Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 112-დად 5 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),

თ. ლალიაშვილი,

მ. ისაევი

განიხილა ჯ. მ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წ. 2 აპრილის განჩინებაზე, რომლითაც უცვლელად დარჩა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წ. 26 დეკემბრის დადგენილება გ. დ-ს მიმართ კერძო ბრალდების წესით სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.

საკასაციო საჩივარი სასამართლო ორგანოების ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებს მიიჩნევს უკანონოდ და ითხოვს მათ გაუქმებას.

აღწერილობითი ნაწილი:

2002 წ. 29 ნოემბერს მოქალაქე ჯ. მ-მ საჩივრით მიმართა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა გ. დოლიძის მიმართ სათანადო რეაგირება მისი ცემისა და მსუბუქი დაზიანების ფაქტზე.

მოსამართლე ვ. ფუხაშვილმა 2002 წ. 26 დეკემბრის დადგენილებით გ. დ-ს მიმართ არ აღძრა სისხლის სამართლის საქმე. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა ჯ. მ-ს სააპელაციო საჩივარი და რაიონული სასამართლოს დადგენილება დატოვა უცვლელად.

კერძო საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ როგორც რაიონულმა, ასევე სააპელაციო სასამართლოებმა არაობიექტურად განიხილა კერძო ბრალდების წესით შეტანილი საჩივარი და უსაფუძვლოდ თქვეს უარი გ. დ-ს მიმართ სისხლის სამრთლის საქმის აღძვრაზე.

პალატის სხდომაზე კასატორმა ჯ. მ-მ ითხოვა საჩივრის დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, მიიჩნია, რომ წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 62-ე თავი განსაზღვრავს კერძო ბრალდების საქმეთა წარმოების წესს. კოდექსის 631-ე მუხლის თანახმად, თუ არსებობს გარემოება, რომელიც გამორიცხავს სისხლის სამართლის საქმის წარმოებას, ან თუ არ დადგინდა საფუძველი კერძო ბრალდების საქმის აღსაძრავად, მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ. ეს დადგენილება უფლებამოსილი პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით.

სსსკ-ის 62-ე თავი, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს კერძო ბრალდების საქმეთა საპროცესო წარმოების წესს, არ ითვალისწინებს სააპელაციო სასამართლოს მიერ ასეთ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრებას და იგი საბოლოოა. გამომდინარე აქედან, მოქალაქე ჯ. მ-ს საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად. პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაუდგინა მხარეებს მის მიერ მიღებული განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების უფლება და უსაფუძვლოდ მიიღო მოქალაქე ჯ. მ-ს საკასაციო საჩივარი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 626-ე და 631-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მოქალაქე ჯ. მ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წ. 2 აპრილის განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.