გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 113-დად 12 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ი. ბიბილაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ისაევი,
დ. სულაქველიძე
განიხილა მსჯავრდებულ თ. ზ-ს კერძო საკასაციო საჩივარი კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წ. 24 აპრილის დადგენილებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წ. 24 აპრილის დადგენილებით თ. ზუ-ს უარი ეთქვა პირობით ვადამდე სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 1997 წ. 16 სექტემბრის განაჩენით თ. ზ-ს საქართველოს 1960 წ. სსკ-ის 133-ე მუხლით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით სასჯელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წ. 28 მარტის განჩინებით 1960 წ. სსკ-ის 133-ე მუხლი შესაბამისობაში მოვიდა ამჟამად მოქმედი სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტთან და თ. ზ-ს სასჯელი შეუმცირდა 8 წლამდე. იგი სასჯელს იხდის 1997 წ. 11 აპრილიდან.
კერძო საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ითხოვს კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს დადგენილების შეცვლას და ვადამდე პირობით სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებას იმ მოტივით, რომ ჰყავს ცოლ-შვილი, ავადმყოფი დედა.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ჯა-მ საკასაციო საჩივარს მხარი დაუჭირა და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. ამასთან ერთად, აღნიშნა, რომ მსჯავრდებული ინანიებს ჩანადენს, კმაყოფაზე ჰყავს ავადმყოფი დედა, ცოლ-შვილი და სხვა.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ო. რ-მ კერძო საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წ. 24 აპრილის დადგენილება მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, მსჯავრდებულის პირადი საქმე, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლომ მსჯავრდებულ თ. ზ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმას საფუძვლად დაუდო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა სასჯელის მიოხდის პერიოდში არაერთხელ დაარღვია რეჟიმის მოთხოვნები. სასამართლომ ამასთან ერთად გაითვალისწინა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, ასევე ისიც, რომ მსჯავრდებულს მოსახდელად დარჩენილი აქვს სასჯელის მნიშვნელოვანი ნაწილი _ 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
პალატა თვლის, რომ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წ. 24 აპრილის დადგენილება დასაბუთებული და კანონიერია. ამდენად, არ არსებობს მისი შეცვლისა და კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წ. 24 აპრილის დადგენილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თ. ზ-ს განცხადება მისი პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ, დარჩეს უცვლელად.