშიც შენახული ჰქონდა სოფ. ჭალადიდში ნათესავისათვის გადასაცემი ორლულიანი სანადირო თოფი. ააწყო იგი, ჩადო ორი ვაზნა და საკუთარ სექციაში მდგარ ბ. დ-ს მიმართულებით სამი მეტრის მანძილიდან ორჯერ გაისროლა ორი-სამწამიანი შუალედით. პირველი ტყვია მოახვედრა მარჯვენა დუნდულოზე, ხოლო მეორე _ მარცხენა გულმკერდის არეში, ძუძუდან 1 სანტიმეტრის მოშორებით, რითაც დაზარალებულ ბ. დ-ს მიაყენა სიცოცხლისათვის საშიში, მძიმე ხარისხის დაზიანება, რის გამოც ბ. დ. სენაკის რაიონის ცენტრალურ საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. თავად ბ. გ. კი ბრალის აღიარებით გამოცხადდა სენაკის პოლიციაში.

ჩადენილი დანაშაულისათვის სასამართლომ ბ. გ-ს სასჯელის ზომად შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, დანიშნული სასჯელის მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ბ. გ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ს-მ სააპელაციო საჩივრებით მიმართეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატას. საჩივრებით ისინი ითხოვდნენ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლიდან 111-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას და სასჯელის ამ მუხლის შესაბამისად განსაზღვრას, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ ბ. დ-ს განზრახ მკვლელობა ჩადენილია უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების (ფიზიოლოგიური აფექტის) მდგომარეობაში, რაც გამოწვეული იყო აწ გარდაცვლილ ბ. დ-ს მიერ ბ. გ-ს მძიმე შეურაცხყოფით.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრების მოთხოვნა და მათი მოტივები, რადგან ისინი ჩათვალა უსაფუძვლოდ, რის გამოც 2003წ. 17 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით ბ. გ-ს მსჯავრდების, ასევე სასჯელის ნაწილშიც, ფოთის საქალაქო სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა.

მსჯავრდებულმა ბ. გ-მ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის განაჩენის თაობაზე საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს აღნიშნული განაჩენის გადასინჯვას, კერძოდ: მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლიდან 111-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

საკასაციო განხილვისას მსჯავრდებულ ბ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ს-მ მხარი დაუჭირა საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

დაზარალებული ი. გ. მხარს არ უჭერს საჩივარს და ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვებას.

დაზარალებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. რ. მხარს არ უჭერს საჩივარს და უერთდება დაზარალებულის მოთხოვნას.

პროცესში მონაწილე პროკურორი ა. ს. მხარს არ უჭერს საჩივარს და ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ, მოუსმინა რა მხარეებს და შეისწავლა საქმის მასალები, მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ბ. გ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს მჯავრდებულისა და მისი ინტერესების დამცველის ვერსიას იმის თაობაზე, რომ ბ. გ-მ ბ. დ-ს განზრახ მკვლელობა ჩაიდინა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების (ფიზიოლოგიური აფექტი) მდგომარეობაში, რაც გამოწვეული იყო აწ გარდაცვლილი ბ. დ-ს მხრივ მისი მძიმე შეურაცხყოფით. მომხდარი შემთხვევის თვითმხილველი მოწმეების მიუკერძოებელი ჩვენებებით დგინდება, რომ 2001წ. 15 აგვისტოს, დილით, ბ. გ-სა და ბ. დ-ს შორის რაიმე ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ან სხვაგვარ მართლსაწინააღმდეგო ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ბ. გ-მ სამი მეტრი მანძილიდან ისე გაისროლა ორჯერ სანადირო თოფი ბ. დ-ს მიმართულებით, რითაც სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა მას, რაც საბოლოოდ სასიკვდილო აღმოჩნდა, რომ ბ. დ-ს მხრიდან არ ყოფილა განხორციელებული რაიმე ისეთი მოქმედება, რაც შეიძლებოდა ბ. გ-ს ემოციური აფეთქების მიზეზი გამხდარიყო.

ბ. გ-ს ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში ყოფნა არ დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა უტყუარი მასალებით, რომლებითაც დგინდება ბ. გ-ს მიერ უშუალოდ დანაშაულის ჩადენის წინ და მას შემდეგ განხორციელებული ისეთი მოქმედებები, რომლებიც თავისი ხასიათით აშკარად არ შეესაბამება უკიდურესად მაღალი ემოციური ტონალობის ქვეშ მყოფი ადამიანის ქცევას.

აღიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ბ. გ-ს მიმართ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ გამოტანილი განაჩენები, როგორც ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში არის კანონიერი და არ არსებობს მათი გაუქმების ან შეცვლის საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ბ. გ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ ბ. გ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.