გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 111-აპ 28 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),
ნ. გვენეტაძე,
მ. გოგელია
განიხილა დაზარალებულ ც.ვ.-კ-ს წარმომადგენლის, ადვოკატ ზ.ფ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 მარტის განაჩენზე თ. ხ-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
ხონის რაიონული სასამართლოს 4 სექტემბრის განაჩენით თ. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მიესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 მარტის განაჩენით ხონის რაიონული სასამართლოს განაჩენი თ. ხ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
განაჩენით თ.ხ-ს მსჯავრი დაედო განზრახ მკვლელობისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში: 2002წ. 28 მარტს, დაახლოებით 22 საათსა და 30 წუთზე, ხონის რაიონის სოფ. გუბში მთვრალი თ. ხ. მივიდა მეზობლად მცხოვრებ ო. ვ-ს სახლში და ამ უკანასკნელის ოჯახის წევრებზე განაწყენებულმა წინასწარ მომარჯვებული რკინის მილით ჩაამსხვრია სამზარეულო ოთახის ფანჯრის მინები. ხმაურზე ო. ვ-ს რძალი, ც. კ.-ვ., გაიქცა სახლის უკანა კარებიდან და კივილით მოუხმო მეზობლებს საშველად, ხოლო წინა კარებიდან გარეთ გასულ ო.ვ-ს თ.ხ-მ, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, რამდენჯერმე ჩაარტყა თავში რკინის მილი და მიატოვა. ც.ვ.-კ-ს კივილზე თავშეყრილმა მეზობლებმა თ.ხ-ს წაართვეს ხელში მომარჯვებული რკინის მილი და გააგდეს ქუჩაში, სადაც დააკავეს პოლიციის მუშაკებმა. უგონოდ მყოფი ო.ვ. სასწრაფოდ გადაიყვანეს ქ.ქუთაისის საავადმყოფოში, მაგრამ მიღებული დაზიანებების: ქალა-ტვინის ღია, ბლაგვი ტრავმის, თავის ტვინში სისხლჩაქცევების, შეშუპების, მარჯვენა საფეთქლისა და კეფის ძვლების მოტეხილობის შედეგად 2002წ. 29 მარტს იგი გარდაიცვალა.
დაზარალებულ ც.კ.-ვ-ს წარმომადგენელი, ადვოკატი ზ.ფ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად იმ მოტივით, რომ თ.ხ-ს მოქმედება უტყუარად შეიცავს სსკ-ის 109-ე მუხლის “ვ” და “კ” პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს და მან ო.ვ-ს განზრახ მკვლელობა ჩაიდინა ხულიგნური ქვენა გრძნობითა და განსაკუთრებული სისასტიკით.
პროკურორი ე.ქ. არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს თ.ხარაბაძის მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი, რომ 2002წ. 28 მარტს თ.ხ-მ ჩაიდინა ი.ვ-ს განზრახ მკვლელობა შურისძიების მოტივით. კერძოდ, აღნიშნულ დღეს, 22 საათსა და 30 წუთზე, მთვრალი თ.ხ. მივიდა მეზობლად მცხოვრებ ო.ვ-ს სახლში და ამ უკანასკნელის ოჯახის წევრებზე განაწყენებულმა წინასწარ მომარჯვებული რკინის მილით ჩაამსხვრია სამზარეულო ოთახის ფანჯრის მინები. ხმაურზე გარეთ გასულ ო.ვ-ს თ.ხ-მ რამდენჯერმე ჩაარტყა თავში რკინის მილი და მიატოვა. მიღებული დაზიანების შედეგად ო.ვ. მეორე დღეს გარდაიცვალა.
თ.ხ-სთვის შერაცხული დანაშაული დადასტურებულია როგორც დაზარალებულის, ასევე მოწმეების ჩვენებებით, საქმეზე ჩატარებული ალკოჰოლური ექსპერტიზის ოქმითა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის მოტივს თ.ხ-ს მიერ დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენის თაობაზე. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, თავად დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, დადასტურებულია, რომ თ.ხ-სა და ო.ვ-ს ოჯახებს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობა ბოლო წლებში გამწვავდა, რაც გამოიწვია მსჯავრდებულისთვის რკინის ბოძების ქურდობის დაბრალებამ.
დაზრალებულის მოსაზრება, რომ თ.ხ-ს განაწყენება უსაფუძვლო იყო, რადგანაც არც მას და არც მისი ოჯახის სხვა წევრებს თ.ხ-სთვის ქურდობა არ დაუბრალებიათ, არ გამორიცხავს თ.ხ-ის მიერ შურისძიების მოტივით დანაშაულის ჩადენას. თავად დაზარალებულ ც.კ.-ვ-ს ჩვენებით დასტურდება, რომ როდესაც მეზობელმა მ.ჯ-მ თ.ხ-ს ბრალი დასდო მეზობლის რკინის ბოძების ქურდობაში, ამ უკანასკნელმა აგინა მას და მის დედამთილს. საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ თ.ხ-მ დანაშაული ჩაიდინა უმიზეზოდ და უმოტივოდ, ე.ი. ხულიგნური ქვენა გრძნობით, საქმის მასლებით არ დასტურდება. ასევე არ დასტურდება თ.ხ-ს მიერ დანაშაულის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ თ.ხ-ს დანაშაულებრივი ქმედება სასამართლოს მიერ სწორად არის დაკვალიფიცირებული სსკ-ის 108-ე მუხლით და სასჯელიც ჩადენილი ქმედებისა და მისი პიროვნების შესაბამისად აქვს განსაზღვრული. ამდენად, განაჩენი თ.ხ-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 მარტის განაჩენი თ. ხ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.