გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 113-აპ 29 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),
მ. ისაევი,
ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ მ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 მარტის განაჩენზე, რომლითაც ცვლილება იქნა შეტანილი საჩხერის რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 სექტემბრის განაჩენში.
აღწერილობითი ნაწილი:
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 სექტემბრის განაჩენით მ. ჭ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით შეეცვალა პირობით იმავე ვადით.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონულმა პროკურორმა და მოითხოვა მ. ჭ-ს მიმართ რეალური სასჯელის განსაზღვრა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ დააკმაყოფილა პროკურორის სააპელაციო საჩივარი და თავისი 2003წ. 10 მარტის განაჩენით მ. ჭ-ს შეუფარდა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენით მ. ჭ-ს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენაში:
მ. ჭ-მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და გადაზიდვა. კერძოდ: 2002წ. 3 აპრილს, დაახლოებით 11 საათზე, საჩხერის რაიონის სოფელ ორღულში შეხვდა ნაცნობს _ ი. კ-ს, რომელსაც საუბრის დროს შესთავაზა, რომ დაეხმარებოდა ნარკოტიკული საშუალების შეძენაში, რაზედაც ი. კ. დაეთანხმა და მ. ჭ-ს გადასცა ნარკოტიკული საშუალების შესაძენი თანხა 125 ლარის ოდენობით. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მ. ჭ. ბ. ბ-ს ავტომანქანით გ. ჭ-სთან ერთად, რომელსაც შემთხვევით შეხვდა სოფელ ორღულში, ავიდა სოფელ სინაგურში, სადაც დაახლოებით 14 საათზე ნახა ვ. დ., რომლისგანაც 100 ლარად უკანონოდ შეიძინა რამდენიმე ათეული გრამი ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა”, რომლის ნაწილი ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა, დანარჩენი ჩაიდო უბეში და უკანონოდ გადაზიდა საჩხერის რაიონის სოფ. ორღულის ტერიტორიაზე, სადაც შესანახად გადასცა გ. ჭ-ს, რომელმაც მიბარებული ნარკოტიკული საშუალებიდან ნაწილი უკანონოდ მოიხმარა ექიმის დანიშნულების გარეშე, ხოლო დარჩენილი 104 გრამი ნარკოტიკული საშუალება უკანონოდ შეინახა სოფელ ...ში მდებარე ო. ჯ-ს სავაჭრო ჯიხურის მახლობლად მდგარ ხის ფესვებში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილ საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული მ. ჭ. ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, ხოლო საჩხერის რაიონული სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვებას. მიუთითებს, რომ მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, ადრე ნასამრათლევი არ არის, ხასიათდება დადებითად, აქვს მძიმე ოჯახური და ეკონომიკური მდგომარეობა, მისი წარსული არაა შებღალული, რის გამოც რაიონულმა სასამართლომ სავსებით კანონიერად გამოიყენა სსკ-ის 63-64-ე მუხლები და შეფარდებული სასჯელი შეუცვალა პირობით. ეს გარემოებები სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო, რის გამოც მის მიმართ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 მარტის განაჩენი მიაჩნია უკანონოდ.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. უ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ მ. ჭ-ს შეფარდებული სასჯელი შეეცვალოს პირობით, სათანადო გამოსაცდელი ვადის დაწესებით.
პროკურორ ბ. გ-მ კანონიერად მიიჩნია მსჯავრდებულ მ. ჭ-ს მიმართ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 მარტის განაჩენში მ. ჭ-ს მიმართ შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება იმ მიმართებით, რომ მას შეფარდებული სასჯელი უნდა შეუმცირდეს და მოსახდელად დარჩეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ მ. ჭ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია, რასაც სასამართლომ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება. ამასთან, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ წარმოდგენილია დამატებითი მასალები ჭ-ს პიროვნების მახასიათებელი მონაცემების შესახებ. კერძოდ: ჩიხის თემის საკრებულოს გამგებლის დახასიათებაში მითითებულია, რომ მ. ჭ. არის კეთილსინდისიერი და პატიოსანი ახალგაზრდა, სარგებლობს კარგი ავტორიტეტით, აღნიშნულ დანაშაულის ჩადენამდე ცუდ საქმიანობაში შემჩნეული არ ყოფილა. ასევე დადებითად ახასიათებს მას ჩიხის სკოლის დირექტორიც. წარმოდგენილია საჩხერის რაიონის სოფ. .....ის მაცხოვრებელთა შუამდგომლობა, რომლითაც ისინი ითხოვენ, რომ მ. ჭ-ს მიმართ გამოყენებულ იქნეს პირობითი სასჯელი.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ მ. ჭ-ს შეფარდებული სასჯელი შეუმცირდეს ერთი წლით და 6 თვით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას შეფარდებული სასჯელის პირობით შეცვლის თაობაზე, რადგან მ. ჭ-ს ჩადენილი აქვს მძიმე დანაშაული.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ცვლილებით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 მარტის განაჩენში მ. ჭ-ს მიმართ შეტანილ იქნეს ცვლილება. მას განაჩენით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდეს 1 წლითა და 6 თვით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.
სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.