Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 111-დად 16 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

მ. ახალაძე

განიხილა დაინტერესებული პირის _ თ. მ-ს კერძო საკასაციო საჩივარი კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წ. 19 მარტის დადგენილებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

2001 წ. 31 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ¹7401906, თ. მ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვისას რიგი თანამდებობის პირების მიერ ანგარებითი მოტივით სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1982 წ. 29 დეკემბრის რედაქცია) და 189-ე მუხლის პირველი ნაწილით (1997 წ. 17 ოქტომბრის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

საქმის აღძვრას საფუძვლად დაედო მოქალაქე თ. მ-ს მიერ საქართველოს პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში შეტანილი იმ განცხადებების გამო ჩატარებული სამსახურებრივი მოძიების მასალები, რომლებშიც იგი მიუთითებდა თბილისის რეგიონის სამხედრო პროკურატურის მუშაკთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე.

2002 წ. 30 იანვარს, საქმეზე ჩატარებული წინასწარი გამოძიების საფუძველზე, საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, საქმე შეწყდა წარმოებით სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

თ. მ-ს საჩივრის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატამ, 2002 წ. 30 მაისს გააუქმა საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის 2002 წ. 30 იანვრის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ და, გამოძიების განახლების მიზნით, საქმე დაუბრუნა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.

საქმეზე გამოძიების განახლებისა და რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის პროკურორის 2002 წ. 18 ივლისის დადგენილებით, იმავე საფუძვლებით, როგორც პირველ შემთხვევაში, საქმე შეწყდა წარმოებით.

თ. მ- ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში, სადაც საჩივრის განხილვის შემდეგ, 2002 წ. 9 სექტემბერს, მოსამართლის დადგენილებით გაუქმდა საქმის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის 2002 წ. 14 ნოემბრის განჩინებით დატოვებულ იქნა ძალაში, ხოლო საქმე წინასწარი გამოძიების განახლების მიზნით, გადაეცა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.

გამოძიების განახლების შემდეგ, საქმეზე მოპოვებულ მტკიცებულებათა გამოკვლევისა და ანალიზის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის პროკურორმა 2003 წ. 20 იანვრის დადგენილებით კვლავ შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე იმავე საფუძვლებით, რომლითაც იყო იგი შეწყვეტილი წინა ორ შემთხვევაში.

თ. მ-მ კვლავ გაასაჩივრა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის თაობაზე 2003 წ. 20 იანვარს გამოტანილი დადგენილება. საჩივრით იგი ითხოვდა ამ დადგენილების გაუქმებასა და საქმის მასალების დაბრუნებას გამოძიების განახლებისათვის.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ განიხილა თ. მ-ს საჩივარი და 2003 წ. 19 მარტს გამოიტანა დადგენილება, რომლითაც მომჩივანს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ხოლო 2003 წ. 20 იანვრის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის თაობაზე დატოვა ძალაში.

რაიონული სასამართლოს აღნიშნული დადგენილების თაობაზე თ. მ-მ კერძო საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოსა და საგამოძიებო ორგანოს დადგენილებების გაუქმებას სისხლის სამართლს საქმის წარმოების განახლებისათვის.

საკასაციო განხილვისას თ. მ-მ მხარი დაუჭირა თავის საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

პროკურორი ზ. ნ. მხარს არ უჭერს საჩივარს და ითხოვს კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წ. 19 მარტის დადგენილების უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალები ადასტურებენ, რომ მომჩივან თ. მ-ს მიერ შეტანილი განცხადებებისა თუ საჩივრების გამო არაერთხელ ჩატარდა გამოძიება მის მიერ მითითებულ ფაქტებთან დაკავშირებით, მაგრამ ვერცერთხელ ვერ იქნა მოპოვებული ისეთი უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებები, რომლებიც შეიძლება გამხდარიყო რომელიმე პირის მიმართ ბრალდების წარდგენის საფუძველი. ბრალდება დანაშაულის ჩადენაში ვერ დაემყარებოდა მოწმე თ. მ-ს მიერ გამოძიებისათვის მიცემულ მრავალ, მაგრამ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს, რომლებიც სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაციებით წარმოადგენენ ფაქტობრივ გარემოებებს, ხოლო სხვა უშუალო და უფრო სანდო მტკიცებულება არ მოიპოვება კასატორის საჩივრებში მითითებული პირის _ ბ. შ-ს ბრალეულობის დასადასტურებლად. გარდა ამისა, საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას კიდევ უფრო ართულებს ის გარემოება, რომ უკვე გარდაცვლილია ორი მნიშვნელოვანი მოწმე, რომლებიც ფაქტების უშუალო შემსწრე და მონაწილეები იყვნენ, ასევე ისიც, რომ დაკარგულია საქმესთან დაკავშირებული ზოგიერთი ისეთი დოკუმენტი, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იყო არსებითი ხასიათის ინფორმაციის მიღება.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ ეტაპზე უკვე ამოწურულია შესაძლებლობები, რათა წინასწარი გამოძიებით მოპოვებულ იქნეს უფრო მეტი და სარწმუნო მტკიცებულებები საქმის გარემოებათა თაობაზე, რის გამოც კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წ. 19 მარტის დადგენილება არის საფუძვლიანი და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 243-ე და 453-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დაინტერესებული პირის _ თ. მ-ს კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წ. 19 მარტის დადგენილება თ. მ-ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის პროკურორის 2003 წ. 20 იანვრის დადგენილების ძალაში დატოვების თაობაზე დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.